ალამანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალამანის ბრძოლა

ალამანის ბრძოლა
ალექსანდროს ისაიას ნახატი
თარიღი 1821 წლის 22 აპრილი
შედეგი ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
ბერძენი რევოლუციონერები
  • დიაკოსის კონტიგენტი
ოსმალეთის იმპერია
ძალები
1,500 8,000
დანაკარგები
200 მკვდარი
ალამანის ბრძოლა ვიკისაწყობში

ალამანის ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა ბერძნებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის საბერძნეთის რევოლუციის დროს 1821 წლის 22 აპრილს. [1]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1821 წლის 1 აპრილს ლივადეიის დაცემის შემდეგ ბერძენ მებრძოლებს მეთაურობდნენ ათანასიოს დიაკოსი და ვასილის ბუსგოსი. მათ წინააღმდეგ ჰურსიდ ფაშამ გაგზავნა ორი გამოცდილი და კომპეტენტური სარდალი თესალიიდან: ომერ ვრიონი და კოზე მეჰმედი 8000 მებრძოლით. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა ჩაეხშოთ აჯანყება რუმელში, შემდეგ გადასულიყვნენ პელოპონესისკენ და მოეხსნათ ტრიპოლიცის ალყა. [2]

ათანასიოს დიაკოსმა და მისმა ჯგუფმა, დიმიტრიოს პანურგიასისა და იანის დიოვუნიოტისის მებრძოლებით გაძლიერებულმა, გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ოსმალეთის წინსვლა რუმელში და თერმოპილეს მახლობლად დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები. 1500-კაციანი ბერძნული ჯარი დაიყო სამ ნაწილად - დიოვუნიოტისს უნდა დაეცვა ხიდი გორგოპოტამოსში, პანურგიასს - ჰალკომატას სიმაღლეები და დიაკოსს - ალამანის ხიდი. [3]

ლიანოკლადის ბანაკიდან გამოსვლისას, ლამიის მახლობლად, ოსმალი თურქები შეთანხმებულად გადანაწილდნენ. ძირითადი ძალები თავს დაესხნენ დიაკოსს, მეორე ნაწილი თავს დაესხა დიოვუნიოტისს, რომლის მეომრებიც სწრაფად გაანადგურეს, შემდეგ კი შეუტიეს პანურგიასს, რომლის ჯარმაც უკან დაიხია მას შემდეგ რაც მათი მეთაური დაიჭრა. ბერძნული ძალების უმეტესობა გაიქცა და ოსმალებმა კონცენტრირებულად მიიტანეს იერიში დიაკოსის პოზიციებზე ალამანის ხიდზე. ბუსგოსმა, რომელიც დიაკოსთან ერთად იბრძოდა, სწრაფად შეამჩნია მოწინააღმდეგის უპირატესობა და თხოვა თანამებრზოლს, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. დიაკოსმა არჩია დარჩენა და ბრძოლა გააგრძელა 48 მეომრით. ისინი ხელჩართულ ბრძოლას აწარმოებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. საბოლოოდ, ბრძოლაში დაჭრილი დიაკოსი მახვილის გატეხვის შემდეგ ტყვედ ჩავარდა. [4]

დიაკოსის სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათანასიოს დიაკოსი

ათანასიოს დიაკოსი მიიყვანეს ომერ ვრიონის წინაშე, რომელმაც შესთავაზა მას ოსმალთა იმპერიის ჯარის ოფიცრის პოზიცია თუ უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და მიიღებდა ისლამს. დიაკოსმა მაშინვე უარი თქვა და უპასუხა:

„ბერძენი დავიბადე და ბერძენი მოვკვდები“.

ვრიონმა ბრძანა, რომ დიაკოსი ძელზე გაესვათ. [5] ოსმალები ცდილობდნენ, აეყვანათ დიაკოსი ბასრ ძელზე, მაგრამ მან ზიზღით დააგდო. როდესაც დაიწყეს წამება, მნახველებმა გაიგონეს მისი სიმღერა:

„შეხედეთ, როგორ აირჩია ქარონმა ჩემი წაყვანა, ახლა, როცა ტოტები ყვავის; ახლა, როცა დედამიწა ბალახით იმოსება“ . [6]

დიაკოსის სიმღერა ეხებოდა ბერძნების აჯანყებას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ერთ-ერთ პოპულარულ ვერსიაში ნათქვამია, რომ დიაკოსი ცეცხლზე დაწვეს, თუმცა, ეს საეჭვოა, რადგან სხვა ზეპირი გადმოცემის მიხედვითაც იგი მოკლა ბერძენმა მეამბოხემ მეორე დღეს, როდესაც ნახა სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი ძელზე გასმის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა საბოლოოდ ბერძნებისთვის სამხედრო მარცხით დასრულდა, დიაკოსის სიკვდილმა უბიძგა ბერძნებს, შეექმნათ მითი ეროვნულ საქმეს გმირულად შეწირული მებრძოლის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარულაკისი, პიტერ ჰაროლდი. ბერძნები: მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის . Hellenic International Press, 1984 წ.ISBN 0-9590894-0-3ISBN 0-9590894-0-3 .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. el:Μάχη της Αλαμάνας
  2. Bopis, Dimitris (2007). "Αθανάσιος Διάκος, ο πρώτος μάρτυρας του αγώνα" [Athanasios Diakos, the first martyr of the struggle]. Στρατιωτική Ιστορία ("Military History") (in Greek). Περισκόπιο ("Periskopio") (128): 16-17.
  3. Bopis, Dimitris (2007). "Αθανάσιος Διάκος, ο πρώτος μάρτυρας του αγώνα" [Athanasios Diakos, the first martyr of the struggle]. Στρατιωτική Ιστορία ("Military History") (in Greek). Περισκόπιο ("Periskopio") (128): 17.
  4. Bopis, Dimitris (2007). "Αθανάσιος Διάκος, ο πρώτος μάρτυρας του αγώνα" [Athanasios Diakos, the first martyr of the struggle]. Στρατιωτική Ιστορία ("Military History") (in Greek). Περισκόπιο ("Periskopio") (128): 18.
  5. Brewer, D. The Greek War of Independence, p. 86. The Overlook Press, 2001. ISBN 1-58567-172-X.
  6. Paparigopoulos, K, History of the Greek Nation (Greek edition), vol. 6, p. 62