აბელ სანჩესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აბელ სანჩესი“
Abel Sánchez: Una historia de pasión

მეორე ესპანური გამოცემა
ავტორი მიგელ დე უნამუნო
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
გამომცემელი Renacimiento
გამოცემის თარიღი 1917
მედია ბეჭდური
ISBN 978-84-7039-458-4

აბელ სანჩესი (ესპ. Abel Sánchez: Una historia de pasión) 一 ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს 1917 წლის რომანი.[1] აბელ სანჩესი არის კაენისა და აბელის ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ავტორი ამ უკანასკნელს შურის ფენომენის შესასწავლად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი უფრო რეალისტურია, ვიდრე მის სხვა რომანებში, მასში ჩანს უნამუნოს ნარატივის ფუნდამენტური მახასიათებლები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის დასაწყისში ავტორი გვამცნობს, რომ ხოაკინ მონეგროს გარდაცვალების შემდეგ მის ქაღალდებში აღმოაჩინეს ჩანაწერები, რაღაც „აღსარების“ მსგავსი, რომლსი ადრესატი მისივე ქალიშვილი იყო.

აბელ სანჩესი და ხოაკინ მონეგრო გვერდიგვერდ იზრდებოდნენ. ბავშვობიდანვე ხოაკინს უფრო მტკიცე ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მის მეგობარს, რომელსაც ხშირად უხდებოდა დათმობაზე წასვლა. ამიტომ ხოაკინმა უკმეხი და უსიამოვნო კაცის სახელი მოიხვეჭა, აბელმა კი, რბილი და ლმობიერი ადამიანისა. ხოაკინი ექიმი ხდება, აბელი 一 მხატვარი. საკუთარ ბიძაშვილზე, ელენაზე შეყვარებული მონეგრო საშინელ განცდებშია: ელენას ის არ უყვარს, მაგრამ ხელსაც არ ჰკრავს 一 ყმაწვილის გრძნობებზე თამაშობს. როცა ხოაკინი აბელს ელენას გააცნობს, ქალიშვილის სილამაზით მოხიბლული მხატვარი მისი პორტრეტის დახატვას გადაწყვეტს. პორტრეტის დასრულებისთანავე ისინი ჯვარს იწერენ. ელენას პორტრეტის წყალობით კი აბელი ცნობილი მხატვარი ხდება. ხოაკინი ამას მწვავედ განიცდის, გულჩათხრობილი ხდება, თვლის, რომ არავის სჭირდება და მით უმეტეს არავინ შეიყვარებს. დარწმუნებულია, რომ აბელს იმდენად არა ელენასადმი სიყვარული ამოძრავებდა, რამდენადაც 一 მეგობრის დამცირების სურვილი. ახალგაზრდები საქორწინო მოგზაურობაში მიდიან, ხოაკინი კი ძირითად დროს მედიცინას უთმობს. მოგზაურობიდან დაბრუნებული სანჩესი მძიმედ ხდება ავად, ფაქტობრივად, სიკვდილის პირასაა. მისი გადარჩენა მხოლოდ ხოაკინს შეუძლია, რომელიც, დიდი შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც პოულობს საკუთარ თავში ძალას, რათა მეგობარი გადაარჩინოს. აბელი გამოჯანმრთელდება.

ხოაკინი ცოლის მოყვანას გადაწყვეტს, თუმცა არ სჯერა, რომ ოდესმე კიდევ შეძლებს ვინმეს შეყვარებას. ის თავის ბედს ანტონიას უკავშირებს, რომელიც სინაზისა და თანაგრძნობის განსახიერებაა. ანტონია ხვდება, რომ ქმარი გულით დიდ ტკივილს ატარებს, ალბათ ამიტომაც შეიყვარა. ქორწილის შემდეგ ხოაკინი დღედაღამ მუშაობს 一 ოცნებობს, რომ ბევრად წარმატებული გახდეს, ვიდრე მისი მეგობარია. მთელი მისი ცხოვრება აბელთან გაუთავებელ პაექრობას ემსგავსება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ცნობა იმის შესახებ, რომ ანტონია ბავშვს ელოდება, კიდევ უფრო გააღრმავებს მის ტკივილს 一 გამოდის, რომ აბელს ისევ მასზე მეტად უმართლებს! ელენას ვაჟი შეეძინება, რომელსაც მამის საპატივცემულოდ აბელინს არქმევენ. ანტონია გოგოს დედა ხდება. პატარა ხოაკინიტა მამას ძალიან უყვარს, რადგან დარწმუნებულია, რომ ქალიშვილი მას სულიერ განახლებაში დაეხმარება.

აბელი უკვე სახელგანთქმული მხატვარია. ის ახალ ტილოზე მუშაობს, სახელწოდებით „აბელი და კაენი“, რომლის შექმნაც ბაირონის „კაენმა“ შთააგონა. ხოაკინისთვის მეგობრის ტილო მათი ურთიერთობის განსახიერებაა. ბანკეტზე, რომელსაც სანჩესები მართავენ, ხოაკინი მხურვალე სიტყვით გამოდის და აბელს ხოტბას ასხამს. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავია, რომ აბელი აღარავის ახსოვს და ყველა ხოაკინზე საუბრობს. ეს ძალზე გაანაწყენებს ელენას, რომელიც ხვდება, თუ რა არის მისი ბიძაშვილის ასეთი ენაწყლიანობის მიზეზი 一 სურვილი, დაჩრდილოს სანჩესი, რომლისაც ყოველთვის შურდა. ცოლის ამ მოსაზრებას აბელი არ ეთანხმება.

ხოაკინი კი გულის სიღრმეში ნანობს, რომ უფრო შორს არ წავიდა და არაფერი თქვა სანჩესის ქმნილების უარყოფით მხარეებზე, კერძოდ, იმ სიყალბესა და მიმბაძველობაზე, რომელიც თითქოსდა დაეუფლა მისი ნახვისას. ცოლის დაჟინებული მოთხოვნით, ხოაკინ მონეგრო აღსარებისთვის ეკლესიაში მიდის, სადაც მრავალი წელია არ ყოფილა. აბელი ახალ ტილოს ქმნის 一 „ღმრთისმშობელი ყრმით“, რომელიც საკუთარი ცოლისა და ვაჟის ზუსტი ასლია. ნახატი დიდი მოწონებით სარგებლობს და მისი უამრავი რეპროდუქცია იბეჭდება. ერთ-ერთი მონეგროების ოჯახშიც ინახება და მის წინაშე ხოაკინი ხშირად ლოცულობს.

როდესაც აბელისა და მენატურე ქალის ურთიერთობის შესახებ შეიტყობს, ხოაკინი საბოლოოდ რწმუნდება, რომ აბელმა ელენა მხოლოდ იმიტომ ითხოვა, რომ მეგობარი დაემცირებინა. ელენასადმი სიყვარული ახალი ძალით იფეთქებს. ერთხელ, როდესაც სანჩესი შინ არ არის, ხოაკინი ელენასთან მიდის და თავის გრძნობებში გამოუტყდება, მაგრამ ქალი შეუვალია და გამწარებული ხოაკინი მისი ქმრისა და მენატურის შესახებ აცნობებს. ელენა არც ამაზე რეაგირებს. მონეგრო გაწბილებული ტოვებს სახლს.

ამიერიდან ექიმის მთელი ძალისხმევა საყვარელი ქალიშვილის ღირსეულად აღზრდისკენაა მიმართული. აბელის ვაჟი ექიმი ხდება და მამამისი ხოაკინს სთხოვს თავის ასისტენტად აიყვანოს. მონეგრო თანახმაა და გულის სიღრმეში იმედოვნებს, რომ აბელინი მამის იმედებს ვერ გაამართლებს. მაგრამ პირიქით ხდება, აბელინი ნიჭიერი მოწაფე აღმოჩნდება და სრულიად მოულოდნელად ხოაკინის სიმპათიას იმსახურებს. ყმაწვილი მასწავლებელს სთხოვს, წიგნი დაწეროს, რომელშიც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება იქნება თავმოყრილი, მაგრამ ხოაკინი უარზეა, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი კერძო პრაქტიკა უნდა მიატოვოს. გადაწყვეტენ, რომ წიგნს, ხოაკინის ჩანაწერების მიხედვით, აბელინი დაწერს.

ყმაწვილსა და ხოაკინს შორის ისეთი თბილი ურთიერთობა დამყარდება, რომ ექიმი გადაწყვეტს, თავისი ქალიშვილი აბელინს გააყოლოს ცოლად. მაგრამ ხოაკინას სულ სხვა გეგმები აქვს: მას სურს, თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას. მამა-შვილის საუბრიდან ირკვევა, რომ ქალიშვილის ეს ნაბიჯი მამის სულიერმა მდგომარეობამ განაპირობა. ბოლოს და ბოლოს, ხოაკინი დაითანხმებსქალიშვილს, უარი თქვას საკუთარ გადაწყვეტილებაზე. მალე ჯერ ნიშნობა, შემდეგ კი ქორწილი გაიმართება. ახალგაზრდები ხოაკინთან გადავლენ საცხოვრებლად, რაც ექიმს ძალიან ახარებს. ელენა მათ ხშირად სტუმრობს და ცდილობს, ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყოს 一 მეტი სიმყუდროვე და ელეგანტურობა შესძინოს. თბილი და თავმდაბალი ანტონია თითქმის ყოველთვის ეთანხმება ელენას, ასევეა მისი ქალიშვილიც, მაგრამ ელენა გრძნობს, რომ ხოაკინა გულის სიღრმეში მას ხშირად არ ეთანხმება. გულღია ქალიშვილს აღიზიანებს დედამთილის დაუოკებელი სურვილი, მარალი წრის ქალად წარმოჩნდეს, მან ისიც იცის, რომ ერთ დროს ელენამ მამამისის სიყვარული უარყო, რითაც მას დიდი ტკივილი მიაყენა.

მალე ახალგაზრდებს ვაჟი შეეძინათ და მას ხოაკინს არქმევენ. ლამაზ და ჯანმრთელ ხოაკინს ყველა ანებივრებს, მაგრამ მას განსაკუთრებით აბელი უყვარს: მოსწონს მისი ნახატები და ფერად-ფერადი საღებავები. ეს საკმარისი ხდება იმისთვის, რომ ხოაკინ-უფროსის სულში კვლავ იფეთქოს აბელისადმი სიძულვილმა. გადაწყვეტს, აბელს გულახდილად ესაუბროს და სთხოვოს, რომ შვილიშვილის სიყვარულში ნუ შეეცილება. აბელი აღშფოთებას ვერ მალავს, მეგობრები ერთმანეთს ძველ წყენას უხსენებენ. კამათი ჩხუბში გადადის. ხოაკინი აბელს ყელში სწვდება, მაგრამ მალევე უშვებს ხელს. აბელი ხროტინს იწყებს და კვდება.

ამის შემდეგ ხოაკინი მხოლოდ ერთ წელს იცოცხლებს. ყოფილი მეგობრის სიკვდილში თავს იდანაშაულებს, ის კაენის როლში აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ძმა მოკლა. რაღაც გაურკვეველი ავადმყოფობა ლოგინს მიაჯაჭვებს. სიკვდილის წინ ოჯახის წევრებს უხმობს, მათ შორის ელენას და ეუბნება, რომ აბელის სიკვდილი მის კისერზეა და რომ მეგობარი მას შემდეგ ჩააკვდა ხელებში, რაც ხელში სწვდა. მომაკვდავი ხოაკინი ჰყვება, თუ რაოდენ აუტანელი გახდა მისთვის ცხოვრება და ახლობლებს, განსაკუთრებით კი ანტონიას, შენდობას სთხოვს.

თემები და სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი და გარდამტეხი თემა, რომელზეც ავტორი აღნიშნული ნაწარმოებით აქცენტრირდება 一 შურია. იქამდე მას აღნიშნულ თემაზე არაერთი თეატრალური სპექტაკლი დაუდგამს, რაც საბოლოოდ ფურცლებზეც წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, მთავარი გმირი ნაწარმოების სათაურში ნახსენები აბელია, სიუჟეტს მაინც ხოაკინის თვალსაწიერიდან ვეცნობით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიეჭვოთ, რომ რეალურად ხოაკინი ანტიგმირია. აბელს გააჩნია ყველაფერი 一 ბედნიერი ოჯახი, წარმატებული სამხატვრო კარიერა, შეიძლება ითქვას, ცხოვრება უღიმის მას მაშინ, როცა მისი ძმა, ხოაკინი, იმის შიშით, რომ თითქოს აბელი ამ ყველაფერს მის დასამცირებლად აკეთებს, უსიყვარულოდ ქორწინდება. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ასპექტში აბელსა და ხოაკინს შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც ცა და მიწა, რაც იწვევს ხოაკინის გაღიზიანებადობას, ამიტომ შემტხვევითი არაა, რომ მის ძმობილს აბელი ჰქვია. ცხადია, ეს ფაქტი მიგვიყვანს პირველ კაცთმკვლელობამდე, კაენისა და აბელის დაპირისპირებამდე, რომელიც მოთხრობილია ბიბლიაში 一 როცა ღმერთი ერთი ძმის, კერძოდ აბელის ძღვენს იღებს, ხოლო კაენისას არა. ეს ყველაფერი კი ამ უკანასკნელს, შურითა და ბოროტებით აღვსილს, ღვიძლი ძმის მკვლელობისკენ უბიძგებს. თუმცა, მისი ეს ესპანური ვარიაცია, კერძოდ აბელ სანჩესი სვამს კითხვას: არის თუ არა კაენი ნამდვილად დამნაშავე? შესაძლოა, შური, რომელსაც ის გრძნობდა ძმის, აბელის მიმართ, იაჰვეს უპირატესობის შედეგი იყო, რაც, გარკვეულწილად, ამართლებდა მას მორალურად.

რაც შეეხებათ ქალ პერსონაჟებს, ისინი, შეიძლება ითქვას, მეორეხარისხოვან როლს ირგებენ, მაგრამ ასევე ფლობენ მითიურ და სიმბოლურ მნიშვნელობებს. მათ შორის ელენა (რომელიც შთაგონებულია ტროას ომის ცნობილი პერსონაჟით), ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება და სწორედ მისგან იწყება ომი კონკურენტებს შორის, ხოლო ანტონია, რაც ლათინურად „ქებადს“ ნიშნავს, ეხმარება მთავარ გმირს, ანუგეშებს მას და მიესალმება მის ინდივიდუალურობას.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.goodreads.com/book/show/770305.Abel_S_nchez_and_Other_Stories
  2. https://es.wikipedia.org/wiki/Abel_S%C3%A1nchez