ალასი


ალასი (იაკუტ. Алаас) — ბრტყელი, ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ქვაბულისებრი ოვალური ფორმის დადაბლება. გავრცელებულია რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მრავალწლოვანმზრალი ქანების განლაგებაში, უმეტესწილად სახაში. ჩვეულებრივ გვხვდება მდინარეების ვილიუის, ალდანისა და ლენის ფართო ტერასებზე. ფართობი ათეული და ასეული კვადრატული მეტრიდან რამდენიმე კვადრატულ კილომეტრამდე. სიღრმე 15-30 მ.[1]
წარმოიქმნება კლიმატის დათბობისას, მიწისქვეშა ყინულის გალღობის შედეგად, რომელსაც თან სდევს გრუნტის ჩაწოლა (თერმოკარსტი და სუფოზია). დაფარულია მდელო-სტეპის მცენარეულობით. ფსკერი ხშირად დაკავებულია რელიქტური ტბებითა და ჭაობებით. დამახასიათებელია ტორფდანაგროვები. ალასი კრიოლითოზონის უნიკალური ლანდშაფტია თავისებური ნიადაგითა და მდელოს მცენარეოლობით, რომელიც დინამიკურ სისტემას წარმოადგენს, რომლის ჩასახვა და ზრდა-განვითარება უწყვეტადაა დაკავშირებული გეოგრაფიულ გარემოსთან.[2]
თერმოკარსტული წარმოშობის ალასები ოდითგანვე იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. უღრმესი ალასები მოქცეულია აბალახის ტერასებზე, ხოლო უმნიშვნელო სიღრმეების ალასები ბესტიახისთვისაა ნიშანდობლივი. ალასი ძირითადად გამოიყენება სათიბად; ადგილ-ადგილ მოხნულია. იგი ავტონომიური ბიოტოპია.[3]
ცენტრალური სახის ალასები მნიშვნელოვან სამეურნეო როლს ასრულებენ. ზოგჯერ ალასებს უწოდებენ მდინარეების გამომშრალ ნარიონალებს, სუფოზიურ ღრმულებსა და რელიეფის სხვა ფორმებს. ყველაზე დიდი ალასია მიურიუ, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 13,2 კმ-ზე.[3] იაკუტელების დასახლებები უმთავრესად ალასების ფარგლებშია მოქცეული.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Аласы // Большая советская энциклопедия
- ↑ Аласы // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-03. ციტირების თარიღი: 2020-03-04.
- ↑ 3.0 3.1 Алас Мюрю[მკვდარი ბმული]
- ↑ Аласные экосистемы, Якутск, 2002.