აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს. ოდითგანვე აღსანიშნავია ის, რომ აზერბაიჯანი სარწყავი მიწათმოქმედების ქვეყანა იყო. აქ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებს წარმოადგენს: ხორბალი, ქერი, ბრინჯი, ტექნიკური კულტურებიდან კი გამოსარჩევია ბამბა.

XX საუკუნის დასაწყისში ბამბის ნათესები, ისევე როგორც შუა აზიაში ძალიან გაიზარდა აზერბაიჯანშიც კი. ბამბის კულტურამ ნაწილობრივ გამოდევნა სხვადასხვა მარცვლეული კულტურები.

XIX საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკმაოდ მომრავლდა თუთის ხეები, რომლის ფოთოლსაც აბრეშუმის ჭიის საკვებად იყენებდნენ. მეაბრეშუმეობა აზებაიჯანში საკმაოდ მაღალ დონეზე დგას დღესაც. სწორედ ამ პერიოდში შემოდის აზერბაიჯანში თამბაქო და საღვინე ჯიშის ვაზიც.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს: მებაღეობა, მებოსტნეობა და ბაღჩეული კულტურების მოყვანა.

აზერბაიჯანი გამოირჩევა თავისი, მრავალფეროვანი ბუნებით. აქ შევხვდებით როგორც ტენიანი სუბტროპიკების ზონას (ლენქორანი, ტალიში), ისე დიდი კავკასიონის მუდმივთოვლიან მწვერვალებს.

მრავალრიცხოვანი მდინარეები ენერგეტიკული რესურსების დიდ მარაგს შეიცავს და საკმაოდ მოხერხებულიცაა სარწყავი სისტემებისათვის.

სწორედ თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო, აზერბაიჯანი გამორჩეულია რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხითაც.

აზერბაიჯანის ტერიტორიის მოსახლეობას უძველესი დროიდან მორწყვის სხვადასხვა და განსხვავებული სისტემა ჰქონდა. შემუშავებული ჰქონდათ მდინარეებისა და ხევების დაგუბება, გაყვანილი ჰქონდათ სარწყავი არხები, გაკეთებული ჰქონდათ ჭებიც.

მიწას ძირითადად ორი ტიპის სახვნელით ამუშავებდნენ, ეს კი განპირობებული იყო აზერბაიჯანის რელიეფის ტიპითა და ნიადაგის ტენიანობით. სახვნელი იარაღებიდან გამოსარჩევია: მსუბუქი სახვნელი (ხიშ) და ხის მძიმე გუთანი (კარა კოტან).

მესაქონლეობიდან უპირატესად აზერბაიჯანში განვითარებულია მეცხვარეობა, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში თხის მოშენებასაც ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ბინადარი მიწათმოქმედების რაიონებში - მსხვილფეხარქოსან საქონელს. ძროხებთან ერთად მათ დიდი რაოდენობით ჰყავთ დღესაც კამეჩები.

სამეურნეო საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს კასპიის ზღვა, რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია წიაღისეულით (ნავთობი, გაზი), მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაცაა და საკმაოდ მდიდარია თევზით. დაბლობში ბევრია არტეზიული ჭა, რომლებიც მდინარეულ წყლებთან ერთად გამოიყენება სარწყავად.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა მთლიანად უზრუნველჰყოფდა მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კვების პროდუქტებზე, ხოლო ზოგიერთი სახის გადამამუშავებელ მრეწველობას - ნედლეულით.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა დიდადაა დამოკიდებული მელიორაციაზე, შექმნილია საკმაოდ ძლიერი, თანამედროვე ტიპის სამელიორაციო ქსელი.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ გამორჩეულ დარგს წარმოადგენს მეჩაიეობა. ჩაის კულტურა აზერბაიჯანში საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. ჩაის პირველი ბუჩქები, რეგიონში XX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. დღეს კი აზერბაიჯანში წარმოებული ჩაი არაერთ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის გამოსარჩევია: თურქეთი, საქართველო და რუსეთი.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია მეაბრეშუმეობა, რომელსაც დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]