ადვენტისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადვენტიზმი (ლათ. adventusმოსვლა) — ქრისტიანობის რამდენიმე პროტესტანტული მიმდინარეობის ერთობლივი სახელწოდება, რომლებსაც აერთიანებს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის სიახლოვის რწმენა.

ადვენტიზმი, როგორც რელიგიური მოძრაობა, დაფუძნებულია ქრისტიანობაში არსებულ ესქატოლიგიურ მოლოდინებზე და უშუალოდ წარმოიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის დასაწყისში პროტესტანტებს შორის რელიგიური გამოღვიძების (მეორე დიდი გამოღვიძება) შედეგად. ბაპტისტმა ფერმერმა და მქადაგებელმა უილიამ მილერმა ბიბლიის წინასწარმეტყველებების (კერძოდ, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-8 თავის მე-14 მუხლის) გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდებოდა 1843-1844 წლებში. 1830-იანი წლების დასაწყისში მან გამოაქვეყნა სტატიები თავისი გამოთვლების შესახებ, რასაც მოყვა დიდი გამოხმაურება სხვადასხვა რელიგიურ წრეებში. აშშ-ში დაახლოებით 50-100 ათასი ადამიანი მხარს უჭერდა მილერის წინასწარმეტყველებას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. მოლოდინი დასრულდა 1844 წლის 22 ოქტომბერს (განკითხვის დღეს ებრაული კალენდრის მიხედვით) დიდი იმედგაცრუებით, რომლის შემდეგ ადვენტიზმი მიატოვა მრავალმა ადამიანმა. დარჩენილი ადვენტისტებიდან უმეტესობამ უარყო ამ თარიღის რაიმე წინასწარმეტყველური (ბიბლიური) მნიშვნელობა, თუმცა მათ მაინც სწამდათ ქრისტეს მეორედ მოსვლის სიახლოვე. რაღაც ნაწილს, ვინც ეთანხმებოდა მილერის გათვლების სისწორეს, სწამდათ, რომ ქრისტე მოვიდა, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, არამედ „სულიერად“. ხოლო ადვენტისტთა პატარა უმცირესობა მიიჩნევდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა 1844 წლის 22 ოქტომბერს, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები მოვლენა (საწმიდრის გაწმენდა) იყო არასწორად ახსნილი. ეს უმცირესი ჯგუფი განვითარდა და საბოლოოდ 1863 წელს ორგანიზაციულად ჩამოყალიბდა როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს ადვენტისტებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვან მიმდინარეობას. სახელწოდების პირველი ნაწილი — „მეშვიდე დღის“ — გულისხმობს შაბათი დღის საუფლო დღედ აღიარებას მეოთხე მცნების თანახმად (გამოსვლა 20:8-11).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]