შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი
აზერ. Azərbaycan Yazıçılar Birliyi
შეიქმნა 13 ივნისი, 1934
ტიპი პროფესიული კავშირი და writers’ organization
შტაბ-ბინა ბაქო, აზერბაიჯანი
ენა აზერბაიჯანული
მდივანი ჩინგიზ აბდულაევი
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://azyb.az/

აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი (აზერ. Azərbaycan Yazıçılar Birliyi) — აზერბაიჯანელი მწერლების, დრამატურგების, პოეტების, თარჯიმნების, კრიტიკოსებისა და სხვა ლიტერატურული მოღვაწეების საზოგადოებრივი შემოქმედებითი ორგანიზაცია. დაარსდა 1934 წლის 13 ივნისს აზერბაიჯანის მწერალთა I ყრილობაზე.

აზერბაიჯანელ მწერალთა კავშირის შექმნის წინაპირობები გაჩნდა 1923 წელს, როდესაც საჭირო გახდა ყველა აზერბაიჯანელი მწერლის გაერთიანება ერთ ორგანიზაციაში. აზერბაიჯანის რამდენიმე მწერალმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც გამოაცხადა „თურქულენოვან მწერალთა და პოეტთა კავშირის წრის“ დაარსება, რომელიც იქნებოდა მხატვრული გაერთიანება სახელად „ილდირიმი“, რაც აზერბაიჯანულად „ელვას“ ნიშნავს.

კავშირის „ელვის“ პარალელურად ჩამოყალიბდა ლიტერატურული საზოგადოება „ყიზილ გალამლარ“ („წითელი კალმები“), რომელიც შეიქმნა 1925 წლის 25 დეკემბერს ბაქოში. გაერთიანებამ თავის ირგვლივ შემოიკრიბა ლიტერატურულ წრეებში გაერთიანებული ახალგაზრდა ტალანტები.

1925 წლის ივლისის დასაწყისში გაიმართა აზერბაიჯანელი მწერლების პირველი საერთო კრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რესპუბლიკის ყველა ლიტერატურული ძალების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების შესახებ. შეიქმნა აზერბაიჯანის მწერალთა საზოგადოების დროებითი გამგეობა. აზერბაიჯანის მწერალთა საზოგადოების აღდგენის მცდელობები დაიწყო 1932 წლის აპრილში და 2 წლის შემდეგ, 1934 წლის 13 ივლისს, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის მწერალთა I ყრილობაზე დაარსდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი[1]. აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის პირველ თავმჯდომარედ მამედ ქაზიმ ალექპერლი აირჩიეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 1997 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის მწერლებზე სახელმწიფო ზრუნვის გაძლიერების მიზნით, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, გადაწყდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდებოდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის ჟურნალების დაფინანსება - „ლიტერატურული აზერბაიჯანი“, „აზერბაიჯანი“, „გობუსტანი“, „ულდუზი“ და „ლიტერატურული გაზეთის“, ასევე პერსონალური სტიპენდიები დაინიშნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლებისთვის[2].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2009 წლის 18 მაისის ბრძანებით, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის შექმნის 75 წლის იუბილესა და ლიტერატურული გაზეთის გამოცემის თარიღთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ აზერბაიჯანის მწერალთა კავშირთან ერთად მოამზადა და განხორციელდა სამახსოვრო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები[3].

ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მწერლების ლიტერატურული და მხატვრული საქმიანობის პრაქტიკული მხარდაჭერა, აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, უცხო ქვეყნებში მცხოვრები შემოქმედებითი აზერბაიჯანელების გაერთიანება ეროვნული ლიტერატურის ირგვლივ, აგრეთვე კავშირის გაძლიერება.

აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც იმართება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კავშირს ხელმძღვანელობენ სამდივნო და თავმჯდომარე.

წლები სახელი თანამდებობა
1 1934 - 1936 მამედ ალექპერლი თავმჯდომარე
2 1936 - 1938 სეიფულლა შამილოვი თავმჯდომარე
3 1938 - 1939 რასულ რზა თავმჯდომარე
4 1939 - 1940 სულეიმან რაჰიმოვი თავმჯდომარე
5 1941 - 1944 სამედ ვურღუნი თავმჯდომარე
6 1944 - 1945 სულეიმან რაჰიმოვი თავმჯდომარე
7 1945 - 1948 სამედ ვურღუნი თავმჯდომარე
8 1948 - 1954 მირზა იბრაჰიმოვი თავმჯდომარე
9 1954 - 1965 მეჰდი ჰუსეინი თავმჯდომარე
10 1965 - 1975 მირზა იბრაჰიმოვი თავმჯდომარე
11 1975 - 1981 იმრან გასიმოვი თავმჯდომარე
12 1981 - 1986 მირზა იბრაჰიმოვი თავმჯდომარე
13 1986 - 1987 ისმაილ შიხლი თავმჯდომარე
14 1987 - დღემდე ანარ რზაევი თავმჯდომარე


აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურულ კონკურსს, რომლის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია 5 ნომინაციაში აზერბაიჯანელი მწერლების საუკეთესო ნაწარმოებებს ირჩევს:

  • საუკეთესო პროზა - იუსიფ სამადოღლუს პრემიაზე წარდგენილი წიგნები
  • საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - ალი ქარიმის პრემიაზე წარდგენილი წიგნები
  • საუკეთესო კრიტიკა და ესეები - იაშარ კარაევის პრემიაზე წარდგენილი წიგნები
  • საუკეთესო თარგმანი - აბას საჰათის პრიზისთვის წარდგენილი წიგნები
  • აზერბაიჯანის შესახებ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დაწერილი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი - ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემიაზე წარდგენილი წიგნები[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • http://azyb.az/ - აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი