აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 84)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XX საუკუნეში.

რუსთაველის ქუჩის განაშენიანების ცალკეულ მონაკვეთებში შენობები ტიპოლოგიური მსგავსებით ჯგუფდება. მათ შორისაა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც ამჟამად ბიბლიოთეკაა განთავსებული. გრძელი შენობა ვიწრო მხრით გამოდის ქუჩისკენ და აფიცრული ფრონტონით დასრულებული ერთიანი ორფერდა სახურავის ქვეშ შეყუჟული, ოდნავ შევიწროებული შუშაბნდით გაფორმებული ფასადი აქვს. ფლეთილი ქვით ნაშენი ნაგებობის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. მართკუთხა მოხაზულობის მარტივ გეგმას გარედან მიდგმული კიბის უჯრედი არღვევს მხოლოდ, რომელიც გვერდითი ფასადის გასწვრივ არის განთავსებული და ასასვლელი ქუჩიდან აქვს. მთავარი ფასადის ამჟამად ყრუ კედლით შევსებული პირველი სართულიც ხის აივნით, თუ შუშაბანდით უნდა ყოფილიყო გახსნილი, რაზეც კუთხესთან შერჩენილი სვეტი მიუთითებს. ზემოთ მეორე სართულის შუშაბანდის ჩარჩოების ნათელი სქემა კარგად ეხამება ძელაკებისაგან შემდგარ გეომეტრიზებულ მოაჯირებს. თვით შენობაზე ოდნავ ვიწრო ფასადი შუშაბანდით დასრულებული ყრუ ქვედა სართულით რიზალიტისებრ გადაწყვეტას ქმნის. ყურადღებას იქცევს რიზალიტის მომიჯნავედ, გვერდითი ფასადების კუთხეებთან, ქვის წყობით გამოყვანილი შეკიდული პილასტრისებრი ნაშევრების არსებობა. მარცხენა, გვერდით კედელზე ნალესობაჩამოცლილ მონაკვეთებში შერეული წყობა მოჩანს მოზრდილი კვადრების ჰორიზონტალური რიგებით შუა ხაზზე და ამ მხარეს გამომავალი სწორკუთხა, მცირე ზომის ფანჯრის ღიობების ირგვლივ განაწილებული აგურის უწესრიგო ჩანართებით. ზურგის ვიწრო მხარე ყრუა და მას წვრილი ქვით და კუთხესთან ბლოკის გამოყენებით შეკეთების კვალი ატყვია. შენობის მარჯვენა, გვერდით ფასადის წინა, ყრუ მონაკვეთში ქვედა სართულის მხოლოდ ერთი კარია განთავსებული, ხოლო დამასრულებელი ნაწილის მეორე სართულზე სწორკუთხა გეგმის პერიმეტრში მოქცეული, ამჟამად შემინული, აჟურულმოაჯირიანი აივანია ჩასმული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6278