შინაარსზე გადასვლა

ათვლის სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათვლის სისტემაფიზიკაში, სხეულთა უცვლელი სისტემა, რომლის მიმართაც განისაზღვრება გამოსაკვლევი სხეულის მდებარეობა (ან ხდომილობის ადგილი) და რომელშიც აღინიშნება დროის სათანადო მომენტი. ათვლის სისტემასთან უძრავად აკავშირებენ კოორდინატთა სისტემას, მაგალითად მართკუთხა კოორდინატთა სისტემას. შერჩეული კოორდინატთა სისტემის მიმართ მოძრავი მატერიალური წერტილის მდებარეობას ან ხდომილობის ადგილს განსაზღვრავენ სამი კოორდინატით. ამავე დროს, სისტემა უნდა იყოს ქრონომეტრიზებული, ე. ი. მომარაგებული უნდა იყოს „საათებით“, რომელთა მეშვეობით განისაზღვრება მოძრავი სხეულის სივრცეში სხვადასხვა მდებარეობების შესაბამისი დროის მომენტები კინემატიკის თვალსაზრისით მოძრაობის შესწავლა შეიძლება ნებისმიერ ათვლის სისტემაში, მაგრამ მექანიკის მრავალი ამოცანის ამოხსნისას განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება სისტემათა ერთ კლასს, რომლის მიმართ მექანიკურ კანონებს უმარტივესი სახე აქვს. ესენია ე. წ. ათვლის ინერციული სისტემები ისეთი სისტემები რომლის მიმართ მართებულია ნიუტონის პირველი კანონი, ე. ი. რომლის მიმართ იზოლირებული სხეული თანაბრად და წრფივად მოძრაობს. ფარდობითობის თეორიაში ამ პირობას ემატება მეორე — სინათლის სიჩქარე ასეთ ათვლის სისტემებში მუდმივი უნდა იყოს. საკმაოდ დიდი სიზუსტით ინერციულ სისტემად შეიძლება მივიღოთ სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის სათავე მზის ცენტრშია, ხოლო ღერძები მიმართულია სამი უძრავი ვარსკვლავისაკენ ყოველი ათვლის სისტემა, რომელიც ინერციული სისტემის მიმართ თანაბრად და წრფივად მოძრაობს, თვითონაც ინერციულია. ერთი ინერციული ათვლის სისტემის მიმართ პროცესის აღწერიდან მეორის მიმართ მის აღწერაზე გადასვლა ხდება ლორენცის გარდაქმნის ფორმულებით.