ადამიანის წონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადამიანის წონა — ფიზიკური განვითარების, ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ადამიანის წონა დაკავშირებულია სქესობრივ და ასაკობრივ თავისებურებებთან. ორგანიზმის განვითარების პროცესში ადამიანის წონა მნიშვნელოვნად იცვლება. 5 თვის ნაყოფი იწონის დაახლოებით 300 გ, დროული ახალშობილის წონაა — 2500-4000 გ (გოგონები 100-200 გ ნაკლები) და ბევრადაა დამოკიდებული მშობლების ინდივიდუალურ თავისებურებებზე, დედის საყოფაცხოვრებო პირობებზე, მის ნერვულ სისტემაზე, პროფესიაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე ორსულობის უკანასკნელ თვეებში, გადატანილ დაავადებებზე და სხვ. ახალშობილი პირველი ორი დღე, როგორც წესი, წონაში იკლებს 6-9%-ით (ე. წ. ფიზიოლოგიური დაკლება), 12-15 დღეში ბავშვის წონა აღდგება. პირველ ორ თვეში ახალშობილი ყოველდღიურად მატულობს 25 გ. 4,5-5 თვეზე ბავშვის წონა ორმაგდება, ხოლო წლისთავზე სამმაგდება. ადამიანის წონას მომდევნო ასაკში ინდივიდუალური თავისებურებანი განაპირობებს, იგი დამოკიდებულია ორგანიზმის ფორმირებასა და ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობებზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდში გოგონები იმავე ასაკის ბიჭებზე მეტს იწონიან. სქესობრივი მომწიფების წინა და შემდგომ ხანაში წონით ვაჟები უსწრებენ გოგონებს. 25-40 წლის ასაკი ადამიანის წონის სტაბილურ პერიოდად ითვლება. ამ ასაკის საშუალო წონად მიღებულია 64 კგ მამაკაცთათვის, 56 კგ ქალებისათვის — 40-55 წლისათვის ადამიანის წონა განსაკუთრებით მატულობს, ხოლო 55-60 წლის შემდეგ, ქსოვილებში მიმდინარე ატროფიული პროცესების შედეგად, როგორც წესი, რამდენიმე კგ-ით იკლებს.

ორგანიზმის განვითარების პროცესში იცელება ორგანოებისა და ქსოვილების წონითი შეფარდება. ასაკსრული ადამიანების წონითი შეფარდება სხვადასხვანაირია სქესობრივი განსხვავების მიხედვითაც. მაგ., მამაკაცის კუნთები შეადგენს მისი სხეულის წონის 42%, ძვლები — 18%, ცხიმოვანი ქსრვილი — 12%; ქალისა; კუნთები — 36%, ძვლები — 16%, ცხიმოვანი ქსრვილი— 24%.

პათოლოგიური მდგომარეობის დროს ადამიანის წონა იცელება. მატულობს გადაჭარბებული კვების, ნივთიერებათა ცვლისა და შინაგანი სეკრეციის ფუნქციის დარღვევის, ორგანიზმში სითხის შეკავების დროს, იკლებს არასაკმაო ან უხარისხო კვების, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დაქვეითების, ავთვისებიანი წარმონაქმნების, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]