შინაარსზე გადასვლა

ავრორა ფონ კიონიგსმარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავრორა ფონ კიონიგსმარკი
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1662(1662-04-28)[1]
დაბადების ადგილი Schloss Agathenburg[1]
გარდაცვალების თარიღი 16 თებერვალი, 1728(1728-02-16)[1] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი კვედლინბურგი[1]
მოქალაქეობა  საღვთო რომის იმპერია
 შვედეთი
მამა Kurt Christoph von Königsmarck[1]
დედა Maria Kristina Wrangel
მეუღლე/ები [1]
შვილ(ებ)ი Maurice de Saxe

გრაფინია მარია ავრორა ფონ კიონიგსმარკი (გერმ. Marie Aurora Gräfin von Königsmarck, დ. 28 აპრილი, 1662, შტადე — გ. 16 თებერვალი, 1728, კვედლინბურგი) — ავგუსტ II ძლიერის საყვარელი და მორის საქსონელის დედა. ცხოვრების ბოლოს იგი გახდა კვედლინბურგის სააბატოს წინამძღვარი. ვოლტერი მას ეკატერინე II-სთან ერთად ორი საუკუნის ყველაზე სახელგანთქმულ ქალად მიიჩნევდა.

მარია ავრორა ფონ კიონიგსმარკი დაიბადა გრაფ კურტ კრისტოფ კიონიგსმარკისა და მისი მეუღლის, მარია კრისტინა ვრანგელის ოჯახში (ავრორას დედის ნახევარძმა იყო შვედეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და რიკსმარშალი კარლ გუსტავ ვრანგელი). ავრორას მამა მსახურობდა როგორც შვედურ, ასევე ჰოლანდიურ ჯარში და 1673 წელს ბონის ალყის დროს ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.

მარია ავრორა იყო ოჯახის უმცროსი ქალიშვილი და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. მან ბავშვობა შტადეში, აგატენბურგის სასახლეში გაატარა. ავრორამ მიიღო შესანიშნავი განათლება — ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და შვედურ ენებს, ხოლო ძველი ავტორების ნაწარმოებებს ლათინურად კითხულობდა. 15 წლიდან დედასთან ერთად სტუმრობდა გერმანიისა და შვედეთის სამეფო კარს, სადაც დახვეწილი მანერები და სამეფო ეტიკეტი აითვისა.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 1691 წელს, მარია ავრორა გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჰამბურგში თავის უფროს დასთან, ამალია ვილჰელმინა ფონ კიონიგსმარკთან. სამი წლის შემდეგ, 1694 წელს, ის გადავიდა დრეზდენში, სადაც გააცნეს საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ II ძლიერს. ავრორამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მმართველზე და მას დახმარებათ მიმართა იმისთვის, რომ გადაერჩინა თავისი ძმა — ფილიპ კრისტოფ ფონ კიონიგსმარკი, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ჰანოვერის ველფების სასახლეში. ავრორა ცდილობდა, სულ მცირე ინფორმაცია, მაინც მიეღო ძმის სიკვდილის შესახებ და შესძლებოდა მისი მემკვიდრეობის მიღება.

ავრორა ფონ კიონიგსმარკმა თავისი სილამაზით მოხიბლა კურფიურსტი ავგუსტ II ძლიერი და მალე მისი ოფიციალური საყვარელი გახდა. 1696 წლის 28 ოქტომბერს, გოსლარში, ავრორამ ავგუსტისგან შვილი გააჩინა — მორის საქსონელი, რომელმაც მომავალში დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც მარშალმა და გამორჩეულმა სარდალმა. მალე შვილის დაბადების შემდეგ ავგუსტმა ინტერესი დაკარგა ავრორას მიმართ, რის შემდეგაც ის წავიდა კვედლინბურგის ქალთა მონასტერში. 1698 წელს ავრორა გახდა მონასტრის კოადიუტორი (მომავალი წინამძღვარი), ხოლო ორ წელიწადში — მისი სრულუფლებიანი წინამძღვარი. ამასთანავე, იგი ცხოვრობდა მორიგეობით ბერლინში, დრესდენსა და ჰამბურგში.

1702 წელს, ჩრდილოეთის დიდი ომის დროს, ავგუსტ ძლიერმა ავრორა ფონ კიონიგსმარკი შვედეთის მეფესთან, კარლ მეთორმეტესთან, გაგზავნა შესაძლო ზავის შესახებ მოსალაპარაკებლად. თუმცა მისი მისია წარუმატებლად დასრულდა — ავრორასთან მეფემ აუდიენციაც კი არ ისურვა.

ავრორა ფონ კიონიგსმარკი მრავალმხრივი განათლებით გამოირჩეოდა — ფლობდა იშვიათ ენებს, ოსტატურად უკრავდა ლუთნაზე და ვიოლაზე. მას ეკუთვნის რამდენიმე მცირე ლიტერატურული ნაწარმოები, ოპერის ლიბრეტოს სიუჟეტები, სასიყვარულო სიმღერები და კანტატები.

მხარვრულ ლიტერატურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავრორა ფონ კიონიგსმარკი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ფრანგი მწერლის ჟულიეტ ბენცონის რომანში „ავრორა“, რომელიც წარმოადგენს დილოგიის „კიონიგსმარკების სისხლის“ პირველ ნაწილს. დილოგიის მეორე წიგნი — „ავრორას შვილი“ — ეძღვნება მის შვილს, საფრანგეთის მარშალს მორის საქსონელს.

  • Beckman, Margareta. Aurora von Königsmark. Svenska bland fältherrar i stormaktstidens Europa. — Stockholm, 1998.
  • Corvin-Wiersbitzki, Otto Julius von: Maria Aurora, Gräfin von Königsmark, Leipzig 1848.
  • Cramer, Friedrich: Denkwürdigkeiten der Gräfin Maria Aurora von Königsmark. 2 Bände, Leipzig 1836.
  • Feicke, Bernd: Glockengeläut für Prinz Eugen im Reichsstift Quedlinburg 1704 : zur Diplomatie der Aurora von Königsmarck. In: Harz-Zeitschrift. Band 48/49, 1996/96 [1998], S. 211—217.
  • Grauers S., Maria Aurora von Königsmarck 1662—1728/Karolinska förbundets årsbok, 1977.
  • Jordan, Angelika: Aurora von Königsmarck. Bergisch Gladbach 1974.
  • Lewenhaupt, Adam. När föddes Aurora Königsmark? / Historisk Tidskrift. — S. 175—177 — Stockholm, 1898.
  • Olsson, Bernt. Aurora Königsmarck och 1600-talets feminism/Karolinska förbundets årsbok, 1978.
  • Palmblad, Vilhelm Frederik: Aurora Königsmark und ihre Verwandten. 4 Bände, Leipzig 1848.
  • Voltaire, Histoire de Charles XII, Oeuvres completes, Tome XXII, Paris 1821. P. 89-90.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Maria Aurora Königsmarck — 1917.