ადამი (ახალაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადამი
არქიმანდრიტი
არქიმანდრიტი ადამი, ვახტანგ ახალაძე.jpg
არქიმანდრიტი ადამი
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი ვახტანგ მიხეილის ძე ახალაძე
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1962 (1962-03-01) (57 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
მშობლები მამა – მიხეილ ახალაძე
დედა - ნუნუ თევზაძე

არქიმანდრიტი ადამი (ერისკაცობაში ვახტანგ მიხეილის ძე ახალაძე; დ. 1 მარტი, 1962, ბათუმი, აჭარის ასსრ) — საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, პოეტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. არქიმანდრიტი, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის (თამარწმინდის) სულიერი მოძღვარი. საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჟურნალ „ქართული ალმანახის“ მთავარი რედაქტორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, გლობალური ფონდის საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM), რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს (2012 წლამდე), დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის, უკრაინის ავტონომიური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ბიოეთიკის კომიტეტის წევრი (უცხოელი ექსპერტი) და სინოდალური განყოფილების „ეკლესია და მედიცინის“ ექსპერტი-კონსულტანტი (2008–2014 წწ.). 9 წიგნის (მათ შორის ორი მონოგრაფიის, სამი სამეცნიერო-პოპულარული წიგნის, ორი პოეტური და ორი ლიტერატურული კრებულის), 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 140-ზე მეტი მხატვრული და პუბლიცისტური სტატიის ავტორი. ანგელოზის დღე – წმიდა მამამთავართა (ქრისტეშობის დღესასწაულის მეორე წინა) კვირას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1962 წლის 1 მარტს ბათუმში, მოსამსახურის ოჯახში. მოინათლა ჩვილობაში. სახელი მიენიჭა წმინდა დიდი კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასალის პატივსაცემად. მამა – მიხეილ ნოეს ძე ახალაძე (1934–2001) სხვადასხვა დროს იყო მეზღვაური, მძღოლი, ტექნიკოსი, სამეურნეო სამსახურის გამგე. დედა – ნუნუ იაკობის ასული თევზაძე (1933–2003), აღიკვეცა სამონაზვნე წესით 2003 წლის 8 სექტემბერს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტის ანდრიას მიერ და ეწოდა სახელი ანასტასია. პროფესიით იყო ეკონომისტი, სამრეწველო საქონელმცოდნე, 1937 წელს მამის – იასონ (იაკობ) გრიგოლის ძე თევზაძის დახვრეტის შემდეგ ზრდიდა მარტოხელა დედა – ოლღა სიმონის ასული ჩხიკვაძე (1912, სოფ. ობჩა, ქუთაისის მაზრა – 1990, ქ. ბათუმი), რომელსაც არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა მამა ადამმა; და – ენძელა (დ. 1956), მხატვარი, ძმა – თამაზი (დ.1959), იურისტი, ფილოლოგი, ბიზნესმენი. შვილი – მიხეილ (თემურ) ახალაძე-ფედიაევი (დ. 1986, მოსკოვი) გარდაიცვალა საგზაო-სატრანსპორტო ავარიის შედეგად 1915 წლის 3 აგვისტოს, დაკრძალულია შინდისის დედათა მონასტერში (თამარწმინდაში). იქვე არიან დაკრძალულნი მამა ადამის მშობლებიც. 1968-1978 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის 23-ე საშუალო სკოლაში. იყო ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა კლუბის პრეზიდენტი, მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის დირექტორი, ხელნაწერ ჟურნალ „მერცხალის“ რედაქტორი (პედაგოგი აფროდიტა იმნაძე). ამ პერიოდში პირველად ქვეყნდება მისი მოთხრობა გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ მიერ დაბეჭდილ ახალგაზრდა ავტორთა კრებულში „ცისარტყელა“. ამავე დროს მონაწილეობდა ბათუმის ნორჩ ნატურალისტთა სადგურის სუბტროპიკთა წრის მუშაობაში, სადაც შეასრულა პირველი სამეცნიერო შრომა „ხელოვნური დაჩრდილვის გავლენა მანდარინ „უნშიუს“ მოსავლიანობასა და მასში მიმდინარე სასიცოცხლო-ფიზიოლოგიურ პროცესებზე“ (ხელმძღვანელი ნათელა დუმბაძე).

განათლება:

  • 1968–1978 ქალაქ ბათუმის 23–ე საშუალო სკოლა;
  • 1978–1984 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი;
  • 1979–1981 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სამეცნიერო ინფორმატიკისა და ჟურნალისტიკის განყოფილება;
  • 1984 წლის ოქტომბერი – 1986 წლის სექტემბერი აკადემიკოს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტი, მოსკოვი კლინიკური ორდინატურა სპეციალობით „გულ-სისხლძარღვთა ქირურგია“;
  • 2013 წლის ოქტომბერი ილიას უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტურა კულტურის კვლევების მიმართულება;
  • 2014 წლის ოქტომბერი ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტი, ქალაქი კონსტანცა, რუმინეთი თეოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურა.

საეკლესიო მსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს იწყებს მუშაობას ექიმად საქართველოს საპატრიარქოში, ინიშნება საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო საბჭოს წევრად (1999 წლამდე). 2000 წლის 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა სიონის საკათედრო ტაძრის სტიქაროსნად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში სულიერმა მოძღვარმა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა (ამჟამად რუსთველი მიტროპოლიტი იოანე) – მედავითნედ. ამავე დროს 1994 წლიდან იყო დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების „დაღუპულთა მისაგებელისა“ და „ღვთისმოყვარის“ სახელობის მონასტრის წინამძღვრის, სქემიღუმენია სერაფიმა დიაჩენკოს მორჩილებაში. 2004 წლიდან ცხოვრობდა თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში. მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა (ამჟამად არქიმანდრიტმა) ბართლომემ (ფირცხალაიშვილმა) 2004 წლის 26 იანვარს აღკვეცა მორჩილად და უწოდა სახელი ზაბულონი წმინდა მოციქულთასწორი ნინო კაპადოკიელის მამის პატივსაცემად (ხსენება 2 ივნისს), ხოლო 4 აპრილს – ბერად და უწოდა სახელი წმინდა და მართალ მამამთავარ ადამის პატივსაცემად. იმავე წლის 8 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვანი|იეროდიაკვნად]], ხოლო 19 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის მამათა ლავრის საკათედრო ტაძარში – მღვდელმონოზვნად და საეკლესიო მსახურებისთვის გამწესებულ იქნა ამავე ლავრაში. ეს იყო მღვდელმსახურის პირველი ხელდასხმა ახალაშენებულ სამების საკათედრო ტაძარსა და ლავრაში. 2005 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრისა და ენქერის ტარების უფლებით. 2008 წლის 21 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში და უბოძა მიტრისა და განმშვენებული ჯვრის ტარების უფლება. 2012 წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააჯილდოვა ორი განმშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.2009 წლის 24 მაისს დაინიშნა თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1984 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა და სწავლა განაგრძო კლინიკურ ორდინატურაში მოსკოვში, ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში სპეციალობით „გულ-სისხლძარღვთა ქირურგია“. 1990 წელს იქვე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „პირიტრამიდი, როგორც ზოგადი ანესთეზიის ანალგეტიკური კომპონენტი ხელოვნური სისხლისმიმოქცევის პირობებში ჩატარებული ოპერაციების დროს გულის თანდაყოლილი მანკებით დავადებულებში“. 1991 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა განაგრძო აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის კლინიკაში (2004 წლამდე). 2003 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ბიოეთიკის გენეზისი და მისი როლი ბიომედიცინისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების თანამედროვე ეტაპზე“. მამა ადამი სხვადასხვა დროს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა უნივერსიტეტ „საქართველოში“, თბილისის სასულიერო აკადემიის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო, საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამჟამად არის სრული პროფესორი. კითხულობს ლექციებს რამდენიმე დისციპლინაში: ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა, ბიოეთიკა, ქრისტიანული, სამედიცინო და ბიოეთიკური ანთროპოლოგია, ავადმყოფის მოვლა, მოწყალების დის საქმე. 1999-2005 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი იყო (მიჰყავდა ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, ინტენსიური თერაპიისა და ტოქსიკოლოგიის კურსი). 2003 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონტროლო რედაქციის გამგე (2008 წლამდე). 2006 წლის სექტემბერში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით დაინიშნა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორად. 2007 წლის 5 ნოემბერს დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი წვლილისათვის.

იგი არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი. ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენელთა (ჭაბუა ამირეჯიბის, ბესიკ ხარანაულის, ელგუჯა ბერძენიშვილის, თამარ ჯავახიშვილის, თამაზ ჩხენკელის და სხვათა) დახასიათებით, მამა ადამმა „არაჩვეულებრივად შეძლო უნივერსიტეტის მრავლგანზომილებიანი სივრცის მართვა, როგორც ფართო მეცნიერული ერუდიციის პროფესიონალმა, საქმისათვის თავდაუზოგავმა პიროვნებამ. მან წარმატებით განხორციელა არსობრივი ცვლილებები ერთდროულად სამეცნიერო, სასწავლო და ორგანიზაციულ სფეროებში“.

სამეცნიერო მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ადამის მეცნიერული კვლევის სფეროებია: ბიოეთიკა, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თეორია, ფილოსოფია და ისტორია, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება, კანონიკური სამართალი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართება, სოციალური ეთიკა, ქრისტიანული, სამედიცინო და კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური და პრევენციული მედიცინა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, მედიცინის სამართალი და იურიდიული მედიცინა, სამედიცინო და სოციალური ფსიქოლოგია, სამედიცინო განათლების პედაგოგიკა, კულტურის კვლევები, კულტურათშორისი ურთიერთობანი, კროსკულტურული პოლილოგი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევები, მეხსიერების კვლევები, ტრანსდისციპლინური კვლევები. 2010-2014 წლებში საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მოამზადა და ჩაატარა, ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკური ეკლესიის ერთობლივი ეგიდით, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მონაწილეობით, ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: სუროგატული დედობა, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების სულიერ-ზნეობრივი პრობლემები, ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიების ბიოეთიკა, ოჯახის ეთიკა და სხვ. 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პრევენციული მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად. 2009 წლის 3 ივნისს აირჩიეს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად. 2014 წლის 10 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრად. 2009 წლის 12 მარტს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორად. 2012 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2012 წლის 19 აპრილს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის – სამედიცინო და ფარმაცევტული სამართალი, ბიოეთიკა და სოციალური პოლიტიკა (კიევი, უკრაინა, 2012, 19–22 აპრილი) – საორგანიზაციო კომიტეტმა დააჯილდოვა სიგელით სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2011 წელს გაიმარჯვა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსში პროექტით – „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“; 2012 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის საკონფერენციო გრანტი ახმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისათვის – „საქართველო და თურქეთი: კულტურულ ურთიერთობათა ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივები“ (იყო ამ საგრანტო პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელი). მამა ადამი გულდასმით იკვლევს სახელმწიფოსა და ეკლესიის თანაშრომლობის ოპტიმალურ მოდელს ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პოლიტიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში. მას ღრმად აქვს გააზრებული არა მარტო თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები, არამედ აუცილებლობაც, შემუშავდეს ადაპტაციის ღონისძიებები ჩვენი ქვეყნის სოციალურ-კულტურული და პოლიტიკური გადარჩენისათვის, განისაზღვროს საქართველოსა და ქართული კულტურის ადგილი და მნიშვნელობა მსოფლიო ცივილიზაციის კონტექსტში. არის 2 მონოგრაფიის, 3 სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა და 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საზოგადოებრივ-ლიტერატურული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერდა ბავშვობიდან. იყო ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა კლუბის პრეზიდენტი და ხელნაწერ ჟურნალ „მერცხალის“ რედაქტორი. ამ პერიოდში პირველად ქვეყნდება მისი მოთხრობა „ყაყაჩო“ გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ მიერ დაბეჭდილ კრებულში (1978). სტუდენტობისას თანამშრომლობს ინსტიტუტის გაზეთ „მედიცინის მუშაკში“, „ახალგაზრდა ივერიელში“, ხოლო მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ – ჟურნალ „საქართველოს ქალში“, საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე და სხვ. რამდენიმე ლიტერატურული გამოცემის რედაქციაში უშედეგო მცდელობის შემდეგ, გამოექვეყნებინა ლექსები, წერს თავისთვის და მხოლოდ 2012 წელს აქვეყნებს პირველ კრებულს სახელწოდებით „მარადისობის მონატრება შებინდებისას“ ემზარ კვიტაიშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით, რასაც სულ მალე მოჰყვა მეორე კრებული „ორმოცი ლექსი“ დავით წერედიანის წინასიტყვაობით. ამის შემდეგ იბეჭდება „ლიტერატურულ პალიტრაში“, „ჩვენს მწერლობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „ჭოროხში“, „ანეულში“, „რუსკი კლუბში“, „ქართულ ალმანახში“... აქვეყნებს კიდევ ორ წიგნს – „სოხუმის ქუჩაზე“ (2014) და „მე რომ ახლა ხელი შემახოს აწმყომ“ (2015). მისი წინასიტყვაობით გამოდის ესმა ონიანისა და ემზარ კვიტაიშვილის პოეტური კრებულები, აქვეყნებს წერილებს ლევან გოთუასა და ჯემალ თოფურიძეზე, წერს ესსეებს გიორგი მერჩულესა და გრიგოლ ხანძთელზე, დავით კლდიაშვილზე, ნოდარ დუმბაძეზე, ანა კალანდაძეზე, თამაზ ჭილაძეზე, ელა გოჩაშვილზე, ნატა ვარადაზე... 2013 წლის 1 მარტს ხელოვნების აკადემიამ (თბილისი, საქართველო) მიანიჭა საერთაშორისო პრემია „ოქროს ART-ი“ წიგნისათვის „მარადისობის მონატრება შებინდებისას“. 2014 წლის 22 აპრილს ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ 2014 წლის ლაურეატობა მიანიჭა ქართული საერო და სასულიერო პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2014 წლის 8 ნოემბერს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო საზოგადოება „ჩვენი საუნჯის“ ქართული ლიტერატურული პრემია „აკაკი წერეთლის ორდენის“ მიმნიჭებელმა საბჭომ გამოაცხადა 2014 წლის ლაურეატად „თვითმყოფადი პოეტური ენით შექმნილი ლექსებისათვის, რომლებიც ამქვეყნიური და ზესთასოფლიური სილამაზისა და ტკივილის შეგრძნებისა და თანაგანცდის შედეგადაა დაბადებული“.

2001 წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი“. ამ ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა მოწყალების დების სასწავლებელს, რომლის ბაზაზედაც 2006 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასთან დააარსა წმინდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტი. 2005 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სულიერი და სოციალურ–კულტურული განვითარების ფონდი „თამარის დროშა“. არჩეულია ჟურნალების „Georgian Medical News“-ის (საქართველო–აშშ), „Elpis“-ის (ვარშავა, პოლონეთი), „ლოგოსის“ (თბილისი, საქართველო) და „ქაროზის“(თბილისი, საქართველო) რედკოლეგიების წევრად. 2013 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექსპერტთა საბჭოს წევრად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში. მამა ადამმა თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართული ხელოვნების სახლის დაარსებაში სტამბოლში, ეხმარება ქართული ენის შემსწავლელ ცენტრებს, თანამშრომლობს ქართული და კავკასიური კულტურის ცენტრებთან თურქეთის რესპუბლიკაში. 2016 წელს დააარსა მიხეილ ახალაძის სახელობის ფონდი „მამაშვილობა“. აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.

2015 წელს დააარსა სამეცნიერო-ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემა „ქართული ალმანახი“, რომლის მთავარი რედაქტორიცაა 2016 წლიდან. ალმანახის რედკოლეგიის წევრები არიან: ემზარ კვიტაიშვილი, ბერნარ უტიე, დავით წერედიანი და ლეილა გეგუჩაძე. სტილისტ-რედაქტორი ელენე სალარიძე; მხატვარი გოგი წერეთელი; არტრედაქტორი ირაკლი ოქიტაშვილი; ISSN 2449-2485; თბილისი, 2016 წელი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საეკლესიო სამედიცინო კალენდარი – 2000', თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, მართლმადიდებელ ქრისტიან ინვალიდთა კავშირი, – 2000. - 374გვ.
  • დაბადებამდელი ბავშვობის სიხარული და მწუხარება', (ორსულობისა და მუცლადყოფნის ხანის ბიოეთიკური პარადოქსები). – თბ.: ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი, სულიერი და სოციალურ–კულტურული განვითარების ფონდი „თამარის დროშა“. – 2007 (შპს „პოლიგრაფი“). – 161გვ. – („თამარის დროშის“ ბიბლიოთეკა; წიგნი 2/რედ.მ.ტუსკია). – ISBN 5-895-12-223-X
  • საეკლესიო სამედიცინო კალენდარი – 2010', თბ. : სულიერი და სოც.-კულტ. განვითარების ფონდი "თამარის დროშა", საქ. საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. მედ. ინ-ტი. –  2010 (შპს "პოლიგრაფ+"). - 608გვ. - (თამარის დროშის ბიბლიოთეკა ; წ. 3 / რედ. მანანა ტუსკია). ISBN 978-9941-411-106
  • ადამიანი ბიოეთიკურ დროსა და სივრცეში', თბ.: საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სულიერი და სოციალურ–კულტურული განვითარებოს ფონდი „თამარის დროშა“, კონრად ადენაუერის ფონდი. – 2010 (შპს „სეზანი“). – 246 გვ. – („თამარის დროშის” ბიბლიოთეკა; წიგნი.4/რედ. მანანა ტუსკია). ISBN 978-9941-411-26-7
  • ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი', თბ.: საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, კონრად ადენაუერის ფონდი. – 2012 (შპს „სეზანი“). – 548 გვ. – (რედ. მანანა ტუსკია). ISBN 978-9941-411-56-4 ; [1]
  • მარადისობის მონატრება შებინდებისას', თბ.: გამომცემლობა მერიდიანი – 2012  – 228 გვ. – (რედ. ემზარ კვიტასიშვილი). ISBN 978-9941-0-5121-3
  • ორმოცი ლექსი', რედაქტორი ემზარ კვიტაიშვილი; ISBN 978-9941-0-6013-7; თბილისი, გამომცემლობა მირკანი; 2013 წელი. [2]
  • სოხუმის ქუჩაზე', რედაქტორი ელენე სალარიძე; ISBN 978-9941-0-6722-8; თბილისი, გამომცემლობა მირკანი; 2014 წელი. [3]
  • მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ', ISBN 978-9941-0-8456-0; თბილისი, გამომცემლობა მირკანი; 2015 წელი. [4]

სამეცნიერო შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, სამი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, 90-ზე მეტი სტატია. მეცნიერული კვლევის სფეროებია: ბიოეთიკა, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თეორია, ფილოსოფია და ისტორია, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება, კანონიკური სამართალი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართება, სოციალური ეთიკა, ქრისტიანული, სამედიცინო და კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური და პრევენციული მედიცინა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, მედიცინის სამართალი და იურიდიული მედიცინა, სამედიცინო და სოციალური ფსიქოლოგია, სამედიცინო განათლების პედაგოგიკა, კულტურის კვლევები, კულტურათშორისი ურთიერთობანი, კროსკულტურული პოლილოგი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევები, მეხსიერების კვლევები, ტრანსდისციპლინური კვლევები.

ლექსები, მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მისი მოთხრობა „ყაყაჩო“ დაიბეჭდა გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ მიერ გამოცემულ ახალგაზრდა ავტორთა კრებულში (1978), ხოლო ლექსები, რითაც დედას დაბადებიდან 60 წლის იუბილე მიულოცა, – „ქალთა გაზეთში“ (1993). დიდი ხნის განმავლობაში წერდა თავისთვის და მხოლოდ 2012 წელს გამოააქვეყნა ლექსების პირველი კრებული „მარადისობის მონატრება შებინდებისას“ ემზარ კვიტაიშვილის ინიციატივით, მისივე რედაქციითა და წინასიტყვაობით, რასაც სულ მალე მოჰყვა მეორე კრებული „ორმოცი ლექსი“ დავით წერედიანის წინასიტყვაობით. ამის შემდეგ იბეჭდებოდა „ლიტერატურულ პალიტრაში“, „ჩვენს მწერლობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „ჭოროხში“, „ანეულში“, „რუსკი კლუბში“, „ქართულ ალმანახში“... გამოაქვეყნა კიდევ ორი წიგნი – „სოხუმის ქუჩაზე“ (2014) და „მე რომ ახლა ხელი შემახოს აწმყომ“ (2015). მამა ადამის შემოქმედება პოეტ ემზარ კვიტაიშვილის თქმით „მისი მდიდარი სულიერი სამყაროს ანარეკლია. საერთო შთაბეჭდილება ასეთი გახლავთ – მამა ადამის პიროვნებაში ბუნებრივად არის შეკავშირებული მძაფრი ემოცია, ბობოქარი ვნებათაღელვა, სიფაქიზე და ყველაფრის შემცნობი განსჯა, რაც ერთობ იშვიათია. აქ შესაძლებლობა გვეძლევა თვალი გავადევნოთ, თუ რამდენ საფიქრალსა და ტკივილს იტევს „ამოგლეჯილი სტრიქონები სულის და ხორცის“; ეს წიგნები დიდი წვისა და შთაგონების ნაყოფია. თქვენს წინაშე თავიდან ბოლომდეა გახსნილი მზიური ბუნების იშვიათი პიროვნება, ვის არსებაშიც იდეალურად გახლავთ შერწყმულ-შეზავებული ღვთის უერთგულესი მსახური და ჭეშმარიტი პოეტი. ამაზე მეტი ღირსება და ჯილდო ძნელი წარმოსადგენია“.

წერილები, ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი წერილი 1979 წელს გამოაქვეყნა „ახალგაზრდა ივერიელში“. სტუდენტობისას თანამშრომლობდა „მედიცინის მუშაკში“. სხვადასხვა დროს წერილებს ბეჭდავდა ჟურნალებში „საქართველოს ქალი“, „დედაეკლესია“, „ისტორიანი“, „სარკე“, „გზა“, „კარიბჭე“, „ჩვენი მწერლობა“ და სხვ., გაზეთებში „ლიტერატურული საქართველო“, „საპატრიარქოს უწყებანი“, „სკოლა“, „სამედიცინო გაზეთი“... მისი წინასიტყვაობით გამოვიდა ესმა ონიანისა და ემზარ კვიტაიშვილის პოეტური კრებულები, გამოაქვეყნა ვრცელი წერილები ლევან გოთუასა და ჯემალ თოფურიძეზე. წერს ესსეებს გიორგი მერჩულესა და გრიგოლ ხანძთელზე, დავით კლდიაშვილზე, ნოდარ დუმბაძეზე, ანა კალანდაძეზე, თამაზ ჭილაძეზე, ელა გოჩაშვილზე, ნატა ვარადაზე...

ინტერვიუები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ადამი მრავალგზის ყოფილა არაერთი ცნობილი რადიოგადაცემისა და ტელეშოუს სტუმარი. მასთან ათეულობით ტელე- და რადიოინტერვიუ და საუბარიაჩაწერილი. ბევრი მათგანის მოსმენა ახლაცაა შესაძლებელია ინტერნეტსივრცეში, ხოლო დანარჩენები ჟურნალ-გაზეთებშია გამოქვეყნებული. გამოსაცემად ამზადებს წიგნს, სადაც თავმოყრილი იქნება ამ ინტერვიუების ერთი ნაწილი.

სატელევიზიო გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოსთან არსებულ სატელევიზიო შემოქმედებით ჯგუფს. ჯგუფი მუშაობდა ნეკრესელი მიტროპოლიტის მეუფე სერგი ჩეკურიშვილის სულიერი მზრუნველობითა და პატრონაჟით. მამა ადამმა 30-მდე საავტორო ტელეგადაცემა შექმნა. მათ შორის: ტელეგადაცემათა ციკლი „სარკმელი ზეცაში“ („წმინდა გიორგის ხატები“, „აღდგომის ხატი“, „ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ ანუ მოწყალე“, „ხახულის ღვთისმშობლის ხატი“, „წილკნის ღვთისმშობლის ხატი“, „ანჩისხატი“, „რას მოგვითხრობს მირქმის ხატი“, „მაცხოვრის ხატები საგანძურში“, „ყოვლადწმინდა სამების ხატები“), ტელეგადაცემათა ციკლი „მრავალთათვის საკეთილო“ („წყალკურთხევა“, „აყვავებული ჯვრების ქვეყანაში“, „ცხოვრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა“ (5 სერიად), „პატრიარქი“, „ანგელოზის დღე“, „წყალი ცხოველი“, „ფრაგმენტები დიდი ქუჩის ისტორიიდან“, „სანთელო, მაინც ნუ ჩამიქრები“, „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“).

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორია (მარინა ხოსიტაშვილთან ერთად) დოკუმენტური ფილმისა „პატრიარქობის ჯვარისმტვირთველი“ (რეჟისორი გოგი თორაძე, კომპანია „ქართული ტელეფილმი“, 2006) იხ.: http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=648

ვიდეო პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს თამარ მეფის უნივერსიტეტში მამა ადამმა ირაკლი ოქიტაშვილთნ ერთად დააარსა სტუდია „მირკანი“. ამ ხნის მანძილზე სტუდიამ რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის ლიტერატურული პროექტი „სიტყვების ცა“, რომელიც 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ-მუსიკალურ ვიდეო პროექტად იქნა აღიარებული ვიდეო პორტალებზე. სტუდია აგრეთვე აწყობს მამა ადამის ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსების ონლაინ პრემიერებს.

ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლიდან ქმნის ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსებს საკუთარ პოეტურ და პროზაულ ტექსტებზე ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. პირველი პერფორმანსი „ბგერები“ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შედგა 2012 წლის 4 მარტს საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილისა და მსახიობ დიმიტრი ხვთისიაშვილის მონაწილეობითა და გურამ ვაშაკიძის რეჟისორობით. შემდგომში მამა ადამის ათამდე პერფორმანსი გაიმართა, მათ შორის: „ზღვა კი იყო უშფოთველ“ (ბათუმის მუსიკალური ცენტრი, 2013 წლის 10 ოქტომბერი), „ღრუბლების სითეთრეში, კენწეროების სიმწვანის მიღმა, ანუ დაბადების დღეს გილოცავ, დე!“ (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, 2013 წლის 19 ნოემბერი), „გელათთან მომენატრებით“ (ქუთაისი, ლადო მესხიშვილის თეატრი, 2014 წლის 10 ნოემბერი), „მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ“ (თბილისი, სამეფო უბნის თეატრი, 2015 წლის 3 მარტი), „ნისლებში აფრენილ ბილიკთან, ანუ უშენობის ასე დღე და ღამე“ (თბილისი, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი, 2015 წლის 9 ნოემბერი), „ნუ გაწვიმდები“ (თბილისი, სამეფო უბნის თეატრი, 2016 წლის 6 თებერვალი).

იერუსალიმი და ათენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ადამის მოღვაწეობა მიმართულია სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლმხედველობათა ინტეგრაციისკენ. ამ პრობლემას მან არერთი ნაშრომი, პუბლიცისტური წერილი, რადიო და ტელეგადაცემა მიუძღვნა. 2002 წელს ჟურნალ „რელიგიაში“ გამოაქვეყნა გამოკვლევა „რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების საკითხები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეებში“. მისი სადოქტორო ნაშრომი (2003) აღიარებული იქნა, როგორც „ცოდნის ახალი, სწრაფადგანვითარებადი დარგის – ბიოეთიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა ქართული სამედიცინო აზროვნების რეალიაში, რომელშიაც ავტორი ბიოეთიკას განიხილავს როგორც ტრანსდისციპლინური სამეცნიერო კვლევის მიმართულებას – საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სინთეზს, რომელიც ავლენს და იკვლევს სამყაროს არსისა და მასში ადამიანის ყოფიერების (კერძოდ, ბიომედიცინის სფეროში მოღვაწეობის) მსოფლმხედველობრივ, შემეცნებით, ღირებულებით, სულიერ და ზნეობრივ პრობლემებს ავადმყოფობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, სიკვდილუს ფენომენების, აგრეთვე ადამიანის არსისა და ბუნების შესწავლის გზით. ვახტანგ ახალაძემ პირველმა შემოიტანა სამეცნიერო, კერძოდ, სამედიცინო აზროვნებასა და კვლევაში საღვთისმეტყველო საკითხები, სულიერებისა და ეკლესიური ცნობიერების ელემენტები და შექმნა მათი სამეცნიერო ენაზე ფორმულირების შესანიშნავი ნიმუშები: ანთროპოლოგიური კვლევის რელიგიურ-საკრალური დონე, სულისა და სულიერის პრიმატის დოქტრინა ბიოეთიკაში, გლობალურ პრობლემათა გენეზისისა და პროგნოზის აპოკალიფსური ფაზა, ავადმყოფობის პოზიტიური აქსიოლოგიური კომპონენტები, ჩასახვის, როგორც ადამიანის სიცოცხლის დასაწყისის, გაგების კონცეფცია და ა. შ.“. აი, რას წერს იგი: საქართველოს ინტელიგენციის ერთი ნაწილი მართლა შემობრუნდა ეკლესიისაკენ, მაგრამ კვლავაც არიან “ბრძენნი”, რომელთაც გონება აქციეს კერპად და მხოლოდ მისგან ისმენენ “ჭეშმარიტებას”. ასეთ მეცნიერებთან კამათი მართლა ძნელია. დღეს, როდესაც მეცნიერული კვლევის მიმართულებათა განსაზღვრა მჭიდროდაა გადახლართული ეთიკური პრობლემების მოგვარებასთან, სხვადასხვა ფენომენთა სულიერ-ზნეობრივ არსზე მსჯელობისას განსაკუთრებულად თვალსაჩინოვდება სუფთა გონიერების სისუსტე, რომელიც რწმენის გარეშე არაა საკმარისი იმისათვის, რათა განჭვრიტოს ბიომედიცინის, ეკოლოგიის, გლობალური პოლიტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების, მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული და პროგნოზირებადი ეთიკური დილემებისა და კოლიზიების წილი კაცობრიობის მომავლის (გადარჩენა ან აპოკალიფსური ფინალის დაჩქარება) განსაზღვრაში.

სამეცნიერო ხარისხი და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2012)
  • პროფესორი (2004)

ჯილდოები:

2016 წლის 8 ივნისს დაჯილდოვდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ოქროს ჯვრის ორდენით. 2014 წლის 8 ნოემბერს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო საზოგადოება „ჩვენი საუნჯის“ ქართული ლიტერატურული პრემია „აკაკი წერეთლის ორდენის“ მიმნიჭებელმა საბჭომ გამოაცხადა 2014 წლის ლაურეატად „თვითმყოფადი პოეტური ენით შექმნილი ლექსებისათვის, რომლებიც ამქვეყნიური და ზესთასოფლიური სილამაზისა და ტკივილის შეგრძნებისა და თანაგანცდის შედეგადაა დაბადებული“. 2014 წლის 22 აპრილს ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ 2014 წლის ლაურეატობა და წმინდა გრიგოლ ფერაძის ორდენი მიანიჭა ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2013 წლის 1 მარტს ხელოვნების აკადემიამ (თბილისი, საქართველო) მიანიჭა საერთაშორისო პრემია „ოქროს ART-ი“ წიგნისათვის „მარადისობის მონატრება შებინდებისას“. 2007 წლის 5 ნოემბერს დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდოთი – საპატიო სიგელით დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი წვლილისათვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]