შინაარსზე გადასვლა

ავთანდილ თათარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ არსენის ძე თათარაძე (დ. 16 მარტი, 1919, თბილისი, — გ. 5 მაისი, 1998, იქვე) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, მკვლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. სტუდენტობისას მონაწილეობდა ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოქმედ ქორეოგრაფიულ წრეში. 1937–1956 წლებში (მცირე შესვენებით) იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე, ხოლო 1948 წლიდან — ქორეოგრაფი.

1955 წლიდან თათარაძე მოღვაწეობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ განყოფილებას. 1969–1998 წლებში იყო თბილისის საესტრადო-საცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი, 1985 წლიდან — ქართული ხალხური ცეკვის სახალხო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის კათედრის გამგე.

თათარაძის საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმებია: „ძველი თბილისის სურათები“, „სამთა მთიულური“, „იმერული სახუმარო“, „ფშავ ქალთა ლხინი“, „ფერხული“, „თამარ დედოფალი“ და სხვა. ეწეოდა კვლევით მუშაობას ქართული ქორეოგრაფიის თეორიისა და ისტორიის დარგში. მისი ინიციატივით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები საქართველოს მასშტაბით, სადაც მან პირადად ჩაიწერა და გამოსცა უძველესი სვანური ფერხულები. ავტორია არაერთი სამეცნ. თუ მეთოდ. ხასიათის ნაშრომისა: „ცეკვა ქართული“ (1956), „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“ (1966), „ძველი ქართული (სვანური) ფერხულები“ (1976), „ქართული ცეკვების განმარტებანი“ (1986), „ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები“, „ქართული ხალხური ცეკვა“ (2010) და სხვ. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (1998).