ადამანტინომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამანტინომა — იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უმეტესად ქვედა ყბაზე ვითარდება. მას ეპითელური სიმსივნეების რიგში აერთიანებენ. მისი პარენქიმა კბილის მინანქარს ჰგავს. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება (ბერძნ. adamantinum - კბილის მინანქარი). ბოლო დროს, ზოგიერთი მას მეზენქიმურ ანგიობლასტომად ანუ სისხლძარღვოვანი წარმოშობის სიმსივნედ განიხილავს, თუმცა კვლევები ამას არ ადასტურებს.

მიმდინარეობა და სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამანტინომა 40-60 წლის ასაკში ვითარდება. სახასიათო კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, ამიტომ პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ექიმთან მისვლამდე 1-2 წელი გადის. ადამანტინომის მთავარი კლინიკური სიმპტომია ქვედა ყბის დაზიანებული ნაწილის გადიდება, რაც სახის ასიმეტრიას იწვევს. სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ კანი და პირის ლორწოვანი გარსი არ იცვლება.

თუ მეორეული ანთებითი პროცესი არ დერთო, სიმსივნე უმტიკვნეულოდ მიმდინარეობს.

ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ადამანტინომის ორი ფორმა:

  • სოლიდური
  • კისტოზური

სოლიდური სიმსივნე მონაცრისფრო-მოთეთრო ცილინდრისებრი ან თითისტარისებრი წარმონაქმნია, რომელიც ძვლოვანი ნივთიერებების სისქეში მდებარეობს.

კისტოზური ფორმა შეიცავს მრავალ ღრუს, რომლებსაც ერთმანეთისგან ძვლოვანი ქსოვილის შრეებისგან შემდგარი ხარიხები ჰყოფს. კისტის ღრუ ამოფენილია შემაერთებელი ქსოვილით და ეპითელიუმით, სავსეა თიხით ან მოყვითალო ფერის ნახევრად თხელი სუბსტანციით. იშვიათად კისტოზური ფორმა ერთკამერიანია და შეიცავს ამოუჭრელ კბილს.

ადამანტინომას აქვს დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი. ჩვეულებრივ, ყბის რენტგენოგრამაზე ჩანს სხვადასხვა ზომის რამდენიმე ღრუ და ერთი ღრუს ჩრდილის მეორეზე დაფარება ნახევარმთვარის მსგავს გამოსახულებას ქმნის.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამანტინომის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. კვეთენ პირის ღრუს ლორწოვან გარსს სიმსივნის ზემოთ, სიმსივნეს იღებენ და ახდენენ ძვლოვანი ღრუს ტამპონადას. ასეთი ოპერაციის შემდეგ არ არის გამორიცხული რეციდივი.

რეციდივის თავიდან ასაცილებლად, მიმართავენ მკურნალობის უფრო რადიკალურ მეთოდს - ყბის დაზიანებული უბნის ამპუტაციას და ამპუტირებული ძვლის ნაცლად, იმპლანტანტის (ხელოვნურს ან პაციენტისავე ძვლისას) გადანერგვას.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #13 (151) 2007 წ.