აგზნების ავტომატური რეგულირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგზნების ავტომატური რეგულირება — ელექტრულ მანქნანათა აგზნების დენის ავტომატური ცვლა მოცემული პირობების შესაბამისად. ხორციელდება სინქრონული გენერატორების, მძლავრი სინქრონული ძრავების, სინქრონული კომპენსატორების, მუდმივი დენის გენერატორებისა და ძრავების და სხვა სპეციალური ელექტრული მანქნაების აგზნების გრაგნილში ძაბვის შეცვლით. ძაბვის შეცვლა იწვევს აგზნების დენის ძალის ცვლილებას და აქედან გამომდინარე ღუზის გრაგნილში ძირითადი მაგნიტური ნაკადისა და ემძ ცვლილებას. სინქრონული გენერატორების აგზნების ავტომატური რეგულირება უზრუნველყოფს განსაზღვრული ძაბვის დონეს ელექტროქსელში, აგრეთვე მათი პარალელური მუშაობის მდგრადობის საერთო ქსელში, უნარჩუნებს მანქანის მუშა ორგანოს ბრუნვითი სიხშირის მუდმივობას მუდმივი დენის ამძრავებში. განასხვავებენ პროპორციული და ძლიერი მოქმედების აგზნების ავტომატური რეგულირებას. პროპორციული მოქმედების აგზნების ავტომატური რეგულირების დროს აგზნების დენი იცვლება მანქანის მომჭერებზე ძაბვის მოცემული მნიშვნელობიდან გადახრის პროპორციულად. პროპორციული მოქმედების აგზნების ავტომატური რეგულირება სათანადო სიზუსტით ვერ უზრუნველყოფს ძაბვის შენარჩუნებას შორეული გადაცემის ხაზებზე მომუშავე ელექტროსადგურებში და ვერც მაშინ, როცა სისტემის მკვეთრად ცვალებადი დატვირთვის გამო მნიშვნელოვნად მერყეობს ძაბვა. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ძლიერი მოქმედების აგზნების ავტომატური რეგულირებას, რომლის ეფექტურობის ასამაღლებლად აგზნების რეგულირება ხდება ძაბვის გადახრის ან დენის, ძაბვის, სიხშირისა და სხვა წარმოებულის მიხედვით. ძლიერი მოქმედების აგზნების ავტომატური რეგულირებას ახასიათებს სწრაფქმედება და აგზნების სისტემის დიდი სიმძლავრე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]