ადელ ჰიუგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადელ ჰიუგო
Adèle Hugo.jpg
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1930
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1915 (84 წლის)
სიურენი საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საქმიანობა დღიურის ავტორი
მშობლები მამა: ვიქტორ ჰიუგო
დედა: ადელ ფუშე

ადელ ჰიუგო (ფრ. Adèle Hugo) (24 აგვისტო, 1830, პარიზი —21 აპრილი, 1915, სიურენი) - ადელ ფუშეს და ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელი ოჯახში მეხუთე შვილი იყო, ორი ქალიშვილიდან უმცროსი და ერთადერთი, ვინც თავის სახელგანთქმულ მამაზე დიდხანს იცოცხლა.  არამყარი ფსიქიკური მდგომარეობის გამო 1872 წლიდან მან მრავალი წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში.

ადელი ძალიან ლამაზი იყო, ამავე დროს - ნიჭიერი პიანისტი. მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზულად იმოქმედა ორი გარემოებამ: უფროსი დის გარდაცვალებამ (19 წლის ლეოპოლდინა გარდაიცვალა 1843 წელს იახტაზე ნაოსნობის დროს) და მგზნებარე, მაგრამ უპასუხო სიყვარულმა ინგლისელი ოფიცრის მიმართ.[1]

ადელს ფსიქიკური არასტაბილურობის ნიშნები 26 წლის ასაკში  დაიწყო (რაც ჰიუგოს ოჯახისათვის არ იყო პირელი შემთხვევა: ვიქტორ ჰუგოს ძმამ ეჟენმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე 1837 წელს „შეძენილი იდიოტიზმის „დიაგნოზით. ადელს სჯეროდა, რომ მისი და ლეოპოლდინა, რომელიც თაფლობის თვეში ტრაგიკულად დაიხრჩო, მასთან სულიერ კონტაქტს ინარჩუნებდა. შესაძლოა, ამაზე გავლენა მოახდინა ადელის მშობლების გატაცებამ სპირიტიზმით, რომელის სეანსები  მათ გოგონას გაგიჟებამდე  რამდენიმე წლით ადრე ჩაატარეს.

1852 წელს ადელი მამას გაჰყვა დევნილობაში კუნძულ გერნზზე, მაგრამ იქ  დეპრესიის გამწვავების გამო იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებულიყო სამკურნალოდ 1858 წელს.

1861 წელს ინგლისში მოგზაურობის დროს ადელი შეხვდა ინგლისელ ოფიცერს ალბერტ პინსონს. დანამდვილებით არავინ იცოდა, იყო თუ არა იგი უგულო ადამიანი, რომელმაც გოგონა მოატყუა, მაგრამ ადელმა მაშინვე მტკიცედ დაიჯერა, რომ შეხვდა თავისი ცხოვრების მამაკაცს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარული უპასუხო იყო. ადელს ვერც სილამაზე დაეხმარა და ვერც მამის დიდებამ იქონია გავლენა ოფიცერზე.[2]

როდესაც პინსონი  ჰალიფაქსში გადაიყვანეს სამსახურში (კანადა), ადელი მას მშობლებისგან ფარულად გაჰყვა. (მოგზაურობის საფასურის გადასახდელად დედის სამკაული მოიპარა.

სამი წლის განმავლობაში, რაც ადელი ჰალიფაქსში იმყოფებოდა, იგი ყველას უყვებოდა, რომ ოფიცერზე დანიშნული იყო, მაგრამ საქმროს ოჯახი მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ.  იგი ირწმუნებოდა, რომ მან პინსონისგან მკვდარი  ბავშვი გააჩინა (ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს) და, ბოლოს, მის ძმას ფრანსუა-ვიქტორს გაუგზავნა წერილი, სადაც ეწერა, რომ იგი დაქორწინდა ალბერტზე. გარკვეული ეჭვების მიუხედავად, ადელის ნათესავებმა ქორწილის შესახებ  გაზეთში გამოაქვეყნეს იფორმაცია კუნძულ გერნსიზე . მოგვიანებით, ადელმა ძმასთან აღიარა, რომ ქორწილი არ ყოფილა, მაგრამ კვლავ იმედი გამოთქვა, რომ ქორწინება შედგებოდა. მან ჰიპნოზიორიც კი დაიქირავა, რომ ალბერტს თანხმობა განეცხადებინა.

ფრანსუა-ვიქტორმა ადელს შესთავაზა "განქორწინება" პინსონთან და საფრანგეთში დაბრუნება, მაგრამ ადელი უარზე იყო. ამასობაში პინსონმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსამართლის ქალიშვილს ირთავდა ცოლად. ადელმა აიძულა  ადვოკატები მოსამართლესათვის მიეწერათ, რომ ადელი იყო ალბერტის ცოლი. ამის შემდეგ  პინსონის ნიშნობა გადაიდო.

1866 წელს პინსონი გადაიყვანეს ვესტ- ინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე, ადელიც მას გაჰყვა. კუნძულებზე მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. ადელი დაჟინებით მოითხოვდა მისთვის "მადამ პინსონი" დაეძახათ. თვითმხილველები მას აღწერდნენ,  როგორც "სევდიანს, შელახული სამოსით, რომელიც არ იყო შესაფერისი ტროპიკული კლიმატისთვის". იგი მუდმივად წერდა რაღაცებს, დახეტიალობდა ქუჩებში. ბავშვები ქვებს ესროდნენ, ამიტომ  გარეთ სიბნელეში ამჯობინებდა გასვლას.[3]

1872 წელს ადელი საფრანგეთში ჩაიყვანეს.  ეს იყო ძალიან სევდიანი დაბრუნება  - მამის გარდა, ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი იყო. ადელმა საერთოდ დაკარგა განსჯის უნარი. მან მთელი დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. მამამისი  პერიოდულად სტუმრობდა მას, სანამ თავად გარდაიცვლებოდა 1885 წელს. ადელ ჰიუგო გარდაიცვალა 1915 წელს, ის ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა  ყოფილი სილამაზის კვალი.

რამდენიმე წლის განმავლობაში ადელი აწარმოებდა დღიურებს, რომლებიც შემდგომში გამოქვეყნდა. მათში  განსაკუთრებით დეტალურადაა აღწერილი მისი ოჯახის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები ჯერსიდან  კუნძულ გერნზზე გადასახლების წლებში.[4]

1975 წელს ფრანსუა ტრიუფომ ადელის დღიურებზე დაყრდნობით გადაიღო მხატვრული  ფილმი „ადელ ჰ-ის ისტორია“. ფილმში ადელის როლს იზაბელ აჯანი ასრულებს.

პოპულარულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელდა ტერმინი "ადელის სინდრომი", რომელიც აღწერს მგზნებარე უპასუხო პლატონური სიყვარულის შემთხვევებს, მაგრამ ეს "სინდრომი" არ შედის DSM-IV კლასიფიკაციაში და სხვა არაფერია თუ არა ლიტერატურული მეტაფორა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Andrew Frey. Hugo, Adèle // A Victor Hugo Encyclopedia. — Greenwood Publishing Group, 1999. — P. 129−131.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cudjoe, Selwyn Reginald (2003). Beyond Boundaries: The Intellectual Tradition of Trinidad and Tobago in the Nineteenth Century. University of Massachusetts Press. pp. 312–14. ISBN 9781558493919.
  2. Carl Sandburg Collections (University of Illinois at Urbana-Champaign Library) (1977). Horizon: 38, 40.
  3. Frey, John Andrew (1999). A Victor Hugo Encyclopedia. Greenwood Publishing Group. pp. 129–30. ISBN 9780313298967.
  4. Eldrige, Alana (2003) "Adèle Hugo: A Bibliographical Note". Nineteenth-Century French Studies. 32: 138–143.doi:10.1353/ncf.2003.0045. S2CID 191526966.[მკვდარი ბმული]