ავქსენტი გვათუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავქსენტი დიმიტრის ძე გვათუა (დ. 1877, სოფ. მაცხოვრისკარი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 1922, სოფ. ნარაზენი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში, სოციალ-დემოკრატი.

წარმოშობით ზუგდიდის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელიც უსახსრობის გამო არ დაამთავრა. შემდეგ ცხოვრობდა შავიზღვისპირეთში, ბათუმსა და სოჭში. 1899 წელს გაზეთ „კვალში“ გამოაქვეყნა კორესპონდენცია სოჭისა და იქაური ქართველი მოახალშენეების პრობლემების შესახებ.[1] 1901-1902 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის სოციალ-დემოკრატიული წრის საქმიანობაში, კერძოდ, ვლადიმერ ლენინის მარქსისტული არალეგალური გაზეთის „ისკრის“ ტრანსპორტირებასა და გამრავლებაში. 1903 წლიდან ფარმაცევტად მუშაობდა მის მიერ გახსნილ აფთიაქში სოჭში, სადაც ამავდროულად ფარულ რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და იყო სოჭის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს გვათუა იყო სოჭში შეიარაღებული აჯანყების მოთავე და ქალაქის რევოლუციური მმართველობის („სოჭის რესპუბლიკის“) ერთ-ერთი ლიდერი, უზრუნველყო გამოსვლებში გაგრიდან და პლასტუნკიდან ქართველი მოხალისეების აქტიური ჩართვა. აჯანყების დამარცხების შემდეგ გურულ მომღერალთა გუნდს შეაფარა თავი და საზღვარგარეთ (იაპონია, ეგვიპტე, საფრანგეთი) გაიქცა. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. 1919 წელს იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წევრი.[2] მოკლეს 1922 წელს სოფელ ნარაზენში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Очерки истории Батумской организации Коммунистической партии Грузии : (1890-1921 гг.) : Автореф. дис. на соискание учен. степ. докт. ист. наук / И.С. Чулок ; Ин-т истории партии при ЦК КП Грузии - Филиал Ин-та марксизма-ленинизма при ЦК КПСС. - Тбилиси, 1972.
  • Большая Кубанская энциклопедия. Том 1. Биографический энциклопедический словарь / Ред. совет: М. К. Ахеджак (пред.) и др.; Гл. ред. Т. А. Василевская ; Центр информационного и экономического развития печати, телевидения и радио Краснодарского края . - Краснодар, 2005. - с. 63.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოფელი პლასტუნკა : (იგივე ლეჩხომა) // კვალი. - 1899. - N14. - გვ.223.
  2. საქართველოს დამფუძნებელი კრება და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია / პ. სურგულაძე. // საქართველოს დამფუძნებელი კრება: პარლამენტარიზმის გამოცდილება : საქ. 1921 წლის კონსტიტუციის 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2011 წლის 12 მარტი / თსუ. - თბ. : [ახალი აზრი], 2011. - გვ. 6.