შინაარსზე გადასვლა

აგუადა-ფენიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგუადა-ფენიქსი
Aguada Fénix
ქვეყნები მექსიკის დროშა მექსიკა
აშენების წელი ძვ.წ. 1000–800
Map

აგუადა-ფენიქსი (ესპ. Aguada Fénix) — პრეკლასიკური მაიას პერიოდის მასშტაბური ნანგრევი, რომელიც მდებარეობს მექსიკის ტაბასკოს შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს. აღმოაჩინეს 2020 წელს, ლაზერული სკანირებით შესრულებული საჰაერო კვლევის შედეგად.[1][2] გაბრტყელებული ნაგებობა სიგრძეში 1400 მეტრს აღწევს და წარმოადგენს მაიას ცივილიზაციის ყველაზე ძველ და ყველაზე დიდი საცერემონიო კომპლექსს დღემდე ცნობილთა შორის.[3] მონუმენტური სტრუქტურა მიწისა და თიხისგან არის ნაშენები და მიჩნეულია, აშენდა ძვ.წ. დაახლოებით 1000–800 წლებში. ასევე ვარაუდობენ, რომ ეს ადგილი ძვ.წ. დაახლოებით 750 წელს მიატოვეს, სულ მალე, რაც ძვ. წ. 800 წელს მშენებლობა დასრულდა.[4]

აგუადა-ფენიქსი აღმოჩენის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოაცხადა არიზონას უნივერსიტეტის (ტუსონი) არქეოლოგმა ტაკეში ინომატამ.[5] ძეგლი მდებარეობს ტაბასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სან-პედროს მახლობლად.[6] ობიექტი თავდაპირველად ლაზერული სკანირების (LIDAR) საშუალებით დააფიქსირეს, რომელსაც მექსიკის მთავრობა ახორციელებდა დაახლოებით 3000 კმ² ფართობის საკვლევ ზონაში. შემდეგში, უფრო მაღალი გარჩევადობის ლაზერული კვლევისთვის შეირჩა 110 კმ² ფართობი. საჰაერო კვლევამ მთლიანობაში 21 საცერემონიო ტიპის ადგილი გამოავლინა, რომელთაგანაც აგუადა-ფენიქსი ყველაზე მასშტაბურია. ძეგლის იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყო გათხრები, რის საფუძველზეც, მკვლევრებმა დაადგინეს აგუადა-ფენიქსის აგების პერიოდი და მეთოდები, ასევე აღმოაჩინეს ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა კერამიკა და მინერალ ჟადის ცულები.[2]

არქეოლოგებმა ძეგლი შუა უსუმასინტის არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში შეისწავლეს, რომლის მიზანიც არის მაიას დაბლობების მოსახლეობასა და ოლმეკთა რეგიონს შორის ურთიერთობების კვლევა, ასევე პრეკლასიკური პერიოდის სოციალური ცვლილებების კვალის დადგენა.[7] რეგიონის სხვა მსხვილი ძეგლების სტრუქტურული დიზაინის ანალიზის საფუძველზე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ აგუადა-ფენიქსის არქიტექტურულ თავისებურებებში გამოვლენილი ინოვაციები „ძლიერ რეგიონთაშორის ურთიერთობებზე“ მიუთითებს.[1]

ფიზიკური სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აგუადა-ფენიქსის გეგმა LIDAR-ლაზერის ქვეშ

ლაზერული სკანირებით გამოვლინდა მართკუთხა მთავარი საზეიმო პლატფორმა, რომელიც მიმდებარე ზედაპირზე 10–15 მეტრით მაღალია. ძეგლი აგებულია ბუნებრივი ქანების ამაღლებულ უბანზე და დაახლოებით 1400 მეტრი სიგრძისა და 400 მეტრი სიგანისაა; ორიენტაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიდის. ძირითადი ღერძის ორივე მხარეს მიბმულია კვადრატული ფრთები, რის გამოც, კომპლექსს ჯვრის ფორმა აქვს. ძეგლის საერთო მოცულობა (3,2–4,3 მილიონი მ³) უფრო დიდია, ვიდრე ხეოფსის პირამიდის მოცულობა.[1] ნაგებობა ეტაპობრივად, ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული „სამშენებლო ფაზებით“ შეიქმნა — თიხისა და სხვა ტიპის ნიადაგის ფენების ჭადრაკული წყობით დამატებით. არქეოლოგების შეფასებით, ამ მასშტაბის პლატფორმის მშენებლობას 10–13 მილიონი ადამიანის სამუშაო დღე უნდა დასჭირვებოდა.[1] გავრცელებული მოსაზრებით, ის შეიძლება კომუნალური შრომის შედეგად ააგეს, რაც მაიას ცივილიზაციის თავდაპირველ ფორმირებაში კოლექტიური მუშაობის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

კომპლექსის სტრუქტურებში შედის ცხრა მასიური ბილიკი და რამდენიმე წყალსაცავი.[1] ტერიტორიის ნაწილი დღეს ტყით არის დაფარული და მეცხოველეობისთვის გამოიყენება.[8] აგუადა-ფენიქსის საცერემონიო ზონაში აღმოჩენილია სხვა, შედარებით მცირე ნაგებობებიც.[1]

ჯვრის ფორმის მასშტაბური პლატფორმა მსგავსებას ავლენს ოლმეკების ცენტრების — სან-ლორენსოსა და ლა-ვენტას სტრუქტურებთან, რომლებიც დასავლეთით, რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს, ასევე გვატემალაში მდებარე მაიას ძეგლ სეიბალთან.[4][9][10] აღნიშნული პარალელების გამო, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ მექსიკის კოლუმბამდელ კულტურების შორის ფართო კულტურული ურთიერთობები არსებობდა.[1]

ქვენაფენ ქანებში აღმოაჩინეს ნიჟარები, ძვლებისა და კერამიკის მასალები, რომლებიც, როგორც ჩანს, საერემონიო კომპლექსის აგებამდეპერიოდისაა. ის კერამიკა, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პერიოდს მიეკუთვნება, მეტ მსგავსებას ავლენს მაიას საზოგადოებების კერამიკასთან, ვიდრე ოლმეკების ადგილებთან.[1] ადგილზე მომუშავე არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „კერამიკა აუცილებლად არ მიუთითებს აგუადა-ფენიქსის მშენებლების მაიას ენაზე მოსაუბრეები იყვნენ, მათი კულტურული კავშირები მაიას დაბლობებთან უფრო ახლო ჩანს, ვიდრე ოლმეკურ რეგიონთან“. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ აღმოჩენილი ობსიდიანი წაღებულია გვატემალის მაიას საბადოებიდან და არა მექსიკური წყაროებიდან, რომლებიც ჩრდილოეთით, ოლმეკურ ცენტრებში გამოიყენებოდა.[1]

არქეოლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ აგუადა-ფენიქსში სოციალური უთანასწორობა ნაკლებად იყო გამოხატული, ვიდრე ისეთ ოლმეკურ ცენტრებში, როგორიცაა სან-ლორენსო და ლა-ვენტა. ამის მიზეზად მიუთითებენ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე მაღალსტატუსიანი ფიგურებისა და ქანდაკებების აღნაგობები არ არის აღმოჩენილი, განსხვავებით ოლმეკური ადგილებისგან. აგუადა-ფენიქსში აღმოჩენილი ერთადერთი ქანდაკება იყო კირქვისგან გამოკვეთილი ცხოველის სკულპტურა, რომელიც სავარაუდოდ თეთრტუჩა პეკარის ეკუთვნის.[1][4]

პლატოს ცენტრში ასევე აღმოაჩინეს ჟადის ცულები და სხვა სიმბოლური ობიექტები. ამ აღმოჩენის საფუძველზე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადგილი საცერემონიო დანიშნულების ცენტრს წარმოადგენდა, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბებოდა შემოგარენიდან.[3] ამ ჰიპოთეზას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ტაძრის კომპლექსს საცხოვრებელი უბნები არ გააჩნდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 Inomata, Takeshi; Triadan, Daniela; Vázquez López, Verónica A.; Fernandez-Diaz, Juan Carlos; Omori, Takayuki; Méndez Bauer, María Belén; García Hernández, Melina; Beach, Timothy; Cagnato, Clarissa; Aoyama, Kazuo; Nasu, Hiroo (3 June 2020). „Monumental architecture at Aguada Fénix and the rise of Maya civilization“. Nature. 582 (7813): 530–533. Bibcode:2020Natur.582..530I. doi:10.1038/s41586-020-2343-4. PMID 32494009. S2CID 219281856. PDF
  2. 1 2 Laser mapping reveals largest and oldest Mayan temple. ციტირების თარიღი: 18 June 2020
  3. 1 2 Machemer, Teresa (5 June 2020). „Aerial Survey Identifies Oldest, Largest Maya Structure Ever Found in Mexico“. Smithsonian. ციტირების თარიღი: 17 June 2020.
  4. 1 2 3 Bower, Bruce (3 June 2020). „Lidar reveals the oldest and biggest Maya structure yet found“. Science News. ციტირების თარიღი: 1 September 2023.
  5. Machemer, Teresa (5 June 2020). „Aerial Survey Identifies Oldest, Largest Maya Structure Ever Found in Mexico“. Smithsonian. ციტირების თარიღი: 17 June 2020.
  6. Preclassic Maya Social Transformations along the Usumacinta: Views from Ceibal and Aguada Fénix (2019).
  7. Inomata, Takeshi; The 84th Annual Meeting of the Society for American Archaeology (2019), Overview of Archaeological Investigations in the Middle Usumacinta Region, https://core.tdar.org/document/450568/overview-of-archaeological-investigations-in-the-middle-usumacinta-region. წაკითხვის თარიღი: 2024-10-02
  8. Oldest and largest Maya structure discovered in southern Mexico. The Guardian (3 June 2020). ციტირების თარიღი: 18 June 2020
  9. Vázquez López, Verónica; Triadan, Daniela (2019). „Aguada Fénix: An Early Middle Preclassic Monumental Site in the Middle Usumacinta Region“. The 84th Annual Meeting of the Society for American Archaeology. ციტირების თარიღი: 1 September 2023.
  10. Powell, Eric (January 2021). „Oldest Maya Temple“. Archaeology Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 1 September 2023.