აიშა ყადაფი
აიშა ყადაფი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1976 წელი ტრიპოლი, ლიბია |
ეროვნება | ლიბიელი |
მოქალაქეობა | ლიბია |
საქმიანობა | დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე |
რელიგია | ისლამი |
აიშა ყადაფი, არაბ.ائشة القذافي, (დ.1976), - ლიბიის საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, იურისტი, არაბული ჯამაჰირიის მეთაურის მუამარ ყადაფის და მისი მეორე მეუღლის საფია ფარყაშ ალ-ჰადადის მეხუთე შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიშა ყადაფიმ განათლება ჯერ საფრანგეთის დენი დიდროს სახელობის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სორბონას უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის განხრით მიიღო. სორბონაში დოქტორის ხარისხის დაცვის პროცესში მან სწავლა შეწყვიტა პოლიტიკური მიზეზის გამო: მიიჩნია, რომ 2003 წ. ანგლო-ამერიკული ინტერვენციის შემდეგ საერთაშორისო სამართალმა არსებობა შეწყვიტა, რამაც ასეთი მეცნიერების შესწავლას აზრი დაუკარგა.
მამის ოჯახის წევრობა აიშას პოლიტიკური საკითხების მიმართ აქტიურობისკენ უბიძგებდა. დასავლეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ერთხელ მან ლონდონის ჰაიდ პარკის ორატორის ტრიბუნიდან გააკრიტიკა. ერაყის ოკუპაციის საკითხზე მან განაცხადა: "როდესაც თქვენს მიწას თელავს უცხოელი დამპყრობელი, აუპატიურებს ქალებს და ხოცავს ხალხს, მის წინააღმდეგ ბრძოლა სავსებით ლეგიტიმურია".[1] ომის დაწყებამდე აიშა პირადად შეხვდა სადამ ჰუსეინს, აგრეთვე, მოგვიანებით შეუერთდა მისი უფლებების დამცველ ადვოკატთა ჯგუფს სასამართლო პროცესზე, რომელზეც ერაყის ყოფილ ლიდერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
2006 წელს იგი დაქორწინდა მამის ბიძაშვილზე აჰმედ ალ-ყადაფი ალ-ყაჰსიზე. საზეიმო ცერემონიალს არაბი მეფეების, შეიხების და პრეზიდენტების მრავალრიცხოვანი დელეგაციები დაესწრო. მიწვეულ სტუმართა შორის იყო, აგრეთვე, ხოსე კარერასი.[2]
აიშა 2009 წელს გახდა გაეროს "კეთილი ნების ელჩი", რომელიც ლიბიაში ქალთა უფლებებისთვის, სიღატაკესთან და ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლას მოიცავდა.
ომი ლიბიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"არაბული გაზაფხულის" კამპანიის ფარგლებში 2011 წლის თებერვალში ლიბიას ანტისამთავრობო დემონსტრაციები მოედო, რომელიც მალე სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასშტაბური შეიარაღებული შეტაკებების დაწყების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსმა მეამბოხეთა მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო და სამხედრო-საჰაერო ოპერაციები წამოიწყო.
26 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელმაც მუამარ ყადაფისთან დაახლოებულ 16 თანამდებობის პირს თუ ოჯახის წევრს, მათ შორის აიშა ყადაფის, სანქციები დაუწესა მოგზაურობის აკრძალვის და საბანკო ანგარიშების დაყადაღების სახით.
როგორც იურისტი, აიშა აქტიურად შეუდგა საერთაშორისო ინსტანციებში ნატო-ს საჰაერო ოპერაციების გასაჩივრებას. მისი თქმით, დაბომბვები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონობას წარმოადგენდა, რადგან ის იწვევდა სამოქალაქო პირების მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას.
2011 წლის 30 აპრილს აიშას ძმა საიფ ალ-არაბი საჰაერო დაბომბვებს ემსხვერპლა. დაიღუპა, აგრეთვე, მუამარ ყადაფის სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი, მათ შორის აიშას ერთი შვილი, რომლებიც ბიძასთან ერთად იმყოფებოდნენ თავშესაფარში.[3]
ემიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიშა ყადაფის მეორე შვილი თავის მამასთან ერთად 26 ივლისს განხორციელებულ საჰაერო შეტევას შეეწირა. ქმრისა და სამიდან ორი შვილის დაკარგვის შემდეგ აიშა იძულებული გახდა დედასთან ერთად აგვისტოში ალჟირში გაქცეულიყო. ადგილზე ჩასვლიდან მესამე დღეს მან იმშობიარა და დედის პატივისცემის ნიშნად გოგონას სახელად საფია დაარქვა.[4]
ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ალჟირის ხელისუფლებამ დევნილი ოჯახი ქვეყნის სამხრეთში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში განათავსა. ოჯახური ტრაგედიის გამო მძიმე სტრესის ქვეშ მყოფმა ქვრივმა რეზიდენციაში ცეცხლი გააჩინა, თავს დაესხა სასახლის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, გამოთქვა უკმაყოფილება ლიბიასთან დაკავშირებით ალჟირის დამოკიდებულების მიმართ. ამის გარდა, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, მან საჯარო პოლიტიკური მოწოდება გააკეთა ლიბიაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ბოლოს, მის მიერ სასახლეში პრეზიდენტ ბუტეფლიკას სურათის განადგურების შემდეგ, ალჟირის მეთაურს მოთმინება ამოეწურა.[5]
20 ოქტომბერს მეამბოხეებმა მუამარ ყადაფი და მისი ერთ-ერთი შვილი მუთასიმი შეიპყრეს, სასტიკი წამების შემდეგ მოკლეს, ხოლო ცხედრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. აიშამ მეტად განიცადა ახალი ტრაგედია. მან წერილი მისწერა ჰააგაში მდებარე საერთაშორისო სასამართლოს მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით.
2011 წლის ოქტომბერში ომანის სულთანმა აიშა ყადაფის თავშესაფარი მიანიჭა ჰუმანიტარული მიზეზით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას გაეროს მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა არსებული სანქციების დარღვევის გამო.[6]
სამი წლის შემდეგ აიშამ გაასაჩივრა სანქციაში მყოფთა სიაში მისი დატოვება, რის საპასუხოდ 2017 წლის 28 მარტს ევროპულმა სასამართლომ გააუქმა მის წინააღმდეგ არსებული გადაადგილების შეზღუდვა.[7]
ძმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუჰამედი, მუამარის პირველი შვილი პირველი მეუღლისგან, ლიბიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. თან ახლდა აიშას ალჟირში და შემდეგ ომანში;
- მუთასიმი, მუამარის მეორე მეუღლის საფია ფარყაშის მხრიდან შვიდ შვილს შორის უფროსი, მრჩეველად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დაიღუპა 20 ოქტომბერს მამასთან ერთად;
- საიფ ალ-ისლამი - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში წარდგენილი ბრალდებით;
- საადი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნიგერში მიიღო თავშესაფარი;
- ჰანიბალი - საზღვაო-სატრანპორტო კომპანიას ხელმძღვანელი, იმყოფებოდა ლიბანის საპატიმროში;
- საიფ ალ-არაბი - გარდაიცვალა საჰაერო იერიშის შედეგად 2011 წლის აპრილში;
- ხამისი - დაუზუსტებელი ცნობით, მეამბოხეებთან ბრძოლის დროს 2011 წლის ოქტომბერში დაიღუპა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Slain dictator Gaddafi’s only daughter booted from Algerian safe house for repeatedly setting it on fire nationalpost.com
- ↑ News on Aisha Gaddafi alwatanvoice.com
- ↑ Thousands turn up at funeral of Gaddafi's son france24.com
- ↑ The Gaddafi clan: Where are they now? bbc.com
- ↑ Gaddafi's daughter in Oman, thrown of Algeria deccanherald.com
- ↑ Gaddafis move to Oman in breach of sanctions: UN gulfnews.com
- ↑ EU top court removes sanctions on Gaddafi’s daughter politico.eu