აირუმები

აირუმები (აზერ. Ayrımlar) – თურქულენოვანი აზერბაიჯანელების ეთნოგრაფიული ჯგუფი[1], რომელიც დასახლებულია თანამედროვე აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში, გოიგოლის ტბასა და მდინარე აღსტაფას შორის მდებარე მთიან ზონაში[2]. რელიგიური კუთვნილებით შიიტი მუსლიმები არიან[3]. აზერბაიჯანული ენის დასავლურ დიალექტურ ჯგუფში შემავალ აირუმის დიალექტს იყენებენ[4].
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აირუმების ეთნოგენეზის თაობაზე განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს. ტრადიციული გადმოცემის თანახმად, ისინი საკუთარ თავს ოღუზ ტომთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ[5].
აზერბაიჯანელი მკვლევარი მ. ველიევ-ბაჰარლი აირუმების წარმოშობას მცირე აზიის თურქულ მოსახლეობასთან აკავშირებს, რომლებიც 1301 წელს, ანატოლიაში სახელმწიფოს დაკარგვის შემდეგ, ამიერკავკასიაში გადმოსახლდნენ.
ორენტალისტი ვ. ფ. მინორსკი და ისტორიკოსი ი. ი. მეშჩანინოვი აირუმების გადმოსახლებას XVII საუკუნის სპარსეთ-ოსმალეთის ომების პერიოდს უკავშირებდნენ.
საბჭოთა ეპოქის მეცნიერები, მათ შორის ა. ალეკპეროვი, ვ. პ. კობიჩევი და გ. დ. აღაევი ვარაუდობდნენ, რომ აირუმები წარმოადგენენ არმენიზებული კავკასიელი ალბანელებისა და ისლამიზებული სომხების შთამომავლობას[6]. აღნიშნული თეორია უკუგდებულია, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი[7]. ამ მოსაზრებას არ შეესაბამება ასევე აირუმლუს გვაროვნული ტომების სახელწოდებები, როგორიცაა დაშანლუ, იმირლი, აღსახლუ და აქინჩი[8].
ჰუსეინზადეს შეფასებით, აირუმები, გარდა ენობრივი კუთვნილებისა, სრულად იზიარებენ აზერბაიჯანელების სულიერ და მატერიალურ კულტურას, მათ შორის ოღუზურ ფოლკლორულ მახასიათებლებს[8].
გარდა ამისა, აირუმთა შორის იყვნენ აზერბაიჯანელები, რომლებიც ირანის აზერბაიჯანიდან ჩამოსახლდნენ და ვაჭრობისა და სასულიერო სფეროებში მუშაობდნენ. გადაბაიში ისინი დასაქმებულნი იყვნენ ასევე სიმენსის ძმების სპილენძის ქარხანაში და აირუმთა ცხოვრების წესზე გარკვეულ გავლენას ახდენდნენ, მათ შორის ტანსაცმლის სტილზეც[9].
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აირუმები საუბრობენ აზერბაიჯანული ენის აირუმის დიალექტზე, რომელიც ენათმეცნიერების თვალსაზრისით შეიცავს უნიკალურ ლექსიკურ, ფონეტიკურ და გრამატიკულ ნიშნებს, რაც მას ძველი ფორმების შემცველად გამოარჩევს სხვა დიალექტების ფონზე[10].
აღნიშნული დიალექტი ასევე შეიცავს ყივჩაღურ ელემენტებს, რაც საერთო მახასიათებელია აზერბაიჯანული ენის რიგ სხვა დიალექტებშიც: ყუბა, ბაქო, შემახა, ნუხა, ზაქათალა-კახისა და ჯაბრაილის დიალექტები[11].
ნ. გაჯიევა ხაზს უსვამს ყივჩაღური ნიშნების გამოხატულებას აირუმის დიალექტში[12].
დასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აირუმები საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიებს აღნიშნავენ ტერმინებით „აირიმ მაჰალი“, „აირიმ ოლქესი“, „აირიმ ელი“ (აირუმის მხარე)[13].
1638 წელს გერმანელი მოგზაური ადამ ოლეარიუსი დერბენტში აირუმლუს ტომს ქალაქის მოსახლეობას შორის ასახელებს[14].
1828 წლის თურქმანჩაის ზავის შემდეგ, როდესაც სპარსეთმა ერევანი და ნახიჩევანი რუსეთის იმპერიას დაუთმო, პრინცმა აბას მირზამ რამდენიმე თურქული ტომის, მათ შორის აირუმების, მიგრაცია არაქსის სამხრეთით წაახალისა და მათთვის ნაყოფიერი მიწები გამოყო[2].
რუსეთის იმპერიის დროინდელ ადმინისტრაციულ გაყოფაში აირუმები ძირითადად დასახლებული იყვნენ ელიზავეტპოლის გუბერნიის ოლქებში (მათ შორის აირუმის მაჰალი)[15], ჯავანშირის, ყაზახის, ჯავადის, ლენქორანისა და ნუხის ოლქებში.
თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში აირუმები კონცენტრირებულნი არიან გადაბაისა და დაშქესანში, აგრეთვე აღსტაფის, გოიგოლის, ყაზახის რაიონებში და განჯის მიმდებარე ტერიტორიებზე. 1980-იანი წლების ბოლომდე ისინი ასევე ცხოვრობდნენ სომხეთის ჩრდილოეთ ოლქებში – ნოიემბერიანში, იჯევანსა და ბერდში. საბჭოთა წყაროები ასევე ასახელებენ ყაზახის, ქელბაჯარის, შაუმიანის, ხანლარისა და თოუზის რეგიონებს[16].
ქელბაჯარის რაიონში აირუმებით დასახლებული იყო 12 სოფელი, მათ შორის ბავაშლარი, განი-კენდი, ჯემილი, სუზდუკი და სხვ.[17] XIX–XX საუკუნეებში დაფიქსირებულია ახალი აირუმული სოფლების გაჩენა, მათ შორის აღდაბანი, ჩაიგოუშანი და ბოზლუ, დაარსებული სხვადასხვა კლანების მიერ[18].
აზერბაიჯანში მდებარე აირუმული სოფლების მაგალითებია: გუშჩუ აირიმი, ბაგანის-აირიმი (ყაზახის რეგიონი); საათლი (ბარდა); ნოვაია გოიჩა (შამქირი); მოლა აირიმი (თოვუზი); აშაღი აირიმი და იუხარი აირიმი (ქელბაჯარი)[19]. სომხეთში კი მდებარეობს ქალაქი აირუმი, რომლის სახელწოდება ეთნონიმისგან მოდის.
ანთროპოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კ. ყარაყაშლის მიხედვით, აირუმებს ახასიათებთ ფიზიკური განსხვავებულობა: გვხვდებიან როგორც შავთვალება შავგვრემნები, ასევე ცისფერთვალება ქერები. აღსანიშნავია აგრეთვე სხეულის სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობა. მათ შორის ყველაზე მაღალი ინდივიდი ცხოვრობდა ჩირახლის სოფელში[20].
ისტორიული თვალსაზრისით, XVI საუკუნის ბოლოს აირუმები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ნაწილი გადასახლდა სპარსეთის აზერბაიჯანში და შაჰ-აბასის მიერ ეწოდა შაჰსევანები, მეორე ნაწილი კი დარჩა თავდაპირველ ტერიტორიაზე და ჩამოაყალიბა ტომები: აირუმები, საათლები, ახსახლები და ჩოლაჰლები. სპარსეთის აზერბაიჯანში გადასახლებულმა აირუმებმა დასახლება არდაბილის პროვინციაში განაგრძეს და შემდგომში კვლავ ამიერკავკასიის სივრცეში დაბრუნდნენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ С.А. Токарев. Этнография народов СССР: исторические основы быта и культуры. — Изд-во Московского университета, 1958. — С. 296.
- 1 2 ĀYRĪMLŪ
- ↑ К. Т. Каракашлы. Из истории общественного строя населения Малого Кавказа // Азербайджанский этнографический сборник. — 1965. — № 2. — С. 62.
- ↑ Мамедли А. Соловьева Л. Т. Азербайджанцы. — М.: Наука, 2017. — 708 с.
- ↑ К. Т. Каракашлы. Из истории общественного строя населения Малого Кавказа // Азербайджанский этнографический сборник. — 1965. — № 2. — С. 63.
- ↑ Данные этнотопонимии о расселении тюркоязычных племен в Азербайджане XI-XV вв. (часть 1).
- ↑ Советская этнография
- 1 2 Гусейнзаде А. Параллели огузских этнонимов в современной топонимии Азербайджанской ССР // Советская тюркология. — Баку, 1977. — № 4. — С. 49.
- ↑ Каракашлы К. Т. Материальная культура Азербайджанцев северо-восточной и центральной зон малого Кавказа. — Баку: Академия наук Азербайджанской ССР, 1964. — 283 с.
- ↑ Садыхов Б. П. Об употреблении некоторых аффиксов в айрумском говоре азербайджанского языка // Советская тюркология. — Баку, 1981. — № 5. — С. 63.
- ↑ Садыхов Б. П. О некоторых кыпчахских элементах в айрумском говоре азербайджанского языка // Вопросы диалектологии тюркских языков. — Баку: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1966. — Т. 4. — С. 178—181.
- ↑ Гаджиева Н. З. Тюркоязычные ареалы Кавказа. — М.: Наука, 1979. — С. 246.
- ↑ К. Т. Каракашлы. Из истории общественного строя населения Малого Кавказа // Азербайджанский этнографический сборник. — 1965. — № 2. — С. 63.
- ↑ Гаджиева С. Ш. Дагестанские терекеменцы: XIX - начало XX в
- ↑ Каракашлы К. Т. Материальная культура Азербайджанцев северо-восточной и центральной зон малого Кавказа. — Баку: Академия наук Азербайджанской ССР, 1964. — 283 с.
- ↑ Большая Советская Энциклопедия. — 2-е изд.. — М., 1949. — Т. 1. — С. 556.
- ↑ К. Т. Каракашлы. Из истории общественного строя населения Малого Кавказа // Азербайджанский этнографический сборник. — 1965. — № 2. — С. 59, 60.
- ↑ Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Баку: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1976. — Т. 1. — С. 197.
- ↑ Asagi Ayrim, Azerbaijan Page
- ↑ Каракашлы К. Об айрумах. — Баку: «Издание Общества Обследования и Изучения Азербайджана», 1929. — С. 40.