შინაარსზე გადასვლა

აბოლჰასან ბანისადრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბოლჰასან ბანისადრი
აბოლჰასან ბანისადრი
ირანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 თებერვალი, 1980 – 21 ივნისი, 1981
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრემოჰამედ ალი რაჯაი

დაბადებული22 მარტი, 1933
ჰამადანი, სპარსეთი
გარდაცვლილი9 ოქტომბერი, 2021 (88 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
მეუღლეოზრა ჰოსეინი
რელიგიაშიიტური ისლამი
ხელმოწერა

აბოლჰასან ბანისადრი (სპარს. سیدابوالحسن بنی‌صدر; დ. 22 მარტი, 1933 —— გ. 9 ოქტომბერი, 2021) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი (1980-1981 წწ.).

დაიბადა დასავლეთ ირანში ჰამადანის პროვინციაში[1] და არის ცნობილი აიათოლა საიედ ნასრულ ბანისადრის შვილი. სწავლობდა დედაქალაქის ისლამურ სკოლაში. დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის ჯერ თეოლოგიური, ხოლო შემდეგ იურიდიული ფაკულტეტები. სოციოლოგიურ ინსტიტუტში დაკავებული იყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით ეკონომიკის სფეროში.

მან პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მიხედვითაც ითხოვდნენ ნავთობის წარმოების ნაციონალიზაციას. 1960 წელს გაწევრიანდა ანტიშაჰისტური სტუდენტური გაერთიანების რიგებში. ორჯერ იჯდა ციხეში ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისათვის და დაიჭრა 1963 წლის ამბების დროს. 1964 წელს გაიქცა საფრანგეთში, სადაც შეუერთდა დევნილობაში მყოფ ისლამურ ოპოზიციას, რომელსაც სათავეში ედგა აიათოლა ჰომეინი და შევიდა მისი უახლოესი მრჩევლების „ოთხეულის“ შემადგენლობაში (აბას ამირ-ენტეზამი, სადეკ გოთბზადე და იბრაჰიმ იაზდი). სწავლობდა და ასწავლიდა საფრანგეთში 17 წლის განმავლობაში, სორბონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. პროფესორის ხარისხით კითხულობდა ლექციებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში.

ირანში დაბრუნდა აიათოლა ჰომეინთან ერთად 1979 წლის თებერვალში და შევიდა ისლამური რევოლუციური საბჭოს შემადგენლობაში. ირანის გარდამავალი მთავრობის რიგებში დაინიშნა ჯერ მოადგილედ, ხოლო 1979 წლის 6 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ამავდროულად იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც. აირჩიეს ექსპერტთა საბჭოს წევრად, რომლებსაც ევალებოდათ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღება.

1980 წლის 25 იანვარს აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ოთხწლიანი ვადით, არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 76,5 %. 4 თებერვალს ოფიციალურად დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. ჰომეინი გახდა ქვეყნის უზენაესი მმართველი, რომელსაც ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება თანამდებობიდან გადაეყენებინა პრეზიდენტი ბანისადრი. პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა ჰოსპიტალში, სადაც გულის შეტევის გამო იწვა აიათოლა ჰომეინი.

ბანისადრი არ იყო სასულიერო პირთა წარმომადგენელი. ხომეინი ამტკიცებდა, რომ ისლამურმა სასულიერო პირებმა არ უნდა დაიკავონ ყველა თანამდებობა მთავრობაში და რევოლუციის დროს იგი მხარს უჭერდა ბანისადრს, მაგრამ მალევე მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა. უზენაესმა მმართველმა ბანისადრი დაადანაშაულა ირან-ერაყის ომის დროს ჯარების ადეკვატურად ხელმძღვანელობის შეუძლებლობის გამო და გამოიყენა უზენაესი მეთაურის უფლებამოსილება, თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტი.

1981 წლის 21 ივნისს მეჯლისმა ბანისადრი იმპიჩმენტის წესით გადააყენა „ისლამურ სასულიერო პირებთან დაპირისპირების გამო“. 21-22 ივნისის ღამეს ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსმა (ელიტური ირანული სამხედრო-პოლიტიკური ფორმირება) მოახდინა პრეზიდენტის სახლისა და რეზიდენციის ბლოკირება და დააპატიმრა უდიდესი გაზეთის რედაქტორი. 22 ივნისის დილით აიათოლამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის გათავისუფლების ბრძანებას. 29 ივლისს ბანისადრი ირანელი ხალხის მოჯაჰედების ორგანიზაციის მეთაურ მასუდ რაჯავისთან ერთად ქვეყნიდან საფრანგეთში გაიქცა. ბანისადრი დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს და ეწევა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, წერს სტატიებს ირანზე და გამოდის ისლამური რეჟიმისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ.

1991 წელს გამოსცა წიგნი „ჩემი საუბრის დრო: ირანი, რევოლუცია და აშშ-ის საიდუმლო საქმეები“[2], სადაც საუბრობს იმ გეგმაზე თუ როგორ სურდა ჰენრი კისინჯერს შეექმნა პალესტინის სახელმწიფო ხუზისტანის ოსტანის ტერიტორიაზე. ასევე ზბიგნევ ბზეჟინსკისა და სადამ ჰუსეინის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირან-ერაყის ომის წინ.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 2021 წლის 9 ოქტომბერს პარიზში, 88 წლის ასაკში.[3][4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Abolhasan Bani Sadr: Information and Much More from Answers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
  2. My Turn to Speak: Iran, the Revolution and Secret Deals With the U.S Potomac Books, ISBN 0-08-040563-0
  3. ابوالحسن بنی‌صدر درگذشت
  4. Family, Iranian state media say Iran's first president, Abolhassan Banisadr, dies in Paris from long illness at age 88. ABC News (9 October 2021).
  5. „Former Iranian President Bani-Sadr dies in Paris“. Reuters. 9 October 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2021.