აზორკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზორკი, არსოკი
იბერიის მეფე
წინამორბედი: ფარსმან I
მემკვიდრე: დეროკი
შვილები: დეროკი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ფარსმან I

აზორკი, არსოკიქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II-I სს.-ის მიჯნაზე. ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ/აზორკი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მესამე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანა-მეფე იყო არმაზელი.

პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ აზორკი/არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა: [ფ]არ[ნ]უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ თანამეფეები აზმაზის პიტიახშები იყვნენ. სწორედ ამ სახელიდან იყო ნაწარმოები, მისი აზრით, [ფ]არ[ნ]უკის თანამეფის სახელი არმაზელი.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი XVII-ა მეფისა [ფ][არ][ნ]უკ. მოღწეულ ხელნაწერებში ეს სახელი დაზიანებულად არის დაცული. არსებული დაწერილობანი ამ სახელისა მომდინარეობენ ფორმისაგან: არნუკ (ႠႰႬႭჃႩ).

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႱႭჃႩ || ႠႰႱႭჃႩ.

ლეონტი მროველი: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႪႭჃႩ || ႠႰႻႭჃႩ || ႠႪႭႻႩ.

ძველ-ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია სახელი: ბარნუკი (=ფარნუკი), ხსე-ფარნუგი, ნა-ბარნუგი[2].

ქართული ხელნაწერების არ[ნ]უკი, როგორც ირკვევა, წარმოადგენს დაზიანებულს დამწერლობას ამ სახელისა: „ფარნუკი“. (მაშასადამე, აქაც დაზიანებულია სახელის დასაწყისი, როგორც ამას სხვა შემთხვევაშიაც ვხედავთ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ხელნაწერში: ადეროკ — დეროკ — როკ).

რომ ეს დაზიანებული დამწერლობა სახელისა „არნუკი“ არის „[ფ]არნუკი“, ეს დასტურდება შემდეგის მიხედვით:

ა) იმ ხანაში, როდესაც ქართული მატიანეები უჩვენებენ არნუკის=[ფ]არნუკის მეფობას, ახლად აღმოჩენილი სერაფიტის ძეგლის წარწერა ასახელებს იბერიის მეფეს იმავე სახელით: ხსე-ფარნუგი (=ფარნუკი).

ბ) ქართული მატიანეების თანახმად მეფე [ფ]არნუკი არის მემკვიდრე ფარსმანისა. ხოლო სერაფიტის ძეგლის წარწერის თანახმადაც მეფე ხსე-ფარნუგი არის მემკვიდრე ფარსმანისა.[3]

მცხეთა-არმაზში აღმოჩენილი სერაფიტის სტელის წარწერაში, როგორც აღნიშნული გვქონდა, მოიხსენება იბერიის ორი მეფე, რომლებიც მეფობდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ფარსმანი და 2. ხსე-ფარნუგი. წარწერიდან ირკვევა აგრეთვე, რომ მეფე ფარსმანის დროს არმაზელ პიტიახშად ყოფილა პუბლიკი-აგრიპა (ხსე-ფარნუგის დროინდელი პიტიახში მოხსენიებული არაა). შევადაროთ ეს ნუსხა ქართულ მატიანეთა მეფეთა სიის სათანადო ნაწილს:

სერაფიტის ძეგლი:
სრულიად იბერიის მეფენი: არმაზელი პიტიახშები:
ფარსმანი
ხსეფარნუგი
პუბლიკი-აგრიპა
(მოხსენებული არაა)
ქართული მატიანეები:
„იმიერი“ მეფენი: „ამიერი“ მეფენი:
XVI ფარსმანი
XVII ფარნუკი
XVI-ა. კაოსი
XVII-ა. არმაზაერი

როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიაც „იმიერი“ მეფეები — არიან სრულიად იბერიის მეფეები: მატიანეში მოხსენებული XVI მეფე ფარსმანი — ეს არის იგივე წარწერაში მოხსენებული მეფე ფარსმანი; ხოლო XVII მეფე [ფ]არ[ნ]უკი — არის იგივე ხსე-ფარნუგი.[4]

სერგი გორგაძის მიხედვით: „აზორკი“ არის ფარსმან I-ის მეორე შვილი ანუ, როგორც მცხეთის ქვის ბერძნული წარწერაში უწოდებს, მითრიდატ II (მიჰრდატ II).[5]

იბერიის მეფის ფარსმან I-ელის გარდაცვალების შემდეგ, 79 წლიდან 96 წლამდე, რომის ტახტი ზედი-ზედ შემდეგს სამს იმპერატორს ეჭირა: ვესპასიანეს (70–79), ტიტეს (79–81) და დომიციანეს (81–96 წ.). ამათ დროს იბერიაში მეფობდა ფარსმანის ძე მიჰრდატ მე-II, რომელსაც აღნიშნული იმპერატორები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ და მეგობრობის ნიშნათ მცხეთის მიდამოებში ციხეც კი აუშენეს. ამას მოწმობს იმ დროიდან დღემდე შენახული ქვა ბერძნულის წარწერით, რომელიც ქართულათ ასე ითარგმნება:

იმპერატორმა, კეისარმა ვესპასიანემ, ავგუსტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, ტრიბუნის უფლებით მეშვიდეჯერ შემოსილმა, მეთოთხმეტეჯერ ტრიუმფატორმა, ექვსჯერ კონსულმა და მეშვიდეჯერ არჩეულმა, სამშობლოს მამამ და ცენზორმა; და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, ტრიბუნის უფლებით მეხუთეჯერ შემოსილმა და ცენზორმა; და დომიციანე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, მეოთხეჯერ კონსულად არჩეულმა – იბერთა მეფეს მითრიდატს, მეფის ფარსმანისა და იამაზიდის ძეს, კეისრისა და რომაელი ხალხის მეგობარს, აღუშენეს ციხე.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 21, 22, ISBN 99928-58-36-2.
  2. შეად. ხეთური სახელი: ტლა-ბარნა (ლა-ბარნა, ტა-ბარნა).
  3. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. 1. საკუთარი სახელების დაზიანებული დაწერილობანი. გვ. 512, § 7.
  4. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვ. 551.
  5. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. გვ. 51.
  6. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. გვ. 52, 53.
წინამორბედი:
ფარსმან I
იბერიის მეფე
87–103
შემდეგი:
დეროკი