აბედის სოკო
აბედის სოკო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Fomes fomentarius | |||||||||||||
|
აბედის სოკო (ლათ. Fomes fomentarius) — სოკოს ნაყოფსხეული განსხვავდება ზომით — მისი დიამეტრი მერყეობს 5-დან 45 სანტიმეტრამდე. თავდაპირველად იგი მომრგვალო ფორმისაა, შემდეგ კი იღებს ჩლიქისებრ, თაროსებრ ფორმას. სოკოს არ აქვს ფეხი. მისი ზედაპირის ფერი მერყეობს ღია კრემისფრიდან მუქ ნაცრისფერამდე და მოჭკნისკენ მუქი კონცენტრული ზოლები გამოესახება.
ჰიმენოფორი მილნაირია. იგი თავდაპირველად კრემისფერია, ხოლო დროთა განმავლობაში ყავისფერს იღებს. თითით შეხებისას მუქდება, რაც სოკოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
რბილობი მკვრივი, რბილი და კორპისებრია. გადანაჭერზე ხავერდოვანია და შეფერილია მუქი ჟანგისფერ-ყავისფრად.
სპორები მოგრძოა, უფერული და მათი ზომებია 14-22 x 5-6 მიკრომეტრი. სპორების ანაბეჭდი მოთეთრო ფერისაა.
ეს სოკო იზრდება წლის ნებისმიერ დროს როგორც ცოცხალ, ისე გამხმარ ფოთლოვან ხეებზე. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხეკეცეულებზე, წიფელსა და არყზე.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში.
სოკო საკვებად გამოუყენებელია. თუმცა წარსულში მას პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა — მისგან ამზადებდნენ აბედს. ამ მიზნით, სოკოს შიგთავსს ჯერ კარგად ხარშავდნენ, შემდეგ მზეზე აშრობდნენ და შემდეგ წვრილად ჩეხავდნენ. ცეცხლის გასაღებად, ამ სოკოს ნაჭერს მჭიდროდ ადებდნენ ფოლადის ნაჭერს — ე.წ. კვესს — და ურტყამდნენ ტალს, ანუ კაჟს. რკინის დარტყმისას გაჩენილი ნაპერწკლები აბედს ეკიდებოდა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ იკიდებდა უალო ცეცხლს, რომელიც საკმარისი იყო დიდი კოცონის დასანთებად.
გარდა ამისა, აბედის სოკოს შიგთავსი გამოიყენებოდა სისხლდენის შესაჩერებლად. დღესდღეობით მისგან მზადდება სხვადასხვა სახის სუვენირები, ქუდები, ჩანთები და სხვა დეკორატიული ნივთები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 230-231, ISBN 978-9941-8-4547-5