ადრეული ადამიანის მიგრაციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადრეული ადამიანის მიგრაცია

ადრეული ადამიანების მიგრაცია და შემდგომში უკვე მათ მიერ სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება ხანგრძლივი პროცესია და ის დაახლოებით 2 მილიონი წლის წინათ დაიწყო. აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსის მიერ დაიწყო და სხვა სახეობების მიერ გაგრძელდა, დაახლოებით 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა დატოვა აფრიკის კონტინენტი და დაახლოებით 60 000 წლის წინ უკვე სამხრეთ აზიის უმეტესი ტერიტორია დაფარა- სწორედ აქედან იწყება უფრო ფართო მიგრაციები, რაც გულისხომობს დანარჩენ კონტინენტებსა და კუნძულებზე მიგრაციას და ამ ტერიტორიების ათვისებას. ის ინფორმაცია, რომელიც ადრეული ადამიანების მიგრაციისა და შემდგომში მათი გადაადგილებების შესახებ მოიპოვება, ძირითადად არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით არსებობს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნამარხისა თუ სხვა სახის უძველესი დეტალების აღმოჩენა, რომელიც მიგრაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

ჰომო ერექტუსის შიდააფრიკული მიგრაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 2-1.9 მილიონი წლის წინათ, აფრიკაში გადაადგილება დაიწყეს ადრეულმა გარდამავალმა ადამიანებმა. მეცნიერების ნაწილი გამოყოფს მათ ორ ჯიშს- ჰომო ერგასტერს და ჰომო ერექტუსს. ჰომო ერგასტერის ნამარხები ოდნავ უფრო ძველია და ნაპოვნია ძირითადად თითქმის მთელი აფრიკის ტერიტორიაზე, რაც შეეხება ჰომო ერექტუსს, მისი ნამარხები აღმოჩნდა როგორც აფრიკაში, ასევე თანამედროვე ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში. უფრო უპრიანი იქნება, ჰომო ერგასტერის ჰომო ერექტუსის ადრეულ სტადიად განხილვა და ორივე მათგანს ერთ სახეობად- ჰომო ერექტუსად მოხსენიება, აღმოჩენილი ნამარხების სიძველეზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აფრიკის სხვადასხვა რეგიონში ეს სახეობა ცენტრალური აფრიკიდან გავრცელდა. ჰომო ერექტუსი ახერხებდა მუდმივად ცვალებად საცხოვრებელ პირობებთან ადაპტაციას და ამავე დროს საცხოვრებელი არეალის გაფართოებას ჯერ ჩრდილოეთ აფრიკის, შემდეგ კი ევრაზიის მიმართულებით. დაახლოებით 500 000 წლამდე, ანუ კლიმატური პირობების მკვეთრ ცვლილებამდე ჰომო ერექტუსი ანატომიურად უმნიშვნელოდ შეიცვალა, მაგრამ შემდგომმა კლიმატისა და ამით გამოწვეულმა ევოლუციურმა ცვლილებებმა ეს სახეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. გასათვალისწინებელია პირველყოფილთა სავარაუდო მიგნებებიც, მაგალითად: ცეცხლის დამორჩილება და სანადირო ხელოვნებისა და იარაღების შესაძლო სრულყოფა. სწორედ ამ შესაძლო „აღმოჩენებს“ უნდა გამოეწვია ის, რომ დაახლოებით 500 000 წლის წინ ჰომო ერექტუსმა გადაინაცვლა ევროპისა და აზიის შედარებით ცივ ზონებში. ადრეული სახეობების გადაადგილება და მათი საცხოვრებლის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა სხვა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ყველაზე ადრეული ჰომო ერექტუსი იყო გვიანდელი ჰომო ჰაბილისის თანამედროვე აღმოსავლეთ აფრიკაში. ისინი თანაცხოვრობდნენ რამდენიმე ასეულ ათასი წელიწადის განმავლობაში. ეს ადასტურებს, რომ შესაძლოა, ჰომო ერექტუსის უშუალო წინამორბედი შედარებით ადრეული ჰომო ჰაბილისი იყო, ან თუნდაც სხვა სახეობა ადრეული ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი. უძველესი ნამარხებიდან, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზე მოიპოვება და ჰომო ერექტუსის სახეობას მიაკუთვნებენ, აღნიშვნის ღირსია 1954-1955 წლების კვლევების შედეგად თანამედროვე ალჟირის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამარხები, რომლებიც დაახლოებით 700 000 წლის წინანდელია. ეს ნამარხი ძალიან გავს მაროკოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნამარხებს, მაგრამ ყბის და კბილების ფორმით განსხვავდება შედარებით გვიანდელი აზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჰომო ერექტუსის ნამარხი ფორმებისგან. როგორც ჩანს, ჰომო ერექტუსი ცენტრალური აფრიკიდან აღმოსავლეთ აფრიკაშიც გავრცელდა. 1960 წლის გათხრების შედეგად ტანზანიაში აღმოჩენილ იქნა ჰომო ერექტუსის 1.2 მილიონი წლით დათარიღებული ჩონჩხი. გარდა ამ ჩონჩხისა აღმოჩენილ იქნა დამატებითი ნამარხები, რომლებიც ფრაგმენტალურია, მაგრამ ქმნის წარმოდგენას აღმოსავლეთაფრიკელი ჰომო ერექტუსების შესახებ. 1984 წელს, ტანზანიის ჩრდილოეთით, კენიაში აღმოჩენილ იქნა 1.6 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი, რომელიც ცნობილია, როგორც Turkana Boy. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, მეცნიერულმა კვლევებმა (სხეულის პარამეტრებმა, ტვინის მოცულობამ და ა.შ) და გარეგანმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ის და მასთან ერთად აღმოჩენილი რამდენიმე ჩონჩხი მიეკუთვნება ჰომო ერექტუსის სახეობას, რომელიც უნდა იყოს წინამორბედი ამ სახეობის იმ ადამიანებისა, რომლებიც შემდგომში აფრიკიდან აზიაში გადავიდნენ.

ჰომო ერექტუსის მიგრაცია აფრიკიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო ერექტუსის მიგრაცია

ჰომო ერექტუსის აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე მიგრაცია დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინ დაიწყო და ასეულობით ათასი წელი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში ადრეულ ადამიანთა ამ სახეობამ აითვისა ევროპის და აზიის სამხრეთ ნაწილები და თანამედროვე ინდონეზიის ტერიტორიაზეც კი დადგა ფეხი. ჰომო ერექტუსის შიდააფრიკული მიგრაციის კვანძის გაგრძელებაა თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე, უბეიდიაში (Ubeidiya) აღმოჩენილი ჰომო ერექტუსის ნამარხები. როგორც ჩანს ადრეულმა ადამიანებმა გააღწიეს აფრიკიდან, მეცნიერთა მტკიცებით ლევანტინის (თანამედროვე პალესტინის ტერიტორია) კორიდორი გახდა მნიშვნელოვანი სახმელეთო ხიდი ადრეული ადამიანების ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე მიგრაციის პროცესში. როგორც ჩანს, ჰომო ერექტუსი მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით არ გადაადგილდებოდა. ინდონეზიაში ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ იავაზე (ინგლისურად-Java; ამ კუნძულზე მდებარეობს დედაქალაქი ჯაკარტა) დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აღმოაჩინეს უძველესი ადამიანი თავის ქალის ზედა ნაწილი და ბარძაყის ძვლები. კვლევებმა ცხადყო, რომ ეს სახეობაც ჰომო ერექტუსს მიეკუთვნება და ის სავარაუდოდ უნდა გადასულიყო აფრიკიდან. გარდა ამისა, ჰომო ერექტუსს მიაკუთვნებენ ჩინეთში, კერძოდ ჟოუკოუდიანში (Zhoukoudian) აღმოჩენილ 500 000 წლის „Peking Man”, გარდა ამისა, ჰომო ერექტუსის ნამარხები გვხვდება ჩინეთის სამ სხვა ლოკაციაზე: იუანმუში (Yuanmou), ლანტიანში (Lantian)და ჰექსიანში (Hexian). ამ ტერიტორიაში ჰომო ერექტუსის რამდენიმე ადგილზე აღმოჩენა მეტყველებს იმაზე, რომ ამ სახეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა გადმოვიდა აფრიკიდან თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე.

ჰომო ერექტუსის გავრცელების ხაზი ჩინეთიდან კავკასიის მიმართულებით მიდის.  საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ დმანისში აღმოჩენილი რამდენიმე თავის ქალიდან, ერთ-ერთი ნამდვილად ეკუთვნის ჰომო-ერექტუსის ადრეულ ფორმას და ის დაახლოებით 1.8 მლნ წლის წინანდელია. კავკასიის ტერიტორიაზე დმანისის ჩრდილოეთით ჰომო ერექტუსის კვალი არ მოიპოვება, შესაბამისად, სხვა ფაქტებს არ ქონის გამო სავარაუდოა, რომ მიგრაციის ტალღა კავკასიის მიმართულებით სწორედ დმანისში შეწყდა. 

ჰომო ერექტუსის ნამარხები აღმოჩენილია თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ანტიკური მიგდონიის (Mygdonia) ტერიტორიაზე. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჰომო ერექტუსი ამ ტერიტორიაზე მცირე აზიის გავლით მოხვდა. გარდა ამისა, ადამიანის ამ სახეობის ნამარხები აღმოჩენილია თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზეც. ამ შემთხვევაში კი არსებობს ორი მოსაზრება. ჰომო ერექტუსი ესპანეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ალჟრის ტერიტორიის გავლით უნდა მოხვედრილიყო (ანუ ოდესღაც პირენეს ნახევარკუნძული აფრიკასთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორც ინდონეზიის კუნძული იავა- აზიასთან), ან ჰომო ერექტუსი პირენეს ნახევარკუნძულზე თანამედროვე საბერძნეთში აღმოჩენილი ჰომო ერექტუსების მიგრაციის შემდგომი ტალღის შემდეგ აღმოჩნდა.

ჰომო საპიენსი აფრიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსის გავრცელების არეალი

თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ თანამედროვე ადამიანები წარმოიშვნენ არქაული ადამიანებისგან ძირითადად, აღმოსავლეთ აფრიკაში. 195 000 წლის ნამარხი ომო 1-დან (Omo 1), ეთიოპიის ერთ-ერთი რეგიონიდან ნათლად აჩვენებს იმ ცვლილებებს, რომელიც ამ პერიოდში ადრეულმა ადამიანმა განიცადა. უკვე ჩნდება ადრეული ჰომო საპიენსი და მისი აფარიკაში გავრცელების ადგილებს თუ განვიხილავთ, რამდენიმე ჩონჩხი აღმოჩენილია სწორედ ეთიოპიაში- ერთ-ერთ ასეთი ნამარხი აღმოჩენილია ჰერტოში (Herto, Middle Awash) და ის დაახლოებით 160 000- 154 000 წლით თარიღდება. ეთიოპიის სამხრეთით, არც ისე შორს, ტანზანიის ტერიტორიაზე ლაეტოლში (Laetol) კი აღმოჩენილია შედარებით გვიანდელი ნამარხი, რომელიც დაახლოებით 120 000 წლის უნდა იყოს. ჰომო საპიენსის შიდააფრიკულ გადაადგილებებზე თუ აღმოჩენილი ნამარხების სიძველის მიხედვით ვიმსჯელებთ, მან ეთიოპიის ტერიტორიიდან დაიწყო აქტიური მიგრაციები. შემდეგ გადაადგილდა ოდნავ სამხრეთით, ტანზანიის მიმართულებით და დაახლოებით 115 000 წლის წინ კი აფრიკის უკიდურესი სამხრეთისკენ დაიწყო გადაადგილება. სწორედ ამ პერიოდის ნამარხები იქნა აღმოჩენილი სვაზილენდში, კერძოდ ბორდერ კეივში (Border Cave). ამის შემდეგ ჰომო საპიენსი გადაადგილდება აფრიკის უკიდურეს სამხრეთში (Klasies River Mouth-ის მიმართულებით). როგოორც ჩანს, გონიერი ადამიანი გადაადგილდებოდა აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე- სადაც უდაბნოს მკაცრი ბუნებრივი პირობები ნაკლებადაა გავრცელებული. რაც შეეხება ჰომო საპიენსის აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე მიგრაციას, ეს პროცესი დაახლოებით 115 000 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.

ჰომო საპიენსი ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ადამიანი ევროპაში შედარებით გვიან შევიდა, (დაახლოებით 40 000 წლის წინ) თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჰომო საპიენსმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე და ავსტრალიაზე ჯერ კიდევ 55 000 წლის წინ დადგა ფეხი. რამდენიმე მოსაზრება არსებობს თუ რატომ არ გავრცელდა ჰომო საპიენსი ევროპაში უფრო ადრე.  ანთროპოლოგი მარია ტორესი, ლონდონის უნივერსიტეტის წევრი, ამაში „ადანაშაულებს“  ნეანდერტალელებს.  ის აცხადებს რომ ჰომო საპიენსი განვითარდა აფრიკაში 100 000 წლის წინ და დაიწყო გავრცელება აღმოსავლეთით, სადაც სხვა სახეობის ჰომონიდებისაგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია. როდესაც ჰომო საპიენსმა გავრცელება დაიწყო ჩრდილოეთითაც ევროპის მიმართულებით, მათ ევროპის სამხრეთ ნაწილში დახვდნენ ნეანდერტალელები და ამ დროს შეწყდა რამდენიმე ათასწლეულით ჰომო საპიენსის გავრცელება ევროპაში. მარია ტორესის თქმით ევროპა პატარა ტერიტორია იყო ორივე სახეობის ცხოვრებისათვის.  ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს პროფესორი კრის სტრინგერი, რომელიც ამბობს რომ კლიმატი ევროპაში იყო საკმაოდ მკაცრი, ჰომო საპიენსი არ იყო შეგუებული მსგავს პირობებს და რა თქმა ნეანდერტალელები უკვე სახლობდნენ ამ ტერიტორიებზე. 

კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ 45 000 წლის წინ, როდესაც  გამყინვარების ერთი ეტაპი დამთავრდა აფრიკელთა ერთ-ერთი რასა, რომელთაც Khoisan სახელით მოიხსენიებენ გიბრალტარის სრუტის გავლით შევიდა ევროპაში. ეს ადამიანები შემდეგ გავრცელდნენ მთელ ევროპასა და აზიის ჩრდილოეთით. ამ მოგზაურობის პირველი ნიმუშები ჩონჩხების სახით გვხვდება იტალიაში სადაც 5 ადამიანის ჩონჩხს მიაგნეს. ამ აფრიკელთა ნამარხებს ასევე მიაგნეს შვეიცარიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუსეთში და ციმბირშიც კი. ასევე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ეს ადამიანები დასახლდნენ ანატოლიაშიც. თუმცა ანთროპოლოგთა, მკვლევართა და აკადემიკოსთა ნაწილი დღესაც უარყოფს, რომ აფრიკელები იყვნენ პირველი ევროპელი ადამიანები, ისინი ამჯობინებ ეს წოდება Cro-Magnon-თ მიანიჭონ. ზოგიერთი მოსაზრებით ფერადკანიანი აფრიკელებისთვის პრობლემა იქნებოდა ევროპის კლიმატთან შეგუება, თუმცა ნეანდერტალელები, რომლებიც უკვე სახლობდნენ ამ ტერიტორიაზე ხასიათდებოდნენ ღია კანის ფერითა და ლურჯი თვალებით, ამიტომ ძალზე სავარაუდოა რომ წლების მერე ნეანდერტალელებთან გამრავლების შემდეგ ჰომო საპიენსის კანის ფერი გაღიავდა.  თუმცა ისევ კვლევებით დგინდება, რომ  Cro-Magnon, როგორც Grimaldi (იგივე Khoisan-ის რასის წარმომადგენლები) იყვნენ ფერადკანიანი აფრიკელები. ასეა თუ ისე  ერთ-ერთ პირველ ევროპელ ჰომო საპიენსებს ეწოდებოდათ Cro-Magnon. მათი რაოდენობა მცირე იყო და ისინი თავს ნადირობითა და მცენარეების შეგროვებით ირჩენდნენ. მათი იარაღები გამოირჩეოდა უხეში, გალესილი წვეტით, ისინი ასევე იყენებდნენ ცეცხლსაც. Cro-Magnon-თა  ჩონჩხები აღმოჩენილია წითელი კლდის გარშემო ქალაქ ვენტიმილიას ახლოს, რომელიც მდებარეობს იტალიაში. ასევე საფრანგეთში აღმოჩენილია  Cro-Magnon-თა წარმომადგენლის თავის ქალა და ქვედა ყბა, რომელიც 50 წლის მამაკაცს ეკუთვნის. ამ ნიმუშს Old Man of Cro-Magnon ეწოდება.   სანტერესოა რომ უძველესი ნამარხები, რომლებიც ანატომიურად მსგავსი იქნება თანამედროვე ადამიანის აღმოჩენილია რუმინეთში, მდინარე დანუბეზე არსებულ ხეობაში. ეს ნამარხები დაახლოებით 37 800 წლით თარიღდება.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით  გენეტიკურად ისევე როგორც გეოგრაფიულად პირველი ევროპელების უშუალო წინაპრები უფრო აზიელები იყვნენ ვიდრე აფრიკელები. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ აზიიდან ევროპაში გავრცელება გაცილებით ადვილი იყო ვიდრე აფრიკიდან, ეს აზრი საკმაოდ სარწმუნოა. მიუხედავად იმისა რომ ჰომო საპიენსი ევროპაში 40 000-45 000 წლის წინ შევიდა,  მეცნიერები ვარაუდობენ რომ უძველესი ევროპელების ასაკი 50 000 წელს ითვლის. ეს ადამიანები უნდა დასახლებულიყვნენ პაკისტანის ტერიტორიაზე, შემდეგ უნდა გაეარათ ლიბიისა და არაბეთის უდაბნოები, შემდეგ კი  მიეღწიათ ტიგროს-ევფრატამდე.  გამყინვარებამ, რომელმაც დაახლოებით 65 000 – 55 000 წლის წინანდელი პერიოდი მოიცვა, შეაჩერა ამ ადამიანთა შემდგომი გადაადგილებები. გამყინვარებიდან 5 000 წლის შემდეგ თბილმა და სველმა კლიმატურმა პირობებმა შეუქმნა ხელსაყრელი გარემოებები სამხრეთ აზიელებს გამრავლებისა და მიგრაციისათვის.  ზუსტად ეს პერიოდი ემთხვევა ევროპაში ე.წ Aurignacians  მოძრაობას. Aurignacians კულტურა ხასიათდება ქვის იარაღების გამორჩეული სტილით, რომლებიც პირველად ბულგარეთში გამოჩნდა 55 000 წლის წინ. დამამტკიცებელი საბუთების საფუძველზე ასკვნიან რომ Aurignacians დუნაიდან გადავიდნენ უნგრეთში შემდეგ კი დასავლეთით ავსტრიაში.  ისინი ასევე გავრცელდნენ ავსტრიის სამხრეთით, იტალიის ჩრდილო ნაწილში შემდეგ კი სწრაფად გააგრძელეს გადაადგილება დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრივ, მიაღწიეს რა საბოლოოდ პორტუგალიის სანაპიროებს 38 000 წლის წინ.  აღსანიშნავია რომ  ევროპის გარეთ Aurignacians  კულტურის ნიმუშები მხოლოდ 47 000 წლით თარიღდება.

18 000 წლის წინ წყლების უმეტესობა კიდევ ერთხელ დაიფარა ყინულით. ჩრდილო ევროპის და ბრიტანეთის მიმდინარე ტერიტორიებიც გარშემორტყმული იყო უზარმაზარი ყინულის ფენებით. ჩრდილო ევროპის  ტერიტორიის  თითქმის სრული ნაწილი აუთვისებელი იყო. ამ ხრივ უკეთესი მდგომარეობა იყო ევროპის სამხრეთ ნაწილში, სადაც სამი ძირითადი ადგილი არსებობდა, სადაც ძველი ხალხები სახლობდნენ. პირველი ეს იყო ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვრის გარშემო. აქ მცხოვრებ ხალხს ჰქონდა ქვის დამუშავების განსაკუთრებული ტექნოლოგია. ისინი კულტურით ძალზედ განსხვავდებოდნენ სხვა იმ პერიოდში მცხოვრები ხალხებისაგან. მათ კულტურას Solutrean-ს უწოდებენ. მეორე ე.წ თავშესაფარი ძველი ადამიანებისთვის იყო ბალკანეთის ტერიტორია, ხოლო მესამე  მდებარეობდა უკრაინაში, ეს ტერიტორია მოიცავდა  შავი ზღვის ჩრდილოეთით ხმელეთის დიდ ნაწილს, რომელიც შემოსაზღვრული იყო მდინარეებით დნეპრითა და დონით, და გამოიყოფოდა დანარჩენი ევროპისაგან კარპატის მთებით, რომელიც მთლიანად ყინულით იყო დაფარული.

14 500 წლის წინ ყინულმა კიდევ უფრო დაიხია უკან ხმელეთისაგან და ცხოვრება დედამიწაზე  უფრო ხელსაყრელი გახდა. 13 500 წლის წინ კი კლიმატი გახდა ისეთივე თბილი და ნოტიო როგორც დღესდღეობითაა. თანამედროვე ევროპელთა იმ სამმა ჯგუფმა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, ამ ათასწლეულების განმავლობაში განიცადეს ცალკეული მუტაციები და ბუნებრივად განვითარდნენ, მათი განსაზღვრა ხდება ჰაპლოიდური ჯგუფების  სხვადასხვა ტიპებით. ამ დროიდან ამ ჯგუფთა უმრავლესობა ტოვებდა თავშესაფრებს და ითვისებდა ევროპის სხვადასხვა ტერიტორიებს. ამ პერიოდში მოხდა ევროპის ტერიტორიის დიდი ნაწილის ათვისება. ერთმა ჯგუფმა დაიკავა ტერიტორია ატლანტის ოკეანის დასავლეთიდან შოტლანდიამდე.  მეორე ჯგუფმა მოიცვა ცენტრალური ევროპის ტერიტორია სკანდინავიამდე, ხოლო მესამე ჯგუფი გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალური აზიის გასწვრივ ინდოეთამდე და პაკისტანამდე.  ამ სამი ძირითადი ჯგუფის ადამიანები წარმოადგენენ  დღევანდელი ევროპის  80%-ის უშუალო წინაპრებს. კვლევების საფუძველზე რომელიც ჩაუტარდა 1007 ადამიანიდან აღებულ Y ქრომოსომას და აღსანიშნავია რომ ეს ნამარხები ევროპის 25 განსხვავებულ ლოკაციაში იქნა აღმოჩენილი, დგინდება რომ ყოველი 5 ადამიანიდან 4  წარმოადგენდა თანამედროვე ადამიანის წინაპარს. პიტერ ანდერჰილი, მთავარი მკვლევარი სტენფორდის ტექნოლოგიურ ცენტრში და თანაავტორი ამ კვლევისა აცხადებს რომ ეს კვლევა ამტკიცებს სხვადასხვა არქეოლოგიურ, ლინგვისტურ დასკვნებს ძველი ხალხების ევროპის ტერიტორიაზე დასახლების შესახებ. ის ასევე აცხადებს რომ როდესაც განსხვავებული კვლევები ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის ,  ესე იგი დიდი ალბათობით ეს დასკვნები ჭეშმარიტია.  კვლევების საფუძველზე ანდერჰილი ასკვნის  რომ  იმ ადამიანთა შთამომავლები, რომლებიც საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიაზე სახლობდა დღესდღეობით ჩრდილო ევროპაში ცხოვრობს, უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შთამომავლები აღმოსავლეთ ევროპაში გხვდებიან, ხოლო ბალკანელების შთამომავლები ცენტრალურ ევროპაში.

9 000 წლის წინ ამ ჯგუფებმა დაიწყეს მასობრივი გადაადგილებები უკვე ევროპის ჩრდილოეთ ნაწილშიც და 5 000 წლის წინანდელ პერიოდში უკვე მიაღწიეს ამ ტერიტორიასაც. 8 000 წლის წინ  შუა აღმოსავლეთიდან ევროპაში გადასახლებულმა, ახალი Y ქრომოსომის ნიმუშის მქონე ადამიანებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის განვითარება. აღსანიშნავია, 20 %-ს ევროპელთა დღევანდელი მოსახლეობის აქვს ზუსტად ეს Y  ქრომოსომის ნიმუში. ევროპის გამოქვაბულებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა თხრება აჩვენა რომ 8 000 წლის წინ ადამიანთა უმეტესობა მიყვებოდა ნადირობასა და შემგროვებლობას. ამის შემდეგ კი ჩნდება მცენარეებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კვალი.

მართალია  ჰომო საპიენსი გვიან შევიდა ევროპაში, მაგრამ მან განიცადა დიდი პროგრესი და შეძლო იმდენი რომ აეთვისებინა ევროპის ის ტერიტორიები, რომლებზეც იქამდე ფეხი არავის დაუდგავს. ეს უფრო შთამბეჭდავი ხდება იმის ფონზე რომ ნეანდერტალელები ამ პერიოდში საერთოდ გაქრნენ ევროპიდან, აღსანიშნავია რა რომ მათ ჰქონდათ ჰომო საპიენსებზე მეტი გამოცდილება და უკეთ იყვნენ შეგუებულნი მკაცრ კლიმატურ პირობებს. 

ჰომო საპიენსი აზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-დასავლეთ აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსმა დაამტკიცა, რომ პრიმატთა შორის იგი იყო ყველაზე წარმატებული სახეობა. ის არ მორგებია რომელიმე კონკრეტულ ეკოლოგიურ ნიშას, არამედ ჩამოყალიბდა ადაპტირებად არსებად. აღნიშნულმა შესაძლებლობამ ადამიანს საშუალება მისცა დაეტოვებინა აფრიკა და მიგრირებულიყო სხვა კონტინენტებისაკენ.

ჩვენი სახეობა არ იყო პირველი, რომელმაც დატოვა აფრიკა. უკანასკნელ პერიოდამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი სახეობა, რომელმაც აფრიკიდან აზიაში გადაინაცვლა ჰომო ერგასტერი იყო, 1 მილიონი წლის წინ, თუმცა   დმანისში აღმოჩენილი ნაშთები მოწმობენ, რომ 1,7 მილიონი წლის წინ ჰომო ჰაბილისი უკვე სახლობდა ამ ტერიტორიაზე.

ადამიანთა მიგრაციის ალტერნატიული მარშრუტი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით

ჰომო საპიენსის აზიაში გადასვლის მიზეზებზე დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი. მეცნიერები ჩვენი სახეობის გადაადგილებას პლეისტოცენის ეპოქას უკავშირებენ, რომელიც  2.58 მილიონი და  12.000 წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს.  როგორც პალეოკლიმატოლოგები ვარაუდობენ გამყინვარების პერიოდში მსოფლიო კლიმატი შეიცვალა: ტროპიკებში ტენიანობა შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო გაუდაბნოების ტემპის ზრდას იმ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანი სახლობდა. ამასთანავე ცნობილია, რომ გამყინვარებათაშორის ხანაში პერიოდული მუსონები საჰარისა და არაბეთის უდაბნოებს ატენიანებდა, ქმნიდა რა დროებით მდინარეებსა და ტბებს. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ამ ტერიტორიაზე ჰომო საპიენსი დროგამოშვებით გადაადგილდებოდა ნადირობისთვის ხელსაყრელი გარემოს გამო. საჰარიდან აზიაში გადასვლა კი მარტივი იყო.  თუმცა დღემდე ორი ვარიანტი არსებობს ჰომო საპიენსის იმ მარშრუტზე, რომელსაც ის აზიამდე უნდა მიეყვანა: პირველი ვარიანტის მიხედვით ჰომო საპიენსმა გაიარა სინაის ნახევარკუნძული და ამ გზით მოხვდა ლევანტის ტერიტორიაზე. ამ ვარიანტს განამტკიცებს ისრაელში, ეს სხულისა და ქაფზეჰის გამოქვაბულებში აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები, რომლებიც 135 000-90 000 წლით თარიღდება (თანამედროვე პალეოანთროპოლოგების ნაწილის აზრით, სწორეს ამ ტერიტორიიდან მოხდა შემდგომ სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის მიმდებარე ტერიტორიების ათვისება ადამიანის მიერ). მეორე ვარიანტის მიხედვით, ჰომო საპიენსი აზიაში პირველად ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით, არაბეთის ნახევარკუნძულზე გადასვლით მოხვდა. როგორც ცნობილია, პლეისტოცენის მთელი პერიოდის განმავლობაში არაბეთის ნახევარკუნძული საცხოვრებლად არახელსაყრელი იყო, თუმცა მისი სამხრეთ ნაწილში ოაზისების არსებობა ქმნიდა თეორიულ შანსს ადამიანის ამ გზის გავლით მიგრირებისათვის. უკანასკნელი თეორიის ნაკლი ის არის, რომ არ არსებობს ჰომო საპიენსის ნაშთი არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ცხოველის ძვლებისგან შექმნილი იარაღი, თუმცა შესაძლებელია ეს ადრეული სახეობების მიერ იყოს შექმნილი.

ისრაელში აღმოჩენილი ნაშთები მოწმობენ, რომ ჰომო საპიენსის პირველმა ნაკადმა ამ ტერიტორიაზე ვერ განაგრძო არსებობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ლევანტის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილება უნდა იყოს, ამასთან სავარაუდოდ აქ მოსულ ადამიანებს გარკვეული კონკურენციის გაწევა უწევდათ ნეანდერტალელებთან. პალეოკლიმატური ჩანაწერები მოწმობენ, რომ 75 000 წლის წინ ლევანტის ტერიტორიაზე იმატა ნალექის რაოდენობამ, რამაც დასაბამი დაუდო ჰომო საპიენსის მეორე და ამჯერად წარმატებულ მიგრაციას აზიაში. დაახლოებით 74 000 წლის წინ მოხდა ჩვენთვის ცნობილი უდიდესი გეოლოგიური კატასტროფა- კუნძულ სუმატრაზე გააქტიურდა ტობას ვულკანი, რომლის ფერფლმაც დედამიწის ატმოსფერო თითქმის სრულად დაფარა, თუმცა როგორც არქეოლოგიური არტეფაქტები მეტყველებენ, ჰომო საპიენსის სახეობა აზიაში ამ ამოფრქვევის შედეგად არ განადგურებულა.

სამხრეთ აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში ინდოეთი ადრეული ადამიანების შესწავლის პროცესში ნაკლებ როლს თამაშობდა მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მწირი არქეოლოგიური მასალის გამო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ნახევარკუნძულზე პალეოლითის დროინდელი უამრავი არქეოლოგიური ობიექტი იქნა შესწავლილი. ტობას ვულკანის ფერფლმა ინდოეთის დიდი ნაწილი დაფარა რის გამოც არქეოლოგებისათვის მარტივია მიწის საფარში ქრონოლოგიური ზონების იდენტიფიცირება.

თანამედროვე ადამიანების დნმ-ის შესწავლის საფუძველზე მიიჩნევა, რომ სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ჰომო საპიენსი 70 000 წლის წინ განსახლდა. ამას მოწმობს ჯვალაპურამში (ინდოეთი) აღმოჩენილი ხელნაკეთი იარაღი, თუმცა დღემდე საკუთრივ ჰომო საპიენსის ნაშთი არ არის ნაპოვნი.  უძველესი თანამედროვე ადამიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნიას გამოქვაბულში, ბორნეოზე, რომელიც 40 000 წლით თარიღდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელ დრომდე მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე აღმოსავლეთ აზიელები აზიური ჰომო ერექტუსის შთამომავლები იყვნენ, თუმცა თავის ქალისა და  გენეტიკური მონაცემების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირდაპირი ევოლუციური კავშირი აზიაში მცხოვრებ ჰომო ერექტუსსა და თანამედროვე ადამიანს შორის არ არსებობს. შესაბამისად ჩინურ სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ჰომო საპიენსის ორი პოპულაცია აფრიკასა და აზიაში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

უკანასკნელ პერიოდამდე მიიჩნეოდა, რომ სხულსა და ქაფზეჰში აღმოჩენილი ადამიანების თანამედროვეებმა ვერ მიაღწიეს აზიის ცენტრალურ ნაწილებს, თუმცა ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მომხდარმა უკანასკნელმა აღმოჩენამ ეს ჰიპოთეზა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დაოქსინის ოლქში, გამოქვაბულში ცხოველის ძვლებთან ერთად აღმოაჩინეს ადამიანის კბილები, რომელთა ასაკი 88 000-დან 100 000 წლამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, მართლაც წარუმატებელი იყო თუ არა ადრეული ჰომო საპიენსების მიერ აფრიკიდან გამოსვლა. აღმოსავლეთ აზიაში უძველესი სრული თავის ქალა 2003 წელს აღმოაჩინეს ტიანიუანის გამოქვაბულში, პეკინთან ახლოს, რომელიც 42 000-38 500 წლით თარიღდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი ჰომო საპიენსის გარეგნობას აკლია იმავე ტერიტორიაზე განსახლებული თანამედროვე ადამიანის ფიზიკური ნიშნები. დღემდე დაუდგენელია ის კონკრეტული დროის წერტილი, რომლიდანაც ამ ნიშნების ჩამოყალიბება დაიწყო, თუმცა არსებობს გარკვეული ევოლუციური კავშირი თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლელ აზიელსა და 15 000 წლით დათარიღებული ადამიანის თავის ქალას შორის. ეს ნიშნებია: აწეული ლოყის ძვალი, განიერი სახე ლიმიტირებული პროექციით, ბრტყელი ნასალური ძვალი და განიერი ცხვირი.

მსგავსი ნიშნების მქონე უძველესი ადამიანის ნაშთები გვხვდება ბაოჯისა და ჰუაქსიანში, რომლებიც 7000 წლით არიან დათარიღებულნი. გენეტიკური მასალის შესწავლით დგინდება, რომ თანამედროვე ადგილობრივი მოსახლეობა, სწორედ ამ უკანასკნელი ნაშთების თანამედროვეთა შთამომავალია.

ჩრდილოეთ აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესი ზემო პალეოლითის პერიოდის ნაშთები შემონახულია რუსეთში, ალტაის რეგიონის გამოქვაბულებში, რომელთა ასაკი 45 000 წელს აღწევს. აღმოჩენილი ნაშთები უკავშირდება აურიგნასიურ ხანას, პერიოდს, რომელსაც ახასიათებს დიდი რაოდენობით წაწვეტებული ძვლები, ძვლისავე კულონები და ბრელოკები, დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები და ა.შ.

რუსი მეცნიერები ალტაის გამოქვაბულში მცხოვრები ხალხის კულტურას მუსტიეს კულტურის გაგრძელებად მიიჩნევს, თუმცა რეალურად ტიპოლოგიური მდგომარეობა ნაკლებად განსხვავდება ევროპულისგან, სადაც მუსტიეს კულტურა შატელპერონიანით ჩანაცვლდა.

ადამიანის მიგრაციის თანამედროვე მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსის აზიაში ექსპანსიის თანამედროვე მოდელი ეფუძნება სამი სახის მტკიცებულებას: ადამიანის ჩონჩხის ნაშთები, თანამედროვე ადამიანის გენეტიკური მასალები და თანამედროვე ადამიანის გამოჩენა ავსტრალიაში. თუმცა არცერთი მათგანი არაა იმდენად მყარი, რომ ზუსტი სურათი შეგვიქმნას ადამიანის მიგრაციის შესახებ.  დღემდე არ აღმოჩენილა ჰომო საპიენსის ადრეული ნაშთები არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ადამიანის სამარხი ჰოლოცენის ხანაზე ადრეული არაა. მატერიკული აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთი სულ რამდენიმე განცალკევებული კბილისგან შედგება. არც ქვის იარაღი მიიჩნევა იდეალურ ინდიკატორად პოპულაციური ცვლილებისა, რადგან ცნობილია, რომ მუსტიეს კულტურისთვის დამახასიათებელ ქვის იარაღებს ნეანდერტალელებიც ქმნიდნენ. აქედან გამომდინარე აღმოჩენილი იარაღის კლასიფიცირება მხოლოდ ბუნდოვან წარმოდგენას გვიქმნის მისი შემქმნელის შესახებ.

ჰომო საპიენსი ავსტრალიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი სამეცნიერო ცოდნით ჰომო საპიენსი დაახლოებით 150 000 წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადრობდნენ, საიდანაც ისინი ნელ-ნელა დაიძრნენ ჩრდილო აღმოსავლეთისკენ - ისინი სავარაუდოდ ნილოსს მიუყვებოდნენ. ისრაელის სკჰულის (ლევანტე) გამოქვაბულში ნაპოვნი ადამიანის ნაშთების შესწავლის შედეგად დადგინდა მათი ასაკი: 90 000 წელია, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ადამიანები ისრაელამდე უნდა მისულიყვნენ. დაახლოებით 75 000 წლის წინ ხშირი წვიმების და გამო სირიის, არაბეთის, ირანისა და თარის უდაბნოები ბევრად უფრო გავლადი გახდა, ადამიანებმა ამით ისარგებლეს და დღევანდელი ინდოეთის ტერიტორიამდე მივიდნენ. ადამიანები დაახლოებით 70 000 წლის წინ დღევანდელი ბურმას (მიარნმარი) ტერიტორიამდე  მივიდნენ, ხოლო 50 000 წლის წინ უკვე მთელ ევრაზიის კონტინენტზე გავრცელდნენ. ამ ყველაფრის შედეგად ჰომო საპიენსი გავრცელდა ევრაზიისა და ავსტრალაზიის ყველა ნაწილში. აღსანიშნავია, რომ აზიის კონტინენტზე გადმოსვლის შემდგომ ადამიანები ყოველთვის ინდოეთის ოკეანის ნაპირის გასწვრივ მიდიოდნენ.

ავსტრალიის კონტინენტი ძველად

იმდროინდელი გეოგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. უკანასკნელი განყინვარების დროს ზღვის დონე დღევანდელთან შედარებით 120 მეტრით უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო. ზღვის დონის შემცირების გამო გათავისუფლდა ახალი მიწები,  შედეგად დღევანდელი სუმატრას, ბორნეოსა და ჯავას კუნძულები ერთიანდებოდნენ გამოთავისუფლებული მიწებით და ამ ტერიტორიას დღესდღეობით მეცნიერები სანდა (ხანდახალ სანდალანდს) უწოდებენ. თვითონ სანდა კი აზიის ნაწილი იყო. სანდა დაიშალა სუმარად, ბორნეოდ და ჯავად დაახლოებით 12 000 წლის წინ.

ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნება დღევანდელი ავსტრალიის მიმდემარე ტერიტორიასთანაც: ზღვის დაბალი დონის გამო არაფურას ზღვა საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც დღევანდელი ავსტრალია და ახალი გვინეა ერთიანდებოდა ერთ კონტინენტში, რომელსაც მეცნიერებმა საჰულ უწოდეს. ავსტრალია და ახალი გვინეა გაიყო დაახლოებით 8 000 წლის წინ.

იმისთვის, რომ ჰომო საპიენს საჰულის კონტინენტამდე მიეღწია საჭირო იყო რამდენიმე ზღვის გადაცურვა რაც წყლის დაბალი დონის შემთხვევაში 90 კილომეტრამდე იყო. საჰულის კონტინენტამდე მისაღწევად რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობით ორი გზა სარგებლობდა:

1) სანდადან სულაწესამდე, სულაწესიდან ბურუმდე, ბურუდან ობიმდე, ხოლო ობიდან დ ღევანდელი ახალი გვინეის ტერიტორიამდე.

2) სანდადან ლომბოკამდე, ლომბოკიდან ტიმორამდე, ხოლო ტიმორიდან დღევანდელი ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორიამდე.

იმდროისთვის აფრებიანი გემი გამოგონილი არ იყო და ამიტომაც ადამიანები წყალში გადასაადგილებლად სავარაუდოდ იყენებდნენ ახლად გამოგონილ ნიჩბებიან ნავებს. ამ მომენტამდე ადამიანებს ზღვაში ცურვის თითქმის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდათ. ერთადერთი შესაძლო შემთხვევა ზღვის გადაცურვისა იყო წითელი ზღვა აფრიკიდან ისრაელში მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს მანძილი ძალზედ პატარა იყო, სანდარლანდიდან საჰულამდე მანძილთან შედარებით, ის დღესაც კი მხოლოდ 20 კილომეტრია, ხოლო იმდროინდელი ზღვის მცირე დონის გამო გადასალახად ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები ჰქონდათ, თანაც წითელი ზღვის გადაცურვისას ისინი ყოველთვის ხედავდნენ წინ მდებარე მიწას, რაც მათი უსაფრთხოების გრძნობისთვის მნიშვნელოვანი იყო.

სანდარლანდიდან საჰულამდე გადასაცურად ძირითადად პატარ-პატარა მონაკვეთები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ორივე გზის შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთი, რომლის გავლისაც ადამიანები ვერ დაინახავდნენ მათ წინ მდებარე მიწას სანამ შუა გზამდე არ მივიდოდნენ, ხოლო შუაგზაზე ორივე ნაწიპირს დაინახავდნენ. პირველი გზის შემთხვევაში ასეთი მონაკვეთი იყო ბურუდან ობიმდე, ხოლო მეორე გზის შემთხვევაში ტიმორიდან დღევანდელი ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორიამდე. იმდროისთვის აფრებიანი გემი გამოგონილი არ იყო და ამიტომაც ადამიანები წყალში გადასაადგილებლად სავარაუდოდ იყენებდნენ ახლად გამოგონილ ნიჩბებიან ნავებს. ადამიანი ავსტრალიის მიწებს ძირითადად შემთხვევით აღწევდა და ამის გამო უკან ვეღარ ბრუნდებოდა.

პირველი ავსტრალიელები თავის გზაზე ყველა კუნძულის კოლონიზაციას ახდენდნენ, ამგვარად სანდალანდსა და საჰულის კონტინენტს შორის მდებარე კუნძულთა უმეტესობა კოლონიზირებული გახდა. ამის მიზეზად შესაძლოა ვივარაუდოთ  ამ ტერიტორიების სიმდიდრე თევზეულობითა და საკვებით. დღესაც მსოფლიო მაჯრნის რიფების 30% ამ ტერიტორიაზე და როგორც ვარაუდობენ იმ პერიოდშიც ბევრი უნდა ყოფილიყო.

პირველმა ადამიანები საჰულის კონტინენტზე გამოჩნდნენ 60 - 40 000 წლის წინ, ხოლო კონტინენტის აქტიური კოლონიზაცია 48 - 42 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო. ადამიანებმა საკმაოდ მალე აითვისეს და მოიცვეს მთელი საჰულის კონტინენტი. ადაპტაციის ასეთი უნარი ხაზს უსვამს ჰომო საპიენსის უნარს ეცხოვრა ნებისმიერ გარემოში. ადამიანებმა შეაღწიეს საჰურის ტყეებსა და უდაბოებში, მაგრამ ამ ადგილებში დასახლებას არ ჩქარობდნენ ცუდი პირობების და გამო. ცხადია საჰულის კონტინენტზე თავდაპირველად იმ ადგილების კოლონიზაცია მოხდა სადაც უკეთესი პირობები იყო.  როგორც მეცნიერებმა ო’კონელმა და ალენმა აღნიშნეს სანდალანდსა და საჰულს შორის მდებარე კუნძულებზე და თვითონ საჰულზე კოლონიზაციის ასეთი შედეგებისთვის კარგი სანადირო პირობები უნდა ყოფილიყო.

როგორც უკვე ავღნიშნეთ საჰულის კონტინენტის კოლონიზაცია 48-42 000 წლებში უნდა მომხდარიყო. პერიოდი იმისა, თუ როდის შეწყდა კონტაქტი საჰულსა და სამხრეთ აზია (სანდას) შორის უცნობია, თუმცაღა ცხადია ეს უნდა მომხდარიყო სანდას დაშლამდე. ავსტრალია მეორედ აღმოაჩინეს 1606 წელს ვილემ იანსზონის მიერ.

ნიაჰის გამოქვაბულში (აღმოსავლეთ მალაიზია) ტომ ჰარისონმა 1950/60 წლებში აღმოაჩინა ნიშნები ჰომო საპიენსის მოღვაწეობისა, რომლებიც 46-34 000 წლებით თარიღდებიან. გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა: ნავები, რკინის ფეხსაცმელები, ძვირფასეულობა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის თავის ქალას, რომელიც 38 000 წლით არის დათარიღებული. ნაპოვნ ნივთებზე აღმოჩენილი იქნა ცხედრის დაწვის რიტუალის დამადასტურებელი ნიშნები. ეს ამ რიტუალის გამომჟღავნების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა.

ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანთა მიგრაციაზე ავსტრალიაში სანდერლანდის გავლით. 

1969 წელს ავსტრალიის სამხრეთ აღმოსავლეთით მუნგოს ტბაში აღმოაჩინეს მუნგო კაცისა და მუნგო ქალის ძვლები. იმდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით ისინი 25 000 წლის უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევმა 2003 წელს გვაჩვენა მათი რეალური ასაკი 40 - 46 000 წელია ეს კი ყველაზე ძველი აღმოჩენილი ნამარხია ადამიანისა აფრიკიდან გამოსვლის შემდგომ. რადგანაც ეს ადამიანები აღმოჩენილნი იყვნენ ავსტრალიის სამხრეთ აღმოსავლეთით, ხოლო ჩვენი ცოდნის თანახმად ადამიანები პირველად ავსტრალიის ჩრდილოეთით გამოჩნდნენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანები ავსტრალიაში დაახლოებით 60 000 წლის წინ მაინც გაჩნდნენ.

მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმ მიზნით,რომ კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო ადამიანის მიერ საჰულის კონტინენტამდე გავლილი გზის სისწორე. ერთ-ერთი ასეთი კვლევა მეცნიერულმა ჯგუფმა ჩაატარა ავსტრალიელებზე და ახალი გვინეას მცხოვრებლებზე. მეცნიერებმა ანალიზის შედეგად დაადგინეს ახალი გვინეისა და ავსტრალიის მცხოვრებთა მიტოქონდრიული დნმის ხე და შეადარეს აზიურს. როგორც შედეგმა აჩვენა ავსტრალიისა და ახალი გვინეის მოსახლეობა გამოეყო აზიურს დაახლოებით 50-70 000 წლის წინ, ხოლო ავსტრალიელები და ახალი გვინეას მცხოვრებლებნი წარმოიშვნენ საერთო კოლონიზაციის შედეგად. კვლევამ ასევე უარყო სხვა მრავალი თეორია რომლის მიხედვითაც არსებობდა მეორე მიგრაციაც აფრიკიდან ავსტრალიაში დროის სხვა პერიოდში. არც ის დამტკიცდა, თითქოსდა ავსტრალიელებსა და ახალი გვინეის აბორიგენებს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ ინდოელებთან. ამ კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ჰომო საპიენსისთვის საჭირო იყო დაახლოებით 5 200 წელი, იმისთვისათვის რომ ჩასულიყო სამხრეთ-დასავლეთ აზიიდან ავსტრალიამდე, რაც აქამდე განხილულ მასალას კიდევ ერთხელ ამყარებს.

ამგვარად ჰომო საპიენსმა საკმაოდ დიდი გზა განვლო აფრიკიდან ავსტრალიაში ჩასაღწევად, რომლის დროსაც ხდებოდა მრავალი ადგილის ათვისება და განამარხებული კვალის დატოვება. ეს მიგრაცია შესაძლოა ჩაითვალოს ზღვაოსნობის დასაბამად, რომლის დროსაც მოხდა ახალი კონტინენტის აღმოჩენა. ავსტრალია მეორედ 1606 წელს აღმოაჩინეს. ზოგიერთი ავტორი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ევროპელებმა ამ მიწებს მე-15 საუკუნეში მიაგნეს. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს ავსტრალია მე-15 საუკუნის 20-იან წლებში. სინამდვილეში მათ ავსტრალიასთან მდებარე რამდენიმე კუნძული ჰქონდათ აღმოჩენილი ხოლო ავსტრალიაზე ისინი სავარაუდოდ არ გადასულან. ეს თეორია ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა. მეორედ აღმოჩენისთვის, იქ ცხოვრობდა 300 000 დან 1 მილიონამდე ადამიანი, რომლებიც 500-მდე ტომში ერთიანდებოდნენ. მათ 200-სამდე სასაუბრო ენა გააჩნდათ, თუმცაღა დამწერლობა არ ჰქონდათ, მის მაგივრად ისინი სიმბოლიზირებულ სურათებს იყენებდნენ.

ჰომო საპიენსი ამერიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკის დატოვების შემდეგ ჰომო საპიენსი მთელს მსოფლიოს მოედო. თავისი კულტურისა და ადაპტაციის სწარი უნარით ჩვენი წინაპრები ადვილად ახერხებდნენ აეთვისებინათ ნებისმიერი ტერიტორია და გარდა ამისა არ ჯერდებოდნენ არსებულს, მუდამ ახლისა და უკეთესის ძიებაში იყვნენ. ამ ძიებისა და მიგრაციის პროცესში გადასახლდა ამერიკის კონტინენტზე ჰომო საპიენსი.

ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენა შესაძლებელი აღქმული იქნას როგორც მსოფლიოში ჩვენისახეობის, ჰომო საპიენსის, გავრცელების ერთ-ერთი ეტაპი. რასაკვირველია მათი ეს გადასახლება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ისინი მთელ თავის გზაზე ნიადაგსა თუ დროში ტოვებდნენ კვალს როგორც გენეტიკურ ისე განამარხებულ. ჰომო საპიენსმა აფრიკა დატოვა დაახლოებით 120-60 ათასი წლის წინ. აღმოჩენილი ნამარხების მიხედვით ამერიკა არის უკანასკნელი კონტინენტი სადაც ადამიანმა ფეხი დადგა ამ დიდი მიგრაციების პერიოდში.

მას შემდეგ რაც მე-16 საუკუნეში ამერიკის კოლონიზაციამ სწავლულების დიდი ყურადღება მიიპყრო გამოჩნდნენ სწავლულნი რომლებიც დაობდნენ ამერიკელი აბორიგენების საწყისზე და მათ წარმომავლობაზე. მათ შორის იყო ჯესიტ ჟოს დე აკოსტა და ჯორგ-ლუის ლეკლერდე ბუფონ. ეს ორი მეცნიერი იყო, რომლებიც სხვადასხვა თეორიების ავტორები არიან და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ამ ამ საკითხზე მუშაობაში. მე-20 საუკუნეში არა ერთი თეორია იქნა წამოყენებული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური თუ სხვა წყაროზე დაყრდნობით. მთავარ მიზეზად რის გამოც ადამიანები ამერიკისგენ დაიძრნენ, მიიჩნევა რომ იყო გამყინვარების პერიოდი. უფრო კერძოდ, ბოლო გამყინვარების პერიოდში: დაახლოებით 21 ათასი წლის წინ.

უკანასკნელი გამყინვარების დროს ზღვის დონე იყო მინიმუმ 120 მეტრით უფრო დაბალი ვიდრე ის დღეს არის. სწორედ ეს იყო მიზეზი აზიისა და ამერიკის ერთმანეთთან დაკავშირებისა. დამაკაშირებელი ხიდი იყო სახმელეთო, ბერინგის ტერიტორია, რომელიც დღეს ბერინგის სრუტის სახელით არის ცნობილი.

განამარხებულ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო გამყინვარების დროს, ფართო მიწის ზედაპირი იყო  ყინულისგან თავისუფალი. ამის გამო ამ ტერიტორიაზე საარსებოდ კარგი პირობები იყო. მცენარეებისა და ცხოველების ბევრი სახეობა ბინადრობდა ბერინგის ტერიტორიაზე და თავს კარგად გრძნობდა.

უფრო მეტიც, განამარხებული არტეფაქტები იძლევა იმის საშუალებას რომ ზემოთ ნახსენები დადასტურდეს. აღმოჩენილია ძუძუმწოვრების არაერთი არტეფაქტი რომლებიც სულ მცირე 32 ათასი წლით თარიღდება და ამ მიდამოებშია აღმოჩენილი. ცოტა უფრო მოგვიანებით არის აღმოჩენილი ალიასკასა და სიბერიაში  მცირე ზომის დანებისა და ნამწვავების კვალი რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ზემოთ აღნიშნლ თეორიას. (აღნიშნული ნაშთები 14-12 ათასი წლით არის დათარიღებული)

მიუხედავად ამისა, ადამიანთა პოპულაცია მაინც ვერ შეძლებდა სამხრეთ ალიასკამდე მიეღწია, რადგანაც ბოლო გამყინვარების დროს კორდილიერების გასწვრივ ტერიოტორიაზე უზარმაზარი ყინულის მასა იყო აღმართული. მიუხედავად ამისა, პალეოკლიმატური კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს შეეძლოთ წყნარი ოკიანის გასწვრივ გაჰყოლოდნენ სანაპიროს რომლის გზებიც 15 ათასი წლის წინ გაიხსნა და ადამიანები 13.5 ათასი წლის წინ დაიძვრნენ ამ მიმართულებით როცა ნელნელა ყინულმა გახლეჩვა დაიწყო.

მიგრაციის ჰიპოტთეზების ვიზუალიზაცია.jpg

პირველი არქეოლოგიური დასტური ადამიანის ამერიკის კონტინენტზე გადასვლისა აღმოჩენილ იქნა 1927 წელს ფოლსომში (Folsom), ნიუ მექსიკოში. სადაც შუბის წვერები  იპოვნეს  და ცოტა მოგვიანებით 1933 წელს ისევ ნიუმექსიკოში კლოვისში (Clovis) სადაც ისევ შუბისთავები იქნა აღმოჩენილი, ამჯერად მამონტის ნამარხთან ერთად. მომდევნო წლებში არაერთი აღმოჩენა გაკეთდა რომლებიც მეტყველებდა იმაზე, რომ 13.2-12.8 ათასი წლის წინანდელი მგომარეობიდან მხოლოდ 400 წელი დასჭირდა იმას რომ იქ კულტურა გაჩენილიყო.

იმავე არტეფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი ჯგუფები რომლებმაც ამერიკაში შეაღწიეს მონადირე-შემგროვებლები უნდა ყოფილიყვნენ. აღსანიშნავია ისიც რომ მათი ტექნიკა აზიურ ტექნიკას წააგავს რაც მათ აზიურ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

კლოვის აღმოჩენები ასევე იძლევა იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მასობრივად ნადგურდებოდა დიდი ცხოველები. დასტურდება რომ ამ პერიოდში 35 სახეობის ცხოველი გადაშენდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში რაც მეცნიერებს აძლევთ იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ეს იმ ადამიანების ნამოქმედარია რომლებიც ახალი დამკვიდრებულები იყვნენ ამ ტერიტორიებზე, ხოლო ამ მოდელს (მოსაზრებას) მასიური მკვლელობის მოდელს უწოდებენ.

მიუხედავად ამისა, ეს მოდელი ხშირად ხდება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც არ ჩანს იმის დამადასტურებელი ნამარხები რომ მამონტებისა და მასტოდონტების გარდა რაიმე სხვა სახეობა იყო მოკლული ადამიანის მიერ. ამას ისიც მოწმობს რომ სახეობები რომლებიც ისეთ არეებში ცხოვრობდნენ სადაც ადამიანს ვერ მიეღწია ისინიც გადაშენდნენ. ასე რომ ამ თეორიას ნაკლებად იზიარებენ დღევანდენ სამეცნიერო წრეებში.

ეს გადაშენება ჰიპოთეტურად შემდგომ გახდა მიზეზი იმისa, რომ ამერიკაში დაავადებები ნაკლებად იყო გავრცელებული. რის გამოც აბორიგენებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი გამომუშავებული ისეთი დაავადებების მიმართ როგორებიც ევროპაში იყო გავრცელებული. სწორედ ამან გამოიწვია მათი უეცარი სიკვდილი ევროპელების მიერ დაავადებების შეტანის შემდეგ.

კიდევ არსებობს ერთი მოდელი რომელიც მიგრაციას აღწერს ამერიკაში, ამ მოდელს ეწოდება სამ ტალღიანი მიგრაციის მოდელი (ტრიპლეტური მოდელი)

ეს მოდელი შემოთავაზებულია ლინგვისტი ჟოსეფ გრინბერგის (Joseph Greenberg) მიერ რომელმაც აბორიგენი ამერიკელების სასაუბრო ენები შეკრიბა და დაყო ისინი სამ ჯგუფად: ამერინდიანი, ნა-დენე, ესკიმო-ალეუტი (Amerindian, Na-dene (or Athabascan) and Eskimo-Aleut).. მისი აზრით ამ სამი ენაზე მოსაუბრე ჯგუფების ამერიკაში ჩასვლა სხვადასხვა დროს მოხდა. ამერინდიანების-11 ათასი წლის წინ,  ნა -დენეს წარმომადგენლები 9 ათასი წლის წინ, ესკიმო-ალეუტი კი - 4 ათასი.

ჰომო საპიენსის ლინგვისტური დანაწილება ამერიკაში.jpg

გარდა ამისა აბორიგენები კბილების მონაცემების საფუძველზე დაიყვნენ ასევე სამ ჯგუფად. (Eskimo-Aleuts, Greater Northwest Coast Indians and Macro-Indians). და ისევ გამოითქვა ვარაუდი, რომ ისინი ნაწილ-ნაწილ შევიდნენ ამერიკაში შესაბამისად 14- 6 ათასი წლის წინა პერიოდში.

როდესაც კლოვის აღმოჩენები მოხდა ამან ევროპელების დიდი ყურადღება მიიქცია. ევროპელი მეცნიერების უმრავლსობას სურდა, რომ ევროპა აღმოჩენილიყო ამერიკის საწყისი.  ამისათვის საკმაოდ საინტერესო ჰიპოთეზაც იქნა წამოყენებილი რომელიც მალევე ექსპერიმენტით შემოწმდა. ჰიპოთეზის მიხედვით შესაძლო იყო, რომ ამერიკაში ხალხი ევროპიდან ატლანტის ოკეანის გადაცურვით ჩასულყო, რა თქმა უნდა ეს იმ პირობებში როცა ზღვის დონე დაწეული იყო და გადასალახი მათ არც ისე ბევრი ჰქოდნათ თუმცა ეს ჰიპოთეზა მაინც რაღაც საფუძველს მოითხოვდა.

ექსპერიმენტატორმა ბრუს ბრედლიმ და დენის სტენფორდმა( Bruce Bradley, Dennis Stanford) გადაწყვიტეს, რომ ჰიპოთეზა გენეტიკური კვლევების მიხედვით შეემოწმებინათ. მათ მიერ ჩატარებული გენეტიკური კვლევებით ევროპელი და აღმოსავლეთ ამერიკელი აბორიგენების გენეტიკა შედარდა ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთულია მათ შორის მსგავსების დადგენა, თუმცა მაინც შესაძლებელი.  მაგრამ მათი აზიური წარმომავლობა უფრო მეტად სარწმუნოა იმავე სახის კვლევებზე დაყრდნობით რაც ეჭკვის ქვეშ აყენებს არსებულ ჰიპოთეზას.

მეოცე საუკუნის განმავლობაში უამრავი ადამიანის ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტზე. ამ ჩონჩხებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერები ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ. ანტროპოლოგების აზრით მეტად სავარაუდოა, რომ ეს ორი განსხვავებული ჯგუფი სხვადასხვა დროს შემოსულიყო ამერიკაში პირველ ჯგუფს რომლებიც დაახლოებით 16 ათასი წლის წინ შევიდნენ-პალეოამერიკელებს უწოდებენ, ისინი მონღოლოიდური შეხედულებისა უნდა ყოფილიყვნენ. მეორე ჯგუფი კი მოგვიანებით გადადის ამერიკაში.

როგორც აღინიშნა, ბევრი ჰიპოთეზა იქნა გამოთქმული იმის შესახებ თუ როგორ მოახდინა ადამიანმა ამერიკის კოლონიზაცია.

თანამედროვე გამოკვლევამ რომელსაც სწავლულების დიდი ჯგუფი ხელმძღვანელობდა გამოიკვლია 52 ჯგუფი აბორიგენი ამერიკელებისა, გენეტიკური კვლევის მეთოდებით. ამ კვლევებით გამოიყო ქვეჯგუფი, ე.წ პირველი ამერიკელები რომლებიც 15 ათასი წლის წინ შემოვიდნენ ამერიკაში, ამას გარდა გამოიყო მეორე ჯგუფიც რომელიც 10 ათასი წლის წინ შემოვიდა ამერიკაში და მე-3, კანადის მკვიდრი ნაწილი რომელიც თავისი წინაპრების გადმოსვლიდან 10 ჯერ უფრო გვიან გადმოსახლდნენ ამერიკაში.  

ეს სცენარი საინტერესო თანხვედრაშია ტრიპლეტური მიგრაციის მოდელთან რომელიც ლინგვისტიკაზე დაყრდნობით იქნა შემოთავაზებული. ასეა თუ ისე ეს სცენარი საგულისხმო ჩანს და მომავალში მეტ კვლევას იმსახურებს. რასაც ისეთი მეცნიერებები როგორებიც არიან: ძვლებისა და კბილების ანთროპოლოგია, მორფოლოგია, არქეოლოგია, პალეოეკოლოგია, ლინგვისტიკა აუცილებლად განავითარებენ და დახვეწენ.

მიუხედავად ამდენი თეორიისა ცალსახად შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა ამერიკის კონტინენტზე ჰომო საპიენსის მიგრაციისა. რომელთაც დამოუკიდებლად ყველა გარე კულტურისა მაინც შეძლეს შეექმნათ თავიანთი კულტურა რომელმაც დროს გაუძლო და თავისი განსხვავებულბით და დახვეწილობით აოცებს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dennis O'Neil - " Homo erectus "
  2. IAN TATTERSALL - " Out of Africa Again … and Again? " doi:10.1038/416045a
  3. Eitan TCHERNOV - "The Age of 'Ubeidiya Formation (Jordan Valley, Israel) and the Earliest Hominids in the Levant " - pg 63 - doi : 10.3406/paleo.1988.4455
  4. Phillip Vallentine Tobias - "Homo erectus"
  5. Susan C. Anton - "Evolutionary Significance of Cranial Variation in Asian Homo erectus" DOI: 10.1002/ajpa.10091
  6. Nature Publishing Group - "Postcranial evidence from earlyHomo from Dmanisi, Georgia" doi:10.1038/nature06134
  7. Paul Palmqvist - "A critical re-evaluation of the evidence for the presence of hominids in Lower Pleistocene times at Venta Micena, Southern Spain"
  8. Dennis O'Neil - "Early Modern Homo sapiens"
  9. Aurelio Marangoni1, David Caramelli2 & Giorgio Manzi1 - "Homo sapiens in the Americas. Overview of the earliest human expansion in the New World"
  10. W.R. Peltier - "On eustatic sea level history: Last Glacial Maximum to Holocene" pg 377-396
  11. Manzi, G.; Grimaldi, S.; Destro-Bisol, G.Source - " Modern human origin/s: fossil, genetic and archeological evidence. State of the art "
  12. R. Lee Lyman and Michael J. O’Brien - "A Mechanical and Functional Study of Bone Rods from the Richey–Roberts Clovis Cache, Washington, U.S.A."
  13. Andrew Kitchen, Michael M. Miyamoto, Connie J. Mulligan - A Three-Stage Colonization Model for the Peopling of the Americas doi:10.1371/journal.pone.0001596
  14. Gary Haynes - The Early Settlement of North America (The Clovis Era)
  15. J.M.Bowler,Rhys Jones - Pleistocene human Remains from Australia: A living site and human cremation from Lake Mungo, western New South by Wales doi:10.1080/00438243.1970.9979463
  16. Peter Forster and Shuichi Matsumura - Did Early Humans Go North or South? doi:10.1126/science.1113261
  17. G Barker, H Barton - The 'human revolution'in lowland tropical Southeast Asia: the antiquity and behavior of anatomically modern humans at Niah Cave (Sarawak, Borneo) doi:10.1016/j.jhevol.2006.08.011
  18. Toomas Kivisild and Peter A. Underhill - Revealing the prehistoric settlement of Australia by Y chromosome and mtDNA analysis doi:10.1073/pnas.0702928104
  19. Jane Balme - Of boats and string: The maritime colonisation of Australia doi:10.1016/j.quaint.2011.02.029
  20. First Migrants: Ancient Migration in Global Perspective by Peter Bellwood 2013
  21. Pedro Soares - The Archaeogenetics of Europe DOI: http://dx.doi.org/10.1016/j.cub.2009.11.054
  22. Jan Jelinek - Neanderthal Man and Homo sapiens in Central and Eastern Europe
  23. National Geographic -The Human Journey : Migration Routes
  24. The First Modern Humans in Europe
  25. Trenton W. Holliday - Body proportions in Late Pleistocene Europe and modern human origins DOI: 10.1006/jhev.1996.0111
  26. Peter Bellwood –“First Migrants- Ancient Migration in Global Perspective” WILEY BLACKWELL. P 58-67
  27. Dr. Alice Roberts- “Evolution- The Human Story” DK publishing. P 174-187
  28. Robin Derricourt- “Getting “Out of Africa”: Sea Crossings, Land Crossings and Culture in the Hominin Migrations” -Published online: 7 July 2006
  29. Simon James Armitage, Anthony E Marks, Adrian G Parker, Hans-Peter Uerpmann- “The Southern Route ‘Out of Africa’: Evidence for an Early Expansion of Modern Humans into Arabia”- “Science” 
  30. Genetic evidence of an early exit of Homo sapiens sapiens from Africa through eastern Africa
  31. Lluís Quintana-Murci1,5, Ornella Semino1, Hans-J. Bandelt2, Giuseppe Passarino1,3, Ken McElreavey4 &A.Silvana Santachiara-Benerecetti1
  32. Robin Dannel, Michael D. Petraglia –“ The dispersal of Homo sapiens across southern Asia: how early, how often, how complex?” university of oxford, university of Sheffield. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]