აგნეს პოკელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აგნეს პოკელსი
Agnes Pockels.jpg
დაბ. თარიღი 14 თებერვალი 1862(1862-02-14)[1]
დაბ. ადგილი ვენეცია
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი 1935(1935-11-21)[1] (73 წლის)
გარდ. ადგილი ბრაუნშვაიგი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ჯილდოები ლაურა რ. ლეონარდის ჯილდო

აგნეს პოკელსი (გერმ. Agnes Pockels; დ. 14 თებერვალი, 1862, ვენეცია — გ. 21 ნოემბერი, 1935, ბრაუნშვაიგი) — გერმანელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნეს პოკელსი დაიბადა 1862 წლის 14 თებერვალს ვენეციაში. მამამისი იყო გერმანელი ოფიცერი, რომელიც ვენეციაში, ავსტრიის მიერ ოკუპირებულ ნაწილში მსახურობდა. 1866 წელს პოკელსის ოჯახი დაბრუნდა გერმანიაში. პოკელსმა თავდაპირველი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგის ქალთა რეალურ სასწავლებელში. იგი ბავშვობაშივე იყო დაინტერესებული ისეთი მეცნიერებებით, როგორც არის ფიზიკა. მშობლებს არ მოსწონდათ შვილის ასეთი გატაცება მეცნიერებისადმი, ამიტომ პოკელსს მოუწია საკუთარი ძალებით დაეწყო ფიზიკის შესწავლა (იგი ამისათვის იყენებდა სამეცნიერო ბროშურებს). აგნეს პოკელსის შთაგონებით საკუთარმა ძმამ 1883 წელს სწავლა დაიწყო ფაიდელბერგის უნივერსიტეტში — მას სურდა გამხდრიყო მეცნიერი. პოკელსმა ახლა უკვე ძმის წიგნებით განაგრძო ცოდნის შეძენა. ძმისაგან განსხვავებით პოკელსს არ მიუღია უმაღლესი განათლება და არც სამეცნიერო ხარისხი ქონია, თუმცა იგი ფიზიკით იყო გატაცებული და საკუთარ ცდებს სახლშივე ატარებდა (კერძოდ სამზარეულოში). მან საფუძველი ჩაუყარა ფიზიკის ახალ დარგს — სითხის ზედაპირული თხელი აფკის ფიზიკაზე. მართალია ამ დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ფიზიკოს რელეისა და ბოტანიკოს დევოსს, თუმცა დიდია პოკელსის დამსახურებაც.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი ფიზიკური გამოკვლევები აგნესმა 1881 წლიდან დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ ფიქრობდა, რო მის მოქმედებას ფიზიკური მოვლენების კვლევა ეწოდებოდა. პოკელსი უბრალოდ დაინტერესებული იყო იმ ფიზიკური მოვლენებით, რომლებიც ხდებოდა სითხის ზედაპირზე მაშინ, როცა ზედაპირი ეხებოდა სხვადასხვა მყარ სხეულს. მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სითხეში ჩაძირულ სხეულზე სპეციფიკურმა ზედაპირულმა ნაკადებმა. ამ ნაკადებს იგი ადვილად აკვირდებოდა მაშინ, როდესაც სხეული კარგად იხსნებოდა სითხეში. მან აღმოაჩინა, რომ ზედაპირული დაჭიმულობის ძალები იცვლებოდა ამ ზონაში. ამ ცდების ჩატარებას აგნესი ლაბორატორიული მოწყობილობების გარეშე ატარებდა. მის „დანადგარებში“ შედიოდა თუთიის ჭურჭელი და თვითნაკეთი სასწორი. ამ მოწყობილობის საშუალებით იგი ზომავდა სითხის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას (საჭირო იყო ძალა, რომელიც მცირე ზომის ღილს სითხის ზედაპირიდან აგლეჯდა). 1882 წელს პოკელსმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო სითხის ზედაპირული ფენის შეკუმშვა და გაჭიმვა თუკი გადავაადგილებდით მის ზედაპირზე მოცურავე წვრილ მავთულებს. ისმა შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზედაპირული დაჭიმულობის ძალები ძლიერ არის დამოკიდებული, თუ რამდენად სუფთაა სითხის ზედაპირი. იმისათვის რომ მას შეესწავლა ამ ცვლილების დამოკიდებულება გაჭუჭყიანების ხარისხზე, აუცილებელი იყო შეყვანილი მინარევების რაოდენობის განსაზღვრა. პოკელსის ექსპერიმენტალური მონაცემები საინტერესო გამოდგა, თუმცა მისი თეორიული დამუშავება ძნელი იყო. პოკელსმა არ იცოდა მეცნიერებთათვის საკუთარი ნაშრომები წარმოადგენდა თუ არა საინტერესო საკითხს. 1880 წელს მან გაიგო, რომ ანალოგიურ ცდებს ატარებდა ფიზიკოსი რელეი. ფრიდრიხმა, აგნესის ძმამ დას ურჩია, წერილი მიეწერა რელეისათვის საკუთარი გამოკვლევების შესახებ. რელეიმ ეს შედეგები არა მარტო შეისწავლა, არამედ ინგილისურადაც კი თარგმნა. რელეიმ მაღალი შეფასება მისცა პოკელსის ნაშრომებს და მის ცდებზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.

შემდეგ პერიოდში პოკელსი განაგრძობდა ექსპერიმენტებს. მან აღმოაჩინა, რომ წყლის ზედაპირის უმნიშვნელო რაოდენობის ზეთით გაჭუჭყიანებისას ზედაპირული ტალღები წყნარდებოდა. მან პირველმა მოკიდა ხელი ტალღების დაწყნარების ეფექტის შესწავლას. მართალია ვერ შეძლო ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა, თუმცა მისი ნაშრომები შემდგომში ფიზიკოსებს ძალიან დაეხმარათ. სამშობლოში აგნესის მოღვაწეობის შესახებ რამდენიმე სპეციალისტის გარდა არავინ არაფერი იცოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა, აგრეთვე გაუუარესდა მხედველობა.

იგი გარდაიცვალა 1935 წლის 21 ნოემბერს, ბრაუნშვაიგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 35-38, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]