შინაარსზე გადასვლა

ადამიანის სიმაღლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის სიმაღლე — ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ძირითადი განზომილება. ანთროპოლოგიასა და მედიცინაში განიხილება, როგორც ძირითადი ნიშანი ადამიანის პროპორციებისა და ფიზიოლოგიური განვითარების დასახასიათებლად. ადამიანის საშუალო სიმაღლედ მიღებულია 165 სმ მამაკაცებისათვის და 154 სმ — ქალებისათვის. ადამიანის სიმაღლე დიდადაა დამოკიდებული ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ასაკზე, სქესსა და რასობრივ წარმომავლობაზე. ახალშობილი ბიჭის სიმაღლეა საშუალოდ 51 სმ, გოგონასი — 50 სმ. ასაკთან დაკავშირებით ადამიანის სიმაღლე არათანაბრად მატულობს; ზრდა მთავრდება ქალებისა — 19-20 წლისათვის, მამაკაცებისა კი 25-26 წლისათვის. სტაბილური პერიოდი გრძელდება 45-50 წლამდე, რომლის შემდეგ მალთაშუა ხრტილების გაბრტყელების შედეგად ადამიანის სიმაღლე რამდენიმე სმ-ით კლებულობს. გარეგანი ფაქტორები (საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობები, კვება და სხვ.) რამდენადმე გავლენას ახდენს ადამიანის სიმაღლეზე. გარკვეული კავშირი ადამიანის სიმაღლესა და გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებს შორის არ აღინიშნება. სხვადასხვა ეთნოგრაფიულ-ტერიტორიულ ჯგუფებს შორის განსხვავება სიმაღლის მიხედვით 40-41 სმ აღწევს. ყველაზე დაბალი არიან აფრიკაში მდ. კონგოს აუზში მცხოვრები ნეგრილები (აფრიკის პიგმეები — საშ. სიმაღლე 141 სმ), შემდეგ ბუშმენები და სამხრ.-აღმ. აზიის პიგმეები. მაღალი ტანით გამოირჩევიან აფრიკაში ჩადის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მცხოვრები ზანგები (საშ. სიმაღლე 182 სმ), აგრეთვე შოტლანდიის, მარკიზის კუნძულების მკვიდრნი და სხვ. ადამიანის სიმაღლის ინდივიდივიდუალური ვარიაციები ბევრად მეტია, ვიდრე ჯგუფობრივი. 125 სმ-ზე ნაკლები და 200 სმ-ზე მეტი ადამიანის სიმაღლე პათოლოგიურად ითვლება. XIX საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით XX საუკუნეში თავი იჩინა ადამიანის სიმაღლის მომატების ტენდენციამ, ამ მოვლენის ახსნას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობდნენ (მაგ., საკვების ხასიათის შეცვლა), მაგრამ იგი უნდა აიხსნას არა ერთი რომელიმე ფაქტორით, არამედ ფაქტორთა კომპლექსით.