შინაარსზე გადასვლა

აბდულსალამი აბუბაქრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულსალამი აბუბაქრი
ინგლ. Abdulsalami Abubakar
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1942(1942-06-13)[1] [2] [3] (83 წლის)
დაბადების ადგილი Minna
მოქალაქეობა Colonial Nigeria
Federation of Nigeria
First Nigerian Republic
Second Nigerian Republic
 ნიგერია
მეუღლე/ები Fati Lami Abubakar

აბდულსალამი აბუბაქრი (დ. 13 ივნისი, 1942) — ნიგერიის არმიის გადამდგარი გენერალი, რომელიც 1998-1999 წლებში ნიგერიის სამხედრო მეთაურის თანამდებობას იკავებდა.[4] 1997-1998 წლებში იგი ასევე იყო თავდაცვის შტაბის უფროსი. მან ეს თანამდებობა გენერალ სანი აბაჩას გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.[5]

მისი მმართველობის პერიოდში ნიგერიამ მიიღო 1979 წლის კონსტიტუციის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა. 1999 წლის 29 მაისს მან ხელისუფლება ოფიციალურად გადასცა არჩეულ პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს.[6] ამჟამად იგი ეროვნული სამშვიდობო კომიტეტის თავმჯდომარეა.[7]

აბუბაქარი ეთნიკურად ჰაუსაა. იგი დაიბადა 1942 წლის 13 ივნისს აბუბაქარ ჯიბრინისა და ფატიკანდე მოჰამედის ოჯახში, ქალაქ მინაში, ნიგერიის ნიგერის შტატში.[8]

1950 წლიდან 1956 წლამდე იგი მინას ადგილობრივი თვითმმართველობის დაწყებით სკოლაში სწავლობდა. 1957-1962 წლებში საშუალო განათლება ბიდას სამთავრობო კოლეჯში მიიღო, ხოლო 1963 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე კადუნას ტექნიკურ კოლეჯში სწავლობდა.

კარიერა სამხედრო-საჰაერო ძალებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუბაქრი იმ ოფიცერ-კადეტთა პირველი ტალღის წევრია, რომლებიც ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალებში 1963 წლის 3 ოქტომბერს ჩაირიცხნენ. 1964-1966 წლებში იგი კადეტთა ჯგუფთან ერთად გაიგზავნა უეტერზენში, დასავლეთ გერმანიაში, სადაც გაიარა საბაზისო და მომზადების მაღალი დონის სამხედრო წვრთნები. 1966 წელს ნიგერიაში დაბრუნების შემდეგ, იგი სამსახურის გასაგრძელებლად ნიგერიის სახმელეთო ჯარებში გადაიყვანეს.

კარიერა სახმელეთო ჯარებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს არმიაში ოფიცერ-კადეტად შესვლის შემდეგ, აბუბაქრმა გაიარა საბრძოლო მომზადების საგანგებო მოკლევადიანი კურსი. 1967 წლის ოქტომბერში მას ნიგერიის არმიის ქვეითი დივიზიის მეორე ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1967–1968 წლებში აბუბაქრი მსახურობდა მეორე გარნიზონის შტაბის ოფიცრად, ხოლო 1969-დან 1974 წლამდე 92-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური იყო. 1974–1975 წლებში იგი მე-7 ქვეითი ბრიგადის მაიორად დაინიშნა, 1975 წელს კი 84-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურად მსახურობდა. 1978–1979 წლებში აბუბაქრი მეთაურობდა 145-ე ქვეით ბატალიონს (NIBATT II) ლიბანში, გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) სამშვიდობო მისიის ფარგლებში.

1979 წელს იგი ნიგერიის მე-3 ქვეითი დივიზიის ადიუტანტ-გენერლის ასისტენტად დაინიშნა. 1980 წლიდან 1982 წლამდე აბუბაქრი ნიგერიის თავდაცვის აკადემიის მთავარი ინსტრუქტორი იყო. 1982 წელს იგი პირველი მექანიზებული დივიზიის ადმინისტრაციისა და ლოჯისტიკის (Quartering) პოლკოვნიკად დაინიშნა და ამ თანამდებობას 1984 წლამდე იკავებდა. 1985-1986 წლებში აბუბაქრი მე-3 მექანიზებული ბრიგადის მეთაური გახლდათ, 1986-1988 წლებში კი არმიის სამხედრო მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა. 1990-1991 წლებში იგი პირველ მექანიზებულ დივიზიას სარდლობდა. 1991-1993 წლებში მას თავდაცვის შტაბში მთავარი შტაბის ოფიცრის თანამდებობა ეკავა და არმიის დაგეგმარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.[9]

1997-1998 წლებში გენერალმა სანი აბაჩამ აბუბაქრი თავდაცვის შტაბის უფროსად დანიშნა. 1998 წლის 8 ივნისს, აბაჩას გარდაცვალების შემდეგ, აბუბაქრი ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დასახელდა.[10]

სახელმწიფოს მეთაური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც მუჰამადუ ბუჰარიმ შეჰუ შაგარი ხელისუფლებას ჩამოაშორა, ნიგერიას სამხედრო ლიდერები მართავდნენ.[11] მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მისი შედეგები გენერალმა იბრაჰიმ ბაბანგიდამ გააუქმა.[12] აბაჩას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, 1998 წლის 9 ივნისს, აბუბაქრმა სამხედრო მეთაურის ფიცი დადო და ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.[13]

თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში აბუბაქარი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ერთ წელიწადში ჩაატარებდა არჩევნებს და ხელისუფლებას არჩეულ პრეზიდენტს გადასცემდა.[11] მისმა მთავრობამ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო კომისია (INEC) და მის თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ეფრაიმ აკპატა დანიშნა.[14]

დამოუკიდებელმა ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ (INEC) არჩევნების სერია ჩაატარა: პირველად 1998 წლის დეკემბერში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, შემდეგ შტატების საკანონმდებლო ორგანოებისა და გუბერნატორების, მოგვიანებით ეროვნული ასამბლეის, ხოლო დასკვნით ეტაპზე, 1999 წლის 27 თებერვალს პრეზიდენტის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა იყო მიმართული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი დარღვევები, რამაც უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკა გამოიწვია.[15]

ეკონომიკური თვალსაზრისით, მისმა მთავრობამ მხარი დაუჭირა პრივატიზაციის პროგრამას, რომელიც 1998 წლის 20 ივლისს თავად გენერალმა აბდულსალამი აბუბაქრმა გამოაცხადა. სახელმწიფომ შეინარჩუნა 40%-იანი წილი ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგიის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ნახშირისა და ბიტუმის წარმოების, ასევე ტურიზმის სექტორებში. დარჩენილი აქტივებიდან 40% კი სტრატეგიულ ინვესტორებს გადაეცათ, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკური, ფინანსური და მენეჯერული შესაძლებლობები გააჩნდათ.[16] მიიჩნევა, რომ აბუბაქრის პოლიტიკური ეკონომიკა რადიკალურად განსხვავდებოდა მისი წინამორბედების კურსისგან, რაც საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობას წარმოადგენდა.[17] გარდა ამისა, იგი აქტიურად უწევდა პროპაგანდას ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, დერეგულაციასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.[18]

ხელისუფლების გადაცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბუბაქრი, როგორც სამხედრო ოფიცერი

ქვეყნის სამხედრო ელიტის მიმართ არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად,[12] 1999 წლის მაისში გენერალმა აბუბაქრმა ხელისუფლება ახლად არჩეულ სამოქალაქო პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს გადააბარა და არმიიდან გადადგა.[19]

აბუბაქარის მემკვიდრეობა არაერთგვაროვანია. მის საჯარო ლექციებს ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილინოისი, აშშ) საპროტესტო ტალღა მოჰყვა იმ მიზეზით, რომ იგი წარსულში მხარს უჭერდა აბაჩას მთავრობას,[20] რომელიც ცნობილი იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით.[20][21] აშშ-ში მას ნიგერიის სხვა მოქალაქეებმაც უჩივლეს. ისინი აბუბაქრს პასუხისმგებლობას აკისრებდნენ 1993 წლის არჩეული პრეზიდენტის, მოშუდ აბიოლას გარდაცვალებაზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა მას ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება არ მისცეს.[22] ამავდროულად, აბუბქარმა დიდი წვლილი შეიტანა ლიბერიის სამშვიდობო პროცესში, როდესაც 2003 წელს შუამავლობდა მოლაპარაკებებს ჩარლზ ტეილორსა და ამბოხებულებს შორის. ეს მოვლენები ასახულია დოკუმენტურ ფილმში „ილოცე, რომ ეშმაკი ჯოჯოხეთში დაბრუნდეს“ (Pray the Devil Back to Hell). გარდა ამისა, აბუბაქარი ხელმძღვანელობდა „ერთობის დამკვირვებელთა ჯგუფს“ (Commonwealth Observer Group) 2002 წლის ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ზიმბაბვეში არსებული პირობები არ იძლეოდა ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას.[23]

აბუბაქარი დაქორწინებულია ფატი აბუბაქრზე და მათ ექვსი შვილი ჰყავთ.[12]

2025 წლის 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუბაქრს დაუდგინდა დაუზუსტებელი დაავადება, რის გამოც იგი ლონდონიის იმავე კლინიკაში მოათავსეს, სადაც ნიგერიის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი მკურნალობდა. ისინი ერთმანეთს 1962 წლიდან იცნობდნენ.[24] მოგვიანებით აბუბაქრმა დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი ლონდონის საავადმყოფოდან ბუჰარის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაწერეს.[25]

ჯილდოები და საპატიო წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულსალამი აბუბაქარს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მედალი. ანბანური რიგის მიხედვით, მათ შორისაა:

  • თავდაცვის სამსახურის მედალი (DSM)
  • განსაკუთრებული სამსახურისთვის დაწესებული მედალი (DSM)
  • შეიარაღებული ძალების სამსახურის ვარსკვლავი (FSS)
  • საერთო სამსახურის მედალი (GSM)
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის ორდენის დიდი კომანდორი (GCFR) – ნიგერიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.
  • დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) საერთაშორისო ოქროს მედალი[26]
  • ღირსეული სამსახურის ვარსკვლავი (MSS)
  • ეროვნული სამსახურის მედალი (NSM)
  • რესპუბლიკის მედალი (RM)
  • Rainbow/PUSH კოალიციის მშვიდობის პრიზი[26]
  • ვერცხლის იუბილის მედალი (SJM)
  • განის ვარსკვლავის ორდენი[26]
  • Ufuk Dialogue-ის მშვიდობის ჯილდო 2022

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Encyclopædia Britannica
  2. Prabook — 2018.
  3. Munzinger Personen
  4. Abubakar, Abdulsalam (2015). Financial development, impact on output and its determinants: the case of the economic community of the West African states. Kulliyyah of Economics and Management Sciences, International Islamic University Malaysia. 
  5. (en) Portrait of Gen. Abdulsalam A. Abubakar. 2023.
  6. Ojo, Jide (12 June 2019). „June 12, NASS and Nigeria's Fourth Republic“. The Punch. ციტირების თარიღი: 3 March 2022.
  7. Ameh, John (1 March 2019). „Buhari, Abdulsalami's national peace committee meet“. The Punch. ციტირების თარიღი: 29 May 2020.
  8. Akinrefon, Dapo (1 January 2018). „Abdulsalami: The quintessential general“. Vanguard. ციტირების თარიღი: 15 September 2024.
  9. „Abdusalam Abubakar“. Encyclopædia Britannica. 9 June 2024. ციტირების თარიღი: 4 July 2024.
  10. Jaafar, Jaafar (5 April 2017). „Bamaiyi: How Gen. Abdulsalami succeeded Abacha despite being ex-convict“. Daily Nigerian. ციტირების თარიღი: 4 July 2024.
  11. 1 2 Nigeria. The World Factbook Online. Central Intelligence Agency (31 May 2007). ციტირების თარიღი: 9 June 2007
  12. 1 2 3 Abdulsalami Abubakar. Online Nigeria. Devace Nigeria (20 November 2001). ციტირების თარიღი: 7 June 2007
  13. Successor to General Sani Abacha appointed. IFEX Alerts. International Freedom of Expression Exchange (9 June 1998). ციტირების თარიღი: 7 June 2007
  14. INEC History. Independent National Electoral Commission. ციტირების თარიღი: 13 February 2010
  15. Observing the 1998–99 Nigeria Elections. Carter Center, NDI (Summer 1999). ციტირების თარიღი: 14 February 2010
  16. Business Climate.
  17. Amusan, Lere (January 2002). „The political economy of Nigerian foreign policy : The Abubakar Abdulsalami administration (1998-1999)“. Politeia. 21 (3): 39–57.
  18. https://press.un.org/en/1998/19980925.nigeria2.html
  19. Obotetukudo, Solomon (2011). The Inaugural Addresses and Ascension Speeches of Nigerian Elected and Non elected presidents and prime minister from 1960 -2010. University Press of America, გვ. 121. 
  20. 1 2 Akande, Laolu. NCP, North America, protests Abdulsalami Lecture Series. National Conscience Party. ციტირების თარიღი: 7 June 2007
  21. Interview with Abubakar. Online News Hour. MacNeil/Lehrer Productions (21 October 1998). ციტირების თარიღი: 7 June 2007
  22. Aboyade, Funke. Conflicting Court Orders in Abdulsalami Case Avoidable. This Day. Leaders & Company Limited. ციტირების თარიღი: 7 June 2007
  23. Zimbabwe Presidential Election 9–11 March 2002 - The Report of the Commonwealth Observer Group (Commonwealth Secretariat, London, 2002), pp.iv and 44, para. 12.
  24. EXCLUSIVE: Two Former Nigerian Leaders, Abdulsalami, Buhari Sick And Dying In London – Source (12 July 2025). ციტირების თარიღი: 12 July 2025.
  25. Ige, Olugbenga (14 July 2025). 'We were in the same hospital,' Abdulsalami recounts Buhari's final moments“. The Punch. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  26. 1 2 3 „Abdulsalami: Rising profile of a retired general“. Vanguard. 30 October 2016. ციტირების თარიღი: 15 September 2024.