ავსტრალოპითეკ სედიბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრალოპითეკ სედიბას თავის ქალა

ავსტრალოპითეკი სედიბა გადაშენებული პრიმატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დაახლოებით 1,98 მილიონი წლის წინ სახლობდა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე და იგი იზიარებს რამდენიმე საერთო მორფოლოგიურ მახასიათებელს თანამედროვე Homo-სთან. მისი ძვლების აღმოჩენა სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ მალაპას გამოქვაბულში, პალეანთროპოლოგ ლი ბერგერის სახელს უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ MH1-ისა და MH2-ის (ნაპოვნი მდედრობითი და მამრობითი სქესის ინდივიდების კოდური სახელწოდებები) ნაპოვნი ძვლები ძალიან დიდი ხნის წინანდელი იყო იმის დასადგენად, თუ ზუსტად რამდენ საუკუნეს ითვლიან ისინი, მათი ასაკი გამოკვლეული იქნა ურანით მდიდარი ქვის ზედაპირის საშუალებით, რომელიც ამ ძვლების გარშემო იყო. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ქვები დაახლოებით 1,977 მილიონ წელს ითვლიდნენ.

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ სედიბას ძვლების პირველი ნიმუშები ამერიკელი პალეანთროპოლოგის — ლი ბერგერის 9 წლის შვილმა მეთიუმ 2008 წლის 15 აგვისტოს შეემთხვვით აღმოაჩინა. იმ დროს, როდესაც მეთიუ მამის გათხრების ადგილის მახლობლად თამაშობდა სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის ჩრდილოეთ ნაწილში, შემთხვევით აღმოაჩინა გაქვავებული ძვალი. მან მაშინვე მამას შეატყობინა და ლი ბერგერის დაკვირვების შემდეგ ეს ძვალი ჰომინიდის ლავიწი აღმოჩნდა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ლავიწი დაახლოებით 1,27 მეტრის ახალგაზრდა მამრობითი სქესის ინდივიდის ეკუთვნოდა, რომელსაც მალაპას ჰომინინი 1 (MH1) უწოდეს. ლი ბერგერმა გამოიკვლია პრიმიტიული და თანამედროვე თვისებების ნაზავი ამ ინდივიდის კბილების წყობაში, მანამ სანამ ამ ინდივიდის სხვა ძვლებსაც მიაკვლევდა გამოქვაბულში. მალაპას გამოქვაბულში მეორე, ამჯერად მდედრობითი სქესის ინდივიდის ძვლებსაც მიაგნეს, რომელიც იგივე თვისებებით ხასიათდებოდა, როგორითაც MH1 და მას მაპალას ჰომინინი 2 (MH2) უწოდეს. ეს აღმოჩენა საზოგადოებას 2010 წლის 8 აპრილს გააცნეს. 2011 წელს ამ ნიმუშების ოთხი მნიშვნელოვანი ნაწილის დეტალური აღწერა დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალში.[1][2]

მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი ლი ბერგერი, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის მკვლევარი, თავის ვრცელ სტატიაში სახელწოდებით „ავსტრალოპითეკ სედიბას მოზაიკური ბუნება“, წერს, რომ ავსტრალოპითეკ სედიბას ნაშთები ადრეული ჰომინინების თვისებების დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა.

ძვლების ზომების მიხედვით მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ეს ინდივიდი ორ ფეხზე დგომისას დაახლოებით 1,3 მეტრს აღწევდა. იმის მიუხედავად, რომ MH1 დაახლოებით 10-13 წლის იყო მისი გარდაცვალების  დროს, მკვლევარებს ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენათ, რომ MH1-სა და MH2-ს შორის სქესობრივი განმასხვავებელი ნიშნები იგივე იყო, რაც თანამედროვე ადამიანში. მათ აგრეთვე შენიშნეს საერთო თვისებები ა. სედიბასა და ა. აფრიკანუსის კბილების წყობაში.

დამატებითმა კვლევებმა მენჯზე, ხელებზე, ფეხებსა და თავის ქალაზე გამოავლინა არა მხოლოდ ისეთი ნიშან-თვისებები, რაც აერთიანებდა მას როგორც მაიმუნებთან, ასევე თანამედროვე ადამიანებთან, არამედ ისეთებიც, რომლებიც უნიკალური და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იყო.

თავის ქალა და კბილების რიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ქალის შიდა ნაწილის სამგანზომილებიანი პროექტის შედგენა სინქროტრონის სკანერის საშუალებით მოხდა, რომელმაც თავის ტვინის ფორმა და ზომა გამოთვალა. ამ ინდივიდის თავის ქალისა და ტვინის მოცულობა სხვა ავსტრალოპითეკების მსგავსი იყო, ე. ი. უფრო პატარა, ვიდრე Homo-ს თავის ქალა. ამის მიუხედავად, მისი ყურის ბიბილო უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას. ზოგი მახასიათებლები, როგორიცაა, მაგალითად, თავის ქალა თვალების მიღმა და ყნოსვითი ბოლქვის მდებარეობა თანამედროვე ადამიანის მსგავსი ჰქონდათ. ამ კვლევებმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჰომინინის ტვინმა ზრდა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც ჰომო ანაცვლებდა ავსტრალოპითეკს, დაახლოებით 2-დან 1.5-მდე მილიონი წლის წინ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ ორივე თავის ქალის ნიმუშების კბილები უფრო პატარა იყო, ვიდრე სხვა ავსტრალოპითეკების. ამგვარი ცვლილება შეიძლება მივაწეროთ კვების განსხვავებულ რაციონს ან სოციალურ ქცევას.

მენჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი პალეანთროპოლოგი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მენჯის ევოლუცია ჰომინიმებში ერთი მიხრივ თავის ქალის ზომის ზრდამ გამოიწვია. თუმცა, მეორე მხრივ, კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე ნიმუშის შემთხვევაში, მენჯის განვითარება მანამდე იყო დაწყებული, სანამ ტვინის ზომა ზრდას დაიწყებდა. მენჯი აგრეთვე ატარებდა ავსტრალოპითეკისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებსაც, როგორიცაა, მაგალითად დიდი ბიაცეტაბულური დიამეტრი (თასის ფორმის ჩაღრმავება, რომელიც ბარძაყის ზედა ნაწილს იჭერს). ამას გარდა, ა. სედიბას მენჯის მთლიანი ფორმა იყო მოკლე და მოღუნული (როგორც ჰომოსი) განსხვავებით ავსტრალოპითეკისათვის დამახასიათებელი ბრტყელი და ფართო მენჯისაგან. ამ ცნობებზე დაყრდნობით, პალეოანთროპოლოგები დაობენ იმის შესახებ, რომ ადამიანთა მოდგმაში მენჯის განვითარება არა ტვინის ზომის გაზრდით იყო გამოწვეული, არამედ ბიპედალური გადაადგილების გაადვილების საჭიროებით.

კოჭი და ტერფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჭისა და ტერფის კვლევებმა გამოავლინა პრიმიტიული და შეძენილი თვისებები, რომელთა მიხედვითაც ეს არსებები როგორც ბიპედალიზმს, ისე ხეზე ცხოვრებასაც ითვისებდნენ. მათ მაიმუნის მსგავსი ქუსლი ჰქონდათ, რომელიც დიდხნიანი სიარულისთვის ან სირბილისათვის გამძლე არ იყო, და დიდი კოჭი, რომელიც ცხადყოფდა, რომ ეს არსება ცხოვრებას ხეზე ატარებდა. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ავსტრალოპითეკ სედიბას შემორჩენილი ძვლებიდან ჩანს, რომ მას ადამიანის მსგავსად ტერფზე თაღი ჰქონდა.

მაჯა და ხელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ სედიბას ძვლების ნიმუშებში, აგრეთვე შეინიშნებოდა ადამიანის მსგავსი ნიშან-თვისებები მისი ხელის აგებულებაში. მაიმუნებსა და ადრეულ ავსტრალოპითეკებს ჰქონდათ გრძელი, მსხვილი თითები და მოკლე ცერა თითები, რომლებიც ამსუბუქებდა ოთხი კიდურის საშუალებით გადაადგილებას ხეების ტოტებს შორის. MH2-ის ხელი პირიქით, მოკლე თითებისა და გრძელი ცერა თითის მატარებელი იყო. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ა. სედიბას ეს თვისება განუვითარდა იმისათვის, რომ ერთდროულად შეძლებოდა გადაადგილება ხეებს შორის და ამასთანავე მცირე ზომის საგნები მოხერხებულად დაეჭირა და ემართა. ამან მრავალ პალეანთროპოლოგს მისცა საფუძველი ევარაუდათ, რომ ხელის მსგავსი ცვლილება ტვინის რეორგანიზაციასთან ერთად, საშუალებას მისცემდა ამ არსებებს გამოეყენებინათ მარტივი საგნები, შესაძლოა ქვის იარაღებიც კი. თუმცა, ამ ვარაუდის გამყარება ვერ მოხდა, ვინაიდან ამ ადგილის შემოგარენში ვერანაირი იარაღისა თუ ნივთის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

ზედა კიდურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანების ზედა კიდურის განვითარება გამოწვეული იყო მისი ფუნქციების ცვლილებებით, დაწყებული გადადგილებიდან (როგორც ეს მაიმუნების შემთხვევაშია), დასრულებული რაიმე საგნის დაპატრონებითა და გამოყენებით. კარგად შენახული ავსტრალოპითეკ სედიბას წინა კიდურები გვეხმარება უკეთ გავიაზროთ ამ გარდამტეხი პერიოდის ნიშნები. იმ დროს, როდესაც თავის ქალის უკანა ჩაღრმავება პრიმიტიული (ავსტრალოპითეკის ნაირ) და შეძენილი (ჰომოსნაირ) თვისებების ნაზავს გვიჩვენებს, სედიბას ზედა კიდურები მთლიანად პრიმიტიული სახისაა. როგორც ჩანს, ზედა კიდურების გამოყენება ნივთების დაჭერასა და გამოყენებისათვის მოგვიანებით მოხდა, ჰომო ერექტუსის გაჩენის შემდეგ.

გულმკერდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ჰომინინების გულმკერდის ძვლის ფორმა უკვე 30 წელია მეცნიერთა განხილვის საგნად რჩება. ნეკნების აგებულებისა და თვისებების გამო, ცოტა ნიმუში თუ მოგვეპოვება ჩვენი ძველი წინაპრებისა, რომელთა ძვლებს შორისაც ნეკნის ძვლები შემორჩა და ისეთ პირობებში იმყოფება, რომ მკვლევარებს გაუადვილდეთ მისი შესწავლა და იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის ჩამოყალიბდა გულმკერდის ძვლების ცილინდრული ფორმები. ავსტრალოპითეკ სედიბას გულმკერდის ნიმუში განიერია და მაიმუნისას ჰგავს და არა ჰომოს ვრცელ გულმკერდს, რომელიც გრძელვადიანი სიარულისა და სირბილის შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამის მიუხედავად, გულმკერდის ქვედა ნაწილი უფრო ჰომოსას ჰგავს, ვიდრე მაიმუნისას.

ქვედა კიდური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვლების ნიმუშები მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა ბიპედალური გადაადგილების დროს ფეხს სრულად შლიდა და ამასთან, ოდნავ გადახრილი ტერფი ჰქონდა. ამ გადახრილი ტეფის ხშირმა შეხებამ მიწასთან ტერფის დაგრეხილობა დამოიწვია, რაც შემდგომ სიმძიმის შუა ნაწილში გადაწევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ხერხემალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ სედიბას ორი ხერხემლის ზოლის არასრული ნაწილები ზურგის მოძრაობის შესასწავლად საკმარისი გამოდგა. ა. სედიბას ამ ნიმუშების მიხედვით, მდედრობითი სქესის მოზარდის ჩოჩხი პირველია, რომელიც ინახავს ხელუხლებელ გულმკერდის არეს, რომელიც ბევრ ინფორმაციას იძლევა ხერხემლის გადაბმისა და ქვედატანის მოძრაობის შესახებ. ამ ჩონჩხის მიხედვით, ა. სედიბას იმდენივე ხერხემლის მალა ჰქონდა, რამდენიც თანამედროვე ადამიანს, თუმცა უფრო გრძელ და მოქნილ ქვედატანს ფლობდა. აგრეთვე, იგი განსხვავდებოდა იმითაც, რომ ხერხემლისშორისი სასახსრე ზღვრების გადასვლა ერთმანეთში ხერხემლის უფრო ზედა ნაწილში ხდება, ვიდრე თანამედროვე ადამიანის შემთხვევაში[3].[4][5]

ბიპედალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკაში, მალაპას გამოქვაბულში ნაპოვნი ავსტრალიპითეკ სედიბას ძვლები იმდენად ხელშეუხებელია, რომ მეცნიერებმა შეძლეს სედიბას მთლიანი ჩონჩხის სურათის წარმოდგენა: კბილებით, ხელებისა და ფეხების სიგრძითა და გულმკერდის ვიწრო ზედა ნაწილით ისინი ავსტრალოპითეკებს ჰგავდნენ, ხოლო გულმკერდის განიერი ქვედა ნაწილი ადამიანებს მიუგავდათ. ავსტრალოპითეკის მენჯების ფუნქციური ცვლილება, მუხლები და კოჭის ძვლები მიუთითებს ბიპედალიზმის ევოლუციაზე[6] (თუმცა, ტერფის ძვლები სედიბას შედარებით). ისინი რეგულარულად დადიოდნენ ორ ფეხზე და სიარულისას წელში გამართულნი იყვნენ. ბარძაყის, მხრის ძვლის ძალ-ღონისა და სიმტკიცის გაზომვის შემდეგ გაირკვა, რომ ავსტრალოპითეკ სედიბას ლოკომოცია უფრო ჰგავს თანამედრო ადამიანისას, ვიდრე ჰომო ჰაბილისას. აგრეთვე, ნამარხები გვიჩვენებს, რომ მენჯების (აგრეთვე, კბილების) ფორმებისა და ფუნქციის ცვლილება დაიწყო მანამ, სანამ კიდურების პროპორციები და თავის ქალის ზომა შეიცვლებოდა. პრიმიტიული და შედარებით თანამედროვე თვისებების შერწყმით, ავსტრალოპითეკ სედიბა წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ განიცადა ადაპტაცია ინდივიდმა და ხეებიდან მიწაზე გადაინაცვლა საცხოვრებლად[7].[6]

ზრდასრული მდედრი ავსტრალოპითეკ სედიბას ჩონჩხის აღმოჩენამ მეცნიერებს საშუალება მისცა დეტალურად შეესწავლათ მისი მოძრაობის მექანიზმი. მკვლევარმა ჯერემი დესილვამ და მისმა თანამშრომელებმა ბოსტონის უნივერტეტსა და სამხრეთ აფრიკაში, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში წარადგინეს თავიანთი ნაშრომი სედიბას ქვედა კიდურის შესახებ. მეცნიერების ჰიპოთეზის მიხედვით, მათ განსაკუთრებული, გამორჩეული სიარულის მანერა ჰქონდათ. ისინი სრულიად გამართული ფეხებით დადიოდნენ, ხოლო მათი ტერფები საპირისპირო მხარეს იხრებოდა. ასეთი სიარული მანერა იწვევდა, როგორც ტერფების პრონაციას და ამავდროულად, მისი სხეულის წონა არასწორად ნაწილდებოდა კოჭებსა და ტერფებზე. თუმცა, დესილვას აზრით, ავსტრალოპითეკ სედიბას სიარული იყო საკმაოდ აკურატული: „ქალი ავსტრალოპითეკ სედიბა სიარულისას იყენებს ქუსლს, კოჭს, მუხლს, თეძოებს და ზურგის ქვედა ნაწილს. სწორედ ამის გამო არის მისი სიარული ასეთი დახვეწილი. გამოჩენილი ლუსიც კი მხოლოდ ორს იყენებს ამ ხუთიდან[8]" - ამბობს დესილვა. ამ ორი განსხვავებული მოსაზრების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბიპედალიზმს მხოლოდ ერთი სახე არ ჰქონია.

ავსტრალოპითეკ სედიბას საქმიანობა და კვების რაციონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ სედიბას კულტურის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. მეცნიერების ვარაუდით, მისი ცხოვრების სტილი ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის მსგავსი იყო, რადგან იგივე ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობდა. ავსტრალოპითეკ სედიბას გაჩენამდე, 2,5 მილ. წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში იყო როგორც ტყიანი ადგილები, ისე სავანაც. დროის განმავლობაში კლიმატი უფრო და უფრო მშრალი გახდა და ტყიანი ადგილები სავანამ შეცვალა. ეს პერიოდი უკავშირდება ავსტრალოპითეკის ხეებიდან მიწაზე საცხოვრებლად გადასვლას და ბიპედალიზმის განვითარებას.

რაც შეეხება ავსტრალოპითეკ სედიბას საქმიანობას, ზუსტად დადგენა სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ შეძლეს მეცნიერებმა. 1940-50-იან წლებში, მეცნიერმა რეიმონდ დართმა ჩამოაყალიბა თეორია, რომ ავსტრალოპიტეკები იყვნენ მონადირეები და აგრეთვე, კანიბალები. დართის ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, მიჩნეული იყო, რომ ჯერ კიდევ, ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი ცხოველების ძვლები იარაღებად გამოიყენებოდა. დართმა შექმნა ტერმინი „ოსტეოდონტოკერატიკის (ოსტეო = ძვალი, დონტო = კბილი, კერატიკა = რქები) კულტურა", რაც ნიშნავდა, რომ ავსტრალოპითეკები ცხოველების კბილებს, რქებსა და ძვლებს სანადიროდ იყენებდნენ.[9] 1970-80-იან წლებში, მეცნიერებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ აღმოჩენილ დამტვრეულ ძვლებზე პასუხისმგებელნი იყვნენ ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან ლომები, ლეოპარდები და აფთრები. თვითონ ეს მტაცებლები ნადირობდნენ პრიმატებზეც, რაც ნიშნავს, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა, გავრცელებული აზრის მიუხედავად, იყო მსხვერპლი და არა — მონადირე. მეცნიერების ვარაუდით, სედიბა ძირითადად უმარტივეს ხელსაწყოებს ხისგან აკეთებდა. ჟურნალი Science აქვეყნებს სტატიას, სადაც შედარებულია თანამედროვე ადამიანისა და შიმპანზეს ხელის მტევნის ძვლის, trabeculae-ს სტრუქტურა და ფუნქცია. მეცნიერ დიეტერ ფარის მიხედვით, სწორედ trabeculae აძლევს საშუალებას ადამიანს იყოს "ხელმარჯვე", ხოლო შიმპანზეებს ეს ძვალი არ აქვთ კარგად განვითარებული. ფარის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ავსტრალოპითეკ სედიბას, თანამედროვე ადამიანს მსგავსად, trabeculae განვითარებული აქვს. ეს ნიშნავს, რომ სედიბასთვის შესაძლებელი იყო უფრო კომპლექსური იარაღების გაკეთება, თუმცა დღესდღეობით, მეცნიერების უმეტესობა პირველი ქვის იარაღების გაკეთებას ჰომოებს მიაწერს.[10]

მიუხედავად იმისა, რომ სედიბას პერიოდში მცხოვრები მტაცებელი ცხოველები ხორცის ჭამას ამჯობინებდნენ, ავსტრალოპითეკ სედიბას კვების რაციონი თანამედროვე შიმპანზესას უფრო ჰგავს. ჟურნალი Nature დეტალურად განიხილავს სედიბას კვების რაციონს, რომელიც დაადგინეს სედიბას კბილის ემალის დეტალურად შესწავლის შემდეგ. მკვლევარებმა ამანდა ჰენრიმ და მაქს პლანქმა ჩაატარეს ექსპერტიზა ავსტრალოპითეკ სედიბას ორ ჩონჩზე -  ზრდასრულ მდედრზე და მოზარდ მამრზე. როგორც ჩანს, ეს ორი პრიმატი თავიანთი სიცოცხლის ბოლო პერიოდში (კბილის ემალის ექსპერტიზა აჩვენებს იმ საკვებს, რომელსაც ინდივიდი ბოლო პერიოდის განმავლობაში იღებდა) საჭმელს ტყიან ადგილებში პოულობდა, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის დიდი ნაწილი სავანას ეკავა[11]. მკვლევარების მიერ აღნიშნული ჩვენება ატყობინებს ჟურნალ Nature-ს: „ეს ორი უადრესი ჰომინიდი საკვებიდან იღებდა C3-ის დიდ რაოდენობას, რაც გულისხმობდა მყარ, მაგარ საკვებს და როგორც ორლებნიან (ხის ფოთლები, ხილი…), ისე ერთლებნიან (ბალახი, ისლი…) მცენარეებს. როგორც არდიფითეკუს რამიდუსი და თანამედროვე შიმპანზე, ავსტრალოპითეკ სედიბაც ამჯობინებდა საკვებით C3-ის მიღებას, ვიდრე უფრო გავრცელებული, C4-ის რესურსებისას."[12]

გერი შვარცს, Human Origins-ს პროფერსორს, ჰკითხეს, რომ, თუ ადამიანი ყოველდღიურად იხეხავს და ისუფთავებს კბილებს, შესაძლებელი იქნება თუ არა, მომავალში იმის დადგენა, თუ რითი იკვებებოდა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. გერი შვარცი ასეთ განცხადებას აკეთებს: „დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. განამარხებული ნადები, ემალი და კბილის ქვა არის ბაქტერიებისა და მინერალების შენაერთი, რომელიც გამოიყოფა ნერწყვისგან და ეწებება კბილის ზედაპირს. ამ გზით, ის საკვებს და კიდევ სხვა ნებისმიერ ნაწილაკს, რაც შეიძლება პირის ღრუში მოხვდეს. კბილის ემალის, როგორც ნებისმიერი ძვლის, განამარხება არის შესაძლებელი, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესი უბრალოდ ნიშნავს ორგანული მატერიიდან არაორგანულის წარმოქმნას.“

ავსტრალოპითეკ სედიბა, როგორც ჰომოს გზამკვლევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ახალი დეტალები იმ პრიმიტიული ჰომინინის ტვინის, მენჯების, ხელებისა და ფეხების შესახებ, რომელსაც ეწოდება ავსტრალოპითეკ სედიბა და რომელიც არსებობდა დაახლოებით იმ დროს, როდესაც ადრეული ჰომო სახეობები გამოჩნდნენ დედამიწაზე. ახალი ავსტრალოპითეკის აღმოჩენები, რომელიც იპოვეს მალაპაში, სამხრეთ აფრიკაში, ნათელს ხდის იმას, რომ ეს ადრეული მონათესავე სახეობა ატარებდა, როგორც პრიმიტიულ მახასიათებლებს, ასევე თანამედროვე, დღევანდელი ადამიანისთვის შესაბამის შტრიხებს.

ჰომინინის მახასიათებლების „მოზაიკური“ ბუნების შემხედვარე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ, როგორც ჰომოს სახეობის წინაპარი, ავსტრალოპითეკ სედიბა საუკეთესო კანდიდატია.[13]

აღმოჩენები საეჭვოს ხდის ზოგიერთ თეორიას ადამიანის ევოლუციის შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ის მოიცავდა რწმენას იმის შესახებ, რომ ადამიანის მენჯების განვითარება პირდაპირ კავშირში იყო ტვინის დიდ ზომასთან. ასევე არსებობს რამდენიმე საბუთი, რომელიც მოწმობს, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა აკეთებდა ხელსაწყოებს.

ეს ახალი აღმოჩენები მოიცავს ყველაზე სრულ ხელის ნიმუშს ადრეული ჰომინინისა, ასევე ყველაზე სრულყოფილ მენჯებს, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ, და უახლეს ნაწილებს ტერფისა და კოჭისა.

კვლევები ასევე ადგენს უფრო კონკრეტულ პერიოდს, რომელსაც ავსტრალოპითეკ სედიბას ნამარხები მიეკუთვნება, დაახლოებით 1,977 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს, რომლითაც თარიღდება ჰომოს მახასიათებელი შტრიხების ადრეული გამოჩენა უკვე აღმოჩენილ ნამარხებს შორის.

ამ დრომდე ნამარხები მიიჩნეოდა, რომ იყო 1,9 მილიონი წლის წინანდელი; ისინი უმეტესად მიეწერებოდა ჰომო ჰაბილისსა და ჰომო რუდოლფენსისს, რომელნიც მიიჩნეოდნენ ჰომო ერექტუსის, ადამიანის უდავო და უძველესი წინაპრის, წინაპრებად. მაგრამ ავსტრალოპითეკ სედიბას უფრო ადრეული ნამარხები ზრდის შესაძლებლობას ცალკეული, უფრო ძველი სახეობის არსებობისა, რომლისგანაც შეიძლებოდა ჰომო ერექტუსი განვითარებულიყო.[7]

ლი ბერგერი, პროექტის ლიდერი ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტიდან (იოჰანესბურგი, სამრეთ აფრიკა) ხსნის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ აღმოჩენას ადამიანთა მოდგმისთვის: „ბევრი პროგრესული მახასიათებელი, რომელიც ამ სახეობის ტვინსა და სხეულში აღმოჩნდა, რომ არ შევხედოთ ადრეულ დათარიღებას, ხდის მას საუკეთესო კანდიდატად მისი სახეობის წინაპრებს შორის, მაგალითად როგორიცაა ჰომო ჰაბილისი“.

წლების განმავლობაში, მალაპას გამოქვაბულებმა, რომელიც განლაგებულია ჩრდილოეთით 30 მილის დაშორებით იოჰანესბურგიდან, ინახავდა მდიდარ კოლექციას ადრეული ჰომინინების ნამარხებისა. ისინი წარმოადგენენ ე. წ. „ადამიანთა აკვნის“ ნაწილს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა მიჩნეული თავისი კულტურული თუ ფიზიკური მნიშვნელობის გამო. წინა წელს ბერგერმა და მისმა კოლეგებმა გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთ მალაპას გამოქვაბულში ერთად აღმოჩენილია ყმაწვილი მამრი და ზრდასრული ქალი, ორივე ავსტრალოპიტეკ სედიბას სახეობიდან.[14]

იქიდან გამომდინარე, რომ ნამარხები საკმაოდ ძველია იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაათარიღონ, მკვლევარებს მოუწიათ თარიღის დადგენა კალციზონური ნაშთების დახმარებით, რომელიც ასე კარგად შემოინახა ნამარხებმა. ისინი თავდაპირველი ლოკაციიდან არავის გადაუტანია და ამ ხნის მანძილზე ერთ ადგილას იყო ფიქსირებული, რამაც ხელი შეუწყო მეცნიერების მიერ ქანების შესწავლას. რობინ პიქერინგმა მელბურნის უნივერსიტეტიდან (ვიქტორია, ავსტრალია) და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს პროგრესული, ურანზე დამყარებული დათარიღების ტექნიკა და ასევე პალეო-მაგნეტური დათარიღების მეთოდი, რომელიც ზომავს, თუ რამდენჯერ და რამდენად შემოტრიალდა დედამიწის მაგნეტური ველი, გარემოში არსებული ქვების წლოვანების დასადგენად.

„ეს დაგვეხმარა, რომ უფრო დაგვეკონკრეტებინა ავსტრალოპითეკ სედიბას შემცველი ქანები ერთ-ერთი მოკლე გეომაგნეტური ველის მოვლენის პრე-ოლდუვაის მიხედვით, რომელიც 1.977 მილიონი წლის წინანდელია.“ - პიქერინგმა განაცხადა.

მეცნიერებისთვის გამაოგნებელი იყო ასეთი ძველი ნამარხების მახასიათებლები, რომელთაც დღევანდელ ადამიანშიც ვხვდებით.

კრისტიან კარლსონმა ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ნაწილობრივ MH-1-ის ჩონჩხი და გააკეთეს დეტალური სკანირება სივრცისა, სადაც ყმაწვილის ტვინი უნდა ყოფილიყო განთავსებული. სკანოგრამა გაიგზავნა ევროპის სინქროტრონული რადიაციის დაწესებულებაში (გრენობლი, საფრანგეთი).

„ტვინი, რომელიც თავის ქალაშია მოთავსებული არ იხრწნება,“ თქვა კარლსონმა. “თავის ქალის შიდა ნაწილის შესწავლისას პალეონტოლოგებს ჰქონდათ საშუალება, რომ შეეფასებინათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ტვინის ზედაპირი. ასევე თავის ქალის მოცულობის მიხედვით, მათ შეძლეს ტვინის ზომის შეფასებაც.“

როგორც მკვლევარები ამბობენ, ყმაწვილი ავსტრალოპითეკი უნდა ყოფილიყო 10-დან 13 წლამდე (განვითარების თვალსაზრისით), მაშინ, როდესაც მოკვდა.

მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ყმაწვილის ტვინის ფორმა ადამიანის მსგავსი იყო, მაგრამ გაცილებით პატარა, ვიდრე ჰომოს სახეობებს ახასიათებდათ. ტვინის წინა ორბიტალურ მხარეზე, რომელიც ზუსტად თვალების უკან მდებარეობს, შეინიშნება რამდენიმე ნიშანი ნერვული რეორგანიზაციისა, რომელიც მიუთითებს უფრო ადამიანის მსგავს წინა ნაწილზე.[15]

ანალიზი წარმოშობს ეჭვს იმ თეორიის შესახებ, რომელიც ირწმუნება, რომ ტვინი იზრდება ავსტრალოპითეკის ჰომოთი ჩანაცვლებისას. აღმოჩენები მოწმობს ალტერნატიულ ჰიპოთეზას, რომელიც ამტკიცებს, რომ ნეირონების რეორგანიზაცია ორბიტო-ფრონტალურ მხარეში საშუალებას აძლევდა ავსტრალოპითეკ სედიბას, რომ განვითარებულიყო მანამ, სანამ ინარჩუნებდა პატარა თავის ქალას უვნებლად.

ნაწილობრივი მენჯების ცალკეული შესწავლა ირეკლავს ამ აზრს. ჯობ კიბი ვითვოთერსენდის უნივერსიტეტიდან და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ჰომოს მენჯები ვერ უნდა განვითარებულიყვნენ თავის ქალის ტევადობის ზრდის საპასუხოდ. ავსტრალოპითეკ სედიბას მენჯები უკვე მიღებული ჰქონდა მოდერნული სახე მაშინაც კი, როდესაც მისი ტანი და ტვინი ჯერ კიდევ პატარა იყო.

„ნათელია, რომ ჰომოს სახეობის ევოლუციის ორი ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი არსებობს,“ თქვა სტივენ ჩერჩილმა დუკის უნივერსიტეტიდან (დარჰამი, ჩრდ. კაროლინა). „ერთი ეს არის ბიპედალური გადაადგილება. დაახლოებით 6-დან 2-მდე მილიონი წლის წინ, ჩვენ უკვე შეგვიძლია ამის შემჩნევა. მეორე მიზეზი ეს არის ჩვენი ტვინის დიდი მოცულობა.“

„ჩვენმა ტვინმა უნდა გაიაროს მენჯებს შორის დაბადებისას, ასე რომ, ამას უნდა შევგუებოდით,“ დასძინა ჩერჩილმა. „რაც ყველაზე შესანიშნავია სედიბასთან დაკავშირებით არის ის, რომ მათი მენჯები უკვე განსხვავდება ავსტრალოპითეკის მენჯებისგან, და თუმცა ჯერ კიდევ პატარა ტვინი ჰქონდათ... რთულია წარმოიდგინო, რომ გადაადგილებაში ცვლილება არ არის, მიუხედავად ამ ყველაფრისა.“[15]

როგორც ავსტრალოპითეკ სედიბას დანარჩენი ასპექტები, ჰომინინის ხელებიცა და ფეხებიც წარმოადგენს საინტერესო ნაზავს, როგორც პრიმიტიული, ასევე თანამედროვე მახასიათებლებისა. MH-2-ის მაჯასა და ხელს აკლია რამდენიმე ძვალი, იმისთვის, რომ მივიღოთ ყველაზე სრულყოფილი სახე ადრეული ჰომინინის უკვე აღმოჩენილ ნამარხებს შორის. თრეისი კიველმა მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტიდან (ლაიფციგი, გერმანია), რომელიც ევოლუციური ანროპოლოგიის კვლევას ემსახურება, შეისწავლა მდედრობითი სქესის სედიბას ხელი და მიაკვლია ნიშანს ძლიერი კუნთებისა, რომელიც გამოიყენებოდა მოჭიდებისთვის და შესაბამისად ხეზე ცოცვაზე მიუთითებს. თუმცა ხელს ასევე ჰქონდა გრძელი ცერა თითი და მოკლე თითები, რაც „ხელის ჩასავლებად“ გამოიყენებოდა, თუმცა არ შეინიშნება დიდი მტევანი. ასევე შესაძლებელია, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა დაკავებული იყო იარაღების კეთებითაც.

„ხელი ადამიანთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური მახასიათებელია, ვინაიდან ის განსხვავდება მაიმუნების ხელებისგან,“ თქვა კიველმა. „მაიმუნებს აქვთ გრძელი თითები ტოტებზე მოჭიდებისთვის ან გადაადგილებისთის, და ამასთანავე აქვთ მოკლე ცერა თითი, რაც მათთვის გაცილებით ცვლის ადამიანის მსგავსად მოჭიდების პირობებს.“

[6]„ავსტრალოპითეკ სედიბას, სხვა სახეობებისგან განსხვავებით, აქვს გაცილებით ადამიანისეული ხელი, რომელსაც შედარებით მოკლე თითები და გაცილებით გრძელი ცერა თითი აქვთ;“ დასძინა კიველმა. „თუმცა ამავე დროს მასში შეინიშნება ძალიან ძლიერი კუნთები მოჭიდებისთვის. ჩვენმა ჯგუფმა დაახასიათა ეს ხელი, როგორც იარაღების წარმოებისა და ხმარებისთვის მოქნილი, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ცოცვისა და მოჭიდებისთვის საჭირო თვისებებსაც.“

MH-1-ისა და MH-2-ის ფეხებისა და კოჭების ანალიზი კიდევ უფრო ნათელჰყოფს, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა ხანდახან ცოცავდა ხეებზე და ახასითებდა ბიპედალიზმის უნიკალური ფორმა. ბერნარდ ზიპფელი ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტიდან და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ MH-2-ის კოჭი ყველაზე სრულყოფილია ჰომინინების კოჭებს შორის, რომელთაგან არცერთ კოჭს არ ახასიათებდა ერთდროულად პრიმიტიული და პროგრესული მახასიათებლები.“... „ეს ძვლები, რომ ასე მჭიდროდ ერთად განთავსებული არ აღმოგვეჩინა და ცალ-ცალკე გვეპოვა, ვიფიქრებდით, რომ ისინი სხვადასხვა სახეობას ეკუთვნოდა.“

თანამედროვეობისა და პრიმიტიულობის ასეთი ნაზავი გამოკვეთს სურათს ჰომინინისა, რომელიც ჰომოს სხვადასხვა სახეობას წინ უძღვებოდა 2 მილიონი წლის წინათ. მაგრამ მხოლოდ დროს და კიდევ უფრო მეტ კვლევას თუ შეუძლია იმის თქმა, თუ როგორ არის MH-1 და MH-2 დაკავშირებული ჩვენს, ადამიანთა ოჯახთან.

„მეცნიერებისთვის დიდი პატივია, რომ გამოაქვეყნონ ნაშრომები, რომელიც მოიცავს ახალ ინფორმაციას იმ სახეობების შესახებ, რომელნიც ცხოვრობდნენ ადამიანის ევოლუციის მნიშვნელოვან პერიოდში,“ თქვა ბრუკს ჰანსონმა, ჟურნალ „Science“-ის ფიზიკური მეცნიერებების რედაქტორმა. „კარგად შემონახული და სრულყოფილი ადამიანთა ნამარხები ისეთი იშვიათია და ავსტრალოპითეკ სედიბა უზრუნველყოფს დეტალურ ხედვას ანატომიის მნიშვნელოვანი ნაწილებისა, როგორიცაა ხელი და ფეხი, რომელიც იშვიათად არის ასე კარგად შემონახული.“[16]

ავსტრალოპითეკ სედიბას ადგილმდებარეობა ფილოგენეტიკურ ხეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ სედიბას ფილოგენეტიკურ ხეზე განთავსების საკითხს ართულებდა ის ფაქტი, რომ მის ორგანიზმში თითქმის თანაბრად იყო განაწილებული პრიმიტიული და შედარებით კომპლექსური ნიშან-თვისებები. როგორც უკვე იქნა აღნიშნული, სედიბა სხვა ავსტრალოპითეკების მსგავსად ზომით პატარა იყო, ჰქონდა გრძელი ხელები და პატარა მოცულობის ტვინი. სედიბას ნაკვთები უფრო დახვეწილია, ვიდრე ავსტრალოპითეკ ანამენსისა (4 მლნ. წლის წინ) და ავსტრალოპითეკუს აფარენსისა (3.9-2.9 მლნ. წლის წინ). მისი ჩონჩხის ექსპერტიზის მიხედვით, აგებულებით სედიბა ყველაზე მეტად ჰგავს ავსტრალოპითეკ აფრიკანუსს, რომლის განამარხებული ნაშთებიც სამხრეთ აფრიკაშია ნაპოვნი. ამ ორ სახეობას ჰქონდა ერთნაირი თავის ქალის ფორმა, სახის ნაკვთები და კბილები. მთავარი განსხვავება იყო თავის ტვინის მოცულობაში — სედიბას ტვინის მოცულობა აღემატებოდა აფრიკანუსისას. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, ლი ბერგერმა ივარაუდა, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა არის ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის პირდაპირი შთამომავალი.[13]

ლი ბერგერს, აგრეთვე, ეკუთვნის ის მოსაზრება, რომ სედიბა გენეტიკურად ჰომოსთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე დანარჩენ ავსტრალოპითეკებთან. გარდა იმისა, რომ სედიბა შეიძლება თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპარი ყოფილიყო, არსებობს მოსაზრება, რომ ის ენათესავება ჰომოს გენის შემქმნელ პრიმატს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიის დონეზე რჩება და მას მხოლოდ მეცნიერების უმცირესობა ეთანხმება.

დღესდღეობით ანთროპოლოგების გარკვეული ნაწილი გამორიცხავს იმ აზრს, რომ ავსტრალოპითეკ სედიბა ჰომოს პირდაპირი წინაპარია. ისინი აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ჰომოს ზედა ყბის მსგავსი ყბა აღმოჩენილია ჰადარში, ეთიოპიაში. მისი დათარიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ზედა ყბის მფლობელი პრიმატი ავსტრალოპითეკ სედიბას გაჩენამდე 300 000 წლით ადრე ცხოვრობდა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ჰომოს ნამდვილი წინაპარი სედიბაზე ადრე ცხოვრობდა[17]. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ, ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პრიმატი ჩაითვალოს ჰომოს წინაპრად. ბერგერის არგუმენტების გასაბათილებლად, მეცნიერები ამბობენ, რომ სედიბას გარდა, არსებობენ სხვა ავსტრალოპითეკები, რომელთაც აქვთ პრიმიტიული და კომპლექსური ნიშან-თვისებების ნაზავი. ამ მკვლევარების მიხედვით, ყველაზე მყარი და დამაჯერებელი კავშირი სედიბასა და ჰომოს შორის არის ის, რომ ჰომოს სახეობა მალაპას მიდამოებში ჩაისახა.

კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკაში, მალაპას გამოქვაბულში, ლი ბერგერის მიერ აღმოჩენილ ორ ნამარხზე უამრავი კვლევა და ანალიზი ჩატარდა, რადგან აღმომჩენ მეცნიერს სჯეროდა, რომ მან HOMO-ს გვარის წინაპარი აღმოაჩინა და მიუხედავად ახალი სახეობის ავსტრალოპითეკის გვარისთვის მიკუთვნებისა, ის მაინც რჩებოდა HOMO-ს გვარის ადრეული ინდივიდის ყველაზე მეტად მსგავს არსებად.

აღმოჩენილ ჩონჩხებს შორის იყო ზრდასრული ქალისა და არასრულწლოვანი მამაკაცის ნამარხები. მეცნიერებს საკვლევად საკმაოდ კარგი მასალა ჰქონდათ. თითქმის სრული თავის ქალა, მკლავის მთლიანი ჩონჩხი, მენჯის ძვლის თითქმის სრული ფრაგმენტი და სხეულის სხვა პატარა დეტალები.  შესაბამისად შესაძლებელი იყო თითქმის სრული კვლევისა და ანალიზების ჩატარება.[18]

ზედაპირული დათვალიერებით დადგინდა, რომ ახალი აღმოჩენა კბილებით, ფეხებითა და სხეულის ზედა ნაწილის სივიწროვით ავსტრალოპითეკის გვარს ჰგავს, ფართო ქვედა გულმკერდითა და ყბის ზომით კი HOMO-ს გვართან აქვს მგავსება. თავის ქალის ზომა HOMO-ს გვარისას არ შეესაბამება და საკმაოდ პატარაა, თუმცა დეტალური კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ ტვინი კარგად განვითარებული და ჩამოყალიბებული ჰქონდა. მენჯის ძვლის დათვალიერებამ დაადგინა, რომ მას ევოლუცია აქვს განცდილი და შესაბამისად განვითარებული ჰქონდა ბიპედალიზმი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა კარგად გადაადგილდებოდა და დიდ დროს ატარებდა ხმელეთზე, თუმცა ხელის ძვლის შესწავლამ აჩვენა, რომ ის ხეებზე ბინადრობდა. მიუხედავად ბიპედალიზმისა, გაირკვა რომ აღმოჩენილი ინდივიდები არ გადაადგილდებოდნენ HOMO-ს გვარის მსგავსად და მათ ე. წ „upright walking“ ახასიათებდათ. მთელი მათი შინაგანი წონა ორიენტირებული იყო ფეხის გარე კიდეზე.

ყოველივე ზემოთ ხსენებულისა და ზედაპირული დათვალიერების შემდეგ მკვლევარმა ლი ბერგერმა ეს სახეობა ავსტრალოპითეკების გვარს მიაკუთვნა და მას Australopithecus sediba უწოდა. ეს სახეობა გარდამავალ რგოლად იქნა მიჩნეული HOMO-ს გვარსა და ავსტრალოპითეკების ოჯახს შორის.

კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევრებმა გააკეთეს თავის ქალის შიდა ფენის დეტალური ანალიზი. ეს კვლევა დაეხმარა მათ ტვინის მოცულობისა და ფორმის დადგენაში. მათ აღმოაჩინეს, რომ აღმოჩენილი სახეობის ტვინის მოცულობა 420 კუბური სანტიმეტრი იყო. ზომის მიუხედავად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტვინის წინა ნაწილი განსხვავებით, სხვა აღმოჩენილი ავსტრალოპითეკებისგან, საკმაოდ ჰგავს HOMO-ს გვარის წარმომადგენლების ტვინის წინა ნაწილს. კვლევამ არ აჩვენა ქცევის თავისებურებების არქიტექტურა, რადგან ტვინის ნეირონებს შორის სინაფსური კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა.

ხელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერ ლი ბერგერის აღმოჩნა საკმაოდ მდიდარია ნიმუშების მხრივ. მკვლევარმა აღმოაჩინა ზრდასრული ქალის თითქმის მთლიანი ხელი, რომელსაც „მოზაიკა“ ეწოდა. მისი შესწავლით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას ჰქონდა ძლიერი მომკეცავი კუნთის აპარატურა და მოღუნული, მრუდხაზოვანი თითები. ამ ყოველივეს შედეგად მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ლოკომოტივი კონფორტული იყო Australopithecus sediba-ს ხეზე საცხოვრებლად. საინტერესოა სახეობის ზედმეტად გრძელი ცერა თითი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს თვისება ეხმარებოდა ინდივიდს ქვის იარაღის წარმოებაში.[19]

მენჯის ძვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენილი მენჯის ფრაგმენტებით შესაძლებელი იყო მენჯის სრული სურათის აღდგენა. მენჯის ძვლის ფორმა არის თასის ფორმის, თეძოს ფორმა კი HOMO-ს გვარის წამომადგენლებისას უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა ადრეული სახეობებისას. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მენჯის ასეთი ფორმა ხელს შეუწყობდა Australopithecus sediba-ს ხეზე ცხოვრებას, თუმცა ამ სახეობას ორიენტაციის შესანარჩუნებლად დასჭირდებოდა თავდაყირა პოზა. მენჯის ძვლის მომრგვალებული ფორმა და საკმაოდ დიდი ზომა, ხელს უწყობდა ბავშვების მარტივად დაბადებას, თავის ქალის ზომა ქალს არ უშლიდა ხელს მშობიარობაში.[20]

ფეხი და ტერფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაპას გამოქვაბულში აღმოჩენილი ნამარხების ფეხისა და ტერფის კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სახეობის ტერფი იყო საკმაოდ პრიმიტიული და განუვითარებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Australopithecus sediba-ს არსებობის პერიოდზე უფრო გვიან მცხოვრები ავსტრალოპითეკების ტერფები უფრო განვითარებული იყო, ვიდრე 1,977-1,98 მლნ. წლის წინ მცხოვრები Australopithecus sediba-ს ფეხის ტერფი. ეს კი ევოლუციური კანონების მიხედვით დაუშვებელია, რადგან Australopithecus sediba-ს არსებობის პერიოდზე ადრე მცხოვრებ ინდივიდებს ამ სახეობასთან შედარებით უფრო განუვითარებელი სხეულის ნაწილები უნდა ჰქონდეთ. ეს ერთგვარი ანომალია კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ სახეობას[21].

გადარჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ვიცით, Ausralopithecus sediba HOMO-ს გვარის წინაპრად ითვლება. შესაბამისად არსებობს გარკვეული ფუნდამენტური მსგავსებები ამ ორ სახეობას შორის. მეცნიერები კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ Au.sediba სწორედ ამ მსგავსებებისა და სახეობის კარგი შეგუებულობის უნარის გამო გადარჩა და მოახდინა გარემოსთან ადაპტაცია.

აღმოჩენის შემდეგ ახალი ნიმუშები ავსტრალოპითეკების ოჯახს მიაკუთვნეს, რადგან ამ სახეობის ტვინი არ იყო დიდი ზომის, ყვრიმალები იყო წინ წამოწეული და ცხვირის ძვალი კი მკვეთრად გამოკვეთილი. Ausralopithecus sediba-ს ტვინი იყო სრულიად განვითარებული, მას მარტივად შეეძლო სიახლეების შემეცნება და ყველა სახის ინოვაციასთან ადაპტაცია, რაც შესაბამისად საკმაოდ ეხმარეობა გადარჩენასა და გამრავლებაში. Ausralopithecus sediba-ს ტვინში განვითარებული მუტაციები ევოლუციის პერიოდში გადარჩევის შედეგად შეირჩა, რადგან ისინი გადარჩენილიყვნენ იმ პირობებში სადაც უხდებოდათ ცხოვრება. შესაბამისად ტვინის მოქნილობა უმნიშვნელოვანესი საკითხია აღმოჩენილი სახეობის გადარჩენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Ausralopithecus sediba-ს სახეობის ზრდასრული ქალის და არასრულწლოვანი მამაკაცის ორი ნიმუშია ნაპოვნი, მეცნიერები მაინც ვარაუდობენ, რომ მათში კარგად უნდა ყოფილიყო გამოხატული სექსუალური დიმორფიზმი, რაც გამრავლებას და შესაბამისად გადარჩენას უწყობდა ხელს.

აღმოჩენილ ძვლებზე დაკვირვებით, კერძოდ კი ზრდასრული ქალის ხელის კვლევის შემდეგ დამტკიცდა, რომ ძლიერ თითებისა და ხელის მომხრელი კუნთები Ausralopithecus sediba-ს სახეობის ხეზე ცხოვრობაზე მიუთითებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი მენჯის ფრაგმენტების აღდგენის შემდეგ დამტკიცდა, რომ Ausralopithecus sediba-ს სხეულს ჰქონდა განვითარებული ბიპედალიზმი და შეეძლო მიწაზე ცხოვრება, სახეობა მაინც ხეზე რჩებოდა საცხოვრებლად, რაც გარემოსთან ადაპტაციის გამო ხდებოდა. ეს კი ეხმარებოდა მათ მტაცებლებისგან თავდაცვასა და გადარჩენაში. თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა, მიუხედავად ხეზე ცხოვრებისა Ausralopithecus sediba რეგულარულად დადიოდა მიწაზე, შესაბამისად უფრო მარტივად შეეძლო საკვების მოძიება, ნადირობა და მისი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ არეალში დასახლება.

მეცნიერ ლი ბერგერის მიერ მალაპას გამოქვაბულში აღმოჩენილი მენჯის ფრაგმენტების საშუალებით, მოხდა მენჯის ლოკომოტივის სრული აღდგენა, რაც გვაჩვენებს ავსტრალოპითეკისა და HOMO-ს გვარისათვის დამახასიათებელი მენჯის აგებულების მსგავსებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Ausralopithecus sediba-ს გვარის წარმომადგენლებს შეეძლო უფრო დიდი მოცულობის თავის ქალიანი ბავშვების დაბადება, თუმცა გარემო პირობებთან ადაპტატიის გამო, სხეულმა არ განიცადა ევოლუცია და ახალი ინდივიდები კვლავ მცირე მოცულობის თავის ქალიანები იბადებოდნენ. მშობიარობის დროს კი ეს ფაქტი მდედრებს არ უქმნიდა დიდ პრობლემებს.

საინტერესოა, თუ როგორ იკვებებოდნენ მალაპას გამოქვაბულში ნაპოვნი განამარხებული არსებები. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროინდელი ეკოლოგია დაწვრილებით არ არის შესწავლილი და გამოკვლეული. გარკვეული ანალიზების შედეგად დადგინდა Ausralopithecus sediba-ს გვარის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი კვების რაციონი და მათი თითქმის ექსკლუზიური C3 დიეტა[22]. აღმოჩენილი სახეობის წარმომადგენლები საკვებიდან საკმარისი რაოდენობით იღებდნენ ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო დანამატებს. ისინი იკვებებოდნენ როგორც მონო, ასევე დისაქარიდებითაც. როგორც გაირკვა ეს სახეობა, სავანის შიმპანზეების მსგავსად იკვებებოდნენ ხის ფოთლებითა და ქერქით, ხილითა და ბალახებით.[23]

კრეაციონისტების და ევოლუციონისტების იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეაციონისტებს ღრმად სწამთ, რომ ყველაფერი დედამიწაზე ღმერთმა შექმნა, იმ სახით როგორითაც არსებობს და არანაირ ევოლუციას ადგილი არ ჰქონია კაცობრიობის ისტორიაში. ყველა ღმერთისქმნილ სახეობას გარკვეული თვისებები და ფუნქციები გააჩნია ამქვეყნად. კრეახიონისტების შეცდომად შეიძლება მივიღოთ ბუნებაში ავსტრალოპითეკების გვარის არსებობა. ეს სახეობა არ მიეკუთვნება არც ადამიანისა და არც მაიმუნის იდენტურად მსგავს ინდივიდებს. ისინი hominin-ებს ადამიანის ან მაიმუნების გვარს მიაკუთვნებენ, რაც არ არის სწორი, რადგან ისინი დამოუკიდებელი გვარი არიან და შესწევთ უნარი იარსებონ ადამიანებისა და მაიმუნების გვარში მიკუთვნებულობის გარეშე.

ევოლუციონისტების იდეები კი მთლიანად უპირისპირდება კრეაციონისტების იდეებს, რადგან ისინი თვლიან, რომ სამყაროს არსებობის პერიოდში მუდმივად მიმდინარეობს ევოლუცია და სახეობებს შორის მუდმივად იბადებიან გარდამავალი ინდივიდები. ისევე, როგორც Ausralopithecus sediba აღმოჩნდა გარდამავალი რგოლი HOMO-ს გვარსა და ავსტრალოპითეკების გვარს შორის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Berger, L. R. (2012). Australopithecus sediba and the earliest origins of the genus Homo. Journal of Anthropological Sciences
  2. Ruiter, D. J., Churchill, S. E., & Berger, L. R. (2013). Australopithecus sediba from Malapa, South Africa. The Paleobiology of Australopithecus Vertebrate Paleobiology and Paleoanthropology, 147-160. doi:10.1007/978-94-007-5919-0_9
  3. Morris A. On human evolution, Australopithecus sediba and nation building. S Afr J Sci. 2011;107(11/12), Art. #957, 3 pages. http:// dx.doi.org/10.4102/sajs. v107i11/12.957
  4. Berger, L. R. (2013). The Mosaic Nature of Australopithecus sediba. Science,340(6129), 163-165. doi:10.1126/science.340.6129.163
  5. Sankhyan, A. R. (n.d.). Recent discoveries and perspectives in human evolution: Papers arising from 'Exploring Human Origins: Exciting Discoveries at the Start of the 21st Century' Manchester 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 Berger, L. R. (n.d.). Australopithecus Sediba: A new scpecies of Homo-like Australopith from South Africa. Science.
  7. 7.0 7.1 Zimmer, C. (2010). Yet Another "missing link" Slate.
  8. DeSilva, J. M. (2013). The lower limb and the mechanics of walking in Australopithecus Sediba. Science.
  9. Dart, R. (n.d.). Australopithecus africanus. The man-ape of South Africa. Nature,195-199. Retrieved 1925
  10. Pahr, P. (2015). Human-like hand use in Australopithecus africanus. Science.
  11. Irish, J. D. (2013). Dental Morphology and the phylogenetic "place" of Australopithecus Sediba. Science.
  12. Henry, A. G., & Ungar, P. S. (2012). The diet of Australopithecus sediba. Nature.
  13. 13.0 13.1 Berger, L. R. (2013). The Mosaic Nature of Australopithecus Sediba. Science.
  14. Bryn, B. (2011, September 8). Australopithecus sediba May Have Paved the Way for Homo. Retrieved from http://www.aaas.org/news/science-australopithecus-sediba-may-have-paved-way-homo
  15. 15.0 15.1 Churchill, S. E., & De Ruiter, D. J. (2013). Australopithecus sediba from Malapa, South Africa.
  16. Wood, T. C. (2010, May 5). Baraminological Analysis Places Homo habilis, Homo rudolfensis, and Australopithecus sediba in the Human Holobaramin. Origins Research.
  17. Morris, A. G. (2011). On Human Evolution, Australopithecus Sediba and nation building. Journal of Science
  18. Geological setting and age of Australopithecus Sediba from southern Africa. Science 328
  19. Kivell, T. L., Kibii, J. M., Churchill, S. E., Schmid, P. & Berger, L. R. Australopithecus sedibahand demonstrates mosaic evolution of locomotor and manipulative abilities. Science 333,1411–1417 (2011)
  20. Kibii, J. M. et al. A partial pelvis of Australopithecus sediba. Science 333, 1407–1411 (2011)
  21. Zipfel, B. et al. The foot and ankle of Australopithecus sediba. Science 333, 1417–1420(2011)
  22. The diet of Australopithecus sediba, Amanda G. Henry,Peter S. Ungar,Benjamin H. Passey,Matt Sponheimer,Lloyd Rossouw, Marion Bamford, Paul Sandberg,Darryl J. de Ruiter & Lee Berger, Nature 487, 90–93
  23. Henry, A. G., Brooks, A. S. & Piperno, D. R. Microfossils in calculus demonstrate consumption of plants and cooked foods in Neanderthal diets (Shanidar III, Iraq; Spy I and II, Belgium). Proc. Natl Acad. Sci. USA 108