აგურის მრეწველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგურის მრეწველობა — საშენ მასალათა მრეწვეობის დარგი, რომელიც აწარმოებს თიხის, დიატომიტის ან სილიკატურ აგურს.

რუსეთში აგურის პირველი კუსტარული საწარმოები XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე აშენდა. 1913 წელს რუსეთი 2,9 მლრდ. ცალ აგურს ამზადებდა. სსრკ-ში ხუთწლედების მანძილზე შეიქმნა მსხვილი, მექანიზებული, მოწინავე ტექნიკით აღჭურვილი აგურის მრეწველობა, რომლის პროდუქცია მკვეთრად გაიზარდა ომის შემდგომ პერიოდში. 1960 წელს დაამზადეს 35,5, ხოლო 1971 წელს — 44,6 მლრდ. ცალი აგური. სსრკ-ში აგურის მრეწველობის უდიდესი საწარმოები იყო ლიუბერცისა და კორენიოვის სილიკატური აგურის ქარხნები; ვოლგოგრადის, ჩერიომუშკებისა და სხვ. თიხის აგურის ქარხნები. ლიუბერცის ქარხანა ყოველდღიურად 800 ათ. ც. აგურს ამზადებდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საწარმო იყო. სსრკ-ს პირველი ადგილი ეჭირავა მსოფლიოში თიხისა და სილიკატური აგურის წარმოებით.

საქართველოში თიხის აგურის წარმოება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველი ქართული საეკლესიო და საერო ნაგებობები მოწმობს, რომ აგურს მშენებლობაში ხშირად იყენებდნენ როგორც დამოუკიდებლად, ისე ქვასთან ერთად. ქართულ აგურს ბრტყელი ფორმა პქონდა და კუსტარული წესით მზადდებოდა. XX საუკუნის დამდეგიდან საქართველოში ინერგება ე. წ. რუსული აგურის წარმოება, რომელიც ფორმით შედარებით ვიწრო და მაღალია. 1913 წელს საქართველოში დაამზადეს 30 მლნ. ცალი აგური. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოში აშენდა თიხის აგურის ნაწილობრივ მექანიზებული ქარხნები თბილისში, მცხეთაში, გურჯაანში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლანჩხუთში, ნოსირში, ტევრში, ზუგდიდში და სხვ. ამათ გარდა, საქართველოში იყო ადგილ. მრეწველობა და კოლმეურნეობების თიხის აგურის შედარებით ნაკლები სიმძლავრის ქარხნები. ომის შემდეგ საქართველოში აშენდა ახალი, დიდი სიმძლავრის მთლიანად მექანიზებული აგურის მრეწველობის საწარმოები, ხოლო ძველი მნიშვნელოვნად გადაკეთდა. საქართველოს სსრ აგურის მრეწველობის პროდუქციამ 1950 წელს 142,4 მლნ. ც. მიაღწია, ხოლო 1972 წელს — 271,7, ნაცვლად 91,4 მლნ. ცალი (1940). საბჭოთა საქართველოში აგურის მრეწველობის უმნიშვნელოვანესი საწარმოები იყო: თიხის აგურისა — მეტეხის ქარხანა (სიმძლავრე 80 მლნ. ც.). ქუთაისის ქარხანა (სიმძლავრე 17 მლნ. ც.) და სხვ.; სილიკატური აგურისა — ავჭალის ქარხანა (სიმძ-ლავრე 135 მლნ. ც.), აჯამეთის ქარხანა (სიმ-ძლავრე 90 მლნ. ც.), ჭიათურის ქარხანა (სიმძლავრე 27 მლნ.. ც.) და სხვ. სოციალისტური ქვეყნებიდან აგურის მრეწველობა განვითარებული იყო ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთსა და გდრ-ში, კაპიტალისტური ქვეყნებიდან კი აგურის მრეწველობა განსაკუთრებით განვითარებულია ინგლისსა და აშშ-ში. მშენებლობაში სხვადასხვა სახის პროგრესულ საშენ მასალათა ფართოდ დანერგვის გამო აგურის გამოყენება საშენ მასალად მნიშვნელოვნად კლებულობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]