საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აგრარული უნივერსიტეტი)
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1929 წელი
ატარებს სახელს ლავრენტი ბერია
ტიპი კერძო/საჯარო
რექტორი ვახტანგ ლეჟავა
პრორექტორი
  • ნათია სამუშია
  • მარინა ქარჩავა
  • მისამართი დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, თბილისი, საქართველო
    ქალაქი თბილისი
    ქვეყანა საქართველო
    ტელეფონი +(995 32) 259-49-08 - საინფორმაციო.
    კამპუსი 2
    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი — საქართველო
    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
    http://agruni.edu.ge

    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი სასწავლებელი. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წლიდან კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა. განხორციელებული რეფორმების შედეგად დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია. უკვე 2018 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ დაახლოებით 60 უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა.[1] მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების მისაღებ ადგილად იქცა.

    სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებთან. აგრარულ უნივერსიტეტში ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

    ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 4 ფაკულტეტს აერთიანებს:

    • აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი;
    • საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი;
    • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;
    • თავისუფალი მეცნიერებები.

    უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამებით.

    აგრარული უნივერსიტეტი ორიენტირებულია პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში, სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში და დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.

    ამჟამად უნივერსიტეტში არსებობს 14 ძირითადი საბაკალვრო პროგრამა — აგრონომია, სამშენებლო ინჟინერია, ტექნიკის ინჟინერია და ტექნოლოგია, აგროინჟინერია, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, მეცხოველეობა, კვების პროდუქტების ტექნოლოგიები, მევენახეობა-მეღვინეობა, ქიმია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, სატყეო საქმე, ბიოლოგია.

    ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1917 წელს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თავიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის ორი განყოფილება — სასოფლო-სამეურნეო და სატყეო განყოფილებები. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო განყოფილება, რომლის ბაზაზეც 1921 წელს ჩამოყალიბდა აგრონომიული ფაკულტეტი.[2]

    1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტს შეუერთდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი, რის გამოც სტუდენტების რაოდენობამ სამ კურსზე მიაღწია 1670-ს, ხოლო პროფესორ მასწავლებლების რაოდენობამ კი — 220-ს.[2]

    1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.[2]

    1932 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს გამოეყო ზოოტექნიკური ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი ზოოტექნიკური და სავეტერინარო ფაკულტეტებით.[2]

    1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს მიენიჭა ლავრენტი ბერიას სახელი.[3]

    1959 წელს ინსტიტუტს შეუერთდა საქართველოს ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მან მიიღო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1999 წლის 11 მაისიდან კი საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სახელწოდება.[2]

    2003 წლიდან მას დაერქვა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი.[2]

    საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო და ქვემო ქართლის რეგიონალური მრავალპროფილიანი (ქ. მარნეული) ინსტიტუტები, აგრეთვე თელავის, ახალციხის, მარნეულის, ლანჩხუთის ფილიალები.[2]

    ცოდნის ფონდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    2011 წლიდან ეწოდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ცოდნის ფონდის დაქვემდებარებაში გადასვლამდე, უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით 37-ე ადგილზე იყო. ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად სასწავლებელი საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. აქვს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე სწავლების მეთოდი, ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები.

    კამპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი №240).

    რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]