აკრის ალყა (1799)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკრის ალყა
ეგვიპტის ექსპედიციის ნაწილი

ფრანგების შეტევა აკრის ციხეზე ნაპოლეონის წინამძღოლობით.
თარიღი 1799 წლის 20 მარტი - 21 მაისი
მდებარეობა აკრი, დღევანდელი აკო, ისრაელი.
შედეგი ანგლო-ოსმალური გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს დროშადიდი ბრიტანეთი საფრანგეთის სამეფო
მეთაურები
ჯეზარ ფაშა

ჰალიმ ფარჰი სიდნი სმითი, ანტუან დე ფელიპეა

ნაპოლეონ ბონაპარტი

ჟან-ბატისტ კლებერი ეჟენ დე ბოჰარნე

ძალები
გარნიზონში: 5000 ჯარისკაცი; დამხმარე არმია: 40000 ჯარისკაცი; მხარდაჭერა: 2 ბრიტანული ხომალდი. 12000-13000 ჯარისკაცი
დანაკარგები
2000 (შეეწირა ალყას) 4000 ან 4500 ჯარისკაცი
  • 2300 დაიღუპა
  • 2200 დაიჭრა ან დაავადდა
აკრის ალყა ვიკისაწყობში

აკრის ალყასაფრანგეთის სამეფოს წარუმატებელი მცდელობა, მოექციათ აკრი (დღევანდელი აკო) საკუთარ გარნიზონებში. ეს მოვლენა წარმოადგენს ეგვიპტის ექსპედიციის კულმინაციურ ნაწილს, ნილოსის ბრძოლთსან ერთად. ფრანგთა და თურქთა ეს შეტაკება 1799 წელს გაიმართა და ნაპოლეონისთვის რიგით მესამე ტაქტიკურ მარცხად იქცა. წარუმატებელი ალყის შემდეგ, ნაპოლეონმა ორთვიანი პაუზა აიღო და, საბოლოოდ, ეგვიპტეში გადასვლით უკან დახევა არჩია.

ზოგად ჭრილში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. საფრანგეთის სავაჭრო ბურჟუაზიას ბურბონთა მეფობის დროიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის. ლევანტი ბრწყინვალე პორტას, ანუ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში და ქვეყნის ფაქტობრივად მამლუქი ბეგები განაგებდნენ.

ეგვიპტის ლაშქრობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, შარლ მორის ტალეირანის იდეა იყო, რომელიც ნაპოლეონსაც დაუჯდა ჭკუაში და მთავრობას სამხედრო ექსპედიციის მოწყობა შესთავაზა. მთავრობამ (დირექტორიამ) იდეა მოიწონა და აღსრულება ნაპოლეონს დაავალა. მან “ინგლისის არმიის” სარდლობა მიიღო - არმიას ასე იმიტომ უწოდეს, რომ ფრანგები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ინგლისში ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ. ნაპოლეონს სურდა, დაეპყრო ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი და იქ პლაცდარმი მოეწყო ინდოეთში ლაშქრობის დასაწყებად - სწორედ ასე აპირებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგე ინგლისის ეკონომიკის განადგურებას.

ბრიტანელები ინდოეთის რესურსებს მოხერხებულად იყენებდნენ. მათ აქ დააარსეს აღმოსავლეთ ინდოეთის (ოსტ-ინდოეთის) სავაჭრო კომპანია, რომლის საშუალებით ინგლისი თანდათან მთელ ქვეყანას ეუფლებოდა. ინგლისელი მოხელეები ინდოეთიდან ეზიდებოდნენ ოქროს, სანელებლებს და რაც მთავარია, ჩაის. ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას კი იყენებდნენ საფრანგეთის საწინააღმდეგო კოალიციათა დასაფინანსებლად.

ეგვიპტის ლაშქრობა ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ საფრანგეთის მმართველი დირექტორიის (სიესი, ბარასი, როჟე-დიუკო, გოიე და მულენი), ჟოზეფ ფუშეს (პოლიციის მინისტრი), ტალეირანისა და ნაპოლეონის გარდა, არავინ არაფერი იცოდა. ნაპოლეონს კარგად მოეხსენებოდა, რომ თუ ამ ლაშქრობის შესახებ ინგლისის ადმირალი ჰორაციო ნელსონი შეიტყობდა, იგი ფრანგთა საექსპედიციო არმიის ფლოტის ჩაძირვას ეცდებოდა. შედეგად, ფრანგები დაკარგავდნენ თავიანთი ჯარის საუკეთესო ნაწილს, ფლოტის 13 სახაზო გემსა და რამდენიმე ფრეგატს. ამით კი ნაპოლეონის განზრახვას საბოლოოდ მოეღებოდა ბოლო.

ლაშქრობაში, არმიასთან ერთად, ნაპოლეონმა 167 მეცნიერი წაიყვანა ამ უძველესი ქვეყნის გამოსაკვლევად. მათ შორის იყვნენ მონჟი, ბერთოლე, ფიურე და სხვ. ფრანგებმა 32-ათასიანი არმია მოამზადეს და ფლოტის სახაზო ხომალდებში ჩასხეს. ფლოტს ადმირალი ფრანსუა-პოლ ბრუე ხელმძღვანელობდა.

ნაპოლეონმა ეგვიპტის ლაშქრობის წინ ტალეირანს სთხოვა დახმარება. ტალეირანი გაქნილი და მექრთამე კი გახლდათ, მაგრამ ბრწყინვალედ ფლობდა დიპლომატიის ხელოვნებასაც. ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრისთანავე ტალეირანი სტამბოლში უნდა ჩასულიყო და სულთანი დაერწმუნებინა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეში ოსმალეთისთვის ზიანის მისაყენებლად კი არ იყო ჩასული, არამედ მხოლოდ ინგლისისთვის დარტყმის მისაყენებლად.

ამას გარდა, ნაპოლეონი გაანადგურებდა მამლუქებს, რომლებიც ოსმალებს აღარ ემორჩილებოდნენ და დამოუკიდებლობა სურდათ. ბონაპარტს ოსმალეთისთვის თვალის ახვევა დროებით სჭირდებოდა, სანამ ეგვიპტეს დაიპყრობდა და იქ ფეხს მოიკიდებდა. ამის შემდეგ ფრანგები ლევანტის ქვეყნების სრულად დამორჩილებას აპირებდნენ.

ლაშქრობის დაწყებამდე ნაპოლეონმა მოახერხა თავი აერიდებინა ინგლისის ფლოტისთვის. ხმა დააგდო, რომ გიბრალტარის სრუტის გავლით ინგლისში შეჭრას გეგმავდა. ნელსონის ფლოტის ნაწილი გიბრალტარისკენ გაეშურა, რათა ფრანგების შეტევა არ დაეშვა, მეორე ნაწილით კი ნელსონი ტულონის მახლობლად იდგა.

1798 წლის მაისში მის გემებს ქარიშხალმა გადაუარა და ძალიან დააზიანა, რის გამოც ნელსონი იძულებული გახდა, გიბრალტარში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ დროს ნაპოლეონი ჯართან ერთად მშვიდად გაეშურა ეგვიპტისკენ.

ნაპოლეონის ეპოქის სამხედრო გემები ხის მასალით იგებოდა. ფლოტისთვის ძირითადად იგებოდა რამდენიმე სახის გემი: ფრეგატი, სახაზო ხომალდი და ბრიგი. ბრიგს ორი ანძა ჰქონდა, ფრეგატს - სამი. სახაზო გემი ყველაზე დიდი იყო. მასაც სამი ანძა და კიდევ ცხვირის დამატებითი აფრები ჰქონდა. სამხედრო გემები აღჭურვილი იყო საზღვაო ქვემეხებით. ბრიგსა და ფრეგატს შედარებით ნაკლები ზარბაზანი ჰქონდა, ვიდრე სახაზო გემებს. სახაზო გემების ქვემეხთა რიცხვი ზოგჯერ 120-მდე აღწევდა. სწორედ ამდენი ქვემეხი იყო განლაგებული ნაპოლეონის ფლოტის ადმირალის, ბრუეს საფლაგმანო გემზე. სახაზო გემების ეკიპაჟი რიცხობრივადაც საგრძნობლად აღემატებოდა ფრეგატისას და ბრიგისას. ნაპოლეონის ბრძანებით, ეგვიპტის ლაშქრობის მონაწილე თითოეულ გემზე განალაგეს ხუთასი ვეტერანი საფრანგეთის «იტალიური არმიის» რიგებიდან. ნაპოლეონმა გაითვალისწინა, რომ ინგლისის სწრაფი ფლოტი შეიძლებოდა წამოწეოდა ფრანგთა ფლოტს და საზღვაო ბრძოლა გაემართა.

ბონაპარტის ჩანაფიქრით, როცა ინგლისელთა გემები მიუახლოვდებოდნენ, ფრანგებს აბორდაჟზე უნდა აეყვანათ ისინი და ეკიპაჟი ხელჩართულ ბრძოლაში გაენადგურებინათ. ნაპოლეონის ომებში გამობრძმედილ მეომრებს არ გაუჭირდებოდათ ინგლისელ მეზღვაურთა დამარცხება. ამიტომ ფრანგებს ნელსონის ფლოტის არ ეშინოდათ.

გზადაგზა ნაპოლეონი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულებს იკავებდა. ფრანგებმა დაიპყრეს კუნძული მალტა და იქ სამხედრო გარნიზონი დატოვეს. ნაპოლეონს მალტა ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთის პოზიციის გასამყარებლად სჭირდებოდა. კუნძული ახლო იყო იტალიასთანაც და აფრიკასთანაც. ამას გარდა, ნაპოლეონმა კუნძულზე დიდძალი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში. ფრანგები შეჩერდნენ კუნძულ კრეტაზეც, სადაც ახლაც შემორჩენილია სახლი, სადაც ნაპოლეონმა ღამე გაათია.

1798 წლის ივლისში ნაპოლეონმა ჯარი ალექსანდრიაში, ელინისტური ეგვიპტის ძველ დედაქალაქთან გადასხა. ფრანგებმა შეიტყვეს, რომ ინგლისის ფლოტს მათი ფლოტისთვის დაესწრო - ისინი ეგვიპტეში 48 საათით ადრე მისულან. ინგლისელებს უნახავთ, რომ ეგვიპტეში არც ერთი ფრანგი არ იყო. ამიტომ ნელსონმა ივარაუდა, რომ ნაპოლეონი სტამბოლისკენ გაეშურა და ინგლისელებიც იქით დაიძრნენ. ნაპოლეონმა კი ჯარი მშვიდად გადასხა ეგვიპტეში და ალექსანდრია აიღო. თავის მოხსენებაში ეგვიპტის ლაშქრობაზე ის წერდა:

19 მესიდორს არმია ალექსანდრიიდან გავიდა. 20-ში უკვე დამანჰურთან ვიყავით. უდაბნოზე გადასვლის დროს უჩვეულო პაპანაქებამ და უწყლობამ გაგვაწამა. ნილოსის სანაპიროზე, რაჰმანიესთან, სადაც 22 მესიდორს გავედით, ბრძოლა გადავიხადეთ

(მესიდორი, საფრანგეთის რევოლუციური კალენდრის მიხედვით, აღნიშნავს პერიოდს 19-20 ივნისიდან 18-19 ივლისამდე. ეს კალენდარი კონვენტმა 1793 წელს მიიღო და 1806 წლამდე მოქმედებდა).[1]

ციტატიდან ჩანს, რომ ფრანგთა ჯარი ეგვიპტეში ძალიან ეწამებოდა სიცხითა და უწყლობით. ნაპოლეონის ჯარი რაჰმანიესთან მამლუქებს შეებრძოლა და უკუაქცია ისინი. მამლუქებმა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. მურად-ბეი პატარა ფლოტილიისა და ზარბაზნების იმედით ფრანგებს სოფელ შებრიზთან ელოდა. ნაპოლეონი კარეებად (საბრძოლო წყობა კვადრატის ან სწორკუთხედის სახით) დაწყობილი ჯარით მიუახლოვდა მამლუქებს. მას მხოლოდ 200 მხედარი ჰყავდა. მამლუქები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებული დამბაჩებით, კარაბინებითა და აღმოსავლური ხმლებით. მამლუქთა ფლოტს დაუპირისპირდა ფრანგთა ფლოტილია პერეს სარდლობით. ფრანგებმა მამაცურად იბრძოლეს და მტრის ფლოტი ხელთ იგდეს.

მამლუქებმა კავალერიით შეუტიეს კარეებად დაწყობილ ფრანგებს, რომლებმაც მათ მიახლოების საშუალება არ მისცეს. მრავალი მამლუქი დაიჭრა და დაიღუპა, დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში მამლუქებმა სამასამდე კაცი დაკარგეს. ფრანგებმა სწრაფად მიაღწიეს სოფელ იმბაბას, სადაც მამლუქი ბეგები იყვნენ გამაგრებული. გიზის პირამიდებიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, იმბაბასთან მოხდა დიდი ბრძოლა ნაპოლეონსა და მურად-ბეის შორის. ფრანგთა მებრძოლები ისევ კარეებად განლაგებულიყვნენ, როგორც შებრიზთან ბრძოლაში. მამლუქებმა შეუტიეს, მაგრამ ფრანგთა ტყვიებით მრავალი მათგანი მოიცელა და დაიჭრა. ისინი შეიჭრნენ ორ ფრანგულ ქვედანაყოფს შორის. ფრანგებმა გრიგალისებური ცეცხლით მოიგერიეს, ხოლო შემდგომ გენერალ ბუეს მეთაურობით მამლუქთა სანგრებს შეუტიეს.

მეორე ფრანგულმა შენაერთმა გენერალ ვიოლეს მეთაურობით, სანგრებსა და მათზე მოიერიშე ბუეს რაზმს შორის ტერიტორია დაიკავა, რითაც სამი მნიშვნელოვანი ამოცანა გადაჭრა: 1. ხელი შეუშალა მამლუქთა რაზმებს სანგრების დამცველთათვის მიშველებაში. 2. გარეთ შემოსასვლელი გზა გადაუკეტა მამლუქებს, რომლებიც სიმაგრეს იცავდნენ. 3. თუ საჭირო იქნებოდა, მარცხნიდან თვითონ მიიტანდა იერიშს მტრის სანგრებზე. გენერალ ბუეს შემტევი ქვედანაყოფის რამდენიმე კოლონა, რომელსაც გენერალი ბაშპონი სარდლობდა, მტრის სანგრებს უშიშრად დააცხრა თავს და მამლუქთა ქვეითები დაამარცხა. მამლუქთა კავალერია კვლავ გადავიდა შეტევაზე, მაგრამ ნაპოლეონის ქვეითებმა ძლიერი ცეცხლით უკან დაახევინეს. უამრავი მამლუქი ბრძოლის ველზე დაეცა. ფრანგებმა ხელთ იგდეს 50 ზარბაზანი და საომარი მასალით დატვირთული 400 აქლემი. 2 ათასზე მეტი მამლუქი დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე ბეგი. მურად-ბეი დაიჭრა და დარჩენილი ჯარით უკან დაიხია. იმავე ღამეს მამლუქებმა კაიროდან ევაკუაცია მოახდინეს. ხალხმა მათთვის აძულველ მამლუქთა სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.

ბრძოლაში მამლუქებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს. ისინი თავიანთ სიმდიდრესა და ძალაუფლებას იცავდნენ. მამლუქები ოქრო-ვერცხლში იყვნენ ჩაფლული. ყოველ მოკლულ მამლუქს დიდძალი სიმდიდრე აღმოაჩნდა.

მამლუქთა ერთ-ერთი მეთაური იყო ქართველი იბრაჰიმ-ბეი (შინჯიკაშვილი) რომელიც შეიხ ალ-ბალადის ტიტულს ატარებდა. ქართული წარმოშობის უნდა ყოფილიყო მურად-ბეი, მამლუქთა მთავარსარდალი ნაპოლეონთან ომში. საერთოდ, მამლუქთა მაღალი ფენის ერთ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. თურქები იტაცებდნენ ქართველ, ალბანელ, სომეხ და თურქ ბიჭებს და შემდეგ ეგვიპტეში მეომრებად, მამლუქებად ზრდიდნენ («მამლუქი» თეთრ მონას ნიშნავს).

მამლუქებთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონი კაიროში შევიდა. ფრანგებმა უძველესი ქვეყნის დაპყრობა შეძლეს. ნაპოლეონის ჩამოყვანილი მეცნიერები ეგვიპტის სიძველეებს იკვლევდნენ. მათ ლაშქრობის დასასრულისთვის აღმოაჩინეს როზეტას ქვა, რომელზე დაყრდნობითაც 1822 წელს ჟან ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური დამწერლობა გაშიფრა. ფრანგებმა აღმოაჩინეს ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი, რომელზეც ასეთი ამბავი გავრცელდა: ნაპოლეონმა მოითხოვა, მასთან მიეტანათ სარკოფაგი რამსეს II დიდის მუმიით. როცა ჟიუნომ ჰკითხა, ნამდვილად სურდა თუ არა მუმიის ნახვა, ნაპოლეონმა უპასუხა: «მე მსურს ვიხილო ადამიანი, რომელსაც მტრებიც კი ღმერთად მიიჩნევდნენ; მსურს ვიხილო დიდი ფარაონი, რომელიც საბერძნეთის დაარსებამდე ხუთასი წლით ადრე ცხოვრობდა, ხოლო რომის დაარსებამდე ათასი წლით ადრე».

მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ ნაპოლეონმა თქვა:

ეგვიპტელები ყველაზე დიადი ხალხია, ვისაც კი დედამიწაზე ოდესმე უცხოვრია. მათ დაგვიტოვეს უდიდესი ისტორია ქვეყნისა, რომელსაც მართავდნენ დიადი ფარაონები. ეგვიპტელებმა ამ პირამიდებითა და ტაძრებით, ამ მუმიებით დაამტკიცეს თავიანთი უკვდავება და სიკვდილი დაამარცხეს[2]

ნაპოლეონი სულთნის სასახლის საიდუმლო ოთახთან იყო, საიდანაც ფრანგებმა სარკოფაგი ამოიტანეს და გახსნეს. მუმია ცოცხალივით გამოიყურებოდა. "ღმერთო ჩემო, მეჩვენება, რომ ის სუნთქავს!" - აღმოხდა ბონაპარტს (აქამდე მისგან სიტყვა ღმერთი არავის გაეგონა). ნაპოლეონმა დოინჯი შემოიყარა და კარგა ხანს უცქერდა ეგვიპტის უდიდესი ფარაონის მუმიას.

სანამ ნაპოლეონი ეგვიპტეში იბრძოდა, ჰორაციო ნელსონი ინგლისის ფლოტით სტამბოლიდან გამობრუნდა, სადაც ნაპოლეონის ეგვიპტეში დაგვიანების გამო მოხვდა. ნელსონი თავს დაესხა ფრანგთა ფლოტს ელ აბუკირის ყურეში და სასტიკი ბრძოლა გაუმართა. ფრანგების ადმირალმა შეცდომები დაუშვა, ბრძოლისთვის უხეიროდ მოემზადა და ნელსონის სვლები ვერ გაითვალისწინა. ნელსონმა კი მოხერხებული მანევრირებით დაამარცხა იგი. თუმცა ინგლისელთა გემებიც საკმაოდ დაზიანდნენ. ნაპოლეონს ფლოტი აღარ ჰყავდა, მაგრამ ჯარის წინაშე გამოსვლისას მეომრებს ეს ამბავი ისე აუწყა, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარიყოს. იგი ამბობდა, რომ ფრანგებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ბრძოლა უნდა განეგრძოთ. ნაპოლეონი ეგვიპტის ახალ, განვითარებულ ქვეყანაზე ოცნებობდა და ამის განხორციელება სურდა.

ტალეირანი სტამბოლში არ ჩასულა. ოსმალეთი სწრაფად ამოქმედდა. ინგლისელებმა სულთანს ომის დაწყებისკენ უბიძგეს. თურქებმა ორი 50-ათასიანი არმია შეკრიბეს და ფრანგების წინააღმდეგ დაძრეს. ოსმალებს ინგლისის ფლოტი ყველანაირად ეხმარებოდა. ნაპოლეონს სამ ფრონტზე ომი უწევდა: ერთ მხარეს მამლუქების ახალი შემოტევა იყო მოსალოდნელი, მეორე მხარეს პირველი თურქული არმიისა, რომელიც ღაზისა და სინას ნახევარკუნძულის გავლით მოემართებოდა, მესამე მხრიდან კი სხვა თურქული არმია ეგვიპტის ჩრდილოეთში აპირებდა გადმოსვლას. ფრანგებმა რამდენიმე ქალაქსა და მნიშვნელოვან პუნქტში გარნიზონები დატოვეს.

ზემო ეგვიპტის დასაპყრობად ნაპოლეონს გენერალი დეზე ჰყავდა გაგზავნილი 10 ათასი ჯარისკაცით. ამას გარდა, ნაპოლეონს მხოლოდ 13 ათასი კაცი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, იგი სირიისკენ დაიძრა. ნაპოლეონთან იყვნენ რჩეული ფრანგი გენერლები: კლებერი, ლანი, მიურატი და ჟიუნო. ფრანგებმა აიღეს ღაზა და იაფა. იაფასთან ფრანგებმა დანებებული თურქული გარნიზონი ამოწყვიტეს, რადგან სურსათი ცოტა ჰქონდათ და 2 ათასი ტყვე მათ ისედაც მწირ მარაგს ბოლოს მოუღებდა. ფრანგებსაც აკლდათ ტყვია-წამალიც, ამიტომ სარდალმა ტყვეები ხიშტებით ამოაწყვეტინა. ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა ძლიერი გალავნით დაცულ ქალაქ აკრას (იგივე აკკო, სენ-ჟან დ’აკრი). ამ ქალაქს იცავდა თურქთა გარნიზონი, რომელიც უხვად იყო მომარაგებული ტყვია-წამლითა და იარაღით (ინგლისის ფლოტი მუდმივად ამარაგებდა თურქებს).

ინგლისის ფლოტს აკრასთან მეთაურობდა სიდნეი სმიტი. ფრანგებს არ ჰქონდათ საალყო არტილერია, რადგან ეგვიპტიდან პატარა გემებით გამოგზავნილი ზარბაზნები ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელთ. ამიტომ აკრის სქელი გალავნის აღება უაღრესად გაჭირდა. თუმცა მიუხედავად ინგლისელთა დახმარებისა, თურქებიც ცუდ დღეში იყვნენ. ფრანგებს გააფთრებული იერიშები მიჰქონდათ. ბრძოლისას დაიღუპა ნაპოლეონის ერთ-ერთი რჩეული გენერალი კაფარელი. თურქებმა აკრის გარნიზონის დასახმარებლად 30-ათასიანი არმია დაძრეს. ნაპოლეონმა ჯარის ნაწილი საალყოდ დატოვა და თურქების წინააღმდეგ გენერალი კლებერი გაგზავნა. ბრძოლა ნაზარეთთან მოხდა. კლებერს 3-ათასიანი არმია ჰყავდა და თურქების შეტევებს მაინც მამაცურად იგერიებდა. ნაპოლეონი ხვდებოდა, რომ ესოდენ მცირე ჯარით კლებერი ვერ გაიმარჯვებდა და იძულებული გახდა, მიხმარებოდა.

ბონაპარტის შეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა თურქებისთვის და მათ რიგებში არეულობა გამოიწვია. ფრანგებმა სწრაფი შეტევით გაფანტეს ისინი. კლებერმაც ჯარი თავდაცვიდან იერიშზე გადაიყვანა და ბონაპარტთან ერთად, ოსმალების ჯარი დაამარცხა. ფრანგებს ამ ბრძოლაში მხოლოდ 6 ათასი ჯარისკაცი ჰყავდათ 30 ათასის წინააღმდეგ. ნაპოლეონმა აკრის აღება ვერ მოახერხა და 1799 წლის 20 მაისს უკან დაიხია. სირიის ლაშქრობისას ფრანგებს შეეყარათ შავი ჭირის ეპიდემია, თუმცა დიდი მსხვერპლი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცები შეშინებული იყვნენ ასეთი საშინელი დაავადებისგან. ნაპოლეონმა მათ გასამხნევებლად იაფაში ყოფნისას ერთ-ერთი დაავადებული ხელში აიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. როცა ნაპოლეონი ეგვიპტეში დაბრუნდა, იქ უკვე აჯანყება იყო დაწყებული. კაიროს აჯანყება ფრანგებმა სასტიკად ჩაახშეს. მუსლიმები მალე დამშვიდდნენ და ნაპოლეონმა ახლა ნილოსის დელტასთან, აბუკირთან ინგლისელთა ფლოტის მიერ გადმოსხმული ოსმალური არმიისთვის მოიცალა. მან სასტიკად გაანადგურა თურქები. გენერალმა მიურატმა კი ამ ბრძოლისას დაამარცხა თურქების დასახმარებლად მოსული მამლუქთა ჯარი (მიურატი კავალერიის საუკეთესო მეთაური იყო, რომელიც იმპერიის პერიოდში მარშალი გახდა). ეგვიპტის ლაშქრობისას, მიურატის გარდა, თავი გამოიჩინეს დეზემ, კლებერმა და ლანმა.

ნაპოლეონი ეგვიპტელების გადმობირებას ცდილობდა. მუსლიმები ნაპოლეონს სულთან ალ-ქაბირს უწოდებდნენ (ცეცხლოვან სულთანს, ცეცხლის მბრძანებელს), იმის გამო, რომ ფრანგების ჯარი მარჯვედ ხმარობდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ზარბაზნებს. ნაპოლეონმა შეიტყო, რომ ამასობაში საფრანგეთი ანტიფრანგულ კოალიციასთან ომში ჩაბმულიყო და ერთად ებრძოდა რუსეთს, ავსტრიას, ნეაპოლსა და ინგლისს. ფრანგებს ამ ომში არ გაუმართლათ. თანაც მათი რამდენიმე საუკეთესო გენერალი და არმიის ნაწილი ეგვიპტეში იყო.

კოალიციამ საფრანგეთს წაართვა ნაპოლეონის მიერ ადრე დაპყრობილი იტალია. ფრანგები დამარცხდნენ ნოვის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა მათი გენერალი ჟუბერი. ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მან სარდლობა გენერალ კლებერს დაუსწრებლად დაუტოვა (კლებერმა არ იცოდა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეს ტოვებდა და მეთაურობა ძალაუნებურად ჩაიბარა) და მცირე რაზმითა და დანარჩენი გენერლებით 1799 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში ფარულად გაემგზავრა ორი პატარა სათევზაო გემით. ამით დასრულდა ნაპოლეონის ლაშქრობა მსოფლიოს უძველეს ქვეყანაში.

გენერალი კლებერი ეგვიპტეს გონივრულად მართავდა. მამაცმა გენერალმა 1800 წლის 20 მარტს ჰელიოპოლისთან დაამარცხა თურქების ჯარი იუსუფ ფაშას მეთაურობით, რომელიც ეგვიპტეში შეიჭრა. კლებერმა მრავალი ეგვიპტელი გადმოიბირა, მაგრამ საბოლოოდ მუსლიმი ფანატიკოსის ხანჯლით დაიღუპა. ის გენერალმა მენუმ შეცვალა, რომელიც გამაჰმადიანდა და აბდულა-მენუ დაერქვა. მენუ მამაცი გახლდათ, მაგრამ მმართველობის ნიჭს მოკლებული იყო. მალე მას თურქებმა და ინგლისელებმა შეუტიეს. შევიწროებული მენუ 1801 წლის 27 ივნისს დანებდა, მისთვის მისაღები და საპატიო პირობების გამოტყუების შემდეგ. 9 ივლისს მისი რაზმი ინგლისელებმა საფრანგეთში გაგზავნეს.

საბოლოოდ, ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობა მარცხით დასრულდა, მაგრამ მეცნიერებისთვის ეს ნაყოფიერი წლები იყო, მათ ეგვიპტის სიძველეები გამოიკვლიეს. ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობა გახდა საფუძველი მომავალი დიდი მეცნიერების, ეგვიპტოლოგიის ჩამოყალიბებისა. ეგვიპტის ლაშქრობა წარმოადგენდა ერთი სამყაროს (დასავლეთის) დაპირისპირებას მეორე სამყაროსთან (აღმოსავლეთთან). ნაპოლეონის ლაშქრობებს შორის ეგვიპტის ლაშქრობა ყველაზე ეგზოტიკური და არაჩვეულებრივია. თუმცა ამ ომმა ბონაპარტი დაარწმუნა, რომ მისი ოცნების - აღმოსავლეთის დაპყრობა და იქ დასავლური კულტურის შეტანა - აღსრულება შეუძლებელი იყო.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკრა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი იყო ეგვიპტესა და სირიას შორის არსებულ ტერიტორიაზე. ნაპოლეონს მისი დაპყრობის სურვილი ჯერ კიდევ ეგვიპტეში შეჭრისას გაუჩნდა. ის იმედოვნებდა, რომ წაახალისებდა სირიას ოსმალეთის წინააღმდეგ და დაემუქრებოდა ბრიტანეთის ინდოეთსაც. იაფას ალყის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ფრანგთა მიერ ორდღიანი ხოცვა-ჟლეტა და ძალადობა, ოსმალებს უფრო მძაფრად ჰქონდათ განზრახული, რომ ფრანგებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდნი სმიტის ნარკვევი აკრის ალყის შესახებ, 1799 წლის 2 აგვისტო
ქალაქის ძველი უბანი, სადაც თავად ციხეა განლაგებული
ნაპოლეონ ბონაპარტის ხელმოწერა ალყის წამოწყებასთან დაკავშირებით, 1799

ფრანგებმა ალყის შემორტყმა ჯერ 20 მარტს, მხოლოდ ქვეითი ბრიგადით სცადეს. ნაპოლეონს სჯეროდა, რომ ქალაქი სწრაფად დაჰყვებოდა მას და მალევე გამოაცხადებდა კაპიტულაციას. ერთ-ერთ ოფიცერთან მიწერილ წერილში მან გამოთქვა ვარაუდი, რომ სულ რაღაც ორი კვირა იქნებოდა საჭირო წმინდა მიწის დასაპყრობად, მანამ, სანამ იერუსალიმამდე მიაღწევდნენ. თუმცა, ქმედუნარიანმა ჯეზარ ფაშას ჯარებმა უარი თქვეს დანებებაზე და გაუძლეს ალყას თვენახევრი განმავლოაბში. ჰაიმ ფარჰი, ჯეზარ ფაშას ებრაელი მრჩეველი და მარჯვენა ხელი, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქის დაცვაში და თავადაც აკონტროლებდა ბრძოლას ფრანგების წინააღმდეგ. ნაპოლეონის მიერ იაფას დაპყრობის შემდეგ, მძვინვარე ფრანგულმა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს დაპყრობილი ქალაქი და ათასობით ალბანელი სამხედრო ტყვე მოკლეს ზღვის სანაპიროზე. ეს ფაქტი უკვე კარგად ცნობილი იყო აკრის გარნიზონელებისთვის და მცველი ჯარისკაცებისთვის, შესაბამისად, ხოცვა-ჟლეტის პერსპექტივა კიდევ უფრო გაამძაფრებდა მათ წინააღმდეგობას. მალევე, შეტაკებაში ერთვება ბრიტანეტი. ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის მეთაურმა, სიდნი სმიტმა, დაეხმარა ოსმალეთს გაძლიერებაში და ქალაქს აწვდიდა საზღვაო აღჭურვილობას დამატებითი ქვემეხებით. სმიტს განზრახული ჰქონდა დაეპყრო ფრანგული საარტილერიო არმია, რომელიც გაგზავნილი იყო ეგვიპტიდან და, აგრეთვე, დაებომბა სანაპირო გზა ჯაფადან. სმიტმა დაიწყო ბრიტანული ხომალდების 一 თეზევსისა და ტიგრეს 一 გამაგრება, რათა ოსმალურ თავდაცვას უფრო ეფექტურად დახმარებოდნენ. მალე, ბრიტანულ იქვემეხიანი ნავები, ოსმალებთან გაერთიანდნენ და ფრანგულ არმიას ერტად შეუტიეს. 16 აპრილს ოსმალეთის სახმელეთო ძალები თაბორის მთაზე განლაგდნენ. მაისის დასაწყისში, როცა ფრანგული ძალები ციხის მიდაომოებში აღმოჩნდნენ, არმიის უკანა ნაწილი ალყაში მოექცა, მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოახერხეს ციხის კედლების გარღვევა. თუმცა, ეს ნაპოლეონს დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ დაუჯდა 一 ომში ჩართული იყო ნაპოელონის მოწინააღმდეგე, მისი თანამედროვე ფრანგი ემიგრანტი ანტუან დე ფელიპე, რომელმაც ჰაიმ ფარჰთან ერთად მეორე კედლის ამოჩენება დაიწყო.[3] ამ ახალი ციხის აშენებამ ნაპოლეონი დაარწმუნა, რომ მისი აღების ალბათობა საკმაოდ მცირე იყო. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც თავდასხმა კვლავ მოიგერიეს, ოსმალეთის ძალების გამყარება უკვე როდოსიდანაც იყო შესაძლებელი. სხვადასხვა გარემო პირობებმა და გაუსაძლისმა კონდიციებმა ნაპოლეონის არმია მოშალა. გარდა ამისა, ფრანგ ჯარისკაცებს შავი ჭირის ეპიდემია დაატყდათ თავს, რამაც 2000-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მთელი ალყის განმავლობაში, ორივე მხარე, როგორც ნაპოლეონი, ისე ჯეზარი, ამაოდ ცდილობდნენ ლიბანის ემირის, შიჰაბელთა ლიდერის, ემირ ბაშირის დათანხმებას თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ბაშირმა ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნა. აღმოჩნდა, რომ ბაშირის მსგავსი დამოკიდებულებით ყველაზე მეტად ფრანგები დაზარალდნენ 一 ეს იმიტომ, რომ თუ შიჰაბელები ფრანგების მხარეს დაიჭერდნენ, მაშინ ძალები დაბალანსდებოდა. საბოლოოდ, ალყა შეწყდა და ნაპოლეომა უკან დაიხია, წარუმატებელი თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ კი, 21 მაისს, ეგვიპტეში გადავიდა.[3]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1805 წელს ნაპოლეონმა თქვა, რომ:

თუ მე აკრის აღებას შევძლებდი, ჩავიცმევდი თავსაბურავს, ჩემს ჯარისკაცებს დიდ თურქულს შარვლებს ჩავაცმევდი და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ვაბრძოლებდი. მე მათ წმინდა ბატალიონად ვაქცევდი - უკვდავებას მივანიჭებდი. თურქების წინააღმდეგ ომს არაბული, ბერძნული და სომხური ჯარით დავასრულებდი. მორავიაში ბრძოლის ნაცვლად, მე გავიმარჯვებდი ისოსის ბრძოლაში, თავს აღმოსავლეთის იმპერატორად გამოვაცხადებდი და კონსტანტინოპოლის გზით პარიზში დავბრუნდებოდი.[4]

მის სიტყვებში შეტანილია აშკარა ანტიკური მინიშნებები, მათ შორის თებეს ლეგიონზე, აგრეთვე სპარსელ უკვდავებზე 一 ელიტარულ სამხედრო ქვედანაყოფებზე, შესაბამისად, ქალაქ თებესა და სპარსეთის აქამენიდთა დინასტიის წარმომადგენლებზე. აგრეთვე, ჩნდება ილუზია ისოსის ბრძოლაზე, რომელშიც ალექსანდრე მაკედონელმა ბრწყინვალე გამარჯვება ჰპოვა და ა.შ.[5]

სავარაუდოა, რომ, აკრის ციხის აღების შემთხვევაში, ნაპოლეონ ბონაპარტი კიდევ დიდ დროს დაჰყოფდა ახლო აღმოსავლეთში. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპისა და საფრანგეთის პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლებოდა რადიკალურად შეცვლილიყო. გარდა ამისა, თუ ის ამ სურვუილ აიხდენდა და მიაღწევდა კონსტანტინოპოლამდე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ოსმალეთის იმპერიისთვის დესტრუქციულ შედეგს გამოიღებდა.

ზოგიერთი თვლის, რომ ომის დროს ნაპოლეონისთვის მიწერილი განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი დაჰპირდა ებრაელებს მიწის დაბრუნებას, თუ პალესტინის დაპყრობას მიაღწევდა, სირიელი ებრაელის ფარჰის ყურადღების მიპყრობას და ბატონის ღალატს ისახავდა მიზნად, ფრანგებზე მხარდაჭერის გადართვით. მართალია თუ არა ეს, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ფარჰი იცავდა ქალაქს ოსმალეთის დანარჩენ ძალებთან ერთად. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლეონი შტურმისას დიდ ყურადღებას ამახვილებდა ებრაელთა დახმარებაზე, რითაც, მისივე აზრით, იგი ადვილად შეძლებდა ოსმალური ერთიანობის მოშლას.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელ აკოში, ბორცვი, რომელზეც ნაპოლეონმა საკუთარი ჯარი დააბანაკა, ცნობილია, როგორც „ნაპოლეონის გორა“. აკოში აგრეთვე არის ნაპოლეონის სახელობის ქუჩა, ერთადერთი ქალაქი ისრაელში, რომელშიც ნაპოლეონის სახელობის ქუჩას შევხვდებით. აკოს ძველ არაბ მოსახლეობას შორის დღემდე სიამაყით ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ოდესღაც მათი ქალაქი მსოფლიოში ცნობილი დამპყრობლის ქარცეცხლს გადაურჩა. აკოს არაბებს შორის გავრცელებულია ფოლკლორული თქმულება, რომლის მიხედვითაც ნაპოლეონმა ალყის მოხსნის შემდეგ, ქვემეხიდან საკუთარი ქუდი ისროლა, ისე, რომ „მისი აღჭურვილობის ნაწილს მაინც შეეღწია ქალაქში“.[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალი "ისტორიანი", 2013 წლის დეკემბრის ნომერი, #12/36

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.dictionary.com/browse/messidor
  2. ისტორიანი, 2013
  3. 3.0 3.1 Rickard 2006.
  4. Bonaparte 1955, p. 49.
  5. Blond 1997, pp. 48, 103, 470.
  6. Kempinsky 1968.