აბრეშუმის მრეწველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრეშუმის მრეწველობასაფეიქრო მრეწველობის დარგი. აწარმოებს აბრეშუმის ქსოვილსა და ძაფს ბუნებრივი აბრეშუმისა და ქიმიური (ვისკოზის, აცეტატის, კაპრონის, ნიტრონის, ლავსანის) ბოჭკოსაგან. პირველადს ნედლეულს თანმიმდევრობით ამუშავებენ ძაფსახვევ, სართავ, საგრეხ, საქსოვ და სამღებრო-გამოსაყვან წარმოებებში, რომელთა ერთობლიობა ქმნის აბრეშუმის მრეწველობის სრულ საწარმოო ციკლს. რუსეთში აბრეშუმის მრეწველობას საფუძველი პეტრე I-ის დროს ჩაეყარა. ოქტომბრის რევოლუციამდე აბრეშუმის მრეწველობის საწარმოები თავმოყრილი იყო უმთავრესად ამიერკავკასიაში და ნაწილობრივ მოსკოვისა და ვლადიმირის გუბერნიებში.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში აბრეშუმის ქსოვილების წარმოება ცნობილია უძველესი დროიდან. XIX საუკუნემდე ჩვენში ფართოდ იყო გავრცელებული აბრეშუმის ძაფის ამოხვვეის, დართვისა და ქსოვის კუსტარული წესი. ამოსახვევად გადარჩეულ პარკს მზეზე დაყრიდნენ ხოლმე, რომ შიგ ჭუპრი მოეკლათ. მერე მდუღარეში ჩაყრიდნენ ნაწილ-ნაწილ და ძაფს შულოებად ამოახვევდნენ საგანგებო ხელსაწყოზე („ელართაშე“, „ოგიდაშე“ — სამეგრელოში, „ოგვადო“ — გურიაში, „სამხელი“, „სამუხველი“ — იმერეთში), კახეთში სპეციალურ ჯარას „მანჯანიკს“ ხმარობდნენ. შულოებს ფირფიტაზე გადაახვევდნენ, ამოხვეულ ძაფს დაართავდნენ თითისტარზე, რომელსაც სიმძიმისათვის ბოლოზე ქვის კვირისტავი ჰქონდა წამოგებული. ცალწვერად დართულ ძაფს შემდეგ ისევ თითისტარზე ორწვერად ან სამწვერად შეძახავდნენ. საძახავი თითისტარი სართავზე უფრო წვრილი, გრეხილი და თხელმუცლიანი იყო, კვირისტავი ზემოდან ეკეთა. დაძახულ ძაფს მუხლებზე შულოებად ამოახვევდნენ და დასარბილებლად და გასათეთრებლად ნაცარწყალში გამოხარშავდნენ. აბრეშუმისაგან საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ თავთას, მერდინს, დარაიას, ჩხირებითა და ყაისნაყებით — თავსაფრებს, წინდებს, ტოღალებს, ქისებს, ხელთათმანებს, ბადეებს და სხვა, ფირფიტებით — ჩახსაკრავებს, სახიან სარტყლებს, ყაითნებს, ჩაფარიშებს და ტანსაცმლის სხვა საოლველს. XIX საუკუნის დასაწყისიდან თანდათან გაიზარდა აბრეშუმის ნედლეულის სასაქონლო წარმოება და მისი ექსპორტი დასავლეთ ევროპასა და რუსეთში. გლეხობამ ტრადიციული აბრეშუმის ქსოვილების დამზადებას თავი დაანება და მათ ნაცვლად შემოტანილი იაფი ფაბრიკატების მოხმარებაზე გადავიდა. ამან საბოლოოდ მოშალა აბრეშუმის ქსოვილების შინამრეწველობა საქარველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]