ადოლფი (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადოლფი
Adolf, 1526-1586, hertig av Holstein-Gottorp - Nationalmuseum - 15979.tif
გერბი Coat of arms of Adolf, Duke of Holstein-Gottorp, KG.png
წინამორბედი კრისტიან III
მემკვიდრე ფრედერიკ II
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დაიბადა 25 იანვარი, 1526
გარდაიცვალა 1 ოქტომბერი, 1586, (60 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) კრისტინა ჰესენელი
შვილ(ებ)ი ათი შვილი
მამა ფრედერიკ I, დანიის მეფე
დედა სოფია პომერანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ადოლფ დანიელი (დან. Adolf af Danmark; დ. 25 იანვარი, 1526 — გ. 1 ოქტომბერი, 1586) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი და ამავე სახელწოდების დინასტიური ხაზის დამაარსებელი. დანიის მეფე ფრედერიკ I-ისა და დედოფალ სოფია პომერანიელის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადოლფი დაიბადა 1526 წლის 25 იანვარს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ სოფია პომერანიელის შუათანა ვაჟი. 1533 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ნახევარ-ძმა კრისტიან III ავიდა. კრისტიანმა 1544 წლის 23 მაისს, ადოლფსა და მის ძმას, ჰანსს ჰოლშტაინის მხარე უბოძა და გადაუნაწილა: ადოლფს ჰოლშტაინ-გოტორპი შეხვდა, ჰანსს კი შლეზვიგ-ჰოლშტაინი.

1544 წელს დიდებულებს შორის ჰოლშტაინ-გოტორპსა და შლეზვიგ-ჰოლშტაინის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო. საბოლოოდ ჰანსს, როგორც უფროსს, საზღვრების გადანაწილებისას უპირატესობა მიენიჭა და უფრო დიდი სამფლობელო ერგო. ასევე აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, დაზუსტებული საზღვრები მაინც ვერ დაადგინეს და ორი ძმის საჰერცოგოებს რამდენიმე საზიარო ქალაქი ჰქონდა, რომლებიც ორივეს ექვემდებარებოდა.

ამის შემდეგ, ადოლფი ფლობდა შემდეგ წოდებას „ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, გოტორპისა, დიტმარშისა და სტორმარნისა“. სულ მალე, ადოლფმა ოლდენბურგების დინასტიის საკუთარი, ჰოლშტაინ-გოტორპელთა დინასტიაც კი დააარსა, რომლის გაგრძელებაც იყო რომანოვების დინასტია, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მართავდა რუსეთს.

1559 წელს კრისტიან III გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი, ფრედერიკ II ავიდა, რომელმაც 1580 წელს უცოლ-შვილო ჰანსის მთელი მიწები ადოლფს გადაულოცა. 1586 წლის 1 ოქტომბერს, 60 წლის ადოლფი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უზარმაზარი საჰერცოგო დროებით ფრედერიკ II-მ დაიკავა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგოს ტახტი ადოლფის ვაჟს, ჰანს ადოლფს დარჩა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1564 წლის 17 დეკემბერს, ადოლფმა ცოლად შეირთო ჰესენის ლანდგრაფ ფილიპე I-ის ასული კრისტინა ჰესენელი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი:

  1. ფრედერიკ II (1568-1587), შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. სოფია (1569-1634), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ იოჰან VII-ს;
  3. ფილიპე (1570-1590), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. კრისტინა (1573-1625), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე კარლ IX-ს;
  5. ელიზაბეთი (1574-1587), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. ჰანს ადოლფი (1575-1616), ანას ტყუპისცალი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ავგუსტა დანიელი და შეეძინა შვილებიც;
  7. ანა (1575-1625), ჰანს ადოლფის ტყუპისცალი, ცოლად გაჰყვა ოსტფრიედსლანის გრაფ ენო III-ს;
  8. კრისტიანი (1576-1577), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. აგნესი (1578-1627), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  10. ჰანს ფრედერიკი (1579-1634), ბრემენის, ვერდენისა და ლიუბეკის ეპისკოპოსი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rolf Kuschert: Die frühe Neuzeit, in: Nordfriisk Instituut (Hrsg.) Geschichte Nordfrieslands, Heide Boyens & Co 1995. ISBN 3-8042-0759-6
  • Gesellschaft für Schleswig-Holsteinische Geschichte, Neumünster: Wachholtz, 2008, pp. 73-109, here pp. 87seq. ISBN 978-3-529-02606-5
  • Karl Jansen (1875), "Adolf, Herzog von Schleswig-Holstein", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 1, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 111–113
  • Hermann Kellenbenz (1953), "Adolf I., Herzog von Schleswig-Holstein", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 1, Berlin: Duncker & Humblot, p. 86