ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე
| ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე | |
|---|---|
| ფრანგ. Augusta Dejerine-Klumpke | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1859[1] [2] [3] |
| დაბ. ადგილი | სან-ფრანცისკო |
| გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1927[1] [2] [4] (68 წლის) |
| გარდ. ადგილი | 7th arrondissement of Paris[5] ან პარიზი[6] |
| დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
| მოქალაქეობა | საფრანგეთი |
| საქმიანობა | ექიმი, neurologist, ფიზიკოსი და ნეირომეცნიერი[6] |
| ალმა-მატერი | პარიზის მედიცინის ფაკულტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
| მეუღლე | Joseph Jules Dejerine |
| მამა | John Gerard Klumpke |
| დედა | Dorothea Mathilda Tolle |
| შვილ(ებ)ი | Yvonne Sorrel-Dejerine |
| ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი |
|
გავლენა მოახდინეს | |

ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე (ფრანგ. Augusta Déjerine-Klumpke, დ. 15 ოქტომბერი, 1859, სან-ფრანცისკო — გ. 5 ნოემბერი, 1927, პარიზი) — ამერიკული წარმოშობის ფრანგი ექიმი-ნევროლოგი, ნევროლოგ ჟიულ დეჟერინის მეუღლე. პირველი ქალი, რომელმაც საავადმყოფოს ინტერნის თანამდებობა მიიღო პარიზში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავგუსტა კლუმპკე სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც იმ დროისთვის საფრანგეთში ერთადერთი ფაკულტეტი იყო, სადაც ლონდონისგან განსხვავებით, ქალებს სწავლა შეეძლოთ. 1885 წელს მან გააგზავნა საბუთები ინტერნატურაში მოსახვედრად და წერილობით ნაშრომზე შესანიშნავი შეფასება მიიღო, რომელიც ორგანული ჰემიპლეგიის ნიშნებსა და მიზეზებს ეხებოდა. თუმცა, კომისიამ უარი განაცხადა, რომ მისთვის საშუალო შეფასება დაეწერა ზეპირ გამოცდაში. ავგუსტა არ დანებდა და მომდევნო წელს ბედი კვლავ სცადა. ამჯერად წარმატებას მიაღწია პოლ ბერის, განათლების მინისტრისა და ქალთა ემანსიპაციის აქტიური მხარდამჭერით. 1886 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელიც პარიზში საავადმყოფოს ინტერნად მიიღეს.
ის ესწრებოდა პროფესორ ლუი ანტუან რანვიეს ჰისტოლოგიის ლექციებს კოლეჯ დე ფრანსში, რაც მოგვიანებით დაეხმარა ნევროპათოლოგიის შესწავლაში. კვირა დღეს დილით, იგი ასისტენტობდა ჟან მარტენ შარკოს ლექციებზე სალპეტრიერის საავადმყოფოში. სტაჟირების დროს, რომელიც პროფესორ არდის ხელმძღვანელობით პარიზის საავადმყოფოში გაიარა, მისი მენტორი ჟიულ დეჟერინი იყო, რომელიც 1888 წელს მისი მეუღლე გახდა.
სასწავლებლის დასრულებისთვის ჟიულ დეჟერინმა იგი პროფესორ ალფრედ ვულპიანის ლაბორატორიაში მოაწყო. 1889 წელს ავგუსტა კლუმპკემ დისერტაცია დაიცვა თემაზე: „პოლინევრიტები, პარალიჩები და ატროფიები, ძირითადად გამოწვეული სატურნიზმით.“
ქმრის კვალდაკვალ, როდესაც პროფესორი ნევროლოგი გახდა, ავგუსტა კლუმპკემ დატოვა ბისეტრის საავადმყოფო და 1895 წელს სალპეტრიერში დაბრუნდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქმართან ერთად გამოცემული ნაშრომების შექმნაში, მათ შორის: „ნერვული სისტემის ანატომია“ (1895) და „ნერვული სისტემის დაავადებების სემიოტიკა“ (1914). 1901 წელს იგი ნევროლოგიის საზოგადოების წევრად აირჩიეს, ხოლო 1914-1915 წლებში ამ საზოგადოების თავმჯდომარე გახდა. იმავდროულად, პირველი მსოფლიო ომის დროს, სალპეტრიერში 300 დაჭრილი მებრძოლის მოვლით იყო დაკავებული. ავგუსტა კლუმპკე აქტიურად მუშაობდა ნერვული სისტემის დაზიანებების საკითხებზე: დიდი ნერვული მაგისტრალების დაზიანებებს იკვლევდა მუზონთან ერთად, ხოლო ზურგის ტვინის ჭრილობებს — ლანდაუსა და ჟუმენტიესთან თანამშრომლობით.
1906 წელს ავგუსტა კლუმპკე დაჯილდოვდა მედლით სიმამაცისთვის – მან გადაარჩინა გოგონა, რომელიც მდინარე სენაში გადახტა, და ნაპირზე გამოათრია.
1913 წელს დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით კავალერის წოდებით, ხოლო 1921 წელს გახდა ამ ორდენის ოფიცერი.
ავგუსტა ქმრის, ჟიულ დეჟერინს, გარდაცვალებიდან (1917) 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ამ წლებში, ქალიშვილისა და სიძის დახმარებით, მან თავისი ძველი ლაბორატორია და ბიბლიოთეკა აღადგინა, რათა მეუღლე დეჟერინებთან დაკავშირებული სამეცნიერო მუზეუმი გაეხსნა.
ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე 1927 წლის 5 ნოემბერს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით (მონაკვეთი 28).
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავგუსტას მეუღლე ჟიულ დეჟერინი (1849–1917) შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი ექიმი-ნევროლოგი და ნევროპათოლოგი, ასევე ანატომი იყო. მათი ქალიშვილი, ივონა, ექიმი გახდა. ის დაქორწინდა პროფესორ ეტიენ სორელზე და თავისი კარიერა ძვლოვანი ტუბერკულოზის მკურნალობას მიუძღვნა ბერკის საავადმყოფოში.
ავგუსტა დეჟერინ-კლუმპკე იყო ასტრონომ დოროთეა კლუმპკე-რობერტსის, მხატვარ ანა ელიზაბეტ კლუმპკეს (რომელიც ცნობილი მხატვრის, როზა ბონერის მეგობარი და კომპანიონი იყო) და მევიოლინე ჯულია კლუმპკეს და.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- André-Thomas. Augusta Dejerine Klumpke, 1859—1927. L’Encéphale n°1 (1929)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 FemBio database
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ https://archives.paris.fr/archives-numerisees/etat-civil-de-paris/etat-civil-a-partir-de-1860/consulter-les-tables-decennales?arko_default_649aab45cbb40--modeRestit=arko_default_649aab89f2ce8#/_recherche-api/visionneuse-infos/arko_default_649aab45cbb40/arko_fiche_64c1210ecac21/arko_default_649aabd0c56dc/image/81673
- ↑ 6.0 6.1 Národní autority České republiky