ალავერდელ მიტროპოლიტთა ოქროს გვირგვინი (მიტრა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალავერდელი მიტროპოლიტის მიტრა

ალავერდელ მიტროპოლიტთა ოქროს გვირგვინი (მიტრა) — ხალასი ოქროსაგან დამზადებული და უფალ იესო ქრისტეს, წმინდანთა და ანგელოზთა ჭედური გამოსახულებებით და ძვირფასი ქვებით შემკული გვირგვინი, რომელზედაც აღმართულია ჯვარი. გვირგვინი-მიტრა კახეთის დედოფლის, ელენე დიასამიძის შეკვეთით ისპაანშია დამზადებული ქართველი ოსტატის პაპუა ბებურიშვილის მიერ 1683 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიტრის (გვირგვინის) ტარების წესი მკვიდრდება მე-16-17 საუკუნეების მიჯნიდან, ამავე პერიოდიდან მიტრას იდგამენ რამდენიმე გამორჩეული მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი, მათ შორის ალავერდელი მთავარეპისკოპოსი/მიტროპოლიტი[1]. ჩვენამდე შემორჩენილია ალავერდელ მიტროპოლიტთა სულ მცირე ორი მიტრა: ა) ქრონოლოგიურად უადრესია ალავერდელ მთავარეპისკოპოს მიტროფანეს ნაქარგი მიტრა და ბ) ნიკოლოზ ალავერდელისათვის ელენე დედოფლის მიერ მოჭედილი ბაჯაღლო ოქროს მიტრა-გვირგვინი.

ალავერდელი მღვდელმთავრის მიერ „გვირგვინის“ დადგმის ტრადიციას ეხება 1685-88 წლებით დათარიღებული „ვედრების წიგნი ნიკოლოზ ალავერდელისა იოსებ ტფილელისადმი კათალიკოზთან შუამავლობისა და შერიგების შესახებ“ (ხეც, Ad 156), საიდანაც მოგვყავს საინტერესო ამონარიდები შესაბამის საკითხზე:

ვიკიციტატა
„ღმერთია მოწამე და კაცნიცა მრავალი, რომე ჩემის თავმოთნეობითა და არც თავჴედობითა და არც წინააღდგომობითა მე გვირგვინი არ დამეხუროს; მრავალთ დარბაისელთ და მახსოვართ ვკითხე, მეც მითხრეს და მაგ ბატონს კათალიკოზსაც მოახსენეს, რომ სხვას ალავერდელსა უკათალიკოზოდ დაუხურავსო და მეც დავიხურე... აწე მე ასე მომივიდა საქმე, რომ უმაგათოთ დავიხურე... საბოლოოსი ეს პირობა მომიხსენებია: ჩვენ რომ გარდავიცვალნეთ, ვინც ჩვენსა უკან ალავერდელი დაჯდეს, უკათალიკოზოდ გუირგვინი ვერ დაიბუროს[2].“

ამ ფრიად საინტერესო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მე-17 საუკუნისათვის ალავერდელი მღვდელმთავარი უფლებამოსილია დაიფაროს მიტრა, ანუ გვირგვინი, მაგრამ ახლად დადგინებულ ალავერდელს ეს პატივი უნდა მიეღო კათოლიკოს-პატრიარქის ხელით, ხოლო ნიკოლოზ ალავერდელს კათოლიკოსის გარეშე დაუდგამს გვირგვინი, რამაც კათოლიკოსის დიდი გულისწყრომა გამოიწვია, სჩანს რომ კახეთისა და ქართლის სამეფოებს შორის ჩამოვარდნილი დაძაბულობა ალავერდელის და კათალიკოსის ურთიერთობაზე აისახება და მთ. ეპ. ნიკოლოზი ვერც პირადად ჩადის კათალიკოსთან თბილისში, ან მცხეთაში, არამედ შუამავლობას სთხოვს თბილისის ეპისკოპოს იოსებ სააკაძეს.

ჩვენამდე შემორჩენელია ეს მიტრა-გვირგვინი, დაცული საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. იგი ხალასი ოქროსაგანაა დამზადებული და უფალ იესო ქრისტეს, წმინდანთა და ანგელოზთა ჭედური გამოსახულებებით და ძვირფასი ქვებით შემკული გვირგვინია, რომელზედაც აღმართულია ჯვარი. ეს გვირგვინი-მიტრა კახეთის დედოფლის, ელენე დიასამიძის შეკვეთით ისპაანშია დამზადებული ქართველი ოსტატის პაპუა ბებურიშვილის მიერ. მიტრა-გვირგვინს ამშვენებს ვრცელი საკტიტორო წარწერა:

ვიკიციტატა
„მეფეთ მეფისა, ხელმწიფის თეიმურაზი, დედოფალთ დედოფლის, ქართველთ ხელმწიფის ასულის, ხორეშანის რძალმა და პირმშოის სასურველისა ამ ორთ ჴელმწიფეთ შვილის, ბატონის მეფის დავითის ცოლმა ელენამ, მე დედოფალმა, მესხმა, თვით დიასამიძის ასულმან, შემოგწირე ღვაწლისა მძლეო, ტყვეთა მხსნელო, დიდო მთავარმოწამეო გიორგი ალავერდისავ, შემოგწირე ამ ჴელმწიფეების მოსახსენებლად და ჩემის შვილისა, ჰყავ მხნედ ბრწყინვალის ბატონისშვილის ლუარსაბის და ბატონისშვილის გიორგისა და ნესტან–დარეჯანის დედოფლის მოსახსენებლად და ჩემის შვილის, მეფე ერეკლეს სადღეგრძელოდ და საჴსნელად მისის ცოლ–შვილისა, და ქეთევენ დედოფლის სადღეგრძელოდ, მისის ქმრის, შვილის და ჩემის სულის მოსახსენებელად. ამ დროს რომ დიდ რუსეთის ჴელმწიფისაგან შახ-სულეიმანთან მიველ ისპაანს, იქა გავაკეთებინე და ჩემი ჭირნახული ამაზე დავადე, აწ ვინც გამოსწიროს, ან გირაოთ დადვას, ან სხვაგან წაიღოს ალავერდის მეტმა, ესე ღმერთი რისხავს, წმიდა ღვთისმშობელი, წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, წმიდა დიმიტრი, ძელი ცხოველისმყოფელი, ყოველნი წმიდანი მღვდელმოძღვარნი. ამინ! ქორონიკონი ტოა. ვინც ამით სწიროს, შენდობით მომიხსენიოს მარიამ, ამის სარქარი პაპუა ბებურიშვილი[3].“

ამ წარწერიდან კარგად სჩანს რომ გვირგვინი დამზადებულია ალავერდის საკათედრო ტაძრისათვის, კონკრეტულად კი ალავერდელ მღვდელმთავართათვის. აღსანიშნავია რომ, 1904 წლის მონაცემით[4] ეს მიტრა თბილისის სიონის განძთსაცავის კუთვნილებაა ქართლ-კახეთის სხვა გაუქმებული კათედრალების კუთვნილ სამღვდელმთავრო ნივთებთან ერთად, რაც უნდა მომხადარიყო ეგზარქოს თეოფილაქტეს მიერ საეკლესიო ქონების აღწერის და სეკულარიზაციის შედეგად, ცნობლია რომ 1810-იან წლებში ქართლ-კახეთის 13 ეპარქიის ბაზაზე რუსულმა ხელისუფლებამ შექმნა ერთი ეპარქია - „ქართლ-კახეთის ეპარქია“, შესაბამისად გაუქმებული ეპარქიების საკათედრო ტაძრებიდან სამღვდელმთავრო ნივთები გადატანილ იქნა თბილისის სიონში. ასევე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტიც, რომ 1788-1811 წლებში ალავერდელობას ითავსებდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (ბაგრატიონი), რა თქმა უნდა, ანტონ მეორე, როგორც ალავერდელი მიტროპოლიტი ალავერდში წირვა-ლოცვის დროს უეჭველად გამოიყენებდა ამ გვირგვინს.

1700-იან წლებამდე კახეთის სამეფოს მღვდელმთავართა შორის მხოლოდ ალავერდელი სარგებლობდა მიტრის ტარების პრივილეგიით. სიტუაცია იცვლება მე-18 საუკუნის 20-30-იან წლებში. კახეთის მეფე დავით მეორე იმამყული-ხანი (1709–1722) თავის სიგელში „წიგნი იმამყულიხანისა ალავერდელ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისადმი რუსთველისათვის ბისონის წყალობის შესახებ“ (Ad-328, 1711 წ.) წერს: „რადგან რუსთველი დროშის პატრონი და სარდალი იყო და ბისონი არ ეცვა, ჩვენის ბრძანებით სარდლობის გულისთვინ რუსთველს ნიკოლოზს ბისონი ჩვაცვით. და ამისდა გარდა თუ რუსთველმა ან ბოდბელმა მიტრის, ან გვირგვინის დახურვა მოინდომოს მაგ ქვეყანას, რომლისაც სხვა ეფისკოპოზის და ბერისა პატივის მომატება მოინდომოს სხვამ, ჩვენმა ჩამომავლმან სახლის-კაცმან, მეფემან, ანუ დედოფალმან, ანუ ბატონიშვილმან, ანუ გარეშე ხანმა, თუ ჯანიშინმან, ან ბისონის ჩაცმა, ან მიტრისა და ან გვირგვინის დახურვა მოინდომოს და თქვენი გამსუბუქება, თავადამც რისხავს დაუსაბამო, დაუსრულებელი ღმერთი...“ ამ დოკუმენტს იქვე თავად მეფე დავით იმაყული-ხანი „სიგელ-საფიცარს“ უწოდებს, ხოლო შემდგომ დაერთვის თავად ბოდბელი მთავრეპისკოპოსის ზაქარია ანდრონიკაშვილის და რუსთველი მთავრეპისკოპოსის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის პირობის წიგნი, სადაც ისინი ალავერდელ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს აღუთქვამენ: „ასე რომე, მეფის დავითის ბრძანებით რუსთველმან პატივი მოიმატა და რუსთველს ბისონი ჩაეცვა. ამასდა გარდა თუ ან მიტრა, ან გვირგვინის დახურვა მოვინდომოთ, ან სხვა სჯულიერის საქმის წინააღმდგომი შევიქნათ, თქუენი ქრისტეს უარმყოფელი ვიყვნეთ და წირვისაგან დაყენებული. თუ ან ჩვენ, ან ჩვენის უკან ბოდბელმან, ანუ რუსთველმან ეს წიგნი გატეხოს და ამ საქმეზე ალავერდელის წინააღმდგომი შეიქნას, ღმრთის მგმობელად ეკითხოს და ჴელმწფეთ სასაფლაოს შეცოდებად“[5]. ამ მეტად საინტერესო დოკუმენტში კარგად სჩანს, თუ როგორ განიცდიდნენ ალავერდელი მთავრეპისკოპოსები კახეთის სამეფოში სხვა რომელიმე მღვდელმთავრის პატივის მომატებას და რაიმე პრივილეგიით, ამ შემთხვევაში ბისონის ტარების უფლებით დაჯილდოებას, ამავე სიგელით სჩანს რომ ბოდბელმა და შემდგომ რუსთველმა 1711 წლისათვის კი მოიპოვეს ბისონით შემოსვის უფლება, მაგრამ მიტრა-გვირგვინის ტარების უფლების გარეშე, იმ ეტაპისათვის ეს უფლება კახეთის სამეფოში ჯერ კიდევ მხოლოდ ალავერდელს ჰქონდა, თუმცა 1740 წლისთვის მდგომარეობა უკვე შეცვლილია, „პირობის წიგნი იოანე ნინოწმინდელისა ნიკოლოზ ალავერდელისადმი“ (ხეც, Ad 223) გვაუწყებს რომ: ნეკრესელმა „ბისონი და მიტრა იშოვა[6] და მის კვალობაზე 1743 წელს იგივე პატივი ნინოწმინდელმა მღვდელმთავრმაც მოიპოვა. ეს ფაქტი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ დროისათვის ბოდბელსა და რუსთველს მიტრის დაფარების პრივილეგია უკვე მოპოვებული ჰქონდათ, საწინააღმდეგოდ 1711 წლის მდგომარებისა.

მე-17 საუკუნის დამდეგს ალავერდელმა მღვდელმთავრებმა, როგორც კახეთის სამეფოს პრიმასმა (უპირატესმა) მღვდელმთავრებმა, მსგავსად სამცხის სამთავროს - საათბაგოს მაწყვერელი მთავრეპისკოპოსისა, თავისი სიუზენების (კახეთის მეფე, სამცხის ათაბაგი) წაქეზებით, მიილტვოდნენ რა „განმთავრებისაკენ“ (გაკათოლიკოზებისკენ), ან კათალიკოზთან გათანაბრებისათვის, მოიპოვეს მიტრა-გვირგვნის ტარების პრივილეგია, რომელიც იმხანად ჩვეულებრივ მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მინიჭებული. ჩვენამდე მოაღწია ალავერდელთა ორმა მეტად საინტერესო მიტრა-გვირგვინმა, რომლებიც ქართული ნაქარგობის და ოქრომჭდელობის საინტერესო და უნიკალური ნიმუშებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკ. ილია ჭიღლაძე, „ალავერდელ მიტროპოლიტთა მიერ გვირგვინის/მიტრის ტარების ისტორია და მათი ოქროს გვირგვინი“, ჯვარი ვაზისა, საქართველოს საპატრიარქო, 2016, N 1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დეკ. ილია ჭიღლაძე, „სამღვდელმთავრო ბისონის (საკოსის) და მიტრის დამკვიდრების ისტორია საქართველოს ეკლესიაში“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის 2015 წლის სამეცნიერო კონფერენცია
  2. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომც. „მეცნიერება“, თბ., 1970 წ., გვ. 594-595
  3. დეკ. მარკოზ ტყემელაძის წიგნში "თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი", რუსულ ენაზე, ტფილისი, 1904 წ., გვ.55
  4. დეკ. მარკოზ ტყემალაძის წიგნი „თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი“
  5. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომც. „მეცნიერება“, თბ., 1965 წ., გვ. 330-332
  6. “ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომც. „მეცნიერება“, თბ., 1970 წ., გვ. 773