აგვისტო 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
<< აგვისტო >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
2010

აგვისტო - 2010 წლის მერვე თვეა. დაიწყო კვირას და დამთავრდა 31 დღის შემდეგ სამშაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 აგვისტო, 2010 (2010-08-01) (კვირა)
  • სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი სერბულმა დრამამ, „ტილვა როსმა“ მოიპოვა. კინორეჟისორ ნიკოლა ლეზაიჩის ფილმი მოგვითხრობს ორ მოზარდზე, მათს ცხოვრებაზე აღმოსავლეთ სერბიის ქალაქში - მაღაროელთა ქალაქში, რომელშიც სულ უფრო მატულობს უმუშევართა რიცხვი. სერბს - მარკო ტოდოროვიჩს - ერგო საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოც, „ტილვა როსში“ შესრულებული როლისთვის. სარაევოს ფესტივალი ყველაზე მასშტაბური კინოფორუმია ბალკანეთის რეგიონში. (რადიო თავისუფლება)
  • ბორჯომის ნაკრძალი ისევ იწვის. გუშინ გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ჯგუფები მთელი ღამე ებრძოდნენ. (rustavi2.com)
  • პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის რეგიონში ძლიერი წყალდიდობების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ცნობა რეგიონის ინფორმაციის მინისტრ მიან იფტიხარ ჰუსაინის განცხადებაზე მითითებით ვრცელდება. ამავე მინისტრის თქმით, სტიქიურმა უბედურებამ რეგიონში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ჰუსაინის ვარაუდით, მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. წყალდიდობები ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. პაკისტანის ეროვნული მეტეოროლოგიური დეპარტამენტი წვიმას წინასწარმეტყველებს მომდევნო დღე-ღამის მანძილზეც. (რადიო თავისუფლება)
  • ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინციდენტი სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-მდივნის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაიჭრა ცხრა ადამიანი, რომლებიც საავდმყოფოში მოათავსეს. (რადიო თავისუფლება)
  • რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ჯერ კიდევ არ შემცირებულა ხანძრით მოცული ტერიტორიის ფართობი - ის 120 000 ჰექტარს აღწევს. ნიჟეგოროდის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სულ, ხანძარმა რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოსკოვის ოლქში ამ დროისთვის ხანძრის 130 კერაა აღრიცხული. ევაკუირებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. ხანძრების ჩასაქრობად მიმდინარე ოპერაციებში თავდაცვის სამინისტრის ძალებიც მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათისთვის საგანგებო შეკრებაზე, მოსკოვში მიიწვია ხანძრებით დაზარალებული რეგიონების გუბერნატორები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა კირილემ ხალხს მოუწოდა, წვიმისთვის ილოცონ. (რადიო თავისუფლება)
  • ჩეჩნეთში დღეს ორი მილიციელი დაიღუპა. სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა იერიში განახორციელეს მილიციელებზე სოფელ ჩერნორეჩიესთან, გოროდსკოის რაიონში. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების მოსაძებნად, რომლებიც გროზნოს მახლობლად, ტყეში ეგულებათ. (რადიო თავისუფლება)
  • 73 წლის როინ ხატიაშვილი გლდანის ტბაში შვილიშვილის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. შვილიშვილი გადარჩა. 11 წლის ჯონი ჯიქიძე ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაშია და ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბოლო მომენტში ბავშვი წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს. ბაბუას კი სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა. უბედური შემთხვევა გლდანში მდებარე ტბაზე საღამოს საათებში მოხდა. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 2 აგვისტო, 2010 (2010-08-02) (ორშაბათი)
  • 45 წლის ელგუჯა კვარაცხელიაზუგდიდში მეზობელი, 14 წლის რომან კოკაია ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მიზეზი კვარაცხელიას შვილსა და რომან კოკაიას შორის წარმოქმნილი უთანხმოება გახდა. შვილს მამა გამოექომაგა და კოკაიების ოჯახში რომანთან სასაუბროდ მივიდა. როდესაც ის სახლში შეიყვანეს, მან მოულოდნელად მძინარე მოზარდს პურის საჭრელი დანა ზურგში ორჯერ დაარტყა. ერთ-ერთი ჭრილობა გულთან ახლოს იყო მიყენებული და ის სასიკვდილო აღმოჩნდა. რომან კოკაია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ადგილზე იყო გარდაცვლილი. ელგუჯა კვარაცხელიამ კი მიმალვა მოახერხა. მიმდინარეობს ძიება. (rustavi2.com)
  • უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში. მდინარე ჭოროხზე თურქეთიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი წყლის სიღრმეს იკვლევდა, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, 23 წლის სელიმ ბაქირჯი, დინებამ წაიღო და ის წყალში გაუჩინარდა. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ მან ცურვა არ იცოდა. სამაშველო ჯგუფი ადგილზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა სელიმ ბაქირჯის პოვნა ჯერაც ვერ მოხერხდა. მაშველები მის ძებნას ამ წუთებშიც განაგრძობენ. (rustavi2.com)
  • ურეკში დამსვენებელს სკუტერი შეეჯახა. თბილისიდან ჩამოსული ბეთქილ ქურასბედიანი ნაპირიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახლოს ბანაობდა, როდესაც სკუტერმა გადაუარა. ქურასბედიანი ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ქალის ტრავმა აქვს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ტომოგრაფიის შემდეგ გაირკვევა, რა ზომებს მიმართავენ ექიმები დაზარალებულის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. (rustavi2.com)
  • 15 ადამიანი დაიღუპა მცირე ზომის რუსული სამგზავრო თვითმფრინავის, ან-25-ის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი ქალაქ იგარკასთან უნდა დამჯდარიყო. წინასწარი ცნობებით თვითმფრინავი დასაჯდომი ბილიკიდან 700 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. (რადიო თავისუფლება)
  • საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონში. „C“ ჯგუფის პირველ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დამაჯერებლად სძლიეს პოლონეთის ნაკრებს - 84:65. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (26 ქულა), სანიკიძემ, ცინცაძემ (14-14) და მარკოიშვილმა (12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბელგიის ეროვნულ გუნდთან. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი თბილისში - ნინო ჩხეიძის 25 ნომერში სამსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა - სხვენში სადენები აალდა. დამწვარია 80 კვადრატული მეტრის ფართობი. შენობაში განთავსებული შპს „ნაიას“ თანამშრომლებმა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილის გამოტანა მოასწრეს, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობა ცეცხლმა და წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება ოთხ წუთში მოახერხეს. (rustavi2.com)
  • მესამე დღეა ხანძარია ბორჯომის ხეობაში, სადაც ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, 16 ჰექტარი ფართობი განადგურდა. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის რამდენიმე დიდი კერა უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლის მრავალი, ე.წ. გაბნეული კერის ჩასაქრობად კი, ავიაციაც მუშაობს. სამინისტროს განცხადებით, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. (რადიო თავისუფლება)
  • ბორჯომის ხეობის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა იმერეთის რეგიონში. სააგენტო ინტერპრესნიუსს ადგილობრივი ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის არსებულ ტყეში ხანძარმა 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობა იმერეთის სახანძრო ბრიგადებმა და საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი შტაბის მაშველებმა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. (რადიო თავისუფლება)
  • 34 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, რომლის 14 რეგიონში კვლავ ხანძარი მძვინვარებს. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ცენტრალურ ოლქებში, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელებისგან მაშველებმა 265 დასახლებული პუნქტი გადაარჩინეს. სამინისტროს ცნობითვე, ამჟამად, საერთო ჯამში ხუთას ჰექტარ ტერიტორიაზე ხანძრის 7 ათასამდე კერაა. მათ შორის მოსკოვის შემოგარენშიც, რის გამოც რუსეთის დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონი კვამლშია გახვეული. ამ ვითარების გაუმჯობესებას რუსეთის ჰიდრომეტცენტრი მინიმუმ ხუთშაბათამდე არ ელის. დღესვე მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 14 დასახლებულ პუნქტში, სადაც ხანძარმა 44 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. (რადიო თავისუფლება)
  • ისრაელისა და იორდანიის წითელი ზღვის პორტები დღეს ახლო მანძილის რაკეტებით დაიბომბა, სავარაუდოდ ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულიდან, ტერიტორიიდან, სადაც წარსულში ისლამისტი მეამბოხეები მოქმედებდნენ. არ ვრცელდება ცნობა ისრაელის პორტ ეილატში მსხვერპლის შესახებ. რამდენიმე რაკეტა წყალში ჩაეშვა, ერთი კი ახლომდებარე იორდანიის პორტ აყაბაში. (რადიო თავისუფლება)
  • ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაარში ხუთი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პოლიციის სატვირთო მანქანასთან. თავდასხმა ჩაფიქრებული იყო ადგილობრივი დანდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახამდულა ნაზიკას გასანადგურებლად, თუმცა აფეთქება მოხდა მანამდე ვიდრე, მოხელის მანქანა გაზაზე გამოჩნდებოდა. ცოტა ხანში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ავღანელი პოლიციელი და ნაზიკას ერთი მცველი დაიჭრა. ბოლო თვეების განმავლობაში ყანდაარის პროვინციაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. იტყობინებიან, რომ დანდის რაიონში ადმინისტრაციის ცხრა მოხელე მოკლეს. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანში წყალდიდობას გადარჩენილები ქვეყნის მთავრობის უმოქმედობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. წყალდიდობამ მთლიანი სოფლები გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა. პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში სტიქიამ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დააზარალა. ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტი იქნება, რადგან სტიქია ძალიან ძლიერი იყო, დიდი ტერიტორია მოიცვა და ბევრი დაღუპულის შესახებ ცნობილი ჯერ არ არის. გაეროს გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში ტრაგედიის გამო და დაზარალებულ მოსახლეობას 10 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას პირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ აშშ საწყის ეტაპზე 10 მილიონი დოლარის ტექნიკას გზავნის პაკისტანში. კლინტონის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ისლამაბადში კოორდინაციას უწევს ვერტმფრენების, ნავების, სახელდახელო ხიდებისა და სხვა მოწყობილობების განაწილებას. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 3 აგვისტო, 2010 (2010-08-03) (სამშაბათი)
  • ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის მცირე კერები კვლავ რჩება . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაპუნა ხაჩიძემ აცნობა. „რამდენადაც ცეცხლი წიწვოვან ტყეშია გავრცელებული, ჯერ კიდევ რჩება ხანძრის ბევრი მცირე კერა, რომელთა ჩაქრობა მიწიდან – ქვეითთა მიერ უფროა შესაძლებელი. თუმცა, სამი ვერტმფრენი დილის 07:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობს. ამ დროისთვის ცეცხლი კვლავ 15 ჰექტარზეა გავრცელებული“, - განაცხადა პაპუნა ხაჩიძემ. მისივე თქმით, დღეს ხანძრის ჩასაქრობად შედარებით ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რადგან ქარი არ ქრის. თუმცა, ხაჩიძე აქვე განმარტავს, რომ ხანძარი რთულ რელიეფზეა გავრცელებული და სწორედ ეს ფაქტორი ართულებს ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციას. ხანძარი ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩნდა. (new.interpressnews.ge)
  • პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეულ ნგრევას უკვე ემსხვერპლა 1500-მდე ადამიანი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩა 980 000 ადამიანი. იმავე წყარო ამ რიცხვის მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს. ამ დროისათვის დანგრეულია 80 000, დაზიანებული კი 50 000 სახლი. გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პაკისტანში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან. (რადიო თავისუფლება)
  • მექსიკის ყურეში ბიპის დაზიანებული მილსადენიდან ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობამ თითქმის 5 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა. ჯერჯერობით ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოების შედეგად მხოლოდ 800 000 ბარელი ნავთობის შეჩერება და გადაქაჩვა გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა ამ ტიპის უმსხვილეს შემთხვევად ითვლება. წინა შემთხვევაც მექსიკის ყურეში მოხდა. მაშინ, წელს, ზღვაში 3 მილიონ 300 000 ბარელი ნავთი ჩაიღვარა. (რადიო თავისუფლება)
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავისი სანქციების სიიდან ამოიღო თალიბანის 10 და ალ ყაიდას 35 წევრი. თომას მაირ ჰანტინგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს კოლეგიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ სიაში თალიბანისა და ალ ყაიდას წევრთა 433 გვარია მოხვედრილი - მათგან 132 თალიბანს წარმოადგენს, 311 კი ალ ყაიდას. შავის სიის სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და გადაადგილების შეზღუდვას. (რადიო თავისუფლება)
  • გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს იაპონიაში ჩადის, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებულ ცერემონიალში. ბან კი მუნი გაეროს პირველი გენერალური მდივანია, რომელიც ამ მემორიალურ ცერემონიალში მონაწილეობს. იაპონიის ლიდერებთან შეხვედრების თემა ატომური განიარაღება და სხვა გლობალური საკითხები იქნება. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის ქალაქ კარაჩიში წუხელ, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად. არეულობა მოჰყვა 2 აგვისტოს ადგილობრივი დეპუტატის, რაზა ჰაიდერის მკვლელობას. წუხელ სროლის დროს კარაჩიში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ათობით მაღაზიასა და ავტომანქანას. სროლა დილამდე ისმოდა, ქალაქის ქუჩებში სამთავრობო ჯარების განთავსების მიუხედავად. თვით კარაჩიში და მიმდებარე დასახლებებში სკოლები დახურული რჩება. (რადიო თავისუფლება)
  • ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ე.წ. ღია კერები აღარ არსებობს და ამჟამად ნიადაგის შიდა წვა მიმდინარეობს, რასაც მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის. ხანძრის რაიონში კვლავ იმყოფებიან ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობას ახალი ღია კერების წარმოქმნის შემთხვევაში განაახლებენ. ბორჯომის ხეობაში ივლისის ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 4 აგვისტო, 2010 (2010-08-04) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 5 აგვისტო, 2010 (2010-08-05) (ხუთშაბათი)
  • საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბელგიაში, ანტვერპენში გამართულ მატჩში ბელგიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან 10 – ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ბელგიელებმა იგორ კოკოშკოვის გუნდის შეცდომებით ისარგებლეს და საქართველოს ნაკრებს 74-64 მოუგეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ზაზა ფაჩულია იყო. მან ეროვნულ გუნდს 20 ქულა შესძინა. შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული 2 შეხვედრის შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდი 3 ქულით ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში 11 აგვისტოს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი იქნება. (I არხი)
  • ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 სამოქალაქო პირი დაიღუპა სარაკეტო იერიშის დროს, რომელიც გასულ თვეში განახორციელა ნატომ - დაიღუპა ნაკლები, ვიდრე ავღანეთში თავდაპირველად იუწყებოდნენ, მაგრამ გაცილებით მეტი, ვიდრე ნატო აღიარებს. ნატოს პრეს-მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს ცნობაზე 39 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ. ნატომ ინციდენტის შესწავლის პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ ჰელმანდის პროვინციაში სარაკეტო იარიშის დროს 6 ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად მეამბოხეები. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს ხანძარი გაჩნდა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მახლობლად. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ალი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ავარდა. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციის ჩარევა გახდა საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით, იწვის 15 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარი მთაში გაჩნდა, რაც ქართან ერთად ართულებს ჩაქრობის პროცესს. ბორჯომის ხეობაში კი ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს და რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მიწისქვეშა ხანძარი. ამის გამო ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და მაშველები, რათა არ დაუშვან ღია კერების ისევ გაჩენა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 6 აგვისტო, 2010 (2010-08-06) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 7 აგვისტო, 2010 (2010-08-07) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 8 აგვისტო, 2010 (2010-08-08) (კვირა)
  • გადაუღებელმა წვიმებსა და წყალდიდობებს ცენტრალურ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა. ჩეხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთში, დაზუსტებული ცნობებით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღრჩო, ერთი - დაკარგულად ითვლება. დასახლებულ პუნქტებს სერიოზული ზიანი მიადგა. პოლონეთის სამხრეთში წყალდიდობამ 4 ადმიანი იმსხვერპლა. კიდე სამი კაცი გერმანიის რაიონებში დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
  • ნატოს ხუთი სამხედრო პირი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში. ნატოს უსაფრთხოებსი მხარდამჭერი ძალების სარდლობის ცნობით, ერთი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ორი ამერიკელი ჯარისკაცი კი მეამბოხეებთან ბრძოლაში მოკლეს. დანიური სამხედრო კონტინგენტის განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში, გაზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს ჯარების დანაკარგი მიმდინარე წლის განმავლობაში 422 კაცამდე გაიზარდა, იუწყება „ფრანს-პრესის“ სააგენტო. (რადიო თავისუფლება)
  • ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით 127 კაცი დაიღუპა, დაახლოებით ორი ათასი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების ზონაში ჩინეთის ლიდერი ვენ ზიბაო ჩავიდა. შაბათს დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდნენ მდინარეები, რასაც დღეს მეწყერი მოჰყვა პროვინცია განსში. (რადიო თავისუფლება)
  • აშშ-ს შტატ პენსილვანიაში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეითედ პრესი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქ სალინაში საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად მფრინავი და მგზავრი დაიღუპნენ. (ინტერპრესნიუსი)
მიმდინარე მოვლენები 9 აგვისტო, 2010 (2010-08-09) (ორშაბათი)
  • ნატოს განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. გასული კვირის მიწურულს კი მეამბოხეებმა ავღანელი ბავშვი მოკლეს ნატოს ჯარებთან შეტაკებისას. (რადიო თავისუფლება)
  • უბედური შემთხვევა მოხდა ლისის ტბაზე. წყალში 19 წლის ირაკლი ამირგულაშვილი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, ამირგულაშვილი წყალში შევიდა და 15 წუთში გაუჩინარდა. მაშველებმა დამხრჩვალის ცხედარი რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ამირგულაშვილი ტბაზე ნათესავებთან ერთად იყო მისული. (rustavi2.com)
  • გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 სააგარაკე სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი სიცხე სახელდება. ცეცხლის ლოკალიზებას გარდაბნის, რუსთავის, მარნეულისა და თბილისის სახანძრო სამსახურის შვიდი ბრიგადა 4 საათის განმავლობაში ერთდროულად აწარმოებდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 10 აგვისტო, 2010 (2010-08-10) (სამშაბათი)
  • ათიათასობით პაკისტანელი გარბის ცენტრალურ პენჯაბის პროვინციაში მდებარე ქალაქ მუზაფარგარიდან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ადიდებული მდინარეები წყალდიდობის საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონს. მოსახლეობა, 250 000-მდე ადამიანი, წუხელ გააფრთხილეს, რის შემდეგაც ხალხმა შემაღლებულ ადგილებსა და სხვა დასახლებებს მიაშურა. გაეროს მონაცემებით, პაკისტანში ბოლო ორი კვირის წყალდიდობებმა 1500-მდე ადამიანი შეიწირა, დაზარალებულთა რიცხვი 14 მილიონს აღწევს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 11 აგვისტო, 2010 (2010-08-11) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 12 აგვისტო, 2010 (2010-08-12) (ხუთშაბათი)
  • შეერთებული შტატების გეოლოგიური უწყების ცნობით, ეკვადორი შეარყია მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 6,9-ს აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალქ კვიტოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 154 კილომეტრში მდებარეობდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური უწყების განცხადებით, მიწისძვრას, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია ცუნამი. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყალდიდობის მეორე ტალღამ შესაძლოა მეტი ფართობი მოიცვას. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პაკისტანში წყალდიდობა „ჯერ არ დასრულებულა“. მისი თქმით, მომდევნო 10 დღე კრიტიკული იქნება. ამ ეტაპზე ადიდებული მდინარე ჩენაბი საფრთხეს უქმნის 4,5 მილიონიან ქალაქ მულთანს. წყლის დონე იმატებს მდინარე ინდუსშიც. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 13 აგვისტო, 2010 (2010-08-13) (პარასკევი)
  • ხანძარი იყო თბილისში, ბაგებში, სტუდენტური დასახლების ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. სულ 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. 5-მა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლი დროულად ჩააქრო. (rustavi2.com)
  • ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა აბაშაში მომხდარ ავარიაში. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ მარნიდან აბაშისკენ მიმავალმა „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმეჯერ ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში. სულ მანქანაში 11 მგზავრი იჯდა. (rustavi2.com)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი ლორიკ მარშანია გარდაიცვალა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს. გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მარშანია, მძიმე მდგომარეობაში, თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას თავის ქალის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული. (რადიო თავისუფლება)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. ხუბუამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აკადემიური საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. (რადიო თავისუფლება)
  • გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩინეთის ზოგიერთ რაიონში ისევ ჩამოწვა მეწყერი, რამაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 14 აგვისტო, 2010 (2010-08-14) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 15 აგვისტო, 2010 (2010-08-15) (კვირა)
  • სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს დანაშაულის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. თამარ ნემსიწვერიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა. თამარ ნემსიწვერიძესთან ერთად, ქურდობაში ეჭვმიტანილია ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი. (rustavi2.com)
  • დაღესტანში აფეთქება მოხდა რკინიგზაზე. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაზარალებულა. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სატვირთო მატარებლის გზაზე მახაჩყალის მახლობლად. ინტერფაქსის ცნობით, მატარებელს გათხევადებული აირი გადაჰქონდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 16 აგვისტო, 2010 (2010-08-16) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 17 აგვისტო, 2010 (2010-08-17) (სამშაბათი)
  • საქართველოსა და პოლონეთის საკალათბურთო ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს მარცხით 67:58 დასრულდა. მატჩი ქალაქ ლოძში გაიმართა. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ „C“ ჯგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებს. (rustavi2.com)
  • ნატოს სარდლობის ინფორმაციით კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა დღეს ავღანეთში. ფრანგული სააგენტო ფრანს პრესის თანახმად მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთში კოალიციამ 436 ჯარისკაცი დაკარგა. (რადიო თავისუფლება)
  • იაპონიაში პიროტექნიკის ქარხანში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. როგორც იაპონური სააგენტო „სინჰუა“ იტყობინება, აფეთქება ქარხნიდან 5 კილომეტრის რადიუსით ქალაქ უჩუნშიც იგრძნობოდა. ამ ეტაპისათვის 2000 ადამიანზე მეტია ევაკუირებული. (რადიო თავისუფლება)
  • კოლუმბიის ოფიციალური წარმომადგენლები, „საოცრებას“ უწოდებენ იმ ფაქტს, რომ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სადაც 130 ადამიანი იმყოფებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. კოლუმბიაში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ბოგოტადან საკურორტო კუნძულ სან-ანდრესზე მიფრინავდა. უბედური შემთხვევის მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 18 აგვისტო, 2010 (2010-08-18) (ოთხშაბათი)
  • ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, იუნანის პროვინციაში მდებარე ქალაქ პულადიში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. 67 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქალაქთან მისასვლელები ჩაიხერგა. ჩინური სააგენტოს ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩაიკეტა გზები, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და გაითიშა ტელეკომუნიკაციები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეწყრისა და წყალდიდობის გამო ჩინეთში 1500 ადამიანი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 19 აგვისტო, 2010 (2010-08-19) (ხუთშაბათი)
  • დირბის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი სენაკის სახურავს გაუჩნდა. სავარაუდოდ, აალება გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ხანძარი მონასტრის წინამძღვარმა შენიშნა. სოფლის მოსახლეობა და ქარელის მეხანძრეები ცეცხლს ერთად აქრობდნენ. (rustavi2.com)
  • საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, დღეიდან რუმინეთსა და ბულგარეთში საფრანგეთში არალეგალურად მცხოვრები 700 ბოშის დეპორტაცია იწყება. ის 79 ბოშა, რომლებიც დათანხმდნენ ქვეყანა საკუთარი ნებასურვილით დაეტოვებინათ, კომპენსაციის სახით 383 ამერიკულ დოლარს მიიღებს. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი იყო დღეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში. ნომერ პირველ ავტოსადგომზე შვიდი ჩამოწერილი ავტობუსი დაიწვა. ცეცხლი იქვე მდებარე ნაგავსაყრელს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მივიდა. ცეცხლის ლოკალიზება ნახევარ საათში მოხერხდა. სავარაუდოდ, ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 20 აგვისტო, 2010 (2010-08-20) (პარასკევი)

ქართველი კალათბურთელების ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის თამაშების შედეგები:

I მატჩი: 2 აგვისტო - საქართველო vs პოლონეთი 84:65 - (სახლში)

II მატჩი: 5 აგვისტო - საქართველო vs ბელგია 64:74 - (სტუმრად)

III მატჩი: 11 აგვისტო - საქართველო vs პორტუგალია 73:57 - (სახლში)

IV მატჩი: 14 აგვისტო - საქართველო vs ბულგარეთი 83:76 - (სტუმრად)

V მატჩი: 17 აგვისტო - საქართველო vs პოლონეთი 57:68 - (სტუმრად)

VI მატჩი: 20 აგვისტო - საქართველო vs ბელგია 86:63 - (სახლში)

VII მატჩი: 26 აგვისტო - საქართველო vs პორტუგალია - 80:57 (სტუმრად)

VIII მატჩი: 29 აგვისტო - საქართველო vs ბულგარეთი - 94:83 (სახლში)

  • საბერძნეთისა და სერბეთის ნაკრებების კალათბურთელებმა ათენში საერთაშორისო ტურნირის მატჩი მოულოდნელად შეწყვიტეს და ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მოთავეები ბერძენი ანტონის ფონისი და სერბი მილოშ თეოდოსიჩი გახდნენ, რომლებიც თამაშის დროს ერთმანეთთან შეჯახებამ გააღიზიანა. ჩხუბი მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დაიწყო, როდესაც ანგარიში საბერძნეთის ნაკრების სასარგებლოდ 74:73 იყო. რამდენიმე კალათბურთელმა მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა, მათ დახმარება ექიმებმა აღმოუჩინეს. (პირველი არხი)
  • ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში წმ. იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე არსებული მხატვრობის მოხსნის შედეგად ფრესკის უძველესი ფენა აღმოაჩინეს. წინასწარი ვარაუდით, მხატვრობა მთავარი ტაძრის თანადროულია. ახლად გამოვლენილ უძველეს და დაზიანებულ კედელზე მხატვრობა რთულად იკითხება, თუმცა გამოსახულების ქვედა ნაწილი, მისი ჩაცმულობის კონტურები და ხმლის მოხატული წვერი სპეციალისტებს ქტიტორის გამოსახულებაზე მიანიშნებს. სავარაუდოდ, გამოსახულება ალავერდის მაშენებელ კვირიკე I-ს უნდა ეკუთვნოდეს. ამავდროულად არ არის გამორიცხული, რომ ალავერდის მთავარი ტაძრის ქტიტორი გაერთიანებული საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლი აღმოჩნდეს. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 21 აგვისტო, 2010 (2010-08-21) (შაბათი)
  • ფოთს ქარბორბალამ გადაურა. სტიქია, რომელიც 5 წუთს გრძელდებოდა, ქალაქში 30-მდე სახლი დააზიანა. ქარბორბალის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. (ghn.ge)
  • ანომალიური სიცხეების შემდეგ რუსეთს ტორნადომ და ქარიშხლებმა გადაუარა. ნოვოროსიისკის მცხოვრებნი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ: შავი ზღვის სანაპიროდან ერთ კილომეტრში ზედიზედ ხუთი ტორნადო წარმოიქმნა. მილიციამ ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მოასწრო, რომლებიც ამ დროს სანაპიროზე იმყოფებოდნენ. ქარიშხლებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. უამინდობაა რუსეთის სხვა რეგიონებშიც, სადაც რამდენიმე დღის წინ მოსახლეობა ძლიერი სიცხისა და მზის დაკვრის გამო ადგილობრივ კლინიკებს აკითხავდა. ნიჟეგოროდის ოლქში ძლიერი წვიმა მოვიდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერმა ქარმა სამშენებლო მოედანზე ამწე ჩამოაგდო, რომელშიც 42 წლის მემანქანე იმყოფებოდა. მან გარეთ გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა. მოსკოვში ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაეცა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა ეკატერინბურგში იქნება, სადაც ათი გრადუსი დაფიქსირდება. სპეციალისტების ვარაუდით, მაღალი ტემპერატურა ამჯერად ციმბირისკენ გადაინაცვლებს. (პირველი არხი)
  • მგლების შემოსევაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვიჯში. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელს მგლები უკვე მეათედ შეესივნენ. მგლები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიდიან. ადგილობრივმა გამგეობამ მგლების დახოცვის ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტროსგან უკვე მიიღო. ხვალიდან მონადირეები მტაცებლებზე ნადირობას დაიწყებენ. (პირველი არხი)
  • ირანმა პირველი ატომური ელექტროსადგური აამუშავა. სპეციალისტებმა ბუშერში რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურში ბირთვული საწვავის დატვირთვა დაიწყეს. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 22 აგვისტო, 2010 (2010-08-22) (კვირა)
  • პაკისტანში ქვეყნის სამხრეთი რაიონების მოსახლეობა სახლებს ტოვებს ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო. პროვინცია სინდის ხელისუფლება იტყობინება, რომ უკანასკნელი დღეღამის განმავლობაში 200 ათასამდე ადამიანი გაიქცა მაღლობ რაიონებში. ახლახან მომხდარი წყალდიდობის შედეგად პაკისტანში 1600 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულად ითვლება 20 მილიონი ადამიანი. (რადიო თავისუფლება)
  • თურქეთის დასავლეთ რეგიონში ტყეები იწვის. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იზმირის ოლქშია, სადაც ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება და რამდენიმე სოფელს განადგურებით ემუქრება. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებას 1 500-მდე მეხანძრე ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ადგილზე სახანძრო ავიაციაც მუშაობს. (პირველი არხი)
  • ქაიროს სამხატვრო მუზეუმიდან მოიპარეს ვან გოგის ნახატი „ყვავილებიანი სურა“, რომელიც 50 მილიონ დოლარდაა შეფასებული. ეგვიპტის კულტურის მინისტრმა, ჰოსნი ფარუქმა განაცხადა, რომ ქურდის დაკავებისთვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ნახატს, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით, „ყაყაჩოები“ მეორედ იპარავენ. პირველად ის ამავე მუზეუმიდან მოიპარეს 1978 წელს. მოგვიანებით ის ქუვეითში იპოვნეს და ქაიროში დააბრუნეს. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი გლდანის ტყეში. დამწვარია დაახლოებით 3 ჰექტარამდე ტერიტორია. ცეცხლი გვიან ღამით ნაგავსაყრელის ტერიტორიას გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ამ დროისთვის დაუდევრობა სახელდება. სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილას გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა. ცეცხლის ლოკალიზება 8 სახანძრო ბრიგადამ, დაახლოებით ნახევარ საათში შეძლო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. (პირველი არხი)
  • ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ჯერჯერობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს მოიპოვოს მთავრობის შექმნისთვის საჭირო უმრავლესობა. იუწყებოდნენ, რომ ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ მცირე უპირატესობით ლიდერობდა ოპოზიციური ლიბერალური და ნაციონალური პარტიების კოალიცია. (რადიო თავისუფლება)
  • ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროებს ქარიშხალმა გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრს აღწევდა. ყველაზე მეტად სტიქიამ სოხუმი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ხეები ძირფესვიანად ამოგლიჯა, სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 23 აგვისტო, 2010 (2010-08-23) (ორშაბათი)
  • ფილიპინების პოლიციამ იერიში მიიტანა ავტობუსზე, რომელშიც შეირაღებულ პირებს მძევლად ჰყავდათ 15-მდე მგზავრი. ინციდენტი დედაქალაქ მანილაში მოხდა. თვითონ გამტაცებელი მოკლეს. მანილის პოლიციის ცნობით, სულ მცირე შვიდი მძევალია ასევე დაღუპული. პოლიციამ თავიდან ალყა შემოარტყა ავტობუსს, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტი, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა ტურისტული ავტობუსი ჩაიგდო ხელში 25 მგზავრით, ცხრა საათი გრძელდებოდა. ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი იყო, რომელიც სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. მოგვიანებით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაუშვა. ცნობით, ტურისტები ჩინეთიდან იყვნენ. (რადიო თავისუფლება)
  • სულ მცირე 21 ადამიანი დაიხოცა ორი სხვადასხვა აფეთქების დროს პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანსა და ქურამში. „რადიო თავისუფლება“ - რადიო თავისუფალი ევროპის პაკისტანური რედაქციის, „რადიო მაშაალის“ კორესპონდენტის თანახმად, სამხრეთ ვაზირისტანში აფეთქება მოხდა მეჩეთში, სადაც „ყურანის გაკვეთილი“ მიმდინარეობდა. დაიხოცა 16 პირი, დაშავდა 30. მეორე ინციდენტი, სადაც ხუთი ადამიანი დაიხოცა, თემის უხუცესთა შეკრებისას მოხდა. (რადიო თავისუფლება)
  • ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, 25 ისლამისტი მეამბოხე გაიქცა საპატიმროდან. მათ სულ მცირე, ხუთი გუშაგი მოკლეს. პატიმრებმა დუშანბეს სახელმწიფო უშიშროების ციხიდან გაქცევა მოახერხეს ღამით, 23 აგვისტოს. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი თურქეთში. იზმირში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვედბა. რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ათობით მეხანძრეა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად, ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე ვერტმფრენი გამოყო, თუმცა ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი უშლის. (პირველი არხი)
  • ჩილეში, 17 დღის წინ, ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ნგრევის შედეგად, მიწისქვეშ მოყოლილი 33 მაღაროელი ნიშანს იძლევა, რომ ისინი ცოცხლები არიან. ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ მაღაროში მომხდარმა ნგრევამ დაახლოებით 700 მეტრის სიღრმეზე მოიქცია მაღაროელები. კვირას მაშველებმა მაღაროში სპეიალური ზონდი ჩაუშვეს, რომელზეც მიწისქვეშ მოქცეულმა მაღაროელებმა წერილი მიამაგრეს, საიდანაც იტყობინებიან, რომ ნგრევისას მათ მოახერხეს უსაფრთხო ადგილას თავის შეფარება და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მაღაროელთა ამოსაყვანად შესაძლებელია რამდენიმე კვირა გახდეს საჭირო. ამ დროის განმავლობაში მაღაროელებს მიაწვდიან, საკვებს, წყალსა და ჟანგბადს. (რადიო თავისუფლება)
  • ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბაღდადის ცენტრალური ციხიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობისათვის, 2004 წელს გასამართლებული ჯასარ არ რავი გაიქცა. როგორც იუსტიციის მინისტროს მოადგილე აცხადებს, ამ დროისათვის იკვლევენ, როგორ მოახერხა მკვლელმა ციხიდან გაქცევა. როგორც ირკვევა, ის ბაღდადის ცენტრალური ციხიდან 2009 წლის სექტემბერში გაიქცა, ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. (რადიო თავისუფლება)
  • როგორც ფილიპინების ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან, სამსახურიდან დათხოვილმა შეიარაღებულმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსი დააკავა, სადაც 20–ზე მეტი სამხრეთ კორეელი ტურისტი იმყოფება, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს ავტობუსი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, პიროვნება, რომელმაც ტურისტული ავტობუსი დააკავა პოლიციიდან ცუდი ყოფაქცევისა და კრიმინალური საქციელის გამო გაათავისუფლეს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 აგვისტო, 2010 (2010-08-24) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 25 აგვისტო, 2010 (2010-08-25) (ოთხშაბათი)
  • მექსიკაში ტროპიკული შტორმი ძლიერდება. ოაქას შტატში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ადიდებულია მდინარე პაპალოაპანი. სანაპიროზე არსებული დასახლებებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიამ უკვე 50 000 ადამიანი დააზარალა. დატბორილია სახლები. რამდენიმე რეგიონში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აჭარბებს. (პირველი არხი)
  • მორაგბეთა შავი ზღვის თასის გათამაშებაზე საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „ლელომ“ პირველი მატჩი მოიგო. ლევან მაისაშვილის გუნდმა ოდესის „კრედო-63“ 28:10 დაამარცხა. მეორე მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბუქარესტის „არადს“ შორის რუმინული კლუბის გამარჯვებით – 30:28 დასრულდა. მეორე ტურის მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 28 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრებზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეუძლია. (პირველი არხი)
  • სომალის მთავრობამ, განაცხადა, რომ 30 ადამიანი იქნა მოკლული, როცა თვითმკვლელმა და შეიარაღებულმა პირებმა იერიში განახორციელეს სასტუმროზე დედაქალაქ მოგადიშოში. მოკლულთა შორის იყო პარლამენტის სულ ცოტა ექვსი წევრი, რომლებიც სასტუმროში ცხოვრობდნენ. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“. სომალის 1991 წლიდან არ ჰყოლია სტაბილური მთავრობა. „ალ-შაბააბმ“ი აცხადებს, რომ „ალ-ყაიდა“სთან აქვს კავშირი. დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ ჩამოაგდებს პროდასავლურ მთავრობას, რომელსაც აფრიკის კავშირის 6000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი იცავს. (რადიო თავისუფლება)
  • ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 96 მგზავრი იყო. დანარჩენების გადარჩენა და საავადმყოფოში მოათავსება მოხერხდა. თვითმფრინავი ქალაქ ხაბრინიდან მიფრინავდა ქალაქ იჩუნში, სადაც, მფრინავმა თვითმფრინავი ბილიკზე ვერ დასვა, რასაც მოჰყვა ხანძარი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 26 აგვისტო, 2010 (2010-08-26) (ხუთშაბათი)
  • პაკისტანში დღეს კვლავ გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე სინდის რეგიონში, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მდინარე ინდის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიწყო მოსახლეობის გაყვანა არაერთი დატბორილი ქალაქიდან. ერთი თვის წინ პაკისტანში ხანგრძლივი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობით 17 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რიცხვი 1500-ს აღემატება. (რადიო თავისუფლება)
  • კოლუმბიაში ვულკანმა „გალერასმა“ გაიღვიძა. ქალაქ პასტოს, ვულკანიდან ამოსული ფერფლი და მომწამვლელი გაზი უახლოვდება. უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. ათასობით უსახლკაროდ დარჩენილისთვის სპეციალური დროებითი საცხოვრებლები ააგეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლავის ამოფრქვევის შემთხვევაში, კოლუმბიის დიდი ნაწილი შესაძლოა კატასტროფის ზონად იქცეს. (პირველი არხი)
  • აფეთქებების სერია განხორციელდა ერაყში. ტერაქტები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაღდადში მოხდა. აფეთქებებს სულ 60 ადამიანი ემსხვერპლა, 250 დაშავებულია. დაღუპულთა შორის 20 სამართალდამცველია. (პირველი არხი)
  • ნიგერიის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ქოლერით დაავადების შემთხვევათა მომრავლებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ სენს 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 6400-ს გადააჭარბა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტთა ვარაუდით, ქოლერის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო სეზონურმა წვიმებმა, სასმელი წყლის უკმარისობამ და ელემენტარული სანიტარული პირობების დაუცველობამ. ნიგერიის მეზობელ კამერუნში ქოლერით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. (რადიო თავისუფლება)
  • არეულობა იერუსალიმში – სილვანის არაბულ დასახლებაში ერთმანეთს პალესტინელები და ებრაელები დაუპირისპირდნენ. პალესტინელებმა იერიში ებრაელების საცხოვრებელ სახლებზე მიიტანეს და მათ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მომხდარის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაიწვა მანქანები. არეულობის ორგანიზატორების შეჩერება სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა დემონსტრანტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. (პირველი არხი)
  • ავიაკატასტროფა მოხდა კონგოში. ბანდუნდუს პროვინციაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები. ნამსხვრევებიდან უკვე 19 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავიაკატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე, ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, 2 მგზავრი გადარჩა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 27 აგვისტო, 2010 (2010-08-27) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 28 აგვისტო, 2010 (2010-08-28) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 29 აგვისტო, 2010 (2010-08-29) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 30 აგვისტო, 2010 (2010-08-30) (ორშაბათი)
  • ვულკანი ინდონეზიაში. კუნძულ სუმატრადან მოსახლეობის ინტენსიური ევაკუაცია მიმდინარეობს. საკუთარი სახლი უკვე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ვულკანი სინაბუნგი 400-წლიანი პაუზის შემდეგ ამოიფრქვა. ფერფლი ჰაერში 2 500 მეტრის სიმაღლემდეა გაფანტული. ინდონეზია მსოფლიოს სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, სადაც 130-მდე აქტიური ვულკანია. (პირველი არხი)
  • დასავლეთ რუსეთში მდებარე ტვერსკის ოლქში რეგიონში 9 ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი პაციენტი გახდა, რომელმაც თავშესაფარში თავის დაწვა სცადა. დაშავდა ორი ადამიანი, ევაკუირებულ იქნა 480. (რადიო თავისუფლება)
  • კვირას საღამოს, რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მიასში, ასამდე სკინჰედი შეიჭრა როკ-ფესტივალ „ტორნადოს“ ტერიტორიაზე და დამსწრეთა ცემა დაიწყო. როგორც იტყობინებიან, არიან დაღუპულები. (რადიო თავისუფლება)
  • მესტიის რაიონის ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშთან ხანძრის კერები ბოლომდე ლიკვიდირებულია. ხანძრის კერების ჩაქრობის ძირითადი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. წუხელ ვერტმფრენების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად ლატალის თემში, დაახლოებით 400 კვ.მ-ის ფართობზე ტყე დაზიანდა. ცეცხლის ჩასაქრობად ორი ვერტმფრენი მუშაობდა. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 31 აგვისტო, 2010 (2010-08-31) (სამშაბათი)