ათანაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათანაანთ ციხე, ათანაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას, შინმოუსვლელთა პარკის ტერიტორიაზე. ათანაანთ მიწებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ოთხ სართულიანია. გეგმით კვადრატს მიახლოვებული სწორკუთხედია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კუთხეები შედარებით მოზრდილი ქვებითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია: გარეთა კუთხეების ქვედა ნაწილი დაახლოებით 1,5 მეტრ სიმაღლეზე მონგრეულია. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები, კედლები პირველ სართულზე ალაგ-ალაგ განგრეულია. შესასვლელი პირველ სართულზე ჩრდილოეთ მხრიდანაა. კარი გარედა კვადრატული აგურით ნაწყობი თაღითაა გადახურული, შიგნით კი ხის ბრტყელი გადახურვა ჰქონია (შემორჩენილი კვალი). კარის წირთხლუბში საურდულე ხვრელებია. შესასვლელის ჩრდილოეთით ერთი ცალმაგი სათოფურია. მსგავსი სათოფურები დანარჩენ კედლებშიცაა. აღმოსავლეთით ორი ცალმაგი სათოფურია, დანარჩენ ორში თითო-თითო. მეორე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ბრტყლად გადახურული ორ-ორი ნიშაა, რეებშიც თითო ცალმაგი სათოფურია მოწყობილი. მსგავსი ერთი ნიშა ჩრდილოეთ კედელშიცაა. მესამე სართულის თითოეულ კედელში ორ-ორი სწორკუთხა ნიშაა თითო ცალმაგი სათოფურით. დასავლეთ კედელში ნიშებს შორის, ერთი უსათოფურო ნიშაა. სამხრეთ კედელში კი ბუხარი. მეოთხე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ოთხ-ოთხი ცალმაგი სათოფურია. დასავლეთ კედელში სამი, აღმოსავლეთ კედელში კი ორი სათოფური. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]