აბასყული-აღა ბაქიხანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბასყული-აღა ბაქიხანოვი (აზერ. Abbasqulu ağa Bakıxanov) (ფსევდონიმი გუდსი აზერ. Qüdsi) (დ. 21 ივნისი, 1794, სოფ. ამირაჯანი, ბაქოს მახლობლად — გ. 31 მაისი, 1847, მექასა და მედინას შორის მდებარე ადგილი ვადი-ფათიმე) — აზერბაიჯანელი მეცნიერი და მწერალი.

დაიბადა ბაქოს ხანის ოჯახში. ბაქიხანოვი წლების განმავლობაში სწავლობდა სპარსულ, არაბულ, რუსულ ენებს, აღმოსავლურ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. მიიღო ფართო ენციკლოპედიური განათლება. 1819 წელს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა თბილისში მიიწვია თარჯიმნად. ბაქიხანოვს ახალი ურთიერთობა ჰქონდა გრიგოლ ორბელიანთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, ალექსანდრე გრიბოედოვთან, ალექსანდრე ბესტუჟევ-მარლინსკისთან, ვილგელმ კიუხელბეკერთან, მირზა ფათალი ახუნდოვთან, ხაჩატურ აბოვიანთან და სხვებთან. პირადად იცნობდა ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ალექსანდრე პუშკინს. რუსეთის სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას 1826–1829 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის ომებში. რუსეთ-ირანს შორის თურქმანჩაის საზავო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად იყო. ბაქიხანოვი ფეოდალთა პრივილეგიებს იცავდა, მაგრამ ამასთანავე დაგმო 1837 წელს ყუბის პროვინციაში აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ ხელისუფალთა დამსჯელი ღონისძიებები.

1841 წელს ბაქიხანოვმა დაამთავრა ისტორიული ნაშრომი „გულისტანი-ირამი“ (აზერ. Gülüstani-İrəm) („სამოთხის ყვავილნარი“), რომელიცაშუქებდა ჩრდილოეთ აზერბაიჯანისა და დაღესტნის ისტორიას უძველესი დროიდან 1813 წლამდე. წიგნზე მუშაობისას ბაქიხანოვი ქართულ წყაროებსაც იყენებდა. „გულისტანი-ირამში“ უმთავრესად მოცემულია პოლიტიკური ისტორია. წიგნში მოტანილია უამრავი ფაქტობრივი მასალა და გატარებულია არაერთი ორიგინალური აზრი. ბაქიხანოვი წერდა ლექსებსა და მოთხრობებსაც (სატირა „მიმართვა თავრიზელებისადმი“, მოთხრობა „წიგნი ასკერის შესახებ“ აზერ. Kitabi-Əsgəriyyə), ავტორია ეთიკურ-მორალური ტრაქტატებისა („აღზრდა ზნეობისა“ და „წიგნი ზნეობრივი აღზრდის შესახებ“). მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები სპარსული ენის შესახებ („კანონები გუდსისა“),. დაწერილი აქვს ასტროლოგიურ-ფილოსოფიური ნაშრომი „ციური იდუმალებანი“ (კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემის საფუძველზე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]