ავიამზიდი

ავიამზიდი,[1] ავიოსანი[2] — წყალზედა საბრძოლო ხომალდი – მაღალმანევრული მცურავი საავიაციო ბაზა. ავიამზიდის მთავარი საბრძოლო საშუალებაა ბირთვული და ჩვეულებრივი მუხტიანი რაკეტებით, ყუმბარებითა და ტორპედოებით შეიარაღებული საგემბანო ავიაცია (თვითმფრინავები, შვეულმფრენები). ავიამზიდს აქვს აგრეთვე საზენიტო რაკეტული დანადგარები და 76-127 მმ კალიბრის არტილერია. ავიამზიდი პირველად I მსოფლიო ომში (1914-1918) გამოიყენეს; II მსოფლიო ომში (1939-1945) ავიამზიდი იყო აშშ-ის, იაპონიისა და ინგლისის საზღვაო ფლოტების მთავარი დამრტყმელი ძალა. ამჟამად არსებობს დამრტყმელი და ნავსაწინაღო, ჩვეულებრივი და ატომური ავიამზიდები. დამრტყმელი ავიამზიდის დანიშნულებაა საგემბანო ავიაციისა და რაკეტული იარაღის მოქმედების ფარგლებში მტრის მიწისზედა ობიექტებისა და სახმელეთო ჯარის მოსპობა, ზღვებსა და ბაზებზე ხომალდების, ჰაერში ან აეროდრომზე ავიაციის განადგურება, დესანტის გადასხმის უზრუნველყოფა და საოკეანო კომუნიკაციების დაცვა. ნავსაწინაღო ავიამზიდის დანიშნულებაა ღია ზღვაში მტრის წყალქვეშა ნავების ძებნა და განადგურება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 123.
- ↑ მესტვირიშვილი ი., სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, N7, თბ., 1949, გვ. 11