ალაჭნის ლომისის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალაჭნის ლომისის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალაჭანში. სოფლიდან აღმოსავლეთით 8 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი, სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი და გალავანი.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი, მონგრეულია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ზედა ნაწილები. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა. აფსიდის ღერძზე ბრტყლად გადახურული მცირე ზომის სარკმელია. კონქის თაღს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. კონქი და თაღი წვრილი ბრტყელი ქვითაა ნაწყობი. ფასადები სადაა. ეკლესიას აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან, დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი. კედლები დასრულებული ყოფილა მატეხი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით, რომლის რამდენიმე ქვა ჩრდილოეთ ფასადს შემორჩა.

კოშკი ეკლესიიის დასავლეთით, დაახლოებით 8 მეტრზე დგას. ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, დანარჩენი კედლების მხოლოდ კვალი მოჩანს. XX საუკუნეში ადგილობრივმა მოსახლეობას კოშკი აგურითა და ნატეხი ქვით პატარა ოთხკუთხა ნიში აუგია. აქვე დევს რამდენიმე პატარა ქვევრი. კოშკთან ახლოს რამდენიმე მეტრის მანძილზე, მოზრდილი ზომის სწორკუთხა ნაგებობის კედლების ფრაგმენტებია შემორჩენილი. კომპლექსი ტერიტორიულად შეზღუდული ყოფილა ლოდებით ნაწყობი გალავნით, რომლის მცირე ნაწილიღაა შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]