ავალიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავალიშვილთა გვარის გერბი.

ავალიშვილები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVI საუკუნეების ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო), რომლის ცენტრი სოფ. სადგერი იყო. საავალიშვილო 1535–1545 წლებში იმერეთის სამეფოში შედიოდა, 1545 წლიდან — სამცხე-საათაბაგოში. XVI საუკუნის 70-80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII საუკუნეში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ავალიშვილები ტაშისკარში, სურამში, არადეთში, ბრეთსა და აბისში დამკვიდრდნენ. კახეთში გადასულები — კაკაბეთში, კალაურში, თელავსა და ჩუმლაყში. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღასბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]