ადამონ ნიხასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ ტერმინს. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ადამონ ნიხასი (რუს. Адамон Ныхас (АН), ოს. Адæмон Ныхас — „სახალხო კრება“) — სეპარატიზმის ხელშემწყობი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, შექმნილი 1988 წლის ნოემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის ისტორია დაიწყო სტუდენტური კლუბი „ნიხასით“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედინსტიტუტის ენათმეცნიერი ზ. ბიტარტი. 1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები: აფხაზეთში „აიდგილარა“, ხოლო სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“. მას შემდეგ რაც „ადამონ ნიხასის“ სათავეში ჩაუდგა ამავე ინსტიტუტის ლექტორი ალან ჩოჩიევი, ორგანიზაციამ მეტწილად დაიწყო პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება.

1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რაც გულისხმობდა ქართული ენის გავრცელებას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ „ნიხასი“ გახდა საპროტესტო განწყობის ცენტრი, რომელშიც ჩართული იყო არა მარტო ინსტიტუტი, არამედ ზოგადად სამხრეთ ოსეთის აო-ს საზოგადოების წარმომადგენლებიც.

ოქტომბრიდან „ადამონ ნიხასმა“, გამართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება[1].

10 ნოემბერს, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის საპასუხოდ შედგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესია, რომელზედაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: საოლქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის შესახებ; ოსური ენის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ცვლილების შესახებ[2]. გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელთა მუქარით და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ განსაზღვრა 25 ნოემბერი. მიუხედავად აღნიშნულისა „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც გაიმართა 10 ნოემბერს. სესია ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლის თანახმად სესიის ჩატარების დრო, ადგილი, აგრეთვე განსხილველად შესატანი საკითხები საოლქო საბჭოს აღმასკომს დეპუტატებისა და მოსახლეობისათვის ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობინებინა, მით უმეტეს, როდესაც სესიაზე წყდებოდა ავტონომიური ოლქის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი.

23 ნოემბერს დაიგეგმა ქართველი საზოგადოებრიობის მშვიდობიანი მიტინგი ცხინვალში, თუმცა ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მოითხოვდნენ მიტინგის გადადებას. ცხინვალის ქართველი მოსახლეობის მოთხოვნითა და თხოვნით მიტინგი არ გადაიდო. 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა და 140 მოათავსეს საავადმყოფოში.

1990 წლის ზაფხულში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც „ადემონ ნიხასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

სექტემბერში გამოცხადდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო დეკემბერში ჩატარდა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ახლადარჩეული სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტი უმთავრესად დაკომპლექტდა “ადამონ ნიხასის“ წევრებით. სწორედ მაშინ დაიწყო ორგანიზაციის რიგების შეთხელება და მალევე დაიშალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]