ადამიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადამიტების დევნა

ადამიტები, პიკარდები (ძვ. ბერძნ. ἀδαμιανοὶ, ἀδαμῖται; ლათ. adamiani — „ადამიანი“) — ქრისტიანული სექტების საერთო სახელწოდება II საუკუნიდან. ადამიტები ქადაგებდნენ ადამიანის ბუნებრივი გრძნობების ღვთაებრიობას და გმობდნენ ასკეტიზმს. ადამიტების მოძღვრება განსაკუთრებით გავრცელდა XIV-XV საუკუნეებში ჰუსიტური ომების დროს. ადამიტებმა შექმნეს ჰუსიტების უკიდურესი მემარცხენე გლეხურ-პლებური ქილიასტური მიმდინარეობა. მათი ბელადები იყვნენ მარტინ პუსკა, პეტრე კანიში, იან ბიდლინსკი და სხვები. ადამიტები მოუწოდებდნენ ქრისტიანებს დაბრუნებოდნენ უცოდველ ცხოვრებას, რომელსაც შეცოდებამდე ეწეოდა ადამი. უარყოფდნენ საეკლესიო ორგანიზაციასა და წესებს, ზიარებასა და მღვდლობას: ამტკიცებდნენ, რომ ღმერთიცა და ეშმაკიც მხოლოდ ადამიანთა გულში არსებობს. იესო ქრისტეში მხოლოდ ადამიანურ ბუნებას ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ დადგა ჟამი „ღვთის ათასწლიანი მეუფებისა“, როცა აღარ იქნება კერძო საკუთრება და ადამიანები ძმურად იცხოვრებენ. 1421 წლის გაზაფხულზე წმინდა საკურთხევლის შეურაცხყოფის საბაბით და ორი სახის ზიარებაზე უარის თქმის გამო ადამიტები გააძევეს ტაბორიდან, შემდეგ ისინი გაანადგურა ტაბორიტთა მემარჯვენე ფრთამ იან ჟიჟკას მეთაურობით, მათი ბელადები მ. ჰუსკა და პ. კანიში დაწვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]