აკვარიუმი

აკვარიუმი (ლათ. aquarium < ლათ. aqua — „წყალი“) — მინისკედლებიანი ან მთლიანი მინის ჭურჭელი, რომელშიც წყლის ცხოველებსა და მცენარეებს აშენებენ. აკვარიუმი შეიძლება სულ სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყოს იმისდა მიხედვით, თუ როგორია სააკვარიუმო ობიექტის დანიშნულება და შენახვის პირობები. თევზების არსებობისათვის აკვარიუმში აუცილებელია ჟანგბადისა და სათანადო მარილთა ხსნარის დამატება. ჟანგბადით წყლის გასამდიდრებლად აკვარიუმში წყალმცენარეებს ათავსებენ და დღე-ღამეში 10-12 სთ ანათებენ. სინათლეზე მცენარეები ითვისებენ აკვარიუმის თევზების მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს, შეიწოვენ წყლის ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს და, თავის მხრივ, გამოყოფენ ჟანგბადს. აკვარიუმის ფსკერი უნდა სუფთაედებოდეს დაგროვილი ნარჩენებისაგან, კედლები იწმინდებოდეს და ჭურჭელს წყალი ემატებოდეს. გრუნტად უმჯობესია კარგად გარეცხილი მდინარის ქვიშა. მცენარეებიდან აკვარიუმში ამრავლებენ სალვინიას, წყლის სალათას, ელოდეას, ფრთაფოთოლას, ვალისნერიას, ისარასა და სხვებს; აკვარიუმი ზრდის ოთახში ჰაერის ტენიანობას.
სპეც დაწესებულება ზღვისა და მტკნარი წყლის ფაუნისა და ფლორის წარმომადგენელთა შესანახად, შესასწავლად და სადემონსტრაციოდ. ასეთი აკვარიუმის მოწყობა დაიწყეს XIX საუკუნეში (სევასტოპოლი, 1871; ნეაპოლი, 1872). ზღვის ზოგიერთ აკვარიუმს ოკეანარიუმს უწოდებენ. საკმაოდ კარგად გამართული და მრავალი ცხოველით დასახლებულია ბათუმის აკვარიუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 249.