აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 68)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მდინარე ოცხეს მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ რუსთაველის ქუჩის ცალმხრივ განაშენიანებაში ალექსანდრე ნეველის ეკლესიის საპირისპირო მხარეს.

აბასთუმნის თვითმყოფადი საცხოვრებელი არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინოა „ნესტეროვის სახლი“. ნაგებობის მხატვრულ სახეს თლილი ქვის წყობის არაერთგვაროვნებასა და დეკორაციულობასთან ერთად აყალიბებს დახვეწილი პროპორციები, ქვაში კვეთილი კლასიცისტურ-ბაროკული საფასადე მორთულობის სხვადასხვა ელემენტებისა და ორნამენტის შესრულების ოსტატობა. „ნესტეროვის სახლი“ განაშენიანების ამ რიგის სხვა საცხოვრებელი სახლების მსგავსად ვიწრო მხრით გამოდის ქუჩისკენ და ეზოს სიღრმეში მთის ფერდამდე გრძელდება. გეგმით მართკუთხა, გრძელი ბელეტაჟის მთავარი ფასადის ორ მესამედს იკავებს მკვეთრად გამოზიდული რიზალიტი, სადაც გვერდიდან მიდგმული ქვის კიბეებით და დამასრულებელი ფრონტონით საზეიმოდ გაფორმებული შესასვლელია გამართული. თლილი ქვის მთავარი ფასადის გაფორმების საფუძველს ორდერის სისტემა წარმოადგენს — ცოკოლზე დაყრდნობილ კანელურებიან სუსტ კოლონებს ანტაბლემენტი და კარნიზი ასრულებს. კოლონებს შორის განთავსებულ მაღალ ფანჯრებს ზემოთ კბილანების მწკრივშემოვლებული ფრონტონებია განლაგებული; კბილანების მოტივით არის მორთული შენობის კარნიზი, სვეტისთავები და რიზალიტის ფრონტონიც; საგულისხმოა მის ცენტრში გამოკვეთილი რელიეფური ვარდული ორნამენტული წნულით, რაც სიახლოვეს ამჟღავნებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ქვის ჩუქურთმასთან. „ნესტეროვის სახლის“ გვერდით ფასადებს დეკორატიულობას სძენს სხვადასხვა ფორმის ნატეხი კლდის ქვის ერთმანეთთან მჭიდროდ მორგებული ზედაპირმოსწორებული ფილები და კუთხეებსა და ღიობების საპირეებზე გამოყენებული მოკლე და გრძელი თლილი კვადრების მონაცვლეობით შედგენილი წყობა. თუ მარცხენა გვერდით ფასადზე მეზობელი სახლისკენ მხოლოდ შეწყვილებულად განლაგებული ფანჯრებია, მარჯვენა გვერდით ფასადზე სასინათლო ღიობები თანაბარი მანძილითაა განაწილებული კედლის სიბრტყეზე, ხოლო ფასადის დამასრულებელ კუთხეებჩამოთლილ, ოდნავ შვერილ რიზალიტში ფართო, თაღოვანი ფორმის სასინათლო ღიობი იყო განთავსებული, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ძირითადი ნაგებობა და შედარებით ვიწრო, დღეს ნაწილობრივ შემინული დამხმარე ფრთა, რომელიც სიღრმეში უშუალოდ აგრძელებს მას, ეზოსკენ ქვის სვეტებით და ხის აჟურულმოაჯირიანი აივნით იხსნება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6216