შუახმელეთის ორკების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აზოგი)

ქვემოთ წარმოდგენილია ჯ.რ.რ. ტოლკინის გამოგონილი შუახმელეთის ორკების სია.

აზოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზოგი — ორკების მეთაური მორიიდან[1]. მონაწილეობდა ჯუჯებისა და ორკების ომში. იგი იყო მაღალი, ძლიერი და მეტად მოძრავი. თავს მეფეს უწოდებდა. იგი არა მხოლოდ მორიის ორკებს მიუძღვოდა, არამედ მთლიანად ნისლიან მთებში დათარეშობდა.

მესამე ეპოქის 2790 წელს - სმაუგის მიერ ჯუჯების მარტოსული მთიდან გამოძევებიდან 20 წლის თავზე - ჯუჯათა მეფე თრორი, ნარის თანხლებით მორიაში შევიდა. იგი აღმოსავლეთ კარიბჭეში შესვლის შემდეგ დაიკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ აზოგმა მისი გვამი გამოიტანა. მისი თავი დასახიჩრებული იყო, ხოლო აზოგმა საკუთარი სახელი ჯუჯების რუნებით მის შუბლზე ამოტვიფრა. ორკმა ნარს რამდენიმე მონეტა ესროლა და უბრძანა, ჯუჯებისთვის გადაეცა, რომ მორიაში აზოგი მეფობდა.

თრორის ძემ თრაინმა შეკრიბა ჯუჯების ლაშქარი და 2793 წელს ნისლიანი მთების ორკთა წინააღმდეგ ომი დაიწყო. 2799 წელს მოხდა ბრძოლა მრუმეწყაროების ველთან, რომელსაც აზანულბიზარის ბრძოლა ეწოდა. ჯუჯა ნაინი მორიის აღმოსავლეთ კარიბჭესთან იმყოფებოდა და აზოგის გამოსვლას ელოდებოდა. ბრძოლა მათ შორის პირდაპირ კართან დაიწყო. აზოგმა ნაინს კისერი მოსტეხა, თუმცა ეს გამარჯვებას არ ნიშნავდა. დაინახა რა, რომ ველში ორკებმა დამარცხება განიცადეს, აზოგმა უკან დახევა სცადა, მაგრამ იგი დაინმა მოკლა.

აზოგის თავი მოკვეთილი იქნა, ხოლო მონეტებიანი ტომრით, რომელიც მან ადრე ნარს ესროლა, პირი გამოუტენეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯებმა გაიმარჯვეს აზანულბიზარის ბრძოლაში, მორიის დაბრუნება ნაადრევი იყო. პირველი მიზეზი იყო დიდი დანაკარგი ჯუჯებს შორის. გარდა ამისა, დაინმა აღმოსავლეთ კარიბჭიდან საკუთარი თვალით დაინახა, რომ მორიაში დურინის წყევლა, ბალროგი, კვლავ იმალებოდა.

აზოგის შემდეგ ორკების მეთაურობა საკუთარ თავზე ბოლგმა აიღო, რომელიც მათ 2941 წელს, ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მართავდა.

ბოლგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლგი — გობლინთა (ორკთა) ბელადი ხუთი ლაშქრის ბრძოლაში. მისი მამა აზოგი ჯუჯა დაინმა აზანულბიზარის ბრძოლაში, მესამე ეპოქის 2799 წელს მოკლა. ბოლგის მხრიდან ჯუჯების მიმართ ზიზღმა კიდევ უფრო იმატა, როდესაც დიდი გობლინი მოკლული იქნა მესამე ეპოქის 2941 წელს, თორინისა და მისი რაზმის მოგზაურობისას. გუნდაბადის მთასთან თავი მოიყარა ორკთა დიდმა ლაშქარმა, რომელიც გაემართა რუხი მთებისკენ, შემოიერთა ვარგთა დიდი გროვა და ღამურებიც.

მარტოსულ მთასთან ბოლგი, სხვა გობლინებთან და ვარგებთან ერთად ჩაება ჯუჯებთან, ტყის ელფებთან და ტბისპირა ქალაქის ადამიანებთან ბრძოლაში, რომელსაც ხუთი ლაშქრის ბრძოლა უწოდეს. ბოლგმა სასიკვდილოდ დაჭრა თორინ მუხისფარი. მოგვიანებით, დათვის სახით გამოჩნდა ბეორნი, რომელმაც მოკლა ბოლგი. მანვე მომაკვდავი თორინი ველიდან გაიყვანა.

გოლფიმბული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლფიმბული (Golfimbul) იყო ორკების ბელადი მთა გრამიდან, რომელიც მაზრას ორკებთან ერთად დაატყდა თავს. მწვანე მინდვრების ბრძოლისას მას დაუპირისპირდა ბანდობრას ტუკი (ზედმეტსახელად ჭრიალა). მან ორკს თავი წააგდებინა ამ ბრძოლისას. როგორც ამბობდნენ, ამით წარმოიშვა გოლფის თამაშის ტრადიცია და სახელწოდება „გოლფი“.

გორბაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორბაგი იყო ურუკი მინას მორგულიდან. იგი კირით უნგოლში, შაგრატთან შელაპარაკებისას იქნა მოკლული, ბეჭდის ომის მიწურულს.

გრიშნახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიშნახი (Grishnákh) — მორდორელი ორკების მეთაური. აღწერილია, როგორც დაბალი ტანის მქონე.

დიდი გობლინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი გობლინი — ნისლიანი მთების ორკთა (გობლინთა) ბელადი. ნახსენებია, რომ იგი ძალიან დიდი ზომის იყო, მაგრამ განსაკუთრებული ზომებით მისი თავი გამოირჩეოდა.

ეს ორკი მართავდა ორკთა ერთ ჯგუფს, რომელიც გობლინთა ქალაქში ცხოვრობდნენ. ისინი ძირითადად თავს ესხმოდნენ მოგზაურებს, რომლებიც იყენებდნენ მთებში გაყვანილ გზას.

ასე მაგალითად, 2941 წელს ისინი თავს დაესხნენ განდალფსა და ჯუჯებს. მაგრამ გობლინი თავის ხმლით, გლამდრინგით, განგმირა ჯადოსანმა განდალფმა.

დიდი გობლინის დაღუპვის ამბავი შეიტყვეს სხვა ორკებმა. ბოლგმა, რომლის მამა აზოგი მოკლული იქნა ჯუჯის მიერ, ამ ამბების გამო განრისხებული, თავს დაესხა თორინსა და მის რაზმს.

ლაგდუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგდუფი იყო ორკი სამხედრო, რომელიც კირით უნგოლის ციხე-კოშკში, შაგრატის მეთაურობით მსახურობდა. ბეჭდის ომის პერიოდში ციხე-კოშკში ატყდა კამათი და ჩხუბი, მინას მორგულელი ორკების დაპირისპირება. ლაგდუფმა სცადა კიდევ ერთ ორკთან, მუზგაშთან ერთად გაქცევა, მაგრამ ორივე ციხესიმაგრის დატოვებისას მოკლული იქნა.

ლუგდუში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუგდუში იყო ორკი, სავარაუდოდ ურუკი, რომელიც სარუმანის მსახური იყო. იგი იყო უგლუკის იმ რაზმის წევრი, რომელმაც მერი და პიპინი გაიტაცა და ფანგორნისკენ წაიყვანა. სწორედ იქ აღესრულა ლუგდუში, ეომერის ერთ-ერთი როჰირიმის ხელით.

მაუჰური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაუჰური იყო ორკი, რომელიც სარუმანს ემსახურებოდა (შესაძლოა, ურუკი იყო, მაგრამ ეს არსად არის მითითებული). მაუჰური გამოგზავნილი იქნა უგლუკის ლაშქარზე ზემოქმედების მოსახდენად, როდესაც უკანასკნელი იზენგარდში მერისთან და პიპინთან ერთად ბრუნდებოდა. მას თავს დაადგნენ ეომერის როჰირიმები ფანგორნის ტყის ნაპირთან. აქედან მაუჰურმა ორკებით მათ შეუტია, თუმცა წარუმატებლად. როჰირიმებმა დაამარცხეს და გაანადგურეს ორკები. მაუჰურის ბედი უცნობია, თუმცა იგი, სავარაუდოდ, სხვებთან ერთად იქნა მოკლული.

მუზგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზგაში იყო ორკი, რომელიც კირით უნგოლის გარნიზონში მსახურობდა, შაგრატის მეთაურობით. იგი ჩაება გორბაგის მორგულელ ორკებთან ჩხუბში. ორკ ლაგდუფთან ერთად გაქცევისას მოკლული იქნა კარიბჭესთან.

რადბუგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადბუგი იყო ორკი კირით უნგოლის ციხე-კოშკიდან, რომელიც ემსახურებოდა შაგრატს. კირით უნგოლში აჯანყებისას, როგორც ვარაუდობენ, რადბუგმა უარი თქვა, დამორჩილებოდა ბელადს და პასუხად შაგრატმა თვალები ამოგლიჯა.

უგლუკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგლუკი (Uglúk) — ურუკი, რომელიც ემსახურებოდა სარუმანს ბეჭდის ომის პერიოდში. მან შეიპყრო მერი და პიპინი. ჰქონდა მიღებული ნახევარკაცების იზენგარდში მიყვანის ბრძანება.

უფთაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფთაკი იყო ორკი, რომელიც ემორჩილებოდა შაგრატს, კირით უნგოლის ციხე-კოშკში. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ იპოვეს სხვა ორკებმა - უფთაკი დანესტრა ბაბაჭუამა და საკუთარ ქსელში შეახვია. თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც იპოვეს, უფთაკი განიკურნა შხამისგან და გამოფხიზლებული იყო. მიუხედავად ამისა, ორკებმა იგი მიატოვეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1937), დაგლას ანდერსონი, რედ., ანოტირებული „ჰობიტი“, ბოსტონი: Houghton Mifflin, 2002, „მოულოდნელი წვეულება“, ISBN 0-618-13470-0