ავთანდილაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილაანთ ციხეარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთით, წყალგამყოფ ქედზე, სამანქანო გზიდან 2 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია კლდის ქვით. შედგება ერთმანეთთან ახლოს მდგარი ორი სხვადასხვა ზომის ციხე სახლისგან, მ.შ მოზრდილს, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე გალავნით შემოზღუდული ეზო (12,3 x 7,3 მეტრი) ეკვრის. პირველი მოზრდილი ციხე-სახლი (7 x 6,4 მეტრი) სამსართულიანია (სიმაღლე 9 მეტრი), შესასვლელი პირველ სართულზე. ეზოდან (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) აქვს. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, რომლის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კედელში კარის გარდა ერთი ნიშიცაა, მოპირდაპირე კედელში ერთი სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — თითო სათოფური და ნიში. ეს სართული საქონლის სადგომი იყო. მეორე საცხოვრებელ სართულსაც შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. კარი მიწის დონიდან 3,3 მეტრ სიმაღლეზეა გაჭრილი და ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ორი სათოფურია, მოპირდაპირე მხარეს — სამი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფური და ერთი ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია, ჩრდილო-დასავლეთ კედელში — სარკმელი და სათოფური. მესამე სართულზე, რომელიც სათავდაცვოა, ყოველ მხარეს წვერწაკვეთილი ისრული თაღით დასრულებული თითო მოზრდილი სარკმელია, რომელთა გვერდებზე თითო სათოფურია მოწყობილი. ციხე-სახლს ხის კოჭებზე გამართული სართულშუა გადახურვა და მიწურბანიანი სახურავი ჰქონია. ფასადზე, პირველი სართულის შესასვლელთან, მოზრდილ ქვაზე (70 x 15 სანტიმეტრი) ამოკვეთილია „გიორგ“. მეორე ციხე-სახლის (5,4 x 5,3 მეტრი, სიმაღლე 8,7 მეტრი) შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. მეორე სართულის შესასვლელიც ამავე მხარესაა გაჭრილი, მიწის დონიდან 2,85 მეტრზე. პირველი სართული საქონლის სადგომია. აქ დასავლეთ კედელში კარის გარდა ორი ნიში და ერთი სათოფურია, ხოლო სამხრეთისაში — ერთი ნიში. მეორე საცხოვრებელი სართულის კედელშ ორი სარკმელი და სათოფურია. მესამე (სათავდაცვო) სართულის ოთხივე კედლის შუაში ისრულთაღოვანი თითო სარკმელია. დასავლეთ სარკმელი მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგ სათოფური მოუწყვიათ. ამ ციხე-სახლსაც ხის კოჭებზე მოწყობილი სართულშუა გადახურვა და მიწურბანიანი სახურავი ჰქონია. ჩრდილოეთის ფასადზე, პირველი სართულის სარკმლის საპირე ქვაზე ამოკვეთილია ხელის მტევანი, წრე და ჯვარი, ხოლო სამხრეთ სარკმლის საპირე ქვებზე ერთ მხარეს ოთხკუთხა ფარი და ხმალია გამოსახული, მეორე მხარეს — მამაკაცის სტილიზებული ფიგურა. მამაკაცს ცალ ხელში მრგვალი ფარი უკავია, მეორეში — ხმალი. გალავნის შემორჩენილი კედლების სიმაღლეა 3,5 მეტრი. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთითაა. ამ მხარეს ორი ნიში და ორი სათოფურია. ჩრდილოეთ-დასავლეთ კედელში ორი სათოფური და ნახევარწრიული თაღის დასრულებული მეორე კარია, რომელსაც წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. ამავე კედელში ორი სათოფურია, ეზოს მხრიდან ცენტრში — ერთი პილასტრი. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილში დიდი (4,75 x 1,2 მეტრი) ოთხკუთხა ღიობია, რომლის გვერდებზე, შიგნით, თითო პატარა პილასტრია. ამავე კედელში სამი სათოფურია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]