აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნება

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნება (აზერ. Azərbaycan təsviri sənəti) — სახვითი ხელოვნების სახეობა, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების მიერ პალეოლითის პერიოდიდან დღემდე შეიქმნა. აზერბაიჯანელი ხალხის სახვითი ხელოვნების ჩამოყალიბება ძირითადად XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაბამში დასრულდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანული სახვითი ხელოვნება მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განვითარდა და დღესაც აქტიურად ვითარდება. მისი ძირითადი მიმართულებები მოიცავს ფერწერას, მინიატურას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, არქიტექტურას და ხალიჩობის ხელოვნებას. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, „საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანში არსებული პირობები განაპირობებდა იმას, რომ ხელოვნება განვითარებულიყო თავის უნიკალურ სტილში. ამავდროულად, მეზობელ ქვეყნებთან საერთო ისტორია და კულტურული კავშირები ხელს უწყობდა, რომ აზერბაიჯანული ხელოვნება ახლოს ყოფილიყო რეგიონის სხვა კულტურებთანაც“[1].
სახვითი ხელოვნება აზერბაიჯანში პალეოლითის პერიოდიდან ვითარდება. გობუსტანის კლდეებზე შემონახული გამოსახულებები მეზოლითის ეპოქის პრიმიტიულ ხელოვნებაზე მოწმობს. ორდუბადის რეგიონში მდებარე გამიგაიას პეტროგლიფები ძვ.წ. IV-I ათასწლეულებით თარიღდება[2]. კავკასიის ალბანეთის ხალხების კულტურასთან დაკავშირებული კერამიკული ნაწარმის მრავალი ნიმუში, რომელიც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა, გამოირჩევა ტიპების მრავალფეროვნებით, ფორმების სრულყოფილებითა და დეკორის დახვეწილობით. აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში — მათ შორის შაჰტახტისა და ყიზილვანგში — აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი დახვეწილი ორნამენტებითა და სემანტიკური მოტივების მრავალფეროვნებით ხასიათდება. აზერბაიჯანული კერამიკული ნაწარმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია სოფელ შაჰტახტიში ნაპოვნი დიდი ჭურჭელი, ასევე მინგეჩაურის შავად გაპრიალებული ზოომორფული ჭურჭელი. ქვის სვეტების საფუძვლები აღმოჩენილია აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ნახიჩევანსა და გაბალაში, ხოლო ყაზახის რაიონიდან აღმოჩენილი ქვის სვეტების საფუძვლებზე, რომლებიც ძვ.წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება, მცენარეული მოტივების დეტალებია გამოსახული.
აზერბაიჯანის ტერიტორიის არაბული ხალიფატის შემადგენლობაში შესვლამ სახვით ხელოვნებაში მუსლიმური კულტურა გავრცელდა. რელიგიური არქიტექტურული ძეგლების მშენებლობას თან ახლდა მათი დეკორირება სხვადასხვა ნიმუშებითა და ორნამენტებით, კალიგრაფიული ელემენტებით (ეპიტაფიები), კრამიტებითა და ბარელიეფებით. არაბული ხალიფატის დასუსტების შემდეგ, ჩამოყალიბდა ადგილობრივი სამხატვრო სკოლები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარდა, შემახა, ბეილაგანი, განჯა, ნახიჩევანი, შაბრანი[1]. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნახიჩევანისა და შირვან-აფშერონის სამხატვრო სკოლები. XV საუკუნეში მინიატურული მხატვრობა ვითარდებოდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბაქო და შემახა[3].

XVII და განსაკუთრებით XVIII საუკუნეებში ხელოვნების განვითარებაზე გავლენა მოახდინა თურქეთსა და ირანს შორის მიმდინარე ომებმა, აგრეთვე სახანოებს შორის შიდა ფეოდალურმა დაპირისპირებამ. მიუხედავად ამისა, სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშების შექმნა მაინც გრძელდებოდა. მათ შორის გამოირჩევა შექის ხანების სასახლის ფერწერული დეკორი, რომელიც 1797 წელს არქიტექტორმა ჰადალი ზეინალ აბდინმა შირაზიდან შეასრულა. ეს დეკორატიული ნახატები, გამოირჩევა ნათელი და ფერადი გამებით. ისინი გამოსახავენ სტილიზებულ მოტივებს, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურებს, აგრეთვე ომისა და ნადირობის სცენებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება სასახლის შიდა დარბაზებსა და ოთახებში.
XVIII საუკუნეში მდიდარი ფენის სახლებში კედლის მხატვრობა გავრცელდა, რომელიც უმეტესად მცენარეული მოტივების კომპოზიციებს მოიცავდა. ზოგჯერ მათში ფრინველების, ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებებიც ჩნდებოდა. ხალხური ხელოვნება ქმნიდა იარაღისა და ჭურჭლის მხატვრულ ნიმუშებს. მაგალითად, ლაჰიჩის სოფელში ნაპოვნი სპილენძის ჭურჭელი და იარაღი მაღალი დონის დეკორატიულობით გამოირჩევა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აზერბაიჯანული ხალიჩების სკოლის განვითარებას, რომელიც კომპოზიციური და ფერთა კომბინაციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გარდა ამისა გამოარჩევენ ყუბა-შირვანის, განჯა-ყაზახის, ყარაბაღისა და თავრიზის სკოლებს, აგრეთვე შაქისა და სხვა მხატვრული ნაქარგობის ნიმუშებს.
XIX საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე აზერბაიჯანის სახვით ხელოვნებაში პოპულარობა მოიპოვეს რამდენიმე დეკორატიული სტილის წარმომადგენელმა მხატვარმა, რომელთაც პროფესიული მხატვრული განათლება არ გააჩნდათ.
იმ დროის გამორჩეულ აზერბაიჯანელ თვითნასწავლ მხატვრებს შორის იყო მირმოჰსუნ ნავვაბი — პოეტი, მუსიკის თეორეტიკოსი, კალიგრაფი და მხატვარი. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს აზერბაიჯანის მხატვრული მემკვიდრეობის ისტორიაში. მისი კედლის მხატვრობა გამოირჩევა ბრტყელ-დეკორატიული ორნამენტულობით.
კედლის მხატვრობის ეროვნულ ტრადიციებს ავითარებდა უსტა გამბარ ყარაბაღი. იგი მონაწილეობდა შაქის ხანების სასახლის რესტავრაციაში და ინტერიერის მოხატვაში, მათ შორის — მეჰმანდაროვებისა და რუსტამოვების სახლებში, შუშასა და სხვა ქალაქებში. მისი მხატვრობა არ არღვევდა კედლის სიბრტყის ერთიანობას, თუმცა ხაზს უსვამდა არქიტექტურულ დეტალებს. მოგვიანებით შესრულებულ ნამუშევრებში შეიმჩნევა რეალისტური ელემენტების გაძლიერება[4].
ასევე აღსანიშნავია სახელგანთქმული პოეტის, ხურშიდბანუ ნათავანის პეიზაჟები, ყვავილების გამოსახულებები და დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები[5].
დაზგური მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანში დაზგური ფერწერა შედარებით ნელა განვითარდა და ახალი პროგრესული ტენდენციების ათვისებაში ჩამორჩა[6].

ამ პერიოდში აზერბაიჯანულ სახვით ხელოვნებაში დაზგური მხატვრობის პირველი ნიშნები გამოჩნდა, თუმცა არსებული ნამუშევრები, კვლავ აღმოსავლურ შუა საუკუნეების მინიატურების ტრადიციებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული[5].
მხატვარი მირზა გადიმ ერივანი, რომელსაც არ ჰქონდა პროფესიული სამხატვრო განათლება, ძირითადად ცნობილი გახდა, როგორც პორტრეტისტი. მისი ნამუშევრები, როგორიცაა „მოცეკვავე“, „დერვიში“, „ძლიერი კაცი“, „კავალერი“, ფართოდ არის ცნობილი. რ. მუსტაფაევის სახელობის აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში ინახება მისი ნამუშევრები, მათ შორის — ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი, მჯდომარე ქალის პორტრეტი და სხვ. ერივანის ნამუშევრები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია აღმოსავლური შუა საუკუნეების მინიატურების ტრადიციებთან[6], საფუძვლად დაედო რეალისტური დაზგური მხატვრობის განვითარებას აზერბაიჯანში.
მირზა გადიმ ერივანის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სარდარის სასახლის კედლებზე შესრულებული პორტრეტები ერევანში (სასახლე 1914 წელს დაანგრიეს, რის შედეგადაც განადგურდა ოთხი დიდი ზომის პორტრეტი). ცნობილი იყო „ფათ ალი შაჰის“, „აბას მირზას“, „მაჰ ტალათ ხანუმის“ და „ვეჯულა მირზას“ პორტრეტები. ამ ნამუშევრების გარდა, შესრულებულია ასევე უცნობი „მეომრის“ პორტრეტი[6].
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში, ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ გამოცემასთან და ბეჭდვის განვითარების პროცესთან ერთად, ფართოდ გავრცელდა სატირული გრაფიკის ჟანრები. ჟურნალისთვის მუშაობდნენ მხატვრები, როგორებიც არიან ო. შმერლინგი, ი. როტერი, ა. აზიმზადე და ჰ. მუსაევი. აზიმ აზიმზადე აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებლად ითვლება[7].

ბაჰრუზ ქანგარლი — პირველი აზერბაიჯანელი მხატვარი, რომელმაც არასრული პროფესიული განათლება მიიღო (1916) — ითვლება აზერბაიჯანული რეალისტური დაზგური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მან შექმნა ისეთი პეიზაჟები, როგორიცაა: „ილანლის მთა მთვარის შუქზე“, „მზის ჩასვლისას“, „გაზაფხული“. ასევე ცნობილია მისი პორტრეტები სერიიდან „ლტოლვილები“, ყოველდღიური ცხოვრების სცენები — „შეწყვილება“, „ქორწილი“. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში ინახება მისი ალბომი „ნახიჩევანის ხსოვნა“, რომელშიც წარმოდგენილია ავტორის მიერ შესრულებული ოცი პეიზაჟი.
ამავე პერიოდის მხატვრებიდან უნდა გამოვარჩიოთ კეისარ კაშიევა — პირველი აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც მიიღო პროფესიული მხატვრული განათლება. 1919 წელს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბაქოში დაარსდა სახელმწიფო მუზეუმი „ისტიგლალი“ („დამოუკიდებლობა“), რომელიც დაკავებული იყო ეროვნული ატრიბუტიკის — სახელმწიფო გერბისა და დროშის — შექმნით[8].
1920 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აზერბაიჯანში დაიწყო ხელოვნების ახალი ტიპის ჩამოყალიბება. ბაქოში გაიხსნა პირველი სამხატვრო სკოლა, სადაც საფუძველი ჩაეყარა სახვითი ხელოვნების ახალ ჟანრებს.
1930-იან წლებში პოპულარობით სარგებლობდა აზერბაიჯანის რევოლუციური სახვითი ხელოვნება. 1932 წელს შეიქმნა აზერბაიჯანელი მხატვრების კომიტეტი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიქაილ აბდულაევის, ბოიუკაღა მირზაზადეს, სატარ ბაჰულზადესა და ქამილ ხანლაროვის შემოქმედებას. 1940 წელს ჩატარდა აზერბაიჯანელი მხატვრების პირველი კონგრესი.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელოვნების სფეროში ძირითადად იქმნებოდა პოლიტიკური პლაკატები და სატირული კარიკატურები. ამ მიმართულებით მუშაობდნენ უკვე ცნობილი მხატვრები: ა. აზიმზადე, გ. ხალიგოვი, ი. ახუნდოვი, ა. გაჯიევი, ს. შარიფზადე[9].
აზერბაიჯანული სახვითი ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანულ სახვით ხელოვნებაში მხატვრული სიმწიფის პერიოდი XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო. საბჭოთა ეპოქის მეორე ნახევარში სახელოვან აზერბაიჯანელ მხატვართა ახალი თაობა ჩამოყალიბდა, რომელთა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. მათ შორის აღსანიშნავია ბოიუკ აღა მირზა-ზადე, მიქაილ აბდულაევი, თაჰირ სალახოვი, ვიდადი ნარიმანბეკოვი, სატარ ბაჰლულზადე, თოღრულ ნარიმანბეკოვი, ნადირ აბდურაჰმანოვი, ვაჯია სამედოვა და სხვები.
მითოლოგიური მოტივები და იდეები ფართოდ არის წარმოდგენილი ჯ. მირჯავდოვის, ნ. რაჰმანოვის, კ. ახმედოვის, გ. იუნუსოვის, ს. ვეისოვის, ა. იბრაჰიმოვის, ი. მამედოვის, ს. მირზაზადეს, ფ. ხაშიმოვის, ფ. გულამოვის, ა. სამედოვის და სხვა მხატვართა შემოქმედებაში.
პეიზაჟური ჟანრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ნ. გასიმოვის, კ. ხანლაროვის, მ. ტაგიევის, ს. ჰაგვერდიევის, თ. ჯავადოვის, ფ. ხალილოვის, ბ. მარატლის, ნ. რზაევის, ა. ასკეროვის, უ. ჰაგვერდიევის და სხვა მხატვრების ნამუშევრებში.
აზერბაიჯანული პეიზაჟის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება რესპუბლიკის სახალხო მხატვარი სატარ ბაჰლულზადე. მისი მხატვრული ხედვა და ბუნების მიმართ სიყვარულით სავსე კომპოზიციები, როგორიცაა დედამიწის ოცნება, გზა იებისკენ, მშობლიური ვაკეები, ქაფაზის ცრემლები, მნიშვნელოვან მხატვრულ და ემოციურ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ამავე პერიოდში განვითარდა თეატრალური და დეკორატიული ხელოვნებაც. სცენოგრაფიისა და სცენის გაფორმების სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ნუსრათ ფატულაევსა და ბაჰადურ აფგანლის.
თანამედროვე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმებში. 2007 წლიდან ქვეყანა მონაწილეობს ვენეციის ბიენალეში. თავდაპირველად, აზერბაიჯანის პავილიონი განთავსებული იყო პალაცო ლეცოში, პიაცა სან სტეფანოზე.
2022 წლის, ვენეციის 59-ე ბიენალესთვის, პავილიონი გადავიდა სან მარკოს რაიონში – პროკურატიე ვეჩიეს შენობაში. ამ გამოფენის თემას წარმოადგენდა სიყვარულისთვის დაბადებული, რომლის კურატორიც იყო ემინ მამედოვი. მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი თანამედროვე მხატვრები – ნარმინა ისრაფილოვა, ფიდან ახუნდოვა, ფიდან კიმი, რამინა საადათხანი, საბიჰა ხანკიშიევა და აგდეს ბაგირზადე.
2024 წელს აზერბაიჯანის პავილიონი თემით კასპიიდან ვარდისფერ პლანეტამდე: მე აქ ვარ. პავილიონის კურატორი იყო ლუკა ბეატრიჩე. მონაწილე მხატვრებს შორის იყვნენ ირინა ელდაროვა, რაშად ალაკბაროვი და ვუსალა აგარაზიევა – თანამედროვე აზერბაიჯანული ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში აქტიურად იყენებენ როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ ვიზუალურ ენას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Азербайджанская Советская Социалистическая Республика
- ↑ Наскальные рисунки Гямигая
- ↑ [dic.academic.ru/dic.nsf/enc_pictures/52/Азербайджанская «Популярная художественная энциклопедия.» Под ред. Полевого В. М.; М.: Издательство «Советская энциклопедия», 1986.]
- ↑ Искусство Азербайджана
- ↑ 5.0 5.1 ЖИВОПИСЬ АЗЕРБАЙЖАНА
- ↑ 6.0 6.1 6.2 Творчество М.К.Эривани нашедшее отражение в исследованиях К.Керимова.
- ↑ [bse.sci-lib.com/article003251.html Азимзаде Азим Аслан оглы в Большой советской энциклопедии]
- ↑ РАЗВИТИЕ ИЗОБРАЗИТЕЛЬНОГО ИСКУССТВА В XIX - ПЕРВОЙ ПОЛОВИНЕ XX ВЕКА
- ↑ Изобразительное искусство азербайджана