ადამაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამაანთ ციხე — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ რუისპირში, ძამუკაანთ უბანში. თარიღდება XVIII საუკუნის ბოლო მესამედით.

ნაგებობა კოშკური ტიპისაა, რომელიც საცხოვრებელიცაა და სათავდაცვოც. ნაგებია რიყის ქვით. შენობა გეგმით სწორკუთხაა (გარეთა ზომები — 12x8 მ), რომელსაც ოთხივე, გარეთა კუთხე მომრგვალებული აქვს და ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება — ენთაზისის გარეშე. შედგება ერთმანეთისგან კაპიტალური კედლით გამიჯნული, სხვადასხვა ფართობის მქონე, ორი ნაწილისგან. ორივე ნაწილი სამსართულიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ სხვადასხვა სიმაღლე აქვს. შენობის მოზრდილ ნაწილში სართულები ხის კოჭებით, ბრტყლად იყო გადახურული (შემორჩენილია კოჭების ბუდეები), მომცრო ნაწილში კი — ქვითკირის სხმული კამარით, რის გამოც იმ ნაწილში სართულები უფრო მაღალია. ორივე ნაწილის ზედა სართული ბანია და სალოდე მაშიკულებითა და ქონგურებითაა აღჭურვილი. შენობის ორივე ნაწილის პირველი სართული მარანს წარმოადგენს. მეორე — საცხოვრებელია, ხოლო მესამე — საბრძოლო.

პირველი სართულის სადგომები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი, განიერი, შეისრულთაღოვანი ღიობით. მათ შორის უფრო დიდ, დაახლოებით კვადრატულ ნაწილში (ფართობი დაახლოებით 39 კვ.მ) ქვევრებია ჩაყრილი. მეორე, მომცრო ნაწილში (ფართობი დაახლოებით 23 კვ.მ) კი ქვითკირის საწნახელია განთავსებული. პირველ სართულზე ორი შესასვლელია, ორივე დიდ ნაწილში : ერთი — კედლის შუაში აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე — სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ორივე კარი გარედან შეისრულთაღიანია, შიგნიდან კი თარაზულად მუხის ძვლებითაა გადახურული. საწნახელის იატაკი მარნის იატაკთან შედარებით, ორმოცდაათიოდე სანტიმეტრით უფრო მაღლაა. საწნახელის შუაში, ფსკერთან მცირე ხვრელია. იგი დაკავშირებლია იატაკში მოწყობილ, სპეციალურ თაღთან, რომელიც თაღებშორის ბოძის ძირში არსებულ ხვრელში გადის. აქედან კი ხის გადასატანი ღარებით, ყურძნის წვენი ქვევრებისკენ მიემართებოდა.

მარანში გაჭრილია ოთხი, სწორკუთხა სარკმელი : ორი — აღმოსავლეთ კედელში, შესასვლელის ორივე მხარეს, ორიც — სამხრეთ კედელში მსგავსი, თითო სარკმელი საწნახელიანი სადგომის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. ისინი საკმაოდ მაღლაა „ატანილი“ და მათი ხვრელობი გარეთკენაა ახრილი. მარანში, იატაკიდან 1,3 მეტრის სიმაღლეზე, მოწყობილია რვა, განიერი, ოდნავ შეისრული თაღით გადახურული ნიშა: ორ-ორი დიდი სადგომის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, თითო-თითო კი მცირე სადგომის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. უკანასკნელი სათოფურით არის აღჭურვილი. სათოფურია მოწყობილი დიდი სადგომის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნახევარში მდებარე ნიშაშიც. თითო თაღოვანი, გაცილებით მცირე ნიშა, სადგომების დამაკავშირებელ თაღებს შორის არსებულ ბურჯში — ორივე მხრიდანაა. მარნის ჩრდილოეთ—აღმოსავლეთ და სამხრეთ—აღმოსავლეთ კუთხეებში სათოფურია გაჭრილი. მარნის ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულია წყლის შემოსაყვანი, თიხის მილი, რომლის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან, იატაკში, მცირე ჩაღრმავებაა, როგორც ჩანს აუზისთვის. მარნის კედლები შელესილია. კედლებში საკიდებად ირმის რქებია ჩასმული. მეორე სართულს შესასვლელი გარედან, ჩრდილოეთიდან აქვს — მიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე. კარი შეისრულთაღოვანია. კარის ძირის დონეზე, აქეთ-იქით მოწყობილია თითო, მცირე გამჭოლი ხვრელი, რომლებშიც შესასვლელის წინ არსებული ბაქნის საყრდენი ძელები იყო ჩადგმული. ბაქანზე ასასვლელად კი მისადგომელ კიბეს იყენებდნენ. მეორე სართულიც ორი სადგომისგან შედგება. ისინიც სხვადასხვა ფართობისაა და ერთმანეთისგან გამიჯნულია სქელი კედლით, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში სადგომების დამაკავშირებელი ერთადერთი კარია.

მცირე სადგომის იატაკი, დიდი სადგომის იატაკთან შედარებით დაახლოებით 1,5 მეტრით მაღალია და კარიც დიდი სადგომის იატაკიდან სამოცდაათიოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა. გაჭრილი, თეთრი კარის ზღურბლში კი, რამდენიმე საფეხურია მოწყობილი. ორივე სადგომი ოთხ-ოთხი სწორკუთხა სარკმლით იყო განათებული, რომელთა შორის ორ-ორი — ორივე სადგომში, სამხრეთითაა, ხოლო თითო — ჩრდილოეთით. დანარჩენი სარკმლებიდან, დიდ სადგომში ერთი — აღმოსავლეთითაა, მეორე მცირე სადგომში, დასავლეთით. ეს უკანასკნელი კამარის მრუდშია მოქცეული და გარეთკენ მკვეთრად მაღლდება.

კედლებში მოწყობილია სათოფურები და თახჩები. ორივე სადგომის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში შეისრულთაღოვანი ბუხარია, რომელიც შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. სართულის კედლები პირველთან შედარებით, წმინდა ხსნარითაა შელესილი. კედლებში, ალაგ-ალაგ, ირმის რქებია ჩასმული. სართულის მცირე სადგომიდან, სადგომის გამყოფი კედლის სისქეში მოწყობილი კიბით, მესამე სართულზე, ღია საბრძოლო ბაქანზე ვხვდებით, რომელიც თავმომრგვალებული ქონგურებით დასრულებული კედლითაა შემოსაზღვრული. კედელში, თანაბარ სიმაღლეზე, მოწყობილია 27 სათოფური. მათ შორის 23 თარაზულადაა გაჭრილი, ოთხი კი მიწისკენაა დახრილი. კედელში სამი სალოდეცაა: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ბაქნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია საპირფარეშო. აღმოსავლეთ კედლის შუაში კი — დაბალი თაღოვანი ღიობი, რომლის საშუალებითაც მისადგომელი კიბით, შესაძლებელია დიდი სადგომის თავზე, 2,6 მეტრით დაბლა მოწყობილ ბაქანზე ჩასვლა. ეს ბაქანიც ჩონგურებიანი კედლითაა შემოვლებული, ოღონდ სამი მხრიდან. სამივე კედელში. ქვედა სართულზე განლაგებული შესასვლელების ასწვრივ, თითო სალოდე მაშიკულია, გარდა ამისა მოწყობილია სათოფურებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]