ავგუსტა ვიქტორია ფონ ჰოენცოლერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავგუსტა ვიქტორია ფონ ჰოენცოლერნი
Augusta Victoria of Hohenzollern.jpg
წოდებები
პორტუგალიის ტიტულარული დედოფალი
დაიბადა 19 აგვისტო, 1890
პოტსდამი, გერმანია
გარდაიცვალა 29 აგვისტო, 1966, (76 წლის)
კონსტანცა, გერმანია
საგვარეულო ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
მეუღლე(ები) მანუელ II, პორტუგალიის მეფე
(ქ. 1913 - გარდ. 1932)
გრაფი რობერტ დუგლასი
(ქ. 1939 - გარდ. 1955)
მამა ვილჰელმი, ჰოენცოლერნის მთავარი
დედა მარია ტერეზა დე ბურბონ-სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

ავგუსტა ვიქტორია ფონ ჰოენცოლერნი (გერმ. Auguste Viktoria von Hohenzollern, პორტ. Augusta Vitória de Hohenzollern; დ. 19 აგვისტო, 1890 — გ. 29 აგვისტო, 1966) — ჰოენცოლერნ-ზიგმარიგენთა დინასტიის წარმომადგენელი. ჰოენცოლერნის მთავარ ვილჰელმისა და მარია ტერეზა დე ბურბონ-სიცილიელის ქალიშვილი. პორტუგალიის მეფე მანუელ II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტა ვიქტორია დაიბადა 1890 წლის 19 აგვისტოს პოტსდამში. იგი იყო ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის მთავარ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, მარია ტერეზა დე ბურბონ-სიცილიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ის ძმისწული იყო.

ავგუსტა ვიქტორია და მისი პირველი ქმარი, მეფე მანუელ II

1913 წლის 4 სექტემბერს ავგუსტა ვიქტორია დაქორწინდა პორტუგალიის მეფე მანუელ II-ზე, რომელიც 1910 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან და ამის შემდეგ იგი ბრიტანეთში ცხოვრობდა ემიგრაციაში. იგი ტახტზე 1908 წლის თებერვლის რეციდივის შედეგად ავიდა, რა დროსაც რესპუბლიკელებმა მოკლეს მამამისი, მეფე კარლუშ I და მისი უფროსი ძმა, ლუიშ-ფილიპეც. თავად მანუელი ამ რეციდივისას მკლავში დაიჭრა, მაგრამ სიკვდილს დედამისმა გადაარჩინა, რომელმაც მას დიდი თაიგული დააფარა დასამალად და გადაეფარა. 1910 წელს, მისი დამხობის შემდეგ დამყარდა პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, მაგრამ მანუელი თავს მაინც მეფედ თვლიდა, ამიტომაც ავგუსტა ვიქტორია პორტუგალიის ტიტულარული დედოფალი იყო.

ავგუსტა და მანუელი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, რადგან ავგუსტას ბებია, ანტონია პორტუგალიელი, იყო მანუელის პაპის, მეფე ლუიშ I-ის ღვიძლი და. ქორწინების შემდეგ წყვილი ინგლისში ცხოვრობდა. მიუხედავად ჰარმონიული ცოლ-ქმრობისა, შვილები არ ჰყოლიათ. 1932 წლის 2 ივლისს, ფულვეკის პარკში მანუელი გარდაიცვალა და მასთან ერთად შეწყდა ბრაგანსის დინასტიის ძირითადი შტოც.

1939 წლის 23 აპრილს ავგუსტა ვიქტორია მეორედ დაქორწინდა ინგლისელ გრაფ რობერტ დუგლასზე, რომელიც წარმოშობით შვედური დუგლასების დინასტიის მეცამეტე მეთაური იყო და გარდა ინგლისური მამულებისა, ფლობდა ლანგენშტაინის სასახლეს ბადენში და მიულჰაუზენის ციხესიმაგრეს. ქორწინებისას პატარძალი 49 წლის იყო, ხოლო სიძე 55-ის. მათი ქორწინება ასევე უშვილო იყო. რობერტი 1955 წელს გარდაიცვალა და მისი გერმანული ციხესიმაგრეები ავგუსტას დარჩა, რომელიც ლანგენშტაინის სასახლეში დასახლდა, მშობლიურ გერმანიაში, ქალაქ კონსტანცაში. უკანასკნელი წლები მან სწორედ აქ გაატარა და გარდაიცვალა 1966 წლის 29 აგვისტოს, 76 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს იმავე ლანგენშტაინის სასახლის იატაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paul Theroff. "HOHENZOLLERN". Paul Theroff's Royal Genealogy Site. Archived from the original on 28 April 2009. Retrieved 28 December 2008.
  • Darryl Lundy (10 May 2003). "Auguste Viktoria Prinzessin von Hohenzollern-Sigmaringen". ThePeerage.com. Archived from the original on 7 December 2008. Retrieved 28 December 2008.