აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები
აზერბაიჯანი |
საქართველო |

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები — ორმხრივი საგარეო კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის. თბილისში არის აზერბაიჯანის საელჩო და ასევე საქართველოს საელჩო – ბაქოში. ორივე სახელმწიფო არის ევროსაბჭოს, ეუთოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი.
დიასპორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანელები საქართველოში ძირითადად ქვემო ქართლსა და კახეთში ცხოვრობენ, უმეტესად სოფლებში. (საკმაო რაოდენობით – თბილისშიც). შეადგენენ საერთო მოსახლეობის 6.5%(ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა). მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი საერთო რაოდენობა 280–290 ათასია. მათთან შედარებით ქართველები აზერბაიჯანში გაცილებით მცირერიცხოვნად არიან. ძირითადად კახის (ყველაზე მეტი), ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართველ მეფეებს ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ სახანოებთან, რომლებიც ხან შედარებით დამოუკიდებლები – ხანაც სპარსეთის შემადგენლობაში იყვნენ.
1918 წლის დეკემბერში საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის ბაქოში დაიდო თავისუფალი და უბაჟო ტრანზიტის ხელშეკრულება.
ორ სახელმწიფოს შორის სადავო იყო ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი, ასევე აზერბაიჯანის მხარდაჭერა ყარსის რესპუბლიკის მიმართ, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. 1918 წლის მაისშივე აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები შეიყვანა ზაქათალის ოკრუგის ტერიტორიაზე. 1919 წლის მაისამდე პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაცია ასრულებდა აზერბაიჯანის დელეგაციის მოვალეობასაც. 1919 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ხელშეკრულებას. ამით სახელმწიფოებმა ფაქტობრივად ცნეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები იღებდნენ თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარების ვალდებულებას. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა 22 ივნისს, ხოლო აზერბაიჯანის პარლამენტმა 27 ივნისს. ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე აზერბაიჯანმა საქართველოსგან შეიძინა 12 მსუბუქი და 12 სამთო ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, ტყვია-წამალი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა,. საქართველოს სამხედრო სასწავლებელში ცოდნის შესაძენად გაიგზავნა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჯგუფი. 1920 წლის თებერვალში ბაქოში ხელი მოეწერა კიდევ ერთ სავაჭრო შეთანხმებას.[1]
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა ჯერ ნიკოლოზ ქარცივაძე, შემდეგ გერასიმე მახარაძე, შემდეგ გრიგოლ ალშიბაია. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში იყო მამედ იუსუფ ჯაფაროვი.[1]
1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი თბილისში გადავიდა, მაგრამ დაიძაბა ურთიერთობები საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის. ბოლშევიკებმა დააპატიმრეს საქართველოს დიპლომატიური მისია, დახვრიტეს აზერბაიჯანის არმიაში მომსახურე ქართველი სამხედროები, მათ შორის გენერალი ბალო მაყაშვილი, პოლკოვნიკი ნ. თუმანიშვილი და სხვა. იმავე წლის მაისში საქართველოში შეჭრა წითელმა არმიამ აზერბაიჯანის საზღვრიდან სცადა, თუმცა საქართველომ შეტევა მოიგერია. 12 ივნისს გაფორმდა აღსთაფის საზავო შეთანხმება. მისი მიხედვით საზღვარი გაივლო რუსეთის იმპერიის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.[1]
მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა საქართველოც დაიპყრო. 1922 წლის 30დეკემბერს ორივე ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც 1936 წელს გაუქმდა და შეიქმნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ–ები.
თანამედროვე ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს საქართველომ და აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა აღიდგინეს და 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. 1997 წლის 10 ოქტომბერს სუამის დამფუძნებელი წევრები გახდნენ. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა, TRACECA). ორივე ქვეყანა ჩართულია ნატოს პროგრამაში – პარტნიორობა მშვიდობისათვის. ზვიად გამსახურდიას დროს, 1990 წლის დეკემბერში, ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურულ, ეკონომიკურ და სამეცნიერო–ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა ასევე 1993 წლის თებერვალში, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობს სომხეთში არ გაიტანდა. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობდა საქართველო შეერთებოდა მის მიერ სომხეთისთვის გამოცხადებულ ბლოკადას, თუმცა უშედეგოდ.
2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციად გაერთიანების იდეა.[2]
ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველო აზერბაიჯანში ახორციელებს ცემენტის, ლოკომოტივების, სარკინიგზო მოწყობილობების, ქიმიური ნაწარმის, მინის, მინერალური წყლების, ალკოჰოლური სასმელისა და ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტს. აზერბაიჯანულიდან შემოდის ნავთობი, ბენზინი, დიზელი, ბუნებრივი აირი, პლასმასის ნაწარმი, ავეჯი და სამშენებლო მასალები.
საზღვარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს და აზერბაიჯანს 446 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ არაა დელიმიტირებული. განსაკუთრებით მწვავედ დგას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემა რომელიც დღევანდელი მდგომარეობით საზღვრით ორადაა გაყოფილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის შესახებ, აზერბაიჯანის მხარეზე მდებარე, დავით გარეჯის ნაწილის სანაცვლოდ, ვინაიდან კომპლექსი ქართველებისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს. ოფიციალურმა ბაქომ გამორიცხა ამის შესაძლებლობა და მიზეზად სადავო ტერიტორიის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობა დაასახელა. გარდა ამისა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 2007 წლის აპრილში, განაცხადა რომ მონასტერი კავკასიელი ალბანელების (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარსულში მობინადრე გადაშენებული ერი) საცხოვრებელი იყო. პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ამ განცხადებას "აბსოლუტურად გაუგებარი" უწოდა და აზერბაიჯანელ დიპლომატს მსოფლიო ისტორიის გადაკითხვა ურჩია. მოგვიანებით ბაქომ გამოთქვა მზადყოფნა კომპლექსის საერთო ტურისტულ ზონად გადაქცევის თაობაზე, თუმცა ამ იდეის გაჟღერებამ ქართულ საზოგადეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია II მ განაცხადა: "მონასტერი ქართული სიწმინდეა და ის მთლიანად ქართულ ნიადაგზე უნდა იდგეს".
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე სამი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი მდებარეობს: წითელი ხიდი (ყველაზე მსხვილი), დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაგიროვა ი., აზერბაიჯანულ-ქართული პოლიტიკური ძალების ურთიერთქმედება ამიერკავკასიის ხელისუფლებაში (1917-1918, მაისი) // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 146-164, ISBN 978-9941-13-771-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამეზობლო პოლიტიკა და დამფუძნებელი კრება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018. — გვ. 230-237, ISBN 978-9941-8-0034-4.
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 349, ISBN 978-9941-0-5972-8.
| ||||||||||||||||||||||||||||